დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 18.12.2025
საქმის ნომერი
ბს-950(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-950(კ-25) 18 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე)– თ. ბ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (განმცხადებელი) –სს „...ა“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინება

დავის საგანი–ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 29 თებერვალს სს "...ამ" განცხადებით მიმართა ...ის რაიონულ სასამართლოს.

განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, სს ...ა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის დაფინასებით, გურიის რეგიონში ახორციელებს საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 მარტის N1-1/108 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმით გათვალისწინებულ 220/110 კვ....ის მშენმებლობას. 220/110 კვ. ...ის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ეგხ-ის ...ის ტერიტორიაზე, პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, წარმოიშვა პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული, ...ის მუნიციპალიტეტი, ...ი (... მიმდებარედ) მდებარე საექსპროპრიაციო უძრავი ქონების - ... კვ.მ. მიწის ნაკვეთის, თ. ბ-ას (პ/ნ...) საკუთრებაში არსებული (საკადასტრო კოდი N...) ნაწილის -... კვ.მეტრის გამოსყიდვის აუცილებლობა, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის პროექტის ფარგლებში განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროცედურების სრულყოფილად განხორციელებას.

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის სს ...ისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის N1-1/78 20.02.2023წ. ბრძანებით ექსპროპრიაციის უფლების სუბიექტად დადგინდა ,,...'' და მას ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა ...ის მუნიციპალიტეტში, ...ი (... მიმდებარედ) მდებარე, თ. ბ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ, ... კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N...) ნაწილზე - ... კვ.მ.მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ექსპეროპრიაციის (...) მიერ უზრუნველყოფილი იქნა მესაკუთრის ინფორმირება პრესაში შესაბამისი განცხადების გამოქვეყნების გზით.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა სს ...ისთვის, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება- 220/110 კვ. ...ის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ თ. ბ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ, ...ის მუნიციპალიტეტი, ...ი (... მიმდებარედ) მდებარე, ... კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N...) ნაწილზე - ... კვ. მეტრზე. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, სპეციალური ნორმის - „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს "...ის" განცხადება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ, დაკმაყოფილდა. სს ...ას, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით, მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება - 220/110 კვ. ...ის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეულ, თ. ბ-ას (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებულ, ...ის მუნიციპალიტეტი, ...ი (... მიმდებარედ) მდებარე, ... კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N...) ნაწილზე - ... კვ.მეტრზე.

...ის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 220/110 კვ ეგხ ,,...ის" მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ეგხ-ის ანძების საყრდენების განთავსების პოლიგონებთან დაკავშირებით, პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას, წარმოიშვა პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული თ. ბ-ას საკუთრებაში არსებული, ...ის მუნიციპალიტეტში, ...ზე (... მიმდებარედ) არსებული ... კვ.მ. სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით N... (წინა N...) ნაწილის - ... კვ. მ. გამოსყიდვის აუცილებლობა.

თ. ბ-ასადმი გაგზავნილ ...ის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ...ის მუნიციპალიტეტში, ...ზე (... მიმდებარე) მდებარე მის საკუთრებაში არსებულ ... კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილი, კერძოდ ... კვ.მ. ექცევა პროექტის ზემოქმედების არეალში, რომელიც უნდა დაიტვირთოს სერვიტუტის უფლებით, ხოლო ... კვ.მ. მიწის ნაკვეთი ანძის პოლიგონის ქვეშ და ... კვ.მ. ანძის პოლიგონამდე მისასვლელი გზა უნდა გადავიდეს სს ,,...ის" საკუთრებაში. ადრესატს ეთხოვა ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში ეცნობებინა საკუთარი პოზიცია შეთავაზებული კომპენსაციის სანაცვლოდ ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში სს ,,...ა" იტოვებდა უფლებას ემოქმედა კანონმდებლობით დადგენილი წესით. დადგენილია, რომ ამ წერილის ჩაბარება თ. ბ-ასთვის ვერ მოხერხდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 20.02.2023წ. N1-1/78 ბრძანებით 220/110 კვ.მ. ,,...ის" ...ის მშენებლოს პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სს ,,...ას" მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ ...ის მუნიციპალიტეტში, ...ზე (... მიმდებარე) მდებარე ... კვ.მ. თ. ბ-ას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (N...) ნაწილზე ... კვ.მ.ფართზე.

მინისტრის ბრძანება ექსპროპრიაციის შესახებ გამოქვეყნდა გაზეთ „...“ 2024 წლის 28 თებერვლის გამოცემაში, ბრძანება განთავსებულია www.matsne.gove.ge-ზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო არ არის, რომ არსებობს 220/110 კვ. ,,...ის" ...ის მშენებლობის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულია თ. ბ-ას კუთვნილი ... კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-9 და მე-8 მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული კანონის დებულებათა შესაბამისადაა მიღებული - მინისტრის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობის და ექსპროპრიაციის უფლების მქონე კონკრეტული სუბიექტის განსაზღვრის შემდეგ, რაიონულმა სასამართლომ დაადგინა პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება, დეტალურად აღწერა საექსპროპრიაციო ქონება და მიუთითა მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკომპენსაციო თანხაზე შეუთანხმებლობის პირობებში, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც საექსპოპრიაციო ქონების შეფასების სხვა ღირებულებაზე მიუთითებდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ბ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი მასზედ, რომ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა შეეხება თ. ბ-ას საკუთრებაში არსებულ ... კვ.მ მიწის ნაკვეთს, არასწორია. ასაშენებელი ელექტროგადამცემი ხაზი შუაში კვეთს კასატორის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, ტერიტორია, რომლის გამოყენებასაც აპირებს განმცხადებელი გაცილებით მეტია ...კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ზემოთმითითებული ფართობის ოდენობის დაფიქსირებით განმცხადებელმა შეამცირა თანხა, რომლის მიღების უფლებამოსილებაც გააჩნია მიწის მესაკუთრეს. პროექტით გამოუსადეგარი ხდება კასატორის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. სასამართლომ არ შეისწავლა შესაძლებელი იყო თუ არა ელექტროგადამცემი ხაზის იმგვარი კონფიგურაციით განთავსება, რომ ხაზობრივი ნაგებობა კასატორის საკუთრებად აღრიცხული უძრავი ქონების კიდეზე და არა შუაში მოქცეულიყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ბ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს "...ა", გურიის რეგიონში ახორციელებს საქართველოს მთავრობის 2023 წლის 20 მარტის N1- 1/108 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმით გათვალისწინებულ 220/110 კვ. ...ის მშენებლობას.

სს „...ამ“ მოითხოვა თ. ბ-ას საკუთრებაში არსებულ, ...ის მუნიციპალიტეტი, ...ი (... მიმდებარედ) მდებარე, ... კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N...) ნაწილზე - ... კვ.მეტრზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით, ექსპოპრიაციის უფლების მინიჭება, რაც გამოწვეული იყო „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობის გამო, კერძოდ, 220/110 კვ ეგხ ,,...ის" მშენებლობის პროექტის ფარგლებში (კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი“). შესაბამისად, უდავოა, რომ საკუთრების უფლების ჩამორთმევა დაშვებულია კანონით და ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ემსახურება კანონიერ მიზანს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის სს "...ისთვის" ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 20.02.2020წ. N1-1/78 ბრძანებით ექსპროპრიაციის უფლების სუბიექტად დადგინდა ,,...'' და მას ...ის მუნიციპალიტეტში, ...ი (... მიმდებარედ) მდებარე, თ. ბ-ას საკუთრებაში არსებულ, ... კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი N...) ნაწილზე - ... კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა. მესაკუთრესთან საექსპროპრიაციო ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკების მცდელობის მიუხედავად, შეთანხმება ვერ შედგა.

აღნიშნული ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ, უზრუნველყოფილი იქნა მესაკუთრის ინფორმირება პრესაში შესაბამისი განცხადების გამოქვეყნების გზით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან. საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია; მე-2 პუნქტი აწესებს საკუთრების უფლების შეზღუდვის კრიტერიუმებს: საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ხოლო მე-3 პუნქტი ითვალისწინებს საკუთრების უფლების ჩამორთმევის შესაძლებლობას, კერძოდ, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.

საკასაციო პალატამ ერთ-ერთ განჩინებაში განმარტა, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება ის ლეგიტიმური მიზანია, რომელიც ამართლებს საკუთრების უფლებაში ჩარევას - როგორც შეზღუდვის, ისე ექსპროპრიაციის ფორმით. საკუთრების უფლების ჩამორთმევისას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება მკაცრ და კონკრეტულ განმარტებას ექვემდებარება. კერძო სამართლის სუბიექტის საკუთრების უფლების შეზღუდვა უნდა ჩამოყალიბდეს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვით. საკუთრების უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. საჯარო და კერძო ინტერესების თანაზომიერების საკითხის დადგენისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ზღვარი - შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს და ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს (შედ: იხ. საქმე №ბს-979 (2კ-21), 16/03/2023).

საქართველოს უზენაესი სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში მიუთითებს, რომ „საკუთრების უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის აუცილებელია შემდეგი საკითხების გაანალიზება: რა არის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება“. არ არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების დეფინიცია. ეს არის აბსტრაქტული სამართლებრივი ტერმინი, რომელიც კონკრეტულ შინაარსს იძენს სხვადასხვა დროსა და ისტორიულ ვითარებაში, ცვალებადია განსხვავებული და დინამიური სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მოთხოვნილებების ადეკვატურად. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების კონკრეტული რეგლამენტაციის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ კანონმდებელს, სწორედ მისი გადასაწყვეტია, თუ რა ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე" (საქმეზე Nბს-658-644(კ-12, 19.03.2013წ. ).

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ან/და საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელი სამუშაოთა წარმოების მიზნითაც, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, შესაძლებელია განხორციელდეს ექსპროპრიაცია ანუ საკუთრების ჩამორთმევა. ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენელობისათვის.

ამდენად, კანონით პირდაპირ არის დადგენილი, რომ ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშეებლობა მიიჩნევა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებად და ამ დროს შესაბამის უფლებამოსილ სუბიექტს შეუძლია მოახდინოს საკუთრების ჩამორთმევა.

ზემოხსენებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება. კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ექსპროპრიაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციით უზრუნველყოფის თაობაზე.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყველა მესაკუთრეს, რომელთა ქონება ექვემდებარება ექსპროპრიაციას, მინისტრის შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი აწვდის ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს პროექტისა და მისი განხორციელების ფარგლების, აგრეთვე ტერიტორიისა და, სავარაუდოდ, საექსპროპრიაციო ქონების მოკლე აღწერას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირველ პუნქტში აღნიშნულ ყველა მესაკუთრეს უნდა ეცნობოს აგრეთვე სასამართლოში განცხადების შეტანისა და სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის თარიღი. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს „....ების“ მხრიდან დაცული იქნა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ყველა ზემოაღნიშნული მოთხოვნა.

მოცემულ სადავო შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობასთან დაკავშირებით, რამეთუ სს „...ის“ მიერ განსახორციელებელი პროექტი მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისათვის, იგი მასშტაბურია, რაც ცალსახად ადასტურებს საზოგადოებრივი საჭიროების აუცილებლობას და რაც, ასევე, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონით არის დადგენილი და უზრუნველყოფილი. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი აგებულია ზოგად მსჯელობებზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მოსაზრება მასზედ, რომ ექსპოპრიაციის შედეგად მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დარჩენილი ნაწილი გამოუსადეგარი გახდება არ დასტურდება საქმეში დაცული მასალებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს სს „...ის“ მიერ სადავო უძრავ ნაკვეთის ნაწილზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება წარმოადგენს. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც საექსპროპრიაციო ქონების შეფასებას და საკომპენსაციო თანხის ოდენობას ეხება, საკასაციო სასამართლო მიუთითებს "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ბ-ას მიერ ვერ იქნა გაბათილებული სააპელაციო სასამართლოს მიერ სასამართლოს განჩინებით დადგენილი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ბ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა