დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-481(კ-20) 10 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 14 იანვარს სს „ს..-მ“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 მაისის №04/31752 გადაწყვეტილების (,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ პაციენტების - ნ. ბ-ის და ა. ნ-ეის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 19 დეკემბრის №04/68132 გადაწყვეტილების („სს „ს..-ს“ 2018 წლის 21 ივნისის №868/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“) ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შესაბამისი მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განჩინებით სს „ს..-ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სს „...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 მაისის №04/31752 გადაწყვეტილება ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ (გარდა პაციენტ ი. მ-ის შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის ნაწილისა) და მოპასუხეს დაეკისრა პაციენტების - ნ. ბ-ის და ა. ნ-ეის სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება სრულად; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 19 დეკემბრის №04/68132 გადაწყვეტილება სს „ს..-ს“ 2018 წლის 21 ივნისის №868/02 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, ასევე, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ პუნქტზე, დანართი №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტებზე, დანართი №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტებზე, ასევე ყურადღებას ამახვილებს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ტ1“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება არის სამედიცინო დახმარება, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება.
საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების მიხედვით, გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებაში იგულისხმება გადაუდებელი (კრიტიკული) და სასწრაფო - დაუყოვნებელი ინტერვენციების ტიპები („სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციის განსაზღვრისა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანების დანართი №2–ის პირველი და მე-2 პუნქტები). ასევე მე-17 მუხლის თანახმად, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა, როდესაც სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება გარდაუვალია. ასევე №25/ნ ბრძანებით (დანართი №2), 1. გადაუდებელი (კრიტიკული) ინტერვენცია - სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის გადასარჩენად მიმართული ინტერვენცია ერთდროული რეანიმაციით. ჩვეულებრივ, ჩარევა იწყება გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე წუთში. აღნიშნული ინტერვენცია იყოფა 2 ჯგუფად: ა) სიცოცხლის შემანარჩუნებელი; ბ) ორგანოს ან კიდურის შემანარჩუნებელი. სასწრაფო - დაუყოვნებელი ინტერვენცია - მწვავედ დაწყებული ან/და კლინიკურად გაუარესებული, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების დროს განსახორციელებელი ინტერვენცია. ეს მდგომარეობები დაკავშირებულია სიცოცხლის, ორგანოს ან კიდურის დაკარგვის საფრთხესთან, ხოლო ინტერვენციები მოიცავს მოტეხილობების ფიქსაციას, ტკივილის მართვას და სხვა მძიმე სიმპტომების კუპირებას. ჩვეულებრივ, ინტერვენციის გადაწყვეტილება იყოს მიღებული არა უგვიანეს 24 საათისა, მას შემდგომ, რაც პირველი რიგის შემანარჩუნებელი მკურნალობა დასრულებულია. სასწრაფო დაყოვნებული ინტერვენცია - ადრეული ინტერვენცია პაციენტის სტაბილური მდგომარეობის პირობებში. პაციენტის სიცოცხლეს, რომელიმე ორგანოს ან კიდურს, გადაუდებელი საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ინტერვენცია დასაგეგმია რამდენიმე დღეში (2-5 დღე). გეგმიური ინტერვენცია - იგეგმება პაციენტისთვის, ექიმისთვის და სამედიცინო დაწესებულებისათვის მოსახერხებელ დროის მონაკვეთში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 9 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ა“-„გ“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია: ა) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება; გ) ექიმისა და სხვა სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში; კ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობა, მათში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობა, საოჯახო მედიცინისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება და მასზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მითითებული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა.
სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
ამავე პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები.
საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ პაციენტები - ნ. ბ-ი და ა. ნ-ეე არიან 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დანართი 1.3.-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე პირები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 მაისის №04/31752 გადაწყვეტილების შესაბამისად, პაციენტი ნ. ბ-ი 2017 წლის სექტემბრის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა შპს ,,...ში“ გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზით: ცხელება, რომელიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას 0-5 წლის ასაკის ბავშვებში. სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით გაწერილი იქნა კლინიკიდან 23:00 საათზე, გაუმჯობესებულ მდგომარეობაში, თუმცა იმავე დღეს 23:05 საათზე ისევ მიმართა სხვა კლინიკას და მიიღო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება.
პაციენტი ა. ნ-ეე 2017 წლის სექტემბრის თვის საანგარიშგებო პერიოდში მკურნალობდა შპს ,,მ..-ში“, არ საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას (0-5 წლის ასაკის ბავშვებში). სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით გაწერილი იქნა კლინიკიდან 04:20 საათზე, გაუმჯობესებულ მდგომარეობაში, თუმცა იმავე დღეს 17:44 საათზე ისევ მიმართა კლინიკას და მიიღო გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება.
სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საფუძვლად უდევს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს შეფასება, რომ პაციენტ - ნ. ბ-ითან, ასევე პაციენტ ა. ნ-ეის შემთხვევები წარმოადგენდა შინაარსობრივად ერთ უწყვეტ სტაციონარულ შემთხვევას და არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის 15.2 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს. სათანადო დასაბუთება ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლების შესახებ ასევე არ არის ასახული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მედიცინის დოქტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, საქართველოს ...ლი ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, ...ში აკრედიტაციის ევროპული საბჭოს ექსპერტის ი. ჩ-ეის 2019 წლის 15 თებერვლის წერილით შპს ,,მ..ს’’ მიმართვის პასუხად ეცნობა, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციიდან (სამედიცინო ბარათი №16375) ირკვევა, რომ პაციენტმა (ნ. ბ-ი - ასაკი 10 თვე) მიმართა ...რ საავადმყოფოს 21.09.2018 წელს 19:36 წუთზე შემდეგი ანამნეზით: ავად არის 6 დღეა, ბინაზე მკურნალობდა ანტიბიოტიკებით, თუმცა დღეს ტემპერატურამ კვლავ მოიმატა 38.8-მდე, აღენიშნა რინორეა, ჭირვეულობა, რის გამოც მიმართეს კლინიკას. ობიექტური გამოკვლევით ვიტალური ფუნქციების მხრივ ცვლილებები არ აღენიშნებოდა, ხახის რკალები იყო ჰიპერემიული, აღენიშნებოდა ცხვირიდან გამონადენი, ცნობიერება იყო ნათელი, სატურაცია 98%, დიურეზი და დეფეკაცია ნორმის ფარგლებში. დაყოვნების პერიოდში პაციენტს გადაესხა ი/ვ ფიზიოლოგიური ხსნარი, მიეცა ანტიპირეტული საშუალება, მისი მდგომარეობა იყო სტაბილური, ტემპერატურა ნორმალიზდა, სისხლის საერთო ანალიზი იყო ნორმის ფარგლებში, ბავშვი გახდა აქტიური, მიიღო საკვები და სათანადო რჩევა-დარიგების შემდეგ, 23:00 წუთზე გაეწერა ბინაზე. პაციენტის დიაგნოზი (ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, დაუზუსტებელი), ასევე მკურნალობის ტაქტიკა სრულ შესაბამისობაში იყო ზედა სასუნთქი გზების ინფექციის მართვის ეროვნულ და საერთაშორისო რეკომენდაციებთან. პაციენტს არ ჰქონდა ჰოსპიტალიზაციის არც ერთი კრიტერიუმი, შესაბამისად მას სრულად და ჯეროვნად გაეწია პაციენტის სამედიცინო მომსახურება და სხვა სამედიცინო დაწესებულებისადმი პაციენტის განმეორებითი მიმართვა არ შეიძლება იყოს განპირობებული არასრული/არაჯეროვანი სამედიცინო მომსახურებით.
რაც შეეხება პაციენტ - ა. ნ-ეის სამედიცინო შემთხვევას, აღნიშნულთან დაკავშირებით, მედიცინის დოქტორის, პედიატრთა და ნეონატოლოგთა კავშირის ,,...ას’’ თავმჯდომარის ნ. ყ-ის 2019 წლის 14 თებერვლის წერილით შპს ,,მ..ს’’ მიმართვის პასუხად ეცნობა, რომ სამედიცინო ბარათი №16230 პაციენტმა (3 წლის და 11 თვის ვაჟი) მიმართა გადაუდებელი დახმარების განყოფილებას 18.09.2017-ში 22:16-ზე შემდეგი ანამნეზით: მშობლის გადმოცემით ღებინების 2 დღიანი ანამნეზით. პაციენტს აღენიშნებოდა ღებინება პირველ დღეს 3-ჯერ, მეორე დღეს 2-ჯერ, სითხეს და საკვებს არ იღებდა, გამოიხატა ადინამია, რის გამოც მიმართეს სტაციონარს. ობიექტურად პაციენტთან გამოხატული იყო დეჰიდრატაცია-გამოხატული იყო კანის ელასტიურობის დაქვეითება, ტიროდა ცრემლის გარეშე, კანის ნაოჭი სწორდებოდა ნელა, გამოხატული იყო შარდვის შემცირება, ადინამია, სითხეს ვერ იღებდა. ვიტალური მაჩვენებელი ნორმა- T-37.1, P-119, R-26, Sa02-98%, კანი იყო იქტერული, სხვა ორგანოების მხრივ პათოლოგისა არ ვლინდებოდა, ცნს-ცნობიერება ნათელი, მენინგეალური ნიშნები უარყოფითი, კეროვანი ნევროლოგიურის სიმპტომიკა არ ვლინდებოდა, ნაწლავთა მოქმედება ნორმალური. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში პაციენტს ჩაუტარდა კვლევები (ჰემოგრამა-პათ. ცვლილების გარეშე, შრატის ბილირუბინი და ფრაქციები - ნორმის ფარგლებში, შარდის საერთო ანალიზი - კეტონურია), ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა - ინფუზიური თერაპია, ორალური რეჰიდრატაცია, მდგომარეობა გაუმჯობესდა, ღებინება შეწყდა, სითხე და საკვები მიიღო, გააქტიურდა, ვიტალური მაჩვენებელი კვლავ - ნორმა. განყოფილებაში დაჰყო 6 საათი. ამ ეტაპზე ბავშვს გაეწია სათანადო დახმარება. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში დაჰყო 6 საათი, მდგომარეობა გაუმჯობესდა, პაციენტმა მიიღო საკვები, არ ჰქონია ღებინება, ვიტალური მაჩვენებელი ნორმალური, არ იყო ცხელება, დიარეა, არ იყო სახეზე საშიშროების არცერთი ნიშანი, არ იყო გამოხატული ჰოსპიტალიზაციის არცერთი კრიტერიუმი, გაეწერა ბინაზე 19.09.2017-ში 04:20-ზე. წინასწარ განჭვრეტა როგორ განვითარდება მოვლენები და გაიშლება კლინიკური სურათი, ძნელია, ამ ეტაპისთვის პაციენტისათვის გაწეული იყო ადეკვატური დახმარება.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სადავო აქტები არ შეიცავს ადმინისტრაციული ორგანოს სათანადო დასაბუთებას, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება სამედიცინო მომსახურების ჯეროვნად გაწევის ფაქტი, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს - სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობისა და მოპასუხისათვის სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დავალების საფუძვლების არსებობის შესახებ.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 11/08/2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №26086-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინება;
3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11/08/2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №26086-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი