დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-1112(კ-20) 29 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ.პ-ი (მოსარჩელე); მოსარჩელე - მ.მ-ი; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური; მესამე პირები (სასკ 16.2) - ლ.თ-ე, ვ.მ-ი, ლ.ბ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წის 26 თებერვალს მ.პ-მა და მ.მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოპასუხეთა წრისა (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური) და სასარჩელო მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს - ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №23ა-ში მდებარე უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) მონაცემებში ვ.მ-ის საკუთრებად 1/2-ის განსაზღვრის შესახებ ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერის, ძალაში შესვლის დღიდან, ბათილად ცნობა; ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №23ა-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე ვ.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილების, ძალაში შესვლის დღიდან, ბათილად ცნობა; ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №23ა-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე ლ.ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 27 სექტემბრის №... გადაწყვეტილების, ძალაში შესვლის დღიდან, ბათილად ცნობა; ქ. თბილისში, ...ის ქ. №23ა-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე ლ.თ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 09 ივლისის №... გადაწყვეტილების, ძალაში შესვლის დღიდან, ბათილად ცნობა; ტექნიკური ხარვეზის შესწორებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 15 იანვრის №... გადაწყვეტილების, ძალაში შესვლის დღიდან, ბათილად ცნობა; ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის №... გადაწყვეტილების, ძალაში შესვლის დღიდან, ბათილად ცნობა; ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №23ა-ში მდებარე უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისთვის გადაწყვეტილების მიღების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით, საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაებნენ - ლ.თ-ე, ვ.მ-ი, ლ.ბ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით მ.პ-ისა და მ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ.პ-მა და მ.მ-მა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ.პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №23ა-ში მდებარე უძრავი ქონების სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) მონაცემებში ვ.მ-ის საკუთრებად 1/2 ნაწილის განსაზღვრის შესახებ ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერი ძალაში შესვლის დღიდან; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №23ა-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე ვ.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილება ძალაში შესვლის დღიდან; დანარჩენ ნაწილში მ.პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო იმ შემთხვევაშია ვალდებული აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, თუ იგი გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით კი, დადგენილია რეგისტრაციაზე უარის თქმის წესი და საფუძვლები, რომლის „ზ“ პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2015 წლის 02 ივლისის განჩინებაში (საქმე №ბს-30-30(2კ-15)) მიუთითებს, რომ უფლებას მხოლოდ რეგისტრაცია არ წარმოშობს. რეგისტრაცია წარმოებს სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე, რომელსაც „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განეკუთვნება სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია რეგისტრაციის გაბათილება მისი საფუძვლის ძალაში არსებობის პირობებში. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბათილად ცნობა იწვევს რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადებას.
დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სწორი შეფასება მიეცეს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ უფლების დამდგენ დოკუმენტებს. მნიშვნელოვანია გამოკვლევა, თუ რა უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა ვ.მ-ი. ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული … წლის ...ის ნაჩუქრობის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ს.მ-მა აჩუქა თავის შვილს ვ.მ-ს - „მისი საკუთარი თავისუფალი მუნიციპალიზაციისაგან, დავისა და ყადაღისაგან ნახევარი ნაწილის უფლება ერთსართულიანი სახლისა ორი ოთახისაგან შემდგარი, მდებარე ქ. თბილისში ...ის რაიონში, ...ის ქუჩაზე №..., თბილისის საქალაქო საბჭოს კომუნალურ მეურნეობის აღწერილობით №...-ის ქვეშ, გარდა სავაჭრო ხასიათის სადგომისა მიწაზე ზომით 459 კვ.მ.“ აღნიშნულ ხელშეკრულებაში დაწვრილებითაა აღწერილი უძრავი ნივთის მახასიათებლები და გარკვევითაა მითითებული, რომ ვ.მ-ზე განიკარგა სადავო ქონების ნახევარი ნაწილის უფლება, შესაბამისად მომზადდა ცნობა-დახასიათება ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ვ.მ-ის 1/2 ნაწილის უფლებაზე.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხანდაზმულია, მიუხედავად იმისა, პირმა იცოდა თუ არა თავისი უფლების დარღვევის შესახებ. ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა ასრულებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და გამორიცხავს სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოიწვევს სხვათა უფლების შელახვას. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ვადის დენა დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. იმისათვის, რომ დადგინდეს, გასულია თუ არა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხანდაზმულობისათვის განსაზღვრული ვადა და შესაბამისად, დასრულდა თუ არა სადავო სამართლებრივი ურთიერთობა, უნდა დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის მომენტი - როდის შეიტყო პირმა უფლების დარღვევის შესახებ ან როდის უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში უძრავი ნივთის მახასიათებლებია: მიწის ნაკვეთის ფართი - 760 კვ.მ. აღრიცხულია 1940 წლიდან, როგორც თანასაკუთრება. ვ.მ-ის უფლების აღრიცხვის შესახებ, ცვლილება სააღრიცხვო ბარათში შევიდა 1954 წელს. უდავოა, რომ მითითებული დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აღრიცხვის პროცედურა მოიცავდა საბუთების გაცნობას, ადგილზე გასვლას, მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის დათვალიერებას, ცალკეული შენობების დაგეგმარებაში ცვლილებების გამოვლენას და აღრიცხვას, კამერალურ დამუშავებას (შენობის გეგმის კალკაზე ამოტუშვა, გეგმის ამოხაზვა). ამრიგად, მოსარჩელეთა წინამორბედების საინვენტარიზაციო გეგმის, ცნობა-დახასიათების და ტექნიკური პასპორტების გაცემის შემთხვევაშიც, დაცული უნდა ყოფილიყო აღნიშნული პროცედურა და ცვლილების განხორციელებამდე უნდა მომხდარიყო მიწის ნაკვეთის ადგილზე გასვლა, მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობის დათვალიერება, ცალკეული შენობების დაგეგმარებაში ცვლილებების გამოვლენა და აღრიცხვა, კამერალური დამუშავება. შესაბამისად, მითითებულ მისამართზე მცხოვრები სახლთმფლობელებისათვის, იმ დროიდანვე ცნობილი უნდა გამხდარიყო საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოსალოდნელი ცვლილების განხორციელებისა და მათი უფლების შესაძლო დარღვევის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელ გარემოებას წარმოადგენს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ვ.მ-ის საკუთრებად 1/2-ის განსაზღვრის შესახებ ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ განხორციელებული ჩანაწერისა და ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე ვ.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ამონაწერით დგინდება, რომ ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მასალებში ...ის რაიონში, ...ის ქუჩაზე №...-ში რეგისტრირებული იყო ა... და ლ.ბ-ის (...) 1/3 წილზე (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ...ის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 11 სექტემბრის №2/1041 გადაწყვეტილება), ვ.მ-ის (...1/3 წილზე (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 13.07.1954წ. ნაჩუქრობის ხელშეკრულება, ნოტარიუსი: თ.მ-ე), გ.მ-ის (...) 1/3 წილზე + II სართ. (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - 30.07.1954წ. ნაჩუქრობის ხელშეკრულება) საკუთრების უფლება.
2007 წლის 05 სექტემბერს ვ.მ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბინაზე/ერთეულზე, მდებარე: თბილისი, ...ის №23ა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დარეგისტრირდა უფლება უძრავ ნივთზე. ამავე დღეს გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №23ა, ფართით 420 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №... თანასაკუთრების უფლებით 2007 წლის 25 სექტემბრიდან აღრიცხული იყო ვ.მ-ის (1/2 ნაწილი) და სახლთმფლობელობის თანამესაკუთრეთა სახელზე (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ტექ. ინვენტარიზაციის ბიუროში რეგისტრირებული ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: … , ნოტარიუსი: თ.მ-ე).
2007 წლის 26 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ვ.მ-მა ლ.ბ-ს მიჰყიდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი №... კვ.მ.-სა და შენობა ნაგებობის საერთო ფართი 108.62 კვ.მ.-ს 1/2 ნაწილი მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №23ა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 27 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დარეგისტრირდა უფლება უძრავ ნივთზე.
საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 13 დეკემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №23ა, ფართით 420 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №... თანასაკუთრების უფლებით 2007 წლის 13 დეკემბრიდან აღრიცხული იყო ლ.ბ-ის (1/2 ნაწილი), ლ.ბ-ას და ა.ბ-ის (1/3 ნაწილი), სახლთმფლობელობის თანამესაკუთრეთა სახელზე.
2007 წლის 17 დეკემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ლ.ბ-ამ მ.მ-ს მიჰყიდა მისი კუთვნილი წილი (1/3/2 ნაწილი) მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №23ა.
2009 წლის 25 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ლ.ბ-მა ლ.თ-ეს მიჰყიდა მიწის ნაკვეთი №... კვ.მ. (დაზუსტებული) და შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 108. 62 კვ.მ. -1/2 ნაწილი მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №23ა.
2009 წლის 07 აგვისტოს მ.მ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №23ა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 07 აგვისტოს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება „რეგისტრაციის შესახებ“. ამავე დღეს გაიცა ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №23ა, ფართით 420 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №... თანასაკუთრების უფლებით 2009 წლის 07 აგვისტოდან აღრიცხული იყო მ.მ-ის და ა.ბ-ის (1/3 ნაწილი), ლ.თ-ის (1/2 ნაწილი) და სახლთმფლობელობის თანამესაკუთრის სახელზე.
2009 წლის 11 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდროს მოწმობით დგინდება, რომ ლ.ნ-ამ საკუთრებაში მიიღო … წლის …ს გარდაცვლილი ა.ბ-ის სამკვიდრო ქონება, საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილის 1/2 ნაწილის 2/3 ნაწილი, თავისი წილი კუთვნილი მიწის ნაკვეთით, ხოლო მისმა შვილმა ა.ბ-ამ საკუთრებაში მიიღო ა.ბ-ის სამკვიდრო ქონება, საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილის 1/2 ნაწილის 1/3 ნაწილი, თავისი წილი კუთვნილი მიწის ნაკვეთით, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №23ა.
2009 წლის 26 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ა.ბ-ამ მ.მ-ს მიჰყიდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №23ა-ში მდებარე უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობები მიწის ნაკვეთთან ერთად) 1/3 ნაწილიდან 1/2 ნაწილის 1/3 ნაწილი. 2009 წლის 26 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ ლ.ნ-ამ მ.მ-ს მიჰყიდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №23ა-ში მდებარე უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობები მიწის ნაკვეთთან ერთად) 1/3 ნაწილიდან 1/2 ნაწილის 2/3 ნაწილი.
საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 01 სექტემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №23ა, ფართით 420 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №... თანასაკუთრების უფლებით 2009 წლის 01 სექტემბრიდან აღრიცხული იყო ლ.თ-ის (1/2 ნაწილი), მ.მ-ის (1/3 ნაწილი) და სახლთმფლობელობის თანამესაკუთრის სახელზე.
2010 წლის 28 მაისის სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ მ.კ-მა საკუთრებაში მიიღო 2001 წლის 12 დეკემბერს გარდაცვლილი დედის გ.მ-ის სამკვიდრო ქონება, საცხოვრებელი სახლის ნაწილი, თავისი კუთვნილი წილი მიწის ნაკვეთით, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №23ა-ში.
2010 წლის 14 ივნისს მ.კ-ის წარმომადგენელმა - მ.პ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ...ის ქ. №23ა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2010 წლის 18 ივნისს მიიღო №... გადაწყვეტილება „რეგისტრაციის შესახებ“. ამავე დღეს გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №23ა, ფართით 420 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №... თანასაკუთრების უფლებით 2010 წლის 18 ივნისიდან აღრიცხულია ლ.თ-ის (1/2 ნაწილი), მ.მ-ის (1/3 ნაწილი) და მ.კ-ის (წილი გაურკვეველია) სახელზე.
2011 წლის 05 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ მ.კ-მა მიჰყიდა მ.პ-ს მის საკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №23ა-ში მდებარე ნაკვეთი (წილი გაურკვეველი).
2011 წლის 05 აპრილს მ.პ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, ...ის ქუჩა №23ა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 01 ივნისს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება „რეგისტრაციის შესახებ“. ამავე დღეს გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №23ა, ფართით 420 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №... თანასაკუთრების უფლებით 2011 წლის 01 ივნისიდან აღრიცხულია ლ.თ-ის (1/2 ნაწილი), მ.მ-ის (1/3 ნაწილი) და მ.პ-ის (წილი გაურკვეველი) სახელზე.
2016 წლის 14 იანვარს მ.პ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება უძრავ ქონებაზე მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის ქუჩა №23ა, ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის გაცემა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2016 წლის 15 იანვარს მიღებულ იქნა №... გადაწყვეტილება „რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ“. გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული მონაცემები შეესაბამებოდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს, რის გამოც ტექნიკური ხარვეზის არსებობა არ დგინდებოდა.
2016 წლის 15 იანვარს მ.პ-ის წარმომადგენელმა - პ.კ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 15 იანვრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის №... გადაწყვეტილებით მ.პ-ის წარმომადგენლის 2016 წლის 15 იანვრის №... ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლების, უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება საკუთრება. ხოლო, მე-2 მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სარეგისტრაციო დოკუმენტაცია კი არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უძრავ ნივთთან დაკავშირებული სააღრიცხვო ბარათი ასახავდა ინფორმაციას ამ ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. უძრავ ქონების სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ჩანაწერი კი საჭიროებდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული 1954 წლის ...ის ნაჩუქრობის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ს.მ-მა თავის შვილს ვ.მ-ს აჩუქა საკუთარი ნახევარი ნაწილი - ერთსართულიანი სახლისა ორი ოთახისაგან შემდგარ ქონებაზე - მდებარე ქ. თბილისში ...ის რაიონში, ...ის ქუჩა №23ა, თუმცა, ამავე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ქ. თბილისის ...ის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 11 სექტემბრის №2/1041 გადაწყვეტილებით ა.ბ-ი და ლ.ბ-ა მოპასუხეების - ვ.მ-ისა და გ.მ-ის მიმართ აღძრული სარჩელის საფუძველზე ცნობილ იქნენ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების თანაბარი წილის მესაკუთრეებად. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულ იქნა, რომ ა.ბ-ისა და ლ.ბ-ას წილი შეადგენდა მთლიანი საცხოვრებელი სახლის 1/3-ს, რაც მოიცავდა ქ. თბილისი, ...ის ქ. 23ა-ში მდებარე ... ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის №... ოთახის 11.02 კვ.მ. ფართს და №... ოთახის 37.1 კვ.მ. ფართს, მის წინ მდებარე აივანსა და შესასვლელს.
ამდენად, უდავოა, რომ თბილისში, ...ის ქუჩა 23ა-ში მდებარე უძრავი ქონების 1/2 ნაწილზე ვ.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 25 სექტემბრის №... გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, ამავე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით არსებობდა და დაცული იყო განსხვავებული სამართლებრივი მდგომარეობის ამსახველი უფრო ახალი და ძალაში მყოფი სამართლებრივი აქტი, საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი - ქ. თბილისის ...ის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 11 სექტემბრის №2/1041 გადაწყვეტილება, რომელიც გამორიცხავდა ვ.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციას ქონების 1/2 ნაწილზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 11/11/2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №25656-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 202238621) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11/11/2020 წ. საგადახდო მოთხოვნა №25656-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი