დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 28.06.2022
საქმის ნომერი
ბს-1358(3კ-20)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.06.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1358(3კ-20) 28 ივნისი, 2022 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე); 2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე); 3. ვ. ს-ე (მესამე პირი); 4. ა. ა-ე (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „...ა“

მოპასუხეები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 აგვისტოს განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს „...ამ“ 2018 წლის 5 მარტს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სს „...ას“ კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 7 აგვისტოს №1/2-263 ბრძანების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 13 აგვისტოს №... გადაწყვეტილების, 2016 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილებისა და 2016 წლის 17 თებერვლის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 2016 წლის 29 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება №... უ.უ. სს „...ას“ კუთვნილი 27 კვ.მ. ფართის უძრავი ქონების ნაწილში ბათილად ცნობა, სს „...ას“ 2018 წლის 1 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ვირტუალური უარის“ ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხეთათვის - სს „...ას“ მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟი - 400 ლარისა და 100 ლარის ოდენობით) ანაზღაურების დაკისრება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „...ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 7 აგვისტოს №1/2-263 ბრძანება ადიგენის რაიონში, ...ში, ...ის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების სს „...ას“ კუთვნილი უძრავი ქონების 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი სს „...ას“ კუთვნილი უძრავი ქონების 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 7 აგვისტოს №1/2-263 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის შესახებ სს „...ას“ 2018 წლის 1 მარტის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 13 აგვისტოს №... გადაწყვეტილება ადიგენის რაიონში, ...ში, ...ის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით ...) სს „...ას“ კუთვნილი უძრავი ქონების 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 2016 წლის 29 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება №... უ.უ. სს „...ას“ კუთვნილი უძრავი ქონების 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილება, ადიგენის რაიონში, ...ში, ...ის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით ...) სს „...ას“ კუთვნილი უძრავი ქონების 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ვ. ს-ის საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 17 თებერვლის №... გადაწყვეტილება, ადიგენის რაიონში, ...ში, ...ის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით ...) სს „...ას“ კუთვნილი უძრავი ქონების 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ვ. ს-ისა და ა. ა-ის თანასაკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში. ამასთან, ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 200 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა დაეკისრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს. ახალციხის რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ვ. ს-ემ და ა. ა-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ა. ა-ისა და ვ. ს-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 აგვისტოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ვ. ს-ემ და ა. ა-ემ.

კასატორმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოსარჩელის 2018 წლის 1 მარტის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 2018 წლის 3 ივლისის №1-1/343 ბრძანებით სააქციო საზოგადოების ადმინისტრაციული საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო 2018 წლის 17 ივლისს, საჩივრის განხილვის მიზნით გაიმართა ზეპირი მოსმენა. სამინისტრომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა ადმინისტრაციულ საჩივარზე არ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში და არც ამ ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილში, მოსარჩელეს უარი ეთქვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე. სამინისტრო, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ აქტის გამოცემაზე უარი ვერ გახდება ხსენებული მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრის წინაპირობა, რადგან ამ სახის სარჩელის საგანი აუცილებლად უკვე გამოცემული, რეალურად არსებული, მატერიალური ფორმის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობა უნდა იყოს.

კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მითითებით, ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციისას, სააგენტომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ საპრივატიზებო მიწაზე საკუთრების უფლება არ იყო რეგისრირებული, არც სააგენტოს მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზისა და მომიჯნავედ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მიწის ნაკვეთის საზღვრებს შორის არ დგინდებოდა გადაფარვა. ამდენად, ვინაიდან ნივთის პრივატიზების შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა აკმაყოფილებდა მოქმედ კანონმდებლობას, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მიწის ნაკვეთი მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირდა დაუზუსტებელი ფორმით, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგისტრირებული მონაცემები არ ასახავდა კონკრეტული ტერიტორიის საკადასტრო მონაცემებს, მათ შორის, საკადასტრო გეგმას, რომლითაც დადასტურდებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებისა და მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა. მათი იდენტურობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელის დაკვეთით შესრულებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელიც რეგისტრირებული მონაცემების დაზუსტების მიზნით იქნა წარდგენილი საჯარო რეესტრში. კასატორი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა 2016 წლის 29 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

კასატორები - ვ. ს-ე და ა. ა-ე მიუთითებენ, რომ ისინი უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენ პირებს წარმოადგენენ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დარღვეულია როგორც კეთილსინდისიერი შემძენის კანონით დაცული უფლებები, ისე საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია და სახელმწიფო ორგანოების მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი. კასატორთა განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი, რომლის საფუძველზეც აუქციონზე გატანილ იქნა უძრავი ქონება, სრულად პასუხობდა აქტის გამოცემის კანონდებლობით გათვალისწინებულ წესებს, თუმცა აღნიშნული, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ არ იქნა გათვალისწინებული. კასატორთა მითითებით, მათთვის საკუთრების უფლების შეძენისას არ იყო ცნობილი დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ და ისინი სრულად ენდობოდნენ სახელმწიფოს. კასატორები აღნიშნავენ, შესაძლებელია, ქონების სახელმწიფო რეგისტრაციისას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაშვებულ იქნა შეცდომა, თუმცა აღნიშნულზე პასუხისმგებლები ვერ იქნებიან ვ. ს-ე და ა. ა-ე, რომელთაც ჰქონდათ კანონიერი მოლოდინი იმისა, რომ სახელმწიფო კანონმდებლობის სრული დაცვით მოქმედებდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 18 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ა. ა-ისა და ვ. ს-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ა. ა-ისა და ვ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს უძრავ ნივთზე სახელმწიფოს და შემდეგ მესამე პირების საკუთრების უფლებების რეგისტრაციისა და მისი წინმსწრები აქტების კანონიერების შეფასება, მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთთან ზედდების გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა ადიგენის რაიონში, ...ში, ...ის ქუჩის მიმდებარე მიწის ნაკვეთზე სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაციის და საერთო სარგებლობის გზის (სერვიტუტი) დატვირთვის შესახებ, დაკმაყოფილდა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზების 2016 წლის 29 იანვრის №... უ.უ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ...ში, ...ის ქუჩის მიმდებარე 1130 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საკუთრებაში გადაეცა ვ. ს-ეს, ხოლო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 იანვრის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ვ. ს-ის მოთხოვნა და ...ში, ...ის ქუჩის მიმდებარე უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ვ. ს-ის საკუთრების უფლება.

ვ. ს-ესა და ა. ა-ეს შორის 2016 წლის 15 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისთ დასტურდება, რომ ვ. ს-ემ ა. ა-ეს მიჰყიდა ...ში, ...ის ქუჩის მიმდებარედ, არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით ...) 1/6 ნაწილი, რაც შეადგენს 200 კვ.მ.-ს. ამდენად, 2016 წლის 17 თებერვლის №... ამონაწერით საჯარო რეეტრიდან 1130 კვ.მ. არსასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ...) თანამესაკუთრეებად ირიცხებიან ვ. ს-ე - 5/6 წილით, ხოლო ა. ა-ე - 1/6 წილით.

დადგენილია, რომ ვ. ს-ემ და ა. ა-ემ მიმართეს სს „...ას“ №... საკადასტრო კოდზე წითელი ხაზების დაზუსტებისა და მათ ნაკვეთზე არსებული შენობის გონივრულ ვადაში დემონტაჟის მოთხოვნით. აღნიშნული წერილის საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა სააქციო საზოგადოება „...ას“ 2018 წლის 6 მარტის №... განცხადება, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ, უძრავ ნივთზე მდებარე - ადიგენის რაიონი, ...ი,...ის ქუჩის მიმდებარედ. სააგენტოს გადაწყვეტილებით, სს „...ას“ განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, განმცხადებელს განემარტა, რომ სს ,,...ამ“ მოითხოვა 45 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) ცვლილების რეგისტრაცია მაშინ, როდესაც სს ,,...ას“ საკუთრების უფლება ფიქსირდება მხოლოდ 27 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ამასთან, ს.კ. ... არსებული აზომვითი ნახაზი და სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნახაზი არ შეესაბამებოდა ატვირთულ ქაღალდის ვერსიას და სარეგისტრაციოდ წარდგენილ ობიექტსა და რეგისტრირებულ მონაცემს (ს.კ. ..., მესაკუთრეები - ვ. ს-ე, ა. ა-ე) შორის ფიქსირდებოდა ზედდება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 8 მაისის №...-04 გადაწყვეტილებით სს „...ას“ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

ამავდროულად, 2018 წლის 1 მარტს სს „...ას“ მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 7 აგვისტოს №1/2-263 ბრძანება, რომლითაც მოხდა ენერგოკომპანიის კუთვნილი ურავი ქონების განკარგვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ. დადგენილია და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ სს „...ას“ 2018 წლის 1 მარტის N-2237989 ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ განუხილავს.

საკასაციო პალატა, საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელი სახით მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია. აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-367-363(კ-12) განჩინებაზე, სადაც საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „მიწა შეიძლება არსებობდეს საკუთრებაში როგორც დაუზუსტებელი, ისე დაზუსტებული მონაცემებით. კანონმდებლობა არ შეიცავს დაუზუსტებელი მონაცემებით მიწის ნაკვეთის სუბიექტზე აღრიცხვის გამომრიცხავ დანაწესს. ამასთანავე, პირველად დაუზუსტებელ რეგისტრაციას არ აქვს მხოლოდ საცნობარო მნიშვნელობა, უმართებულოა მისი დაყვანა მხოლოდ ფაქტობრივ აღრიცხვამდე, რომელიც აღრიცხვის ობიექტის მიმართ არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს. სააღრიცხვო მონაცემებს იურიდიული მნიშვნელობა გააჩნია. სარეგისტრაციო პროცედურას შედეგად მოსდევს უფლებადამდგენი დოკუმენტის გაცემა“.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ, 2015 წლის 13 აგვისტოს N... გადაწყვეტილებით, დაზუსტებული მონაცემებით ისე დაარეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრების უფლება ადიგენის რაიონში, ...ში, ...ის ქუჩის მიმდებარე 1130 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომ არ გაითვალისწინა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ზედდება მოსარჩელის სახელზე საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი სახით აღრიცხულ საკადასტრო მონაცემებთან, რისი შემოწმებაც საჯარო რეესტრის კანონისმიერ ვალდებულებას წარმოადგენდა.

საქმის მასალებით დადასტურებულია სს „...ას“ უფლებადამდგენი დოკუმენტაციის ნამდვილობა და მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა. ყოველივე ზემოაღნიშნული კი იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სახელმწიფომ ჯერ საკუთრებად დაირეგისტრირა, ხოლო შემდგომ აუქციონის წესით განკარგა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სს „...ას“ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნული კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, სადავო აქტების სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო პალატა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების ზოგად წესებს განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას, სახელდობრ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლებას, რომლის მიხედვით გარანტირებულია ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; და ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში აქტის გამოუცემლობის სამართლებრივი შედეგები განსაზღვრულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად. აღნიშნული დანაწესი არ ათავისუფლებს ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისაგან. მითითებული ნორმა უზრუნველყოფს პირის უფლებას - აქტის გამოცემისთვის კანონით განსაზღვრული ვადის დაუცველობის პირობებში მიმართოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრით ან სარჩელით -სასამართლო ორგანოებს.

საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მაისის №ბს-122-115(2კ-13) განჩინებაზე, სადაც პალატამ განმარტა, რომ „პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.“

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სამინისტროს მიერ არ მომხდარა რეაგირება სს „...ას“ წარდგენილ საჩივარზე, ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსწავლია და არსებითად არ გადაუწყვეტავს სადავო საკითხი, ადმინისტრაციული აქტის გამოუცემლობა კი წარმოადგენს ე.წ. „ვირტუალურ უარს“. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მისი ბათილად ცნობა იმთავითვე გულისხმობს წარდგენილი საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტას.

რაც შეეხება ვ. ს-ისა და ა. ა-ის საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი ყოველთვის არ გამორიცხავს ხელშეკრულების და მისი თანმდევი შედეგების ბათილად ცნობის შესაძლებლობას. განსახილველ დავაში ადმინისტრაციული ხელშეკრულების (უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას 2016 წლის 29 იანვრის №... უ.უ. ნასყიდობის ხელშეკრულება) სადავო ნაწილის მოქმედებით დაირღვა მოსარჩელის უფლება და კანონიერი ინტერესი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც დაიდო ხელშეკრულება. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორების - ა. ა-ისა და ვ. ს-ის პრეტენზია სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილში მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის დაუშვებლობის შესახებ, კეთილსინდისიერ შემძენზე მითითებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს სადავო აქტების კანონიერების საკითხთან მიმართებით და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჭიროებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივ გამოკვლევისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად აქტის დასაბუთების შესახებ მოთხოვნების დაცვას, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სადავო აქტების გამოცემისას არ იქნა განხორციელებული, კერძოდ, სახელმწიფოს სახელზე უძრავი ქონების რეგისტრაციამდე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმართვის მომზადებისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ხოლო მარეგისტრირებელმა ორგანომ, რეგისტრაციის განხორციელებისას, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით, არ გაითვალისწინეს სადავო მიწის ნაკვეთის მიმართ კერძო საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი - სს „...ას“ სახელზე რეგისტრაციის არსებობა. კერძოდ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ ისე დაარეგისტრირა სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლება, რომ მხედველობაში არ მიიღო სს „...ას“ მიერ მიწის ნაკვეთის შეძენისა და მის სახელზე 2008 წელს განხორციელებული რეგისტრაციის ფაქტი, რაც საფუძვლად დაედო სარჩელის დაკმაყოფილებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა სადავო აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ა. ა-ეს ვ. ს-ისა და ა. ა-ის საკასაციო საჩივარზე 15.12.2020წ. სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით (ტერმინალის ნომერი: 504) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ა. ა-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, ა. ა-ისა და ვ. ს-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 11 აგვისტოს განჩინება.

3. ა. ა-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ვ. ს-ისა და ა. ა-ის საკასაციო საჩივარზე 15.12.2020წ. სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით (ტერმინალის ნომერი: 504) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. სტურუა

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე