დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 16.09.2021
საქმის ნომერი
ბს-517(2კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.09.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ბს-517(2კ-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 26 თებერვალს ა. რ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის #003647 დადგენილებით მას თბილისში, ...ის გამზ. #55-ში, კორ. #1-ის მიმდებარედ არსებულ, ს/კ ... მიწის ნაკვეთზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ლითონის ავტოფარეხის განთავსებისთვის დაეკისრა ჯარიმა 8000 ლარის ოდენობით და დაევალა ავტოფარეხის დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, მოსარჩელემ 2019 წლის 8 ოქტომბერს საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და აღნიშნა, რომ სადავო ფარეხი მას არ აუშენებია, იგი მიწის ნაკვეთთან ერთად შეიძინა მოქალაქე ლია თათხაშვილისგან, ამდენად, მასზე არ ვრცელდებოდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის IV თავის ნორმები, ვინაიდან აღნიშნული ნორმები სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი. მოსარჩელემ ადმინისტრაციულ ორგანოს მიუთითა, რომ იმ პიროვნების მიმართ, ვისგანაც მან შეიძინა მიწის ნაკვეთი მასზე არსებული ნაგებობით, მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 იანვრის #39 ბრძანებით მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ა. რ-ი მიჩნეულ იქნა სამართალდამრღვევად. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მერიას არც უცდია იმ პირის ვინაობის დადგენა, ვინც ააგო უნებართვო ნაგებობა. ბრძანებაში, ერთი მხრივ, მითითებული იყო, რომ საქმის მასალებით ვერ დგინდებოდა ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 10 სექტემბრის #003647 დადგენილებაში აღნიშნული უნებართვო სამუშაოს განმახორციელებელი პირი, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული იყო, რომ ა. რ-ი უნდა მიჩნეულიყო სამართალდამრღვევად, ვინაიდან მართალია იგი არ წარმოადგენდა უნებართვო სამუშაოს მწარმოებელ პირს, თუმცა მის ვალდებულებას წარმოადგენდა სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვა.

მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ვერ ახორციელებდა ავტოფარეხის დემონტაჟს, ვინაიდან ს/კ ... მიწის ნაკვეთზე სასამართლოს გადაწყვეტილებისა და აუდიტორული შეფასების საფუძველზე, დადებული იყო ყადაღა.

ამდენად, მოსარჩელემ „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის #003647 დადგენილებისა და ა. რ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 იანვრის #39 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ე. თ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ა. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის #003647 დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 იანვრის #39 ბრძანება ა. რ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. რ-ი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის #003647 დადგენილებით დაჯარიმდა 8 000 ლარით, ქ. თბილისში, ...ის გამზ. #55-ში, კორპუსი #1-ის მიმდებარედ არსებულ, #... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ლითონის ავტოფარეხის განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით ა. რ-ს დაევალა ქ. თბილისში, ...ის გამზ. #55-ში, კორპუსი №1-ის მიმდებარედ, #... საკადასტრო კოდზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული ლითონის ავტოფარეხის დემონტაჟი. ადმინისტრაციულმა ორგანომ ა. რ-ი, როგორც სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, მიიჩნია უნებართვო მშენებლობაზე პასუხისმგებელ პირად.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზირი #55-ში, კორპუსი #1-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: #..., 2013 წლის 28 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ე. თ-ის სახელზე, ხოლო აღნიშნული უძრავი ქონება ა. რ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა მხოლოდ 2015 წლის 10 ივნისიდან უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც თავად მესამე პირმა - ე. თ-მა დაადასტურა და აღნიშნა, რომ სადავო ავტოფარეხი მან ააშენა და მიჰყიდა ა. რ-ს, ზედამხედველობის სამსახურს კი არ უცდია დაედგინა, ვის მიერ იქნა აშენებული ავტოფარეხი, ვინაიდან არავის მიუწვევია ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც ცალსახად დგინდებოდა, რომ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს წარმოადგენდა ე. თ-ი, ა. რ-ის მიჩნევა სამართალდამრღვევ სუბიექტად მხოლოდ იმის გამო, რომ სადავო ნაგებობა დღეის მდგომარეობით მის საკუთრებას წარმოადგენს, გაუმართლებელი იყო, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის #003647 დადგენილება - ქ. თბილისში, ...ის გამზირი #55-ში, კორპუსი #1-ის მიმდებარედ, #... საკადასტრო კოდზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ავტოფარეხის განთავსებისთვის ა. რ-ის დაჯარიმების ნაწილში, უკანონო იყო და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებლობა იმპერატიულად განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება იყოს სამართალდამრღვევი და ვის შეიძლება დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. კერძოდ, სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს (სუბიექტს), რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი პირის დადგენა, სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს, მრავალბინიანი სახლის მესაკუთრეს/მოსარგებლეს.

კასატორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივნისის #ბს-311-307(2კ-14) განჩინებაში მოცემულ მსჯელობებზე მითითებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს პასუხისმგებლობა დაეკისრა, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს. მესაკუთრეთათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი კი მაშინ არის სახეზე, როდესაც ის დადგენილ ვადაში არ ასრულებს მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ აღმოფხვრის დადგენილ დარღვევებს. მსგავს შემთხვევაში უძრავი ნივთის მესაკუთრეები, მართალია, არ წარმოადგენენ უნებართვო სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირებს, მაგრამ მათ ვალდებულებას ამავდროულად წარმოადგენს, უზრუნველყონ სამშენებლო სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა. შესაბამისად, მათსავე მოვალეობაში შედის სამშენებლო საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმებითა და სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რაც გამოხატულ უნდა იქნეს ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული მითითების შესრულებასა და მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე არსებული დარღვევების გამოსწორებაში.

კასატორი ასევე ყურადღებას ამახვილებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ ითვალისწინებს სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში ჯარიმასთან ერთად დემონტაჟსაც. რაც შეეხება სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის არსებობის ფაქტს, ყადაღა როგორც დროებითი ღონისძიება, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლად, მით უმეტეს იმ პირობებში როდესაც ყადაღას უნებართვო ნაგებობის დემონტაჟით არ ექმნება საფრთხე, ვინაიდან ყადაღა დაედო მიწის ნაკვეთს და მასზე არსებული შენობის დემონტაჟის შემდეგაც ყადაღა რჩება მიწის ნაკვეთზე. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, იქნებოდა თუ არა ყადაღა რეგისტრირებული აღსრულების დროისთვის.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა, სასამართლომ კი არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად განმარტა სადავო საკითხის მომწესრიგებელი ნორმები, რასაც შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა.

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ არ ყოფილა შეფასებული ე. თ-ის მშენებლობის მწარმოებელ პირად მიჩნევის ნაწილი, მაშინ როცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ფაქტის დადგენის სისწორეზე წარდგენილი იყო დასაბუთებული პრეტენზია, რომლის თანახმად, გარდა ე. თ-ის ახსნა-განმარტებისა, საქმეში სხვა არც ერთი მტკიცებულება არ მიუთითებდა მის მიერ უნებართვო მშენებლობის წარმოების ფაქტზე, პირიქით შენობა-ნაგებობის ლეგალიზებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებით საპირისპირო მტკიცდებოდა. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ფაქტის ამგვარი სტანდარტით დადგენა წინააღმდეგობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 20 დეკემბრის #ბს-638-634(2კ-17) განჩინებით დამკვიდრებულ პრაქტიკასთან, კერძოდ, „მხარის ახნსა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად“. შესაბამისად, ვინაიდან ე. თ-ის ახსნა-განმარტების გარდა სხვა არაფერი მიუთითებდა მშენებლობის მწარმოებელ პირზე, ასეთ შემთხვევაში ა. რ-ის, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრის, პასუხისმგებლობის გამორიცხვა ჯარიმის დაკისრების ნაწილში დაუსაბუთებელია.

კასატორი ა. რ-ის დემონტაჟის ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 29 ოქტომბრის #10დ/4770 განჩინებით ყადაღა დაედო არა ავტოფარეხს, არამედ ნაკვეთ ...-ს, ს/კ ..., რომელიც ხელს არ უშლიდა ა. რ-ს ავტოფარეხის დემონტაჟის განხორციელებაში.

ინსპექცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის #ბს-360-357(2კ-17) განჩინებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო უნებართვო მშენებლობის მწარმოებელ პირად ე. თ-ს ჩათვლიდა, მასზე უნდა დაეკისრებინა საჯარიმო სანქცია, ხოლო შენობა-ნაგებობის დემონტაჟი უნდა დაევალებინა ა. რ-ისთვის, რაც სასამართლოს არ განუხორციელებია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის #003647 დადგენილებისა და „ა. რ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 25 იანვრის #39 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კოდექსის მიზანია სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ხსენებული კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა. რ-ი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის #003647 დადგენილებით დაჯარიმდა 8000 ლარით, ქ. თბილისში, ...ის გამზ. #55-ში, კორპუსი #1-ის მიმდებარედ, #... საკადასტრო კოდზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ლითონის ავტოფარეხის განთავსებისთვის. ამავე დადგენილებით ა. რ-ს დაევალა ქ. თბილისში, ...ის გამზ. #55-ში, კორპუსი #1-ის მიმდებარედ, #... საკადასტრო კოდზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული ლითონის ავტოფარეხის დემონტაჟი. ადმინისტრაციულმა ორგანომ ა. რ-ი, როგორც სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, მიიჩნია უნებართვო მშენებლობაზე პასუხისმგებელ პირად.

ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზ. #55-ში, კორპუსი #1-ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება, ს/კ #..., 2013 წლის 28 ივნისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ე. თ-ის სახელზე, ხოლო აღნიშნული უძრავი ქონება ა. რ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა მხოლოდ 2015 წლის 10 ივნისიდან უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. თავად მესამე პირმა - ე. თ-მა, რომელმაც, როგორც 2019 წლის 21 მაისს სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი პოზიციით, ისე 2019 წლის 12 ივნისს გამართულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზ. #55-ში, კორპუსი #1-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთს ფლობდა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, ხოლო 90-იან წლებში აღნიშნულ ნაკვეთზე ააგო კაპიტალური ავტოფარეხი, რომელიც მოგვიანებით, კერძოდ კი, 2015 წელს, ნასყიდობის ხელშეკრულებით მიჰყიდა ა. რ-ს. მისივე განმარტებით, ზედამხედველობის სამსახურს არც კი უცდია დაედგინა, თუ ვის მიერ იქნა აშენებული ავტოფარეხი, ვინაიდან არავის მიუწვევია ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 14 აგვისტოს ოქმით ირკვევა, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გამართულ სხდომაზე, მოსარჩელემ მხარემ მიუთითა სადავო ობიექტის ე. თ-ისგან სწორედ იმ სახით შეძენის თაობაზე, რა სახითაც არსებობს დღეის მდგომარებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ იმ პირობებში, როდესაც ცალსახად დგინდება, რომ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელ პირს წარმოადგენს ე. თ-ი, სამართალდამრღვევ სუბიექტად ა. რ-ის მიჩნევა მხოლოდ იმის გამო, რომ სადავო ნაგებობა დღეის მდგომარეობით მის საკუთრებას წარმოადგენს, გაუმართლებელია, რის გამოც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 10 სექტემბრის #003647 დადგენილება - ქალაქ თბილისში, ...ის გამზირი #55, კორპუსი #1-ის მიმდებარედ, #... საკადასტრო კოდზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ავტოფარეხის განთავსებისთვის ა. რ-ის დაჯარიმების ნაწილში, უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო დადგენილების გამოცემის დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, ყადაღა ედო ა. რ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია, არსებობდა თუ არა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მიერ 2016 წლის 11 ნოემბრის #12/4901 განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობის საფუძველი, კერძოდ, ხომ არ იყო შეწყვეტილი სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და გამოძიება ან განაჩენი ხომ არ იყო მიქცეული აღსასრულებლად. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს არც იმ საკითხზე უმსჯელია ა. რ-ის მიერ მითითების შესრულება და ავტოფარეხის დემონტაჟი შეფასდებოდა თუ არა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების შეუსრულებლობად და გამოიწვევდა თუ არა მის პასუხისმგებლობას.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა