დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1090(კ-25) 09 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის რეგიონული სერვისცენტრი
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ნ.ჩ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი ნ.ჩ-მა 2023 წლის 21 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ნ.ჩ-ისთვის (...) 2023 წლის 01 მაისიდან სახელმწიფო გასაცემელის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის 2023 წლის 03 მაისის №... გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 06 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრისათვის ნ.ჩ-ისთვის პენსიის აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დავალება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრისათვის ნ.ჩ-ისთვის მიუღებელი პენსიის ანაზღაურება პენსიის შეწყვეტის თარიღიდან პენსიის აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელის მიხედვით, ნ.ჩ-ი, დაბადებული ... წლის ... ...ის, 2014 წლიდან მუშაობს ...ში ...ად, სადაც მისი ხელფასი 280 ლარს შეადგენს. 2005 წლის 12 ივლისს, მისივე განცხადების საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტომ მას სახელმწიფო პენსია დაუნიშნა. 2023 წლის 3 მაისს სააგენტომ უკანონოდ შეუწყვიტა პენსიის გაცემა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც იგი დასაქმებულია სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. შეწყვეტის საფუძვლად სააგენტომ მიუთითა კანონის ის წესი, რომელიც კრძალავს პენსიის მიღებას საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის 2023 წლის 03 მაისის №... გადაწყვეტილება ნ.ჩ-ისთვის 2023 წლის 1 მაისიდან სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის) შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 06 ივნისის №... გადაწყვეტილება, ნ.ჩ-ისთვის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ნ.ჩ-ისთვის სახელმწიფო პენსიის აღდგენის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრს დაევალა ნ.ჩ-ისთვის სახელმწიფო პენსიის ანაზღაურება პენსიის შეწყვეტის თარიღიდან პენსიის აღდგენის თარიღამდე გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები მოცემულ საქმესთან მიმართებით და აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფო, ისე საჯარო სამსახურში საქმიანობა, ფართო გაგებით მიიჩნევა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებად, მაგრამ საჯარო დაწესებულებაში შესაძლოა დასაქმებული იყოს არაერთი ტექნიკური მუშაკი ან სხვა პირი, რომელიც არ იღებს მონაწილეობას დაწესებულების საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების განხორციელებაში. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ყველა პირის საჯარო მოხელედ მიჩნევა გამოიწვევს საჯარო ფუნქციების არმქონე პირებზე, მათ შორის ტექნიკურ მუშაკებზე, საჯარო მოხელისათვის დაწესებული შეზღუდვებისა და ვალდებულებების გავრცელებას, რაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული არამოხელე პირებისათვის დაუსაბუთებლად მომატებული ტვირთის დაკისრებას გამოიწვევდა. საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით პენსიის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელობის მქონეა არა პირის დასაქმების ადგილი, არამედ მის მიერ განხორციელებული საქმიანობის სახე, რამდენადაც საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა ავტომატურად არ გულისხმობს საჯარო საქმიანობის განხორციელებას (იხ. სუსგ 29. 10. 2024 ბს-506(კ-24)) .
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნ.ჩ-ი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურაში შემავალ ...ში დასაქმებულია ...ის პოზიციაზე, შესაბამისად არამხოლოდ დასაქმების ადგილის, არამედ საქმიანობის შინაარსის გათვალისწინებითაც, მისთვის პენსიის შეწყვეტა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დადგენილ პრაქტიკას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პენსიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და უკვე წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჯარო საქმიანობა გულისხმობს შრომით ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო და საჯარო სამსახურში, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, გარდა კანონით განსაზღვრული გამონაკლისებისა. კანონის მე-17 მუხლის პირველ პუნქტის საფუძველზე, პენსიის გაცემა წყდება საჯარო საქმიანობის დაწყების შემდეგი თვის პირველი რიცხვიდან, ხოლო შეწყვეტის საფუძვლის აღმოფხვრის შემდგომ, პენსიის დანიშვნა განხორციელდება განცხადების წარდგენის მომდევნო თვიდან (2006 წლის 10 თებერვლის №ბ. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი).
კასატორი მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის შემადგენლობაშია ... და ..., რაც გამორიცხავს მის დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად კვალიფიკაციას. შესაბამისად, აღნიშნულ დაწესებულებაში შრომითი ანაზღაურებითი საქმიანობა წარმოადგენს „საჯარო საქმიანობას“ კანონის მიხედვით და იწვევს პენსიის მიღების უფლების შეწყვეტას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პენსია შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული მათ შორის - საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ნ.ჩ-ის დაბადების თარიღია ... წლის ... ... სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის ტერიტორიული ცენტრის 2005 წლის 12 ივლისის №0011980 გადაწყვეტილებით ნ.ჩ-ის დაენიშნა სახელმწიფო პენსია.
სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის 2023 წლის 03 მაისის №... გადაწყვეტილებით, ნ.ჩ-ის შეუწყდა სახელმწიფო პენსიის გაცემა, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მუშაობის საფუძვლით (საფუძველი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 26 აპრილის №... წერილი).
2023 წლის 19 მაისს, ნ.ჩ-მა №526170 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვის ცენტრის 2023 წლის 03 მაისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 06 ივნისის №... გადაწყვეტილებით ნ.ჩ-ის უარი ეთქვა 2023 წლის 19 მაისის №526170 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის სერვისის ტერიტორიული ერთეულის მიერ 2023 წლის 26 აპრილის წერილის თანახმად, ნ.ჩ-ის 2023 წლის 01 მაისიდან შეუწყდა პენსიის ჩარიცხვა, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, ...ისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო სამსახურად მიიჩნევა საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების იმ ორგანოებში (დაწესებულებებში) არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე საქმიანობა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას. ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო მოსამსახურედ ითვლება პირი, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში არჩევითი ან დანიშვნითი თანამდებობა უკავია და რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის ან/და შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე; ამ პირის პირველი მოადგილე/მოადგილე; ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი. ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როგორც სახელმწიფო, ისე საჯარო სამსახურში საქმიანობა, ფართო გაგებით მიიჩნევა საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებად, თუმცა საჯარო დაწესებულებაში შესაძლოა დასაქმებული იყოს არაერთი ტექნიკური მუშაკი ან სხვა პირი, რომელიც არ იღებს მონაწილეობას დაწესებულების საჯარო-სამართლებრივი ფუნქციების განხორციელებაში. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ყველა პირის საჯარო მოხელედ მიჩნევა გამოიწვევს საჯარო ფუნქციების არმქონე პირებზე, მათ შორის ტექნიკურ მუშაკებზე, საჯარო მოხელისათვის დაწესებული შეზღუდვებისა და ვალდებულებების გავრცელებას, რაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული არამოხელე პირებისათვის დაუსაბუთებლად მომატებული ტვირთის დაკისრებას გამოიწვევდა (იხ. სუსგ 29. 10. 2024 ბს-506(კ-24)) .
...ის ...ის მმართველის 2014 წლის 29 მაისს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ნ.ჩ-ი (...) 2014 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (ს/კ...) სტრუქტურაში შემავალ ...ში ...ის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 280 ლარს.
რაც შეეხება უშუალოდ ...ში დასაქმებულ პირებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ დებულების 1-ლი მუხლის თანახმად, სააგენტო შექმნილია ამავე მუხლში მითითებული ...ის და ...ის ბაზაზე და წარმოადგენს მათ უფლებამონაცვლეს. დებულების 8.1 მუხლის თანახმად, სააგენტოს სტრუქტურა შედგება ...ის, ...ისა და სამსახურებისაგან (სტრუქტურული ერთეულები). ...ის ... წარმოადგენს სააგენტოს შემადგენლობაში არსებულ ერთ-ერთ ...ას (დებულების 8.2 მუხ. „გ“). „...ის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ...ი არის კანონით დადგენილი წესით შექმნილი (დაფუძნებული) ან/და რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა, შეგროვება, აღრიცხვა, დაცვა, შესწავლა, ექსპონირება და პოპულარიზაცია. დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია კასატორების მითითება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო არ წარმოადგენს სა...ო დაწესებულების სტატუსის მქონე სუბიექტს, მასზე არ შეიძლება გავრცელდეს "სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი საშეღავათო პირობა. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ...ის ...ში დასაქმებული პირი წარმოადგენს სააგენტოს შემადგენლობაში, როგორც ...ში დასაქმებულ პირს, ხოლო „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ...ში საქმიანობა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა. ამავდროულად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 24.11.2021წ. №05/05 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-9 მუხლის თანახმად, სააგენტოს შემადგენლობაში შემავალი ...ისა და ...ის, მათ შორის, ...ის ...ის ერთ-ერთი ამოცანა სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებაა, რაც ასევე ექცევა კანონით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევებში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ საჯარო საქმიანობის განხორციელების საფუძვლით პენსიის შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელობის მქონეა არა პირის დასაქმების ადგილი, არამედ მის მიერ განხორციელებული საქმიანობის სახე, რამდენადაც საჯარო დაწესებულებაში საქმიანობა ავტომატურად არ გულისხმობს საჯარო საქმიანობის განხორციელებას. ამდენად ცალსახაა, რომ ...ში ...ის პოზიციაზე საქმიანობა, მისი ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, ვერ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, შესაბამისად მოსარჩელეს არ ეზღუდება უფლება, ამ სახის საქმიანობის განხორციელების პარალელურად, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის რეგიონული სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა