დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 29.06.2020
საქმის ნომერი
ბს-289(კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.06.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-289(კ-20) 29 ივნისი, 2020 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. ს-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი: ი. ს-ამ 2019 წლის 18 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართ და მოითხოვა ამავე უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 21 იანვრის №3 სხდომის ოქმისა და რექტორის 2019 წლის 25 იანვრის №41/03 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 21 იანვრის №3 სხდომის ოქმი და სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2019 წლის 25 იანვრის №41/03 ბრძანება „ი. ს-ას სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ“. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სადავო აქტების გამოცემისას ობიექტურად იქნა შესწავლილი საქმის გარემოებები. უნივერსიტეტმა იხელმძღვანელა როგორც მ. ხ-ის განცხადებების, ასევე, ეთიკის კომისიაზე მოწვეული სტუდენტების - ი. ს-ა და ლ. ჭ-ის ჩვენებებით. შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელის ნაცვლად უნივერსიტეტში გარკვეული საგნების ლექციებზე დადიოდა სხვა პიროვნება. მოცემული გარემოება სტუდენტის სასწავლებლიდან გარიცხვის საფუძველი გახდა.

კასატორი აღნიშნავს, სასამართლომ საფუძვლიანი ეჭვი შეიტანა ეთიკის კომისიის სხდომის ოქმში მოვლენათა სრულყოფილად ასახვასთან დაკავშირებით, რისი წინაპირობაც გახდა დეკანის ...ე ნ. კ-ის ჩვენების მიცემა, რომ ეთიკის კომისიის სხდომაზე გ. ნ-იმ და ლ. ჭ-ემ ზუსტად არ დაადასტურეს ი. ს-ას ნაცვლად მეცადინეობებზე სხვა პიროვნების დასწრების ფაქტი. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო ნ. კ-ის ჩვენებას ცალსახად არ უნდა დაყრდნობოდა. რეალურად, სხდომაზე მოწვეულმა სტუდენტებმა - გ. ჭ-ემ და გ. ნ-იმ ცალსახად არ დაადასტურეს, თუმცა არც უარყვეს ...იის ლექციაზე სხვა პიროვნების დასწრების ფაქტი. ამიტომ, ეთიკის კომისიამ გონივრულ ეჭვს მიღმა და ობიექტურად ჩათვალა რომ ი. ს-ა ნამდვილად არ ესწრებოდა ხსენებულ ლექციას, რასაც ადასტურებდა მოწმე მ. ხ-ი.

საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ნ. კ-ის განცხადება ი. ს-ას მხარდამჭერი წერილების არსებობის შესახებ. თუმცა, ი. ს-ას ჯგუფი აპროტესტებდა მის საქციელს და მისი მხარდამჭერები მისი ჯგუფელები არ იყვნენ.

საკასაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ მიიჩნია ზ. ს-ის ჩვენება სარწმუნოდ მხოლოდ თარიღის არასწორად დასახელების გამო, რადგან მოწმე ფაქტების აღწერისას იყო თანმიმდევრული და ზუსტი. მანვე ვიზუალურად აღწერა ის პიროვნება (...), რომელიც ესწრებოდა მის მეცადინეობებს ი. ს-ას ნაცვლად.

კასატორი დამატებით მიუთითებს მოწმის - მ. ხ-ის ჩვენებაზე, რომელმაც ზუსტად და თანმიმდევრულად მოახსენა სასამართლოს, რომ ზ. ს-ის მეცადინეობებზე, ი. ს-ას ნაცვლად, დადიოდა სხვა პიროვნება - მ. კ-ი, რომლის აღწერილობაც ზუსტად დაემთხვა ზ. ს-ის მიერ აღწერილ პიროვნებას. მ. ხ-მა ზუსტად დაასახელა დები მ. ც-ი და თ. ც-ი, რომელთაგან ერთ-ერთი დადიოდა საგანზე - „...“ და ვინაიდან ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მოწმე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ამოეცნო, კონკრეტულად რომელი დადიოდა ლექციაზე მოსარჩელის ნაცვლად.

სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მთავარ სადავო საკითხს მოცემულ საქმეში წარმოადგენს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის - ი. ს-ას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან გარიცხვის კანონიერება. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას კი უნდა შეფასდეს მოსარჩელის ჩადენილი დარღვევების სახე და ინტესივობა, ასევე, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პროცედურების დაცვა.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ კანონის შესაბამისად, შეიმუშავებს წესდებას, ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და წესს. მითითებული კანონის 43-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესით, ამ კანონის გათვალისწინებით და სამართლიანი პროცედურის გზით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშაოს სტუდენტის ეთიკის კოდექსი, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი, რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №124/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წესდების“ 33-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია სტუდენტის გარიცხვა, დისციპლინური ქცევის მოთხოვნების უხეში ან სისტემატური დარღვევის (სისტემატურ დარღვევად ითვლება ზედიზედ ორი ან მეტი დარღვევა) ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის/პირობების დარღვევისათვის, ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში (ანალოგიურ რეგულაციას ადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანაწესის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტიც). ამდენად, სტუდენტის გარიცხვა არ შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა დარღვევამ, მნიშვნელოვანია დარღვევის სახე, ჩადენის პერიოდულობა, შედეგები. გარდა ამისა, დაცული უნდა იყოს ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის კანონმდებლობით განსაზღვრული წესები.

საკასაციო პალატა, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვის საკითხის შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სადავო აქტები გამოიცა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ფარგლებში. კერძოდ, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს 2018 წლის 20 დეკემბრის №2 საოქმო გადაწყვეტილებით ი. ს-ას მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - საყვედური. დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენება კი გამოიწვია ...ის საგანზე ი. ს-ას ნაცვლად სხვა პიროვნების დასწრებამ, რომელიც თავს ი. ს-ად ასახელებდა. აღნიშნულის შემდგომ კი, უნივერსიტეტს მიმართა მ. ხ-მა (2018 წლის 28 დეკემბერსა და 2019 წლის 15 იანვარს) და აღნიშნა, რომ მოსარჩელე, ასევე, არ ესწრებოდა...ის, ... და ...ის საგნებს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 29 ოქტომბრის №139/01 ბრძანებით შექმნილმა ეთიკის კომისიამ 2019 წლის 17 იანვრის სხდომაზე იმსჯელა მ. ხ-ის განცხადებებზე და მათში მითითებული ფაქტები მიჩნეულ იქნა ახლად აღმოჩენილ გარემოებებად. შედეგად, საქმისწარმოების განახლების შემდგომ გამოიცა სადავო აქტები.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განცხადება ადმინისტრაციული წარმოების განახლების შესახებ მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების დროს ამ გარემოებათა ან ფაქტების წარუდგენლობა განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ითვალისწინებს უკვე განხილულ საკითხზე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, თუკი 1. არსებობს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც განმცხადებლისთვის ხელსაყრელი შედეგის მომტანია; 2. ასეთი მტკიცებულებების დროულად წარუდგენლობა მხარის ბრალეულობით არ არის გამოწვეული. შესაბამისად, საქმისწარმოების განახლება მიზნად ისახავს მხარისთვის არასასურველი, უარყოფითი გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობას, კონკრეტული ობიექტური და სუბიექტური წინაპირობების არსებობისას. ამდენად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლით გამოყენებული მოწესრიგება უკავშირდება იმ შემთხვევას, როდესაც მიღებულია განმცხადებლის/საჩივრის ავტორის საუარესო გადაწყვეტილება და მოგვიანებით პირი მოიპოვებს ისეთ მტკიცებულებებს, რაც მისთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას გამოიწვევს. მითითებული მუხლის მიზანს განმცხადებლის უფლებების დაცვა და სრულყოფილი რეალიზაცია წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმის განახლების შესაძლებლობა გამოყენებულ იქნა ი. ს-ას მდგომარეობის გაუარესებისთვის, დაკისრებული სანქციის უფრო მძიმე ზომით შეცვლისთვის, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთანავე, საქმისწარმოების განახლების საფუძველი არ გამხდარა ისეთი ფაქტი, რომლის დადგენა და შესწავლაც სასწავლო დაწესებულებას არ შეეძლო პირველი დისციპლინური წარმოების მიმდინარეობის ფარგლებში. ასევე, საქმისწარმოების განახლება მ. ხ-ის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას არ ახდენდა და მისი დარღვეული უფლების აღდგენას არ ემსახურებოდა. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტს არ ჰქონდა საქმისწარმოების განახლების, უკვე გადაწყვეტილ საკითხზე ახალი აქტის გამოცემისა და მოსარჩელის მდგომარეობის გაუარესების უფლება. ამდენად, სახეზეა არსებითი პროცესუალური დარღვევა, რომელიც გასაჩივრებული აქტის უკანონობას ადასტურებს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ ი. ს-ას მიერ ...იის საგნის ლექციების გაცდენა და მის ნაცვლად სხვა პიროვნების დასწრება ცალსახად არ დასტურდება. კერძოდ, ერთი მხრივ, მ. ხ-ი (სტუდენტი, რომელიც მიუთითებს, რომ მოსარჩელე საგნის სალექციო კურსს არ დასწრებია) და ი. ს-ა ერთ სემესტრში არ გადიოდნენ აღნიშნულ დისციპლინას და, შესაბამისად, მ. ხ-ი ვერ იქნებოდა პირდაპირი მოწმე იმისა, რომ მოსარჩელის ნაცვლად სხვა პირი ესწრებოდა ლექცია-სემინარებს. მეორე მხრივ კი, ასეთი ფაქტის არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ დაუდასტურებიათ ეთიკის კომისიის სხდომაზე მიწვეულ სტუდენტებს - ი. ს-ა და ლ. ჭ-ეს. საკასაციო პალატა განმარტავს, დარღვევის ფაქტის არსებობა სათანადო წესითა და შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს. პასუხისმგებლობის დაკისრებას სწორედ დარღვევის ჩადენის ფაქტის ცალსახად დადგენა იწვევს. მხოლოდ ვარაუდი ან ეჭვი კი, რომლებიც სათანადო მტკიცებულებებით გამყარებული არ არის, არ უნდა გახდეს პირისთვის სანქციის დაკისრების წინაპირობა. ამდენად, „...იის“ დისციპლინის ნაწილში ი. ს-ას მიერ დარღვევის ჩადენა (სტუდენტის ნაცვლად სხვა პირის დასწრება) უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადოდ არ შეისწავლა და გამოიკვლია საქმის გარემოებები, მათ შორის, მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე მიიჩნია დადგენილად მოსარჩელის მიერ „...იის“ კურსის გაუვლელობა, ასევე, დარღვეულია ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის წესები და ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობის მიზნებისა და წინაპირობების გათვალისწინების გარეშე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი უკანონოდ გამოიყენა მხარისთვის საუარესო გადაწყვეტილების მისაღებად, საქმეზე დადასტურებულია გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობა, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნებს და მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 24 იანვრის განჩინება;

3. კასატორს - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს (ს/ნ 211328703) დაუბრუნდეს 2020 წლის 1 აპრილის №08160 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. ქადაგიძე