დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.03.2025
საქმის ნომერი
ბს-1338(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.03.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1338(კ-24) 10 მარტი, 2025 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ. ნ-ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ლ. ნ-იმა 2023 წლის 24 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და „დევნილი ოჯახისთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე უარის თქმის თაობაზე“ ამავე სააგენტოს 2023 წლის 7 აპრილის №IDP 123 00000472 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის, მოსარჩელის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 7 აპრილის №IDP 123 00000472 ბრძანება. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ. ნ-ისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ფარგლებში, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით აპელანტ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართზე განახორციელეს ვიზიტი, რის თაობაზეც შედგა მონიტორინგის ოქმი. მონიტორინგის სამსახურის ვიზიტისას 2021 წლის 26 ივლისს ვერ მოხდა მისამართის დადგენა და ტელეფონის ნომერიც გამორთული ჰქონდა. დამატებით მონიტორინგი განხორციელდა 2022 წლის 29 აპრილს, შეივსო მონიტორინგის ფორმა, სადაც მხარემ მიუთითა, რომ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 20 წელია. ამჟამად ცხოვრობს ნათესავის სახლში, რომელიც თ. მ-ის საკუთრებაშია, ხოლო თავად თ. მ-ი ცხოვრობს: თბილისში, ...ს ქუჩაზე. გადაღებულ იქნა ფოტოსურათებიც. კასატორი განმარტებით, სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით, ეტაპობრივად აკმაყოფილებს დევნილებს საცხოვრებლით და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისას ითვალისწინებს სასწრაფოდ განსახლების საჭიროებას. სწორედ ამ მიზნით გამოყოფს იმ ოჯახებს, ვისაც მითითებული აქვს განაცხადში სწორი ინფორმაცია, ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე, არა აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და პრიორიტეტულად მიიჩნევს მას. ამავე მიზნით განისაზღვრა საკითხის მომწესრიგებელი აქტებით რიგითობისა და ოჯახების საჭიროების პრიორიტეტულობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებულ იქნება ისეთი ქაოსური სურათი, რაც ხდებოდა ამ საკითხის მომწესრიგებელი აქტების მიღებამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:

- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი;

- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;

- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დევნილი ლ. ნ-ისთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე უარის თქმის კანონიერება გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად, გულისხმიერად გამოკვლევას და კანონმდებლობის ფარგლებში, აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ლ. ნ-ის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ლ. ნ-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულა - 35740.

2020 წლის 18 ოქტომბერს ლ. ნ-ის მიერ კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე შევსებულია №64262 განაცხადი. კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის თაობაზე წარდგენილი განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 2021 წლის 27 მაისის მდგომარეობით, ლ. ნ-ის განაცხადი შეფასდა 5.00 ქულით (1,50 ქულა - C.1.1 საცხოვრებლის ფინანსური პირობები, ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე; 1.00 ქულა - მარტოხელა პენსიონერი და ოჯახი, რომელიც შედგება ხანდაზმული წევრებისაგან; 2.50 ქულა - სოციალური კრიტერიუმი 30001-57000 შორის სარეიტინგო ქულა). განმცხადებელს სარეგისტრაციო ნომერზე ჰყავს რეგისტრირებული ორი სტატუსშეწყვეტილი შვილი. განაცხადს აკეთებს დამოუკიდებლად. ლ. ნ-ის შევსებული აქვს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საჭიროების თაობაზე კითხვარი. გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, განმცხადებელი ბოლო 20 წელია ცხოვრობს სენაკის რაიონში, სოფელ ...ში, ნათესავის - თ. მ-ის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ქირის გარეშე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის პირველი ივლისის №58 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის‘’ შესაბამისად, განიხილა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის საკითხი. კომისიის გადაწყვეტილებით, ლ. ნ-ის ქირის გარეშე ახლობლის ბინაში ცხოვრების მიზეზით, ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 7 აპრილის №IDP 1 23 00000472 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2022 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე (№58 ოქმი), ლ. ნ-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებული პირებს), ამ ეტაპზე, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში ან/და ნაგირავებ (ქირით ან ქირის გარეშე) სხვის საკუთრებაში და ეს გარემოება კონკრეტული ქულით ფასდება შეფასების საერთო სისტემაში. ამდენად, არ უნდა იქნეს გაზიარებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია, მოსარჩელისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ არ არსებობს გადაუდებელი განსახლების საჭიროება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე. რომლის თანახმად, მოსარჩელის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი არ შეიძლებოდა, გამხდარიყო სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი. დროებით, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობა არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის განსახლების შესაძლებლობას, საკითხის განხილვის ეტაპზე შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განჩინებით გაკეთებული განმარტების შესაბამისად, „..დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ფართი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას, ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვთ მოსარჩელეებს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა. ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით..საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება მოსარჩელის შვილების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის შესაძლებლობის არსებობის გამო..“ (სუს 23.12.2021წ. Nბს- 900(კ-21), 22.07.2021წ. Nბს-83(კ-21), 25.03.2021წ. Nბს-1129(კ-20).

სასამართლო არ იზიარებს კასატორის მსჯელობას გადაუდებელი საჭიროების არარსებობაზე იმის გამო, რომ მონიტორინგის მიერ მოკვლეული ინფორმაციით არ დადგინდა, რომ მოსარჩელის განსახლება იმ ეტაპზე გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს ქირის გარეშე ცხოვრების გამო. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული გარემოებების მიუხედავად, ფაქტი უცვლელია - მოსარჩელეს საკუთრებაში არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი და ის დღემდე არ არიან უზრუნველყოფილნი მუდმივი საცხოვრებელი ფართით სახელმწიფოსაგან, როგორც ზემოაღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული განსაკუთრებული სუბიექტი. გარდა ზემოაღნიშნულისა საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კასატორი გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაყრდნობოდა პრიორიტეტულობის პრინციპის და მოსარჩელის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლ. ნ-ი არის 84 წლის, საცხოვრებელი ფართის გარეშე ცხოვრობს სხვადასხვა ადგილას და სახელმწიფოს მხრიდან არ მიუღია საცხოვრებელი ფართი ან კომპენსაცია. ლ. ნ-ის საარსებო წყაროს წარმოადგენს პენსია (300 ლარი) და დევნილთა შემწეობა (50 ლარი). მას ეკუთვნის სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი და ბინის დაქირავების შესაძლებლობის არარსებობის გამო ცხოვრობს ნათესავის ბინაში. ამასთან, ლ. ნ-ი იმყოფება სიღარიბის დაძლევის პროგრამაში, უფიქსირდება დაბალი სარეიტინგო ქულა - 35740. გარდა ზემოაღნიშნულისა, გასათვალისწინებელია ასევე ლ. ნ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა - იგი არის ... პაციენტი და აქვს ....

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დაადასტურა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების გამომრიცხველი გარემოებების არსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არცერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

ნ. სხირტლაძე