დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-127(კ-25) 15 იანვარი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ი. მ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 19 ნოემბერს ი. მ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ი. მ-ასათვის საცხოვრებელი ფართის (ქ. თბილისი, ... ქ. №40, კორპუსი №13, ბლოკი C, სართული 7, ბინა №97) გადაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 16 ოქტომბრის №03-15874 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ი. მ-ასთვის, როგორც ს. მ-ას მემკვიდრესათვის, აღნიშნული საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის მიზნით საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის შუამდგომლობით მიმართვის მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის დავალება.
მოსარჩელე ი. მ-ას განმარტებით, მის დედას - ს. მ-ას, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირს - დევნილს, 2019 წლის 19 ოქტომბერს სარგებლობაში გადაეცა ერთოთახიანი ბინა. ს. მ-ა სადავო ფართში ცხოვრობდა და სარგებლობდა ამ ბინით მის გარდაცვალებამდე. თუმცა ს. მ-ას გარდაცვალების გამო ვერ მოხერხდა აღნიშნული ბინის მის საკუთრებად აღრიცხვა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იგი მისი დედის პირველი რიგის მემკვიდრეა და მიიჩნევს, რომ უძრავი ქონება ეკუთვნის მას, როგორც ს. მ-ას მემკვიდრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ი. მ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ი. მ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 16 ოქტომბრის №03/15874 გადაწყვეტილება ი. მ-ასათვის ქ. თბილისში, ... ქუჩა №40-ში, კორპ. 13-ში, C ბლოკში, მე-7 სართულზე მდებარე №97 ბინის გადაცემაზე უარის თქმის თაობაზე და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ი. მ-ასათვის, როგორც ს. მ-ას მემკვიდრისათვის, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ფართის (ს/კ ...) საკუთრებაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი ორგანოებისათვის, კერძოდ, საქართველოს მთავრობისათვის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის შუამდგომლობით მიმართვა.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმსჯელა და სათანადო შეფასება არ მისცა, რამდენად შეესაბამებოდა ადმინისტრაციული ორგანოს უარი სამოქალაქო სამართლის, კერძოდ კი, მემკვიდრეობითი სამართლის პრინციპებს. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმი და 2019 წლის 19 ოქტომბრის №18 მიღება-ჩაბარების აქტი, რომელთა საფუძველზე ს. მ-ას გადაეცა ერთოთახიანი ბინა, ძალაშია და მათი კანონიერება სადავო არ გამხდარა. პალატამ ასევე მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი არ ემყარება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ ნორმებს, არ შეიცავს მსჯელობას მოსარჩელის მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეობის საკითხზე, ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სადავო აქტის ბათილად ცნობისა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ. კასატორის მითითებით, სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან იგი არ არის დასაბუთებული და არ გამომდინარეობს კანონის მიზნებიდან. კასატორი ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნავს, რომ სადავო ქონება არ შედიოდა სამკვიდრო მასაში, ვინაიდან პირადი ხასიათის იყო და მხოლოდ მამკვიდრებელს ეკუთვნოდა. საქართველოს კანონმდებლობით კი, სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს. სადავო ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მასზე მემკვიდრეობის უფლება ვერ გავრცელდება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, სახეზე არ არის გასაჩივრებული აქტის ბათილობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 16 ოქტომბრის №03/15874 გადაწყვეტილების კანონიერება. სადავო გადაწყვეტილებით ი. მ-ას, როგორც ს. მ-ას მემკვიდრეს, უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართის გადაცემაზე იმ მოტივით, რომ ფართი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მასზე მემკვიდრეობის უფლება ვერ გავრცელდება.
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ ს. მ-ა იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. მასზე გაცემული იყო იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. ასევე დადგენილია, რომ ს. მ-ამ შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეფასდა მისი ოჯახის მდგომარეობა და მიენიჭა 8,5 ქულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 სხდომაზე კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქალაქ თბილისში, ... ქუჩა №40-ში, კორპ. №13-ში, C ბლოკში, მე-7 სართულზე მდებარე №97 ერთოთახიანი ბინით ს. მ-ას დაკმაყოფილების თაობაზე. 2019 წლის 19 ოქტომბერს ს. მ-ამ თანხმობა განაცხადა კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე განაწილებული ერთოთახიანი ფართის მიღების თაობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა საცხოვრებელი ფართის მიღებაზე დევნილის წერილობითი თანხმობა №18 და მიღება-ჩაბარების აქტი №18. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2019 წლის 16 დეკემბერს მიიღო №03- 307/ო ბრძანება, რომლითაც ს. მ-ას განსახლების ადგილად განისაზღვრა ქალაქ თბილისში, ... ქუჩა №40-ში, კორპ. №13-ში, C ბლოკში, მე-7 სართულზე მდებარე №97 ბინა.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. ს. მ-ა გარდაიცვალა 2020 წლის 24 მაისს. 2020 წლის 31 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობით დასტურდება, რომ ი. მ-ა არის 2020 წლის 24 მაისს აწ გარდაცვლილი ს. მ-ას პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან - შვილი. მოწმობის თანახმად, ი. მ-ას უფლება აქვს, მართოს გარდაცვლილი მშობლის - ს. მ-ას სამკვიდრო მასაში შემავალი აქტივები (ქონებრივი და არაქონებრივი მატერიალური სიკეთე - ნივთები, მოთხოვნები და სხვა უფლებები) და პასივები. აღნიშნულის საფუძველზე 2020 წლის 22 სექტემბერს, ი. მ-ამ განცხადებით (სარეგისტრაციო №40730) მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ქ. თბილისში, ... ქ. №40-ში, მე-13 კორპუსში, C ბლოკში, მე-7 სართულზე მდებარე №97 საცხოვრებელი ბინის ი. მ-ასთვის გადაცემის მიზნით შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება მოითხოვა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის 2020 წლის 16 ოქტომბრის №03/15874 გადაწყვეტილებით ი. მ-ას უარი ეთქვა 2020 წლის 22 სექტემბრის №40730 განცხადებით მოთხოვნილი ფართის საკუთრებაში გადაცემაზე. გადაწყვეტილების თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირს - ს. მ-ას, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, მფლობელობაში გადაეცა ქალაქ თბილისში, ... ქ. №40-ში, მე-13 კორპუსში, C ბლოკში, მე-7 სართულზე მდებარე ბინა №97, თუმცა აღნიშნული ფართის ს. მ-ასათვის საკუთრებაში გადაცემამდე იგი გარდაიცვალა. ამიტომ, საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში დაკანონება ვერ მოხდა. ამჟამად, ზემოაღნიშნული საცხოვრებელი ფართი წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესი განსახლებასთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემით არ მთავრდება და შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე მემკვიდრეობის უფლება ვერ წარმოიშობოდა.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო საჩივარზე თანდართულ, 2023 წლის 28 სექტემბერს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაზე, რომლის თანახმად, ი. მ-ამ, როგორც ს. მ-ას კანონისმიერმა მემკვიდრემ პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან - შვილმა, საკუთრებაში სრულად მიიღო მიუღებელი ქონებრივი უფლებები (სამკვიდრო აქტივი, უძრავი და მოძრავი ქონება) და მოვალეობები, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ხელფასზე, ფულად პრემიაზე, ფულად დახმარებაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანგარიშზე, ანაბარზე სავალდებულო დაზღვევისა, იპოთეკის და გირავნობის ხელშეკრულებებზე, კრედიტორებთან ურთიერთობაში, წილები შპს-ს, სააქციო და სხვა საზოგადოებებსა და კომპანიებში და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ (სამკვიდრო პასივი) გარდაცვალების მომენტისათვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. ხსენებული კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე.
საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ, მემკვიდრეობის მომწესრიგებელ ზოგად ნორმებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამრიგად, მემკვიდრე მემკვიდრეობის საფუძველზე იღებს მამკვიდრებლის გარდაცვალების მომენტისთვის არსებულ უფლებებს და ეკისრება მისი მოვალეობები მიღებული სამკვიდროს ფარგლებში. თავის მხრივ, სამკვიდრო აქტივი მოიცავს არა მხოლოდ არსებულ მატერიალურ ქონებას, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც, მათ შორის, მემკვიდრეობით გადადის მამკვიდრებლის უფლებები. ამასთან, გამონაკლისის სახით, სამოქალაქო კოდექსის 1330-ე და 1332-ე მუხლებით განსაზღვრულია იმ სამართლებრივ სიკეთეთა ჩამონათვალი, რომლებიც მემკვიდრეობით გადაცემას არ ექვემდებარება. მათ შორის, დასახელებული კოდექსის 1330-ე მუხლი ადგენს, რომ სამკვიდროში არ შედის ის ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, რომლებიც პირადი ხასიათისაა და მხოლოდ მამკვიდრებელს შეიძლება ეკუთვნოდეს.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლება ადამიანის ბუნებითი უფლებაა, ხოლო მისი, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტირება და პირისთვის საკუთრების უფლებით ეფექტური სარგებლობის გარანტიების შექმნა, სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსთვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32 ; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1/370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6). საკუთრებაში მოაზრებული უფლებამოსილებები მოიცავს, მათ შორის, არსებული ქონების (მოძრავი და უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ქონებრივი უფლებები და სხვა) განკარგვას, სარგებლობასა და მფლობელობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/3/680 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს იუ-სი-ჯი გრინ ფაუერი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 25 თებერვლის №2/1/1434,1466 გადაწყვეტილება საქმეზე „ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრების და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. კონსტიტუციის დასახელებული ნორმა განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას... საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საკუთრების უფლებას ავტონომიური მნიშვნელობა გააჩნია. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით, ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ხასიათის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ასევე ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა, განხილული იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის №1/5/489-498 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის №03-307/ო ბრძანება, რომლითაც ს. მ-ას განსახლების ადგილად განისაზღვრა ქ. თბილისში, ... ქ. №40-ში, კორპუსი №13-ში, C ბლოკში, მე-7 სართულზე მდებარე ერთოთახიანი ბინა №97, ქმნიდა საკუთრების შემადგენლობას, რომელსაც მოიცავს ზემოხსენებული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დაცული სფერო. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს №03-307/ო ბრძანება საკუთრების შემადგენლობას მოიცავს, მასზე უნდა გავრცელდეს მემკვიდრეობის უფლებაც. მართალია, დევნილის სტატუსის პირადი ხასიათის გამო, მისი მემკვიდრეობით გადაცემა შეუძლებელია, თუმცა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ის მომენტი, რომლის დადგომის შემდეგაც პირადი ხასიათიდან გამომდინარე, ქონებრივი უფლება შეიძლება სამკვიდრო მასის ნაწილად იქნეს მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 16 დეკემბერს განხორციელებულ ცვლილებაზე (ამოქმედდა 2023 წლის 1 იანვრიდან), რომლითაც მითითებულ კანონს დაემატა 231 მუხლი (გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის განსაკუთრებული პირობა). აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფო ორგანოებს აქვთ 2023 წლის 1 იანვრამდე დაბადებული პირის მიმართ, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული იმ პირის მიმართ, რომლის დევნილი მშობელი/მშობლები გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე გარდაიცვალა/გარდაიცვალნენ. ეს პირი უზრუნველყოფილი იქნება ისეთივე საცხოვრებლით, როგორიც მის დევნილ მშობელს/მშობლებს უნდა მიეღო/მიეღოთ. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული კანონის 231 მუხლის მე-3 პუნქტით საგამონაკლისო წესის დაშვება ადასტურებს სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის იმგვარად განვითარების შესაძლებლობას, როდესაც დევნილის სტატუსის მქონე, რეალური უფლების მატარებელი პირი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, პროცესის დროში ხანგრძლივად მიმდინარეობის გამო, სიცოცხლეშივე ვერ ახერხებს ქონებრივი უფლების დაკმაყოფილებას. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, გარდაცვლილის შვილი, მემკვიდრე ვერ იქნება მოაზრებული ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ სპეციალურ სუბიექტად, რამეთუ იგი არ წარმოადგენს 2023 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაბადებულ პირს, თუმცა მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ინდივიდუალური გარემოებები, რომლებიც უშუალოდ მოსარჩელის შემთხვევას უკავშირდება - როგორც ზემოთ აღინიშნა, ს. მ-ამ სახელმწიფოსადმი დროულად მიმართვის გზით მოახდინა დევნილის სტატუსიდან გამომდინარე ქონებრივი ხასიათის მოთხოვნის უფლების რეალიზება, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, დაკმაყოფილდა მოსარჩელის მამკვიდრებლის - ს. მ-ას მოთხოვნა საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის თაობაზე, უფრო მეტიც, მას მფლობელობაში გადაეცა ქ. თბილისში, ... ქ. №40-ში, კორპუსი №13-ში, C ბლოკში, მე-7 სართულზე მდებარე, ერთოთახიანი, №97 საცხოვრებელი ბინა. დარჩენილი იყო მხოლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცედურის დასრულების ეტაპი. ბინის მფლობელობაში გადაცემით კი, დადასტურდა ქონებრივი უფლების არსებობა, რომელიც წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ „აქტივს“ და მისი დასრულების მოთხოვნის უფლება შედის სამკვიდროში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „უკვე გაცხადებული მოთხოვნიდან გამომდინარე უფლებების მიმართ მემკვიდრე აღარ უნდა შემოიფარგლოს უფლებათა პერსონალური ხასიათით და ასეთი უფლება უნდა ჩაითვალოს სამკვიდრო მასის ნაწილად. მოცემულ დასკვნას განაპირობებს ის გარემოება, რომ სამკვიდრო მასაში შედის ქონებრივი უფლებები, სადავო შემთხვევა კი ეხება არა სტატუსის მინიჭებას, არამედ - უკვე არსებული სტატუსიდან გამომდინარე ასეთი სტატუსის მატარებელი პირის ქონებრივი უფლების რეალიზაციას - ნივთის საკუთრებაში მიღების მოთხოვნას. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილება მემკვიდრისთვის მატერიალური სარგებლის მომტანი იქნება“ (სუსგ №ბს-531(კ-22), 05.05.2019წ.).
გამომდინარე იქიდან, რომ ი. მ-ა დედის - ს. მ-ასთვის ფაქტობრივად გადაცემული ქონების მისთვის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს როგორც ს. მ-ას მემკვიდრე, აღნიშნული არ გამორიცხავდა ი. მ-ას უფლებას - მოეთხოვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის სადავო ბინის მისთვის საკუთრებაში გადაცემა. საქმეში „კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ჩამოყალიბებული სასამართლოს მუდმივი პრაქტიკის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოიცავდეს როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც განმცხადებელს შეუძლია, პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, დევნილის მიერ სიცოცხლეში მოთხოვნისა და საცხოვრებლით დაკმაყოფილების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ბენეფიციარის გარდაცვალების შემთხვევაში, წარმოშობს ქონებრივ უფლებას, რომელიც შედის სამკვიდრო მასაში და მემკვიდრეს უფლება აქვს მიიღოს ქონებაზე საკუთრების უფლება (სუსგ №ბს-1395(კ-22), 23.07.2024წ.).
ამრიგად, საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე კონკრეტული საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2019 წლის 10 ოქტომბრის №39 სხდომის ოქმით, 2019 წლის 19 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტითა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2019 წლის 16 დეკემბრის №03-307/ო ბრძანებით, ფაქტობრივად, შეიქმნა აქტივი, რომელთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლების ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 63 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის პროცედურებს, კერძოდ, მოცემული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს − დევნილებს. ხსენებული კანონის 63 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად საკითხს ამზადებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ქონების მმართველი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში ქონების სააგენტოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის აქტი ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის დროულად, კანონით დათქმულ ვადაში განხილვის, კონკრეტულად კი, ს. მ-ასთვის მფლობელობაში გადაცემული უძრავი ქონების დროულად, მისი სიცოცხლის მანძილზე საკუთრებაში გადაცემის (ფორმალური მხარე) შემთხვევაში, სადავო უძრავი ქონება, ს. მ-ას გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით გადაეცემოდა ქონების მესაკუთრის მემკვიდრეს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბინა ს. მ-ას მფლობელობაში გადაეცა 2019 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო იგი გარდაიცვალა 2020 წლის 24 მაისს, ანუ სადავო ფართის მფლობელობაში გადაცემიდან 7 თვის შემდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გასაჩივრებული აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას ი. მ-ასათვის საცხოვრებელი ფართის (ქ. თბილისი, ... ქ. №40, კორპ. 13, ბლოკი C, სართული 7, ბინა №97) გადაცემაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 16 ოქტომბრის №03/15874 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და აღნიშნული საცხოვრებელი ფართის მოსარჩელისათვის, როგორც ს. მ-ას მემკვიდრისათვის, საკუთრებაში გადაცემის მიზნით, შესაბამისი ორგანოებისათვის, კერძოდ, საქართველოს მთავრობისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის შუამდგომლობით მიმართვის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის დავალების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე