დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#ბს-1451(კ-18) 7 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 12 დეკემბერს გ. ყ-მა და ვ. ბ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს თ. ბ-ისათვის ერთპიროვნულად, თანამესაკუთრის გარეშე ქ. თბილისში, მე-3 მასივი, ..., კორპუსი #..., ბინა #144 მდებარე საცხოვრებელი ბინის (ს/კ ...) დარეგისტრირების თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 9 მარტის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქარხნო რაიონის სასამართლოს მიერ მიღებული 1983 წლის 7 აპრილის #2/144 საქმის თანახმად, ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლის საფუძველზეც, ქ. თბილისში, მე-3 მასივი, ..., კორპუსი #..., ბინა #144 მდებარე საცხოვრებელი ბინის (ს/კ ...) პირველადი რეგისტრაციის მესაკუთრის გრაფაში ჩაეწერება - „თანამესაკუთრე“, თანმდევი შედეგებითურთ, ანუ ქ. თბილისში, მე-3 მასივი, ..., კორპუსი #..., ბინა #144 მდებარე საცხოვრებელი ბინის (ს/კ ...) ყველა შემდგომ რეგისტრაციას და/ან უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციას (საჯარო რეესტრის ამონაწერს) მესაკუთრის გრაფაში ჩაეწერება - „თანამესაკუთრე“; მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 დეკემბრის #... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ქ. თბილისში, მე-3 მასივი, ..., კორპუსი #..., ბინა #144 მდებარე საცხოვრებელი ბინის (ს/კ ...) პირველად რეგისტრაციას მესაკუთრის გრაფაში ჩაეწერება - „თანამესაკუთრე“, თანმდევი შედეგებითურთ, ანუ ქ. თბილისში, მე-3 მასივი, ..., კორპუსი #..., ბინა #144 მდებარე საცხოვრებელი ბინის (ს/კ ...) ყველა შემდგომ რეგისტრაციას და/ან უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციას (საჯარო რეესტრის ამონაწერს) მესაკუთრის გრაფაში ჩაეწერება - „თანამესაკუთრე“.
მოსარჩელეების განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა ყველა ის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის, საქარხნო რაიონის სასამართლოს 1983 წლის 7 აპრილის საქმე #2/114, სადაც კონკრეტულადაა აღწერილი, რომ თ. ბ-ს გადაეცა ბინა #114-ის ოთახიდან 3 ოთახი, ასევე სართულებრივი გეგმა, სადაც მონიშნულია, რომ მე-5 სართულზე არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ორი ბინა - 3-ოთახიანი და 4-ოთახიანი და ცალკე ერთოთახიანი, არც პროექტშია და არც ფიზიკურად, მარეგისტრირებელმა ორგანომ არასწორად შეაფასა მოთხოვნილი „ტექნიკური ხარვეზის გასწორება“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება იოსებ ყირმელაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება თ. ბ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ყ-ის და ვ. ბ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 9 მარტს მიღებული რეგისტრაციის შესახებ #... გადაწყვეტილება, თ. ბ-ის ერთპიროვნული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, მესამე მასივი, ..., კორპუსი #..., ბინა #144, საკადასტრო კოდი ..., ასევე ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 დეკემბრის #... გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 9 მარტის #... გადაწყვეტილებაში ტექნიკური ხარვეზის არარსებობის დადგენის ნაწილში და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლის საფუძველზეც, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, მესამე მასივი, ..., კორპუსი #..., ბინა #144, საკადასტრო კოდი ..., საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებაში (ამონაწერში საჯარო რეესტრიდან) თ. ბ-თან ერთად მიეთითება - „თანამესაკუთრე“; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ყ-მა და ვ. ბ-ამ, რომლებმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, გ. ყ-ისა და ვ. ბ-ას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვ. ბ-ას წარმომადგენლის 2016 წლის 3 ოქტომბრის სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია საკმარისი იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულყოფილად ვერ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ შეაფასა ვ. ბ-ას და გ. ყ-ის წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოებები ტექნიკური აღრიცხვის არქივის ჩანაწერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში არ გამოუკვლევია, არსებობდა თუ არა ტექნიკური ხარვეზი პირველადი რეგისტრაციისას უძრავ ნივთზე (ს/კ ...), სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული მონაცემები შეესაბამებოდა თუ არა უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.
საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას, იოსებ ყირმელაშვილისათვის ცნობილი იყო თ. ბ-ის ერთპიროვნული მესაკუთრეობის შესახებ, ამასთან, ის გარემოება, რომ მხარე ინფორმირებული იყო შესაძლო თანამესაკუთრეობის შესახებ, დადასტურებული არ არის, რის გამოც მოსარჩელეთა მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისში, მე-3 მასივში, ...ზე, #... კორპუსში მდებარე #144 საცხოვრებელი ბინის (ს/კ ...) ყველა შემდგომ რეგისტრაციას და/ან უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციას (საჯარო რეესტრის ამონაწერს) ჩაეწეროს მესაკუთრის გრაფაში „თანამესაკუთრე“, სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა ყურადღება გაამახვილა ტექნიკური ხარვეზის არსზე, რასთან დაკავშირებითაც მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლი.
კასატორის განმარტებით, თ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დროს წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მის საფუძველზე რეგისტრირებული მონაცემები ურთიერთშესაბამისობაშია, ამდენად, არ არსებობს ტექნიკური ხარვეზი. როგორც სარეგისტრაციო წარმოების, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე დადგინდა, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულებაში ასახული მონაცემები შესაბამისობაშია ... საკადასტრო კოდით თ. ბ-ის 2010 წლის 2 მარტის #... სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით განხორციელებულ საჯარო რეესტრის ჩანაწერებთან. ამასთანავე, ქ. თბილისი, მე-3 მასივი, ..., კორპუსი #...-ში პრივატიზებული #144 ბინის თანამესაკუთრის შესახებ ჩანაწერი არ ფიქსირდება არც ნოტარიუს რ. მ-ის 03.11.2016 წლის #... წერილით მოწოდებულ 1998 წლის 5 იანვრის #1-1 პრივატიზაციის ხელშეკრულებაში.
კასატორის მითითებით, როგორც სარეგისტრაციო წარმოების, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე სააგენტომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები. გამოითხოვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია სხვადასხვა უწყებიდან და უტყუარად დაადგინა, რომ 2010 წლის 9 მარტის #... გადაწყვეტილებით რეგისტრირებულ 55.19 კვ.მ უძრავ ქონებაზე ერთპიროვნული მესაკუთრე იყო თ. ბ-ი, ხოლო 2011 წლის 24 ივნისს #... გადაწყვეტილებით 19 კვ.მ უძრავ ქონებაზე დარეგისტრირდა მოსარჩელის საკუთრების უფლება. ამასთან, კასატორის მითითებით, სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ აღნიშნული ნივთი გასხვისებულია და ამგვარი რეგისტრაციის დავალებით მოსარჩელისათვის სამართლებრივი მდგომარეობა სასიკეთოდ არ შეიცვლება, მით უფრო, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ შემძენის კეთილსინდისიერებიდან გამომდინარე დაადგინა, რომ შემდეგი რეგისტრაციების შემთხვევაში არ უნდა განხორციელდეს „თანამესაკუთრის“ მითითება. ასევე, მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ძალაში რჩება გ. ყ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია (ს/კ ...), ამასთან, სააგენტოს დამატებით ევალება ... საკადასტრო კოდზე თ. ბ-თან ერთად მიუთითოს „თანამესაკუთრე“ (გამომდინარე პრივატიზების ხელშეკრულებიდან).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ ქ. თბილისის საქარხნო რაიონის სახალხო სასამართლოს 1983 წლის 7 აპრილის #2/144-83 გადაწყვეტილებით ვ. ბ-ას, შვილებთან ერთად გამოეყო ოთხოთახიანი იზოლირებული ბინიდან ერთი 19 კვ.მ ფართობის ოთახი, მდებარე ქ. თბილისში, მესამე მასივი, ..., კორპუსი #..., ბინა #144-ში. დამხმარე სათავსოები დარჩა საერთო სარგებლობაში. ასევე დადგენილია, რომ 1998 წლის 5 იანვრის პრივატიზაციის ხელშეკრულებით, ქ. თბილისის საქარხნო რაიონის სახალხო სასამართლოს 1983 წლის 7 აპრილის #2/144-83 გადაწყვეტილების საფუძველზე, თ. ბ-ს და მისი ოჯახის დანარჩენ წევრებს ოთხოთახიანი იზოლირებული ბინიდან გამოეყოთ სამი ოთახი, საცხოვრებელი ფართით 36.0 კვ.მ, საერთო ფართი 55.19 კვ.მ. ასევე დადგენილია, რომ თბილისის სამგორის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის 1996 წლის 11 მარტის #8/1 წერილის თანახმად, გ. ყ-ი თანახმა იყო მის მიერ დაკავებული ოთახი მიერთებოდა ძირითად ფართს, თუმცა თ. ბ-ს უარი ეთქვა დამატებითი ფართის მიერთების საკითხის განხილვაზე.
2010 წლის 2 მარტს თ. ბ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ქ. თბილისში, მე-3 მასივი, ...., კორპუსი #...-ში, მდებარე ბინა #144-ზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღნიშნულ განცხადებას, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ერთვოდა 1998 წლის 5 იანვრის პრივატიზაციის ხელშეკრულება და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 9 მარტის #... გადაწყვეტილებით თ. ბ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 09.03.2010) დგინდება, რომ უძრავი ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივი, ..., კორპუსი #..., ბინა #144, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით ..., რეგისტრირებულია თ. ბ-ის ერთპიროვნული საკუთრების უფლება.
დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა ინტერესს წარმოადგენს თბილისში, მე-3 მასივში, ...ზე, #... კორპუსში მდებარე #144 საცხოვრებელ ბინაზე (ს/კ ...) განხორციელებულ პირველად და ყველა შემდგომ რეგისტრაციის მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის გასწორება - საკუთრების უფლების რეგისტრაციის ამსახველ ამონაწერებში, მესაკუთრის გრაფაში „თანამესაკუთრის“ მითითება. ვ. ბ-მა 2016 წლის 3 ოქტომბერს სწორედ ამ მიზნით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 4 ოქტომბრის #... გადაწყვეტილებით კი, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო ამავე თარიღის #... გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული მონაცემები შეესაბამებოდა უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს და ტექნიკური ხარვეზის არსებობა არ დგინდებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 6 დეკემბრის #... გადაწყვეტილებით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვ. ბ-ას წარმომადგენლის 2016 წლის 3 ოქტომბრის სარეგისტრაციო განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია საკმარისი იყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის. კერძოდ, უდავოა, რომ თბილისში, მესამე მასივში, ...ზე, #... კორპუსში მდებარე ბინა #144-ზე თ. ბ-ის ერთპიროვნული საკუთრების უფლების რეგისტრაციისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ცნობილი იყო ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემები, რომლის თანახმად, თ. ბ-ს და მისი ოჯახის დანარჩენ წევრებს ოთხოთახიანი იზოლირებული ბინიდან გამოეყოთ სამი ოთახი, საცხოვრებელი ფართით 36.0 კვ.მ, საერთო ფართი 55.19 კვ.მ, ხოლო ვ. ბ-ას, ამავე მისამართზე, შვილებთან ერთად გამოეყო ოთხოთახიანი იზოლირებული ბინიდან 19 კვ.მ ფართობის ერთი ოთახი.
აღნიშნული რეგისტრაციის განხორციელებისას, რეალურად უძრავ ქონებაზე ფიქსირდებოდა თანასაკუთრების უფლების არსებობა, რაც შესაბამის მითითებას საჭიროებდა რეგისტრაციის ამსახველ ამონაწერში. ამდენად, ცალსახად დგინდება ტექნიკური ხარვეზის არსებობა უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით #...; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ვალდებული იყო სრულად გამოეკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიღებული გადაწყვეტილებით დაედგინა, რომ თ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით ..., ტექნიკურად არ იქნა მითითებული „თანამესაკუთრე“.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 10.12.2018წ. #34827 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივნისის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 10.12.2018წ. #34827 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი