დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 16.09.2021
საქმის ნომერი
ბს-163(კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.09.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ბს-163(კ-21) 16 სექტემბერი, 2021 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2019 წლის 19 თებერვალს პ. ლ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2019 წლის 18 იანვრის #55-01190182929 წერილით შეატყობინა, რომ 2018 წლის 9 დეკემბრის #689 ოქმის საფუძველზე, მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე წარდგენილი განცხადების განხილვაზე. კომისიამ გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად მიუთითა, რომ განცხადებაზე თანდართული მასალებით არ დგინდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, ვინაიდან განცხადებაზე დართული ექსპერტიზის დასკვნა ეყრდნობოდა მხოლოდ შენობის ვიზუალურ დათვალიერებასა და 2006 წლის ორთოფოტოს, რომელიც დასკვნას თან არ ერთვოდა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ აღიარების კომისიას ზემოთ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად არ გამოუთხოვია მასალები და არც მოსარჩელისთვის დაუვალებია დოკუმენტების წარდგენა, რისი ვალდებულებაც მას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ეკისრებოდა. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კომისიამ არ შეისწავლა წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტს.

ამდენად, მოსარჩელემ მიწის ნაკვეთზე პ. ლ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 14 იანვრის #114 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ქ. თბილისში, ...ის ქუჩის დასაწყისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ფართობი - 1010 კვ.მ.) პ. ლ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით პ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 14 იანვრის #114 განკარგულება მიწის ნაკვეთზე პ. ლ-ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა უძრავ ქონებაზე (მის.: ქ. თბილისი, ...ის ქუჩის დასაწყისი, საერთო ფართობი - 1010 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარების შესახებ პ. ლ-ას მოთხოვნასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო კალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ლ-ას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიეთითა, რომ განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (2017 წლის 27 თებერვლის #580 საოქმო გადაწყვეტილება). ვინაიდან პ. ლ-ას მიერ კომისიაში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ეყრდნობოდა მხოლოდ შენობის ვიზუალურ დათვალიერებას და 2006 წლის ორთოფოტოს, რომელიც არ ერთვოდა დასკვნას, მითითებული დოკუმენტი ვერ გახდებოდა უტყუარი მტკიცებულება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობის ხანდაზმულობის განსაზღვრასთან მიმართებით. კომისიის შეფასებით, ორთოფოტოებითა (აეროფოტოგადაღება) და განცხადებაზე თანდართული მასალებით არ დგინდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღიარების კომისია ჩათვლიდა, რომ ექსპერტიზის სათანადო მტკიცებულებად მიჩნევისთვის საჭირო იყო ორთოფოტოს წარდგენა, იგი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებული იყო დაედგინა ხარვეზი. თუმცა რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ იცოდა, რომ დამატებით ესაჭიროებოდა ორთოფოტო, პ. ლ-ასთვის მისი წარმოდგენა მაინც არ დაუვალებია და მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ იყო დამაჯერებელი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მოსარჩელემ სასამართლოში წარმოადგინა ორთოფოტო 2006 წლის მდგომარეობით (სადაც დაფიქსირებულია გარკვეული სახის შენობა), რასაც დიდი ალბათობით წარადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაშიც. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში იძლეოდა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ადმინისტრაციული ორგანო საკითხისადმი მხოლოდ ფორმალური მიდგომით შემოიფარგლა და განცხადების განუხილველად მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულის კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ მე-19 მუხლზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პ. ლ-ას განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (2017 წლის 27 თებერვლის #58 საოქმო გადაწყვეტილება). კომისია აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, ხელახალი განცხადების წარდგენა და საკითხის არსებითად განხილვა, კანონის იმპერატიული მოთხოვნით, შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კერძოდ, თუკი არსებობს განმცხადებლისათვის ხელსაყრელი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოება.

კასატორი აღნიშნავს, რომ პ. ლ-ას წარდგენილი აქვს შპს „...ის“ მიერ შესრულებული ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა აშენებულია 2000-2005 წლებში, რაც დადასტურებულია 2006 წლის ორთოფოტოთი. კასატორის მოსაზრებით, აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნა ეყრდნობა მხოლოდ შენობის ვიზუალურ დათვალიერებასა და 2006 წლის ორთოფოტოს, რომელიც აღნიშნულ დასკვნას არ ერთვის. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომა გადაიდო არაერთხელ, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი აღნიშნული ორთოფოტო, რაც ადასტურებს მის არარსებობას. გამომდინარე აქედან, კომისიამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზა ვერ გახდებოდა უტყუარი მტკიცებულება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობის ხანდაზმულობის განსაზღვრასთან მიმართებით. მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კი, ორთოფოტოებითა (აეროფოტოგადაღება) და განცხადებაზე თანდართული მასალებით არ დგინდება მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, არსებობს პ. ლ-ას განცხადების განუხილველად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, კასატორი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, მიეთითებინა იმ არსებით დარღვევებზე, რომელიც იქნებოდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 15 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 14 იანვრის #114 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ქ. თბილისში, ...ის ქუჩის დასაწყისში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ფართობი - 1010 კვ.მ.) პ. ლ-ას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2017 წლის 27 თებერვლის #580 საოქმო გადაწყვეტილებით, პ. ლ-ას უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ...ის ქუჩის დასაწყისი) საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დასტურდებოდა განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. ასევე, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი კვეთდა #... საკადასტრო ერთეულს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 31 ოქტომბრის #... წერილობითი მიმართვით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში გადაიგზავნა პ. ლ-ას განცხადება, რომლითაც განმცხადებელი კვლავ ითხოვდა იმავე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. აღნიშნულ განცხადებას პ. ლ-ამ დაურთო 2017 წლის 11 აგვისტოს #47 ექსპერტიზის დასკვნა.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, განმეორებით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიეთითა, რომ პ. ლ-ას განცხადებაზე წარმოების დაწყების საფუძველი გახდა იმგვარი შინაარსის მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც კომისიას უკვე ჰქონდა ნამსჯელი და მიღებული გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ვინაიდან პ. ლ-ას მიერ კომისიაში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ეყრდნობოდა მხოლოდ შენობის ვიზუალურ დათვალიერებას და 2006 წლის ორთოფოტოს, რომელიც არ ერთვოდა დასკვნას, მითითებული დოკუმენტი ვერ გახდებოდა უტყუარი მტკიცებულება მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე შენობის ხანდაზმულობის განსაზღვრასთან მიმართებით. კომისიის შეფასებით, ორთოფოტოებითა (აეროფოტოგადაღება) და განცხადებაზე თანდართული მასალებით არ დგინდებოდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი, ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, არსებობდა პ. ლ-ას განცხადების განუხილველად მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის #376 დადგენილების მე-19 მუხლზე, რომლის შესაბამისად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც, მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე კოდექსის 85-ე მუხლი კი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაინტერესებულ მხარეს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან ადმინისტრაციული საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო ჩათვლიდა, რომ ექსპერტიზის სათანადო მტკიცებულებად მიჩნევისთვის საჭირო იყო ორთოფოტოს წარდგენა, იგი ხსენებული მუხლების საფუძველზე, ვალდებული იყო დაედგინა ხარვეზი. მიუხედავად იმისა, რომ კომისიისათვის ცნობილი იყო დამატებით ორთოფოტოს წარდგენის საჭიროების შესახებ, ადმინისტრაციულმა ორგანომ პ. ლ-ას მაინც არ დაავალა მისი წარმოდგენა და მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნა არ იყო დამაჯერებელი. ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ პ. ლ-ას მიერ წარდგენილ იქნა შპს „...“ -ის 2017 წლის 11 აგვისტოს #47 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ამ დასკვნაში მითითებული შენობა სავარაუდოდ აშენებულია 2000-2005 წლებში, რასაც ადასტურებს 2006 წლის აერო ფოტოგადაღება. ქვედა ინსტანციების სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მოსარჩელემ ასევე წარადგინა ორთოფოტო 2006 წლის მდგომარეობით, სადაც დაფიქსირებულია გარკვეული სახის შენობა. შესაბამისად, პ. ლ-ასთვის ხარვეზის დადგენისა და დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელეს შესაძლოა წარედგინა ხსენებული ფოტო, რასაც შესაძლოა გავლენა ჰქონოდა აღიარების კომისიის გადაწყვეტილებაზე. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით ცალსახაა, რომ ადმინისტრაციული ორგანო საკითხისადმი მხოლოდ ფორმალური მიდგომით შემოიფარგლა და განცხადების განუხილველად მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა