დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1101(კ-25) 5 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ა-ე
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 20 სექტემბერს რ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის რ. ა-ეის სასარგებლოდ მიუღებელი ერთჯერადი დახმარების 7 000 ლარის ანაზღაურების დავალება.
მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 28 ოქტომბერს რ. ა-ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული ,,კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ'' კონტრაქტი. მოსარჩელის მითითებით, ზემოაღნიშნული დოკუმენტის მე-5 მუხლი ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას თუ სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებდა 4 წლის ვადით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ თავისი ვალდებულება შეასრულა, თუმცა საქართველოს თავდავის სამინისტრო უარს აცხადებს კომპენსაციის გაცემაზე. ამრიგად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისთვის მიუღებელი ერთჯერადი დახმარების 7 000 ლარის ანაზღაურების დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ა-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე რ. ა-ეის სასარგებლოდ აუნაზღაურებელი ერთჯერადი დახმარების 7 000 ლარის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე რ. ა-ესა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2010 წლის 28 ოქტომბერს 4 წლის ვადით დაიდო "კაპრალ-სერჟანტის" თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი და მოსარჩელე რ. ა-ემ იმსახურა ამ კონტრაქტის სრული ვადით (ოთხი წელი).
2010 წლის 28 ოქტომბრის კონტრაქტის 5.1.2. მუხლის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აიღო ვალდებულება კანონმდებლობის შესაბამისად გაეცა ერთჯერადი დახმარება, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებდა 4 წლის ვადით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანება არეგულირებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებს, უსაფუძვლოა სამინისტროს მითითება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიან ვადაზე, ვინაიდან ერთჯერადი გასაცემლის მოთხოვნის უფლება წარმოშობილია ნორმატიული და არა სახელშეკრულებო დანაწესის საფუძველზე;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩვრებული განჩინება უკანონოა, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა სახელშეკრულებო დავებისთვის კანონით განსაზღვრლი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. კასატორის მითითებით, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა კონტრაქტის ვადის ამოწურვიშ შემდგომ - 2014 წლის 28 ოქტომბერს; თუმცა, კასატორის მითითებით, მოსარჩელემ სასამართლოს გზით დავა დაიწყო 2023 წლის 20 სექტემბერს, კანონისმიერი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით. ამრიგად, კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული განჩინების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელის სასარგებლოდ, მხარეთა შორის დადებული კონტრაქტებიდან გამომდინარე, ერთჯერადი კომპენსაციის გადახდის დავალება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ა-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე რ. ა-ეის სასარგებლოდ აუნაზღაურებელი ერთჯერადი დახმარების 7 000 (შვიდი ათასი) ლარის გადახდა. ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე რ. ა-ესა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2010 წლის 28 ოქტომბერს 4 წლის ვადით დაიდო "კაპრალ-სერჟანტის" თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ ოთხი წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 27 თებერვლის №122 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტი და მოსარჩელე რ. ა-ემ იმსახურა ამ კონტრაქტის სრული ვადით (ოთხი წელი). 2010 წლის 28 ოქტომბრის №39057 კონტრაქტის 5.1.2. მუხლის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აიღო ვალდებულება კანონმდებლობის შესაბამისად გაეცა ერთჯერადი დახმარება, თუ "სამხედრო მოსამსახურე" ამ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურებდა 4 წლის ვადით.
საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას ზემოაღნიშნულ საკითხის თაობაზე, რამეთუ განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ერთჯერადი კომპენსაციის მიღების შესახებ წარმოშობილია ნორმატიული და არა სახელშეკრულებო დანაწესის საფუძველზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაზე, რომელიც არეგულირებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის საკითხებს; განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოვალეა გასცეს ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით.
ამრიგად, საკასაციო სასამართლო წარმოდგენილ საქმეზე იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას ერთჯერადი გასაცემლის მოთხოვნის უფლების ნორმატიული და არა სახელშეკრულებო საფუძვლის არსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ არარელევანტურია კასატორის მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიან ვადაზე;
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა