დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 05.02.2026
საქმის ნომერი
ბს-382(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-382(კ-25) 5 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – მ. რ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია 2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი

მესამე პირი (ასკ - 16.2 მუხ.) – ო. ც-ი

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. რ-ემ 2022 წლის 17 მარტს სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ წარმოდგენილი სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ, საბოლოოდ მოითხოვა: ა) ახმეტის მუნიციპალიტეტის ...ს (...ის) ტერიტორიული ორგანოს 2012 წლის 19 სექტემბრის №685 ცნობის ბათილად ცნობა; ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2021 წლის 28 ივლისის №12 ბრძანების ბათილად ცნობა; გ) რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 03 ოქტომბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; დ) რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 27 დეკემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ე) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 21 აპრილის №ბ86.862211110 ბრძანების ბათილად ცნობა; ვ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 21 ივნისის №ბ86.86221722 ბრძანების ბათილად ცნობა და ზ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის უძრავი ქონების მ. რ-ის სახელზე რეგისტრაციის დავალება 2020 წლის 02 ივლისს წარდგენილი განცხადებისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან 2020 წლის 02 ივლისს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო, საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, რაც გადაეგზავნა ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლის 2021 წლის 13 დეკემბრის №570 განკარგულებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე სადავო მიწის ნაკვეთის ო. ც-ის სახელზე აღრიცხვის საფუძვლით. მოსარჩელის მითითებით, სადავო ქონების ო. ც-ის საკუთრებაში აღრიცხვა მოკლებულია მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, არ დგინდება ფლობა/სარგებლობის ფაქტი, ადმინისტრაციული წარმოების მასალები არ შეიცავს სათანადო ცნობებს, მათ შორის, კანონიერ უფლებადამდგენ დოკუმენტს, რაც გაამართლებდა აღნიშნული ქონების მესამე პირის სახელზე აღრიცხვის კანონიერებას.

თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებით, მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებსა და სადავო საკითხის გადაწყვეტის პერიოდში მოქმედ კანონმდებლობაზე მითითებით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები. სააპელაციო პალატამ ახმეტის მუნიციპალიტეტის ...ს (...ის) ტერიტორიული ორგანოს 2012 წლის 19 სექტემბრის №685 ცნობის კანონიერებაზე მსჯელობის მხრივ, მიუთითა იმაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების მასალების არარსებობის მიუხედავად, ყურადღება უნდა გამახვილებულიყო ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2021 წლის 28 ივლისის N12 ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონის“ ფარგლებში, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2021 წლის 28 ივლისის N00013 ოქმის გათვალისწინებით, ო. ც-ს დაუდასტურდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, კერძოდ, N685 ცნობით განსაზღვრული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. სადავო რეგისტრაციებისას, აგრეთვე აღნიშნული აქტების სასამართლო წესით კონტროლის დროს, არ გამოვლენილა უფლებადამდგენი დოკუმენტების რაიმე ხარვეზი, რაც გულისხმობს რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლებადამდგენი დოკუმენტების კანონიერებას, შესაბამისად, მართლზომიერია აგრეთვე სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 03 ოქტომბრის №... და 2021 წლის 27 დეკემბრის №... გადაწყვეტილებები და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძვლები. ამასთანავე, მოსარჩელე ერთი მხრივ, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკურების უფლების აღიარების საფუძვლით ცდილობდა სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რაც ვერ განხორციელდა, მეორეს მხრივ კი, მიუთითებდა, რომ უძრავი ქონება მას ეკუთვნოდა საარქივო ცნობის საფუძველზე. აღნიშნული თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საარქივო ჩანაწერები მოძიებულია 1948-1953 წლის მდგომარეობით, საქმეში არ არის წარმოდგენილი უფრო ახალი ინფორმაცია კომლის ქონებისა და მისი შემადგენლობის თაობაზე. გარდა ამისა, დასახელებულ დოკუმენტში კომლის სახელზე ირიცხება 0.25 ჰა უძრავი ქონება, მაშინ როდესაც მხარეთა შორის სადავოა 80 კვ.მ ფართობის მქონე (2021 წელს დაზუსტებული მონაცემებით კი 58 კვ.მ) უძრავი ქონება. მაშასადამე, სააპელაციო პალატა ვერ იხელმძღვანელებს დასახელებული დოკუმენტაციით, სადავო ქონებაზე უპირატესი უფლების დამდგენი აქტის თვალსაზრისით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. რ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს ახმეტის მუნიციპალიტეტის ...ს (...ის) ტერიტორიული ორგანოს 2012 წლის 19 სექტემბრის №685 ცნობის სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ელი ნაწილით დადგენილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევას. სადავო პერიოდში მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 41-ე მუხლის 1-ელი ნაწილის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“-„გ“ ქვეპუნქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ რწმუნებული არ იყო აღჭურვილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და წარმოების შედეგების გათვალისწინებით, აქტის გამოცემის უფლებამოსილებით, რაც სადავო აქტის არარად აღიარების საფუძველსაც წარმოადგენს. ზემოაღნიშნული ცნობა შედგენილია მხოლოდ მესამე პირის ახსნა-განმარტების საფუძველზე, არ დასტურდება სადავო მიწის ნაკვეთის ფლობა, იგი არ შეიცავს უფლებადამდგენი დოკუმენტისათვის აუცილებელ სავალდებულო ფორმალურ რეკვიზიტებს. ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნულ ცნობას უდავოდ გამორიცხავს 2018 წლის 31 აგვისტოს საარქივო ცნობის შინაარსი. ამდენად, სახეზეა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. რ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ მ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის შემოწმება, საპროცესო-სამართლებრივი შინაარსით, უკავშირდება საკასაციო საჩივრის საფუძვლების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საპროცესო ვალდებულებას. სსკ-ის 393-ე მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით. ამასთანავე, მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს შესაბამისი კანონის გამოუყენებლობით, მისი არასწორად განმარტებით ან იმ კანონის გამოყენებით, რომელიც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული (სსკ-ის 393.2 მუხ. „ა“-„გ“ ქვ.პ.), ხოლო საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მაშინ მიიჩნევა არსებითად და ამდენად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (სსკ-ის 393.3 მუხ.). ამავდროულად, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამდენად, კასატორი ვალდებულია უშუალოდ მიუთითოს, დააფიქსიროს ან სულ მცირე შინაარსობრივი თვალსაზრისით მაინც, განაცხადოს იმ მატერიალურ ან/და საპროცესო-სამართლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებმაც არსებითი ზეგავლენა იქონიეს ევროკონვენციით დაცული უფლებების სავარაუდო დარღვევაზე ან ასეთი დარღვევით გამოწვეულ შედეგზე (ევროსასამართლოს დიდი პალატის 2023 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Fu Quan, S.R.O. V. the Czech Republic, App. No. 24827/14, §§145,172.). ამასთან, ეს უკანასკნელი, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის ნორმატიული მნიშვნელობის მიზნებისათვის, პირდაპირ, უშუალოდ და ერთმნიშვნელოვნად უკავშირდება სასამართლოთა ვალდებულებას, უპასუხონ პირის „საკვანძო მოსაზრებებს აგრეთვე, მნიშვნელოვან, რელევანტურ და კონკრეტულ არგუმენტებს (ევროსასამართლოს 09.12.1994წ. გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 24.05.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე Buzescu v. Romania, App. No. 61302/00, §67.). ამავდროულად, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ უწესებს უზენაეს სასამართლოს დეტალური დასაბუთების ვალდებულებას, როდესაც იგი იყენებს კონკრეტულ სამართლებრივ დებულებას საჩივრის დაუშვებლად ცნობისათვის, იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებს ასეთი საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს ან მას წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია (იხ. ევრო სასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Gorou v. Greece (No. 2), App. No. 12686/03, §41; ევროსასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Kukkonen v. Finland (No. 2), App. No. 47628/06, §24; ევროპული სასამართლოს 1997 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Helle v. Finland, App. No. 157/1996/776/977, §60). აღნიშნული ეფუძნება იმ დაშვებას, რომ სადავო საკითხებზე არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დეტალური გადაწყვეტილება ან/და ჩატარდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომა (იხ. ევროსასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Paun Jovanović v. Serbia, App. No. 41394/15, §109.). ამასთანავე, ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთების ვალდებულება არ მიიჩნევა დარღვეულად იმ შემთხვევაში, როდესაც საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვისას უბრალოდ იზიარებს და მხარს უჭერს იმ ფაქტობრივ-სამართლებრივ არგუმენტებს, რომელთაც საფუძვლად დაედო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები (ევროსასამართლოს დიდი პალატის 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of García Ruiz v. Spain, App. No. §26.). სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ევროსასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61.). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30). ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული კვალიფიციური საკასაციო პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დადგენილ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ო. ც-ის სახელზე თავდაპირველი საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ხოლო შემდგომ, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებას საფუძვლად უდევს ახმეტის მუნიციპალიტეტის ...ს (...ის) ტერიტორიული ორგანოს 2012 წლის 19 სექტემბრის №685 ცნობა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2021 წლის 28 ივლისის №12 ბრძანება. ახმეტის მუნიციპალიტეტის ...ს (...ის) ტერიტორიული ორგანოს 2012 წლის 19 სექტემბრის №685 ცნობის თანახმად, ო. ც-ს, ახმეტის რაიონის სოფელ ...ში, მფლობელობაში აქვს საცხოვრებელი სახლი, მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობია 80 კვ.მ. ცნობა გაცემულია საჯარო რეესტრში წარსადგენად. ცნობა არის ბეჭედდასმული და ხელმოწერილი ...ს ტერიტორიული რწმუნებულის მიერ. ამასთანავე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2021 წლის 28 ივლისის N12 ბრძანების თანახმად, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2021 წლის 28 ივლისის N00013 ოქმის გათვალისწინებით, ო. ც-ს დაუდასტურდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, N685 ცნობით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2021 წლის 28 ივლისის ოქმი N00013-ის თანახმად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილმა პირმა - პ. კ-მა ჩაატარა ადგილზე დათვალიერება და დაადასტურა უფლებადამდგენ დოკუმენტში ასახული უძრავი ქონებისა და საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. დადგენილია, რომ რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 03 ოქტომბრის №... და 2021 წლის 27 დეკემბრის №... გადაწყვეტილებებით, ახმეტაში, სოფელ ...ში მდებარე 80 კვ.მ უძრავი ქონება აღირიცხა ო. ც-ის სახელზე, ხოლო 2021 წელს დაზუსტდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები - უძრავი ქონების დაზუსტებულ ფართად განისაზღვრა 58 კვ.მ, ხოლო უფლებადამდგენი დოკუმენტების ნუსხას დაემატა უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2021 წლის 28 ივლისის N00013 ოქმი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის N86-862122551 მიმართვა. 2018 წლის 31 აგვისტოს საარქივო ცნობის გათვალისწინებით, საძიებო პერიოდისათვის 1948-1950, 195-1953წ., კახეთის რეგიონულ არქივში დაცული ახმეტის რაიონის სოფელ ...ს (...) სასოფლო საბჭოს 1948-1950 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ა. წ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ა. წ-ე - უფრ. ა. წ-ე- ცოლი, მ. წ-ე - შვ. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საკარმიდამო მიწა 0.25 ჰა. საცხოვრებელი სახლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. ახმეტის რაიონის სოფელ ...ს (...) სასოფლო საბჭოს 19451-1953 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია ა. წ-ე, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ა. წ-ე - უფრ. ა. წ-ე- ცოლი, მ. წ-ე - შვ. კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება საკარმიდამო მიწა 0.25 ჰა. საცხოვრებელი სახლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. დადგენილია რომ მ. წ-ე არის მოსარჩელე მ. რ-ე, რომელმაც ქორწინების შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი - რ-ე.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის მხრივ, საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ საკუთრების უფლების ცნებაში იმანენტური ლეგიტიმური მოლოდინი უნდა იყოს მართლზომიერი, უნდა ეფუძნებოდეს კანონს ან/და სასამართლო გადაწყვეტილებას, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული საკანონმდებლო მოთხოვნის დაუცველობა არარად აქცევს და სრულად გააქარწყლებს ლეგიტიმური მოლოდინის არსებობას (დიდი პალატის 2004 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Kopecký v. Slovakia, App. No. 44912/98, §35), ლეგიტიმური მოლოდინი დაკარგავს „ლეგიტიმურის“ სახელდებას, იგი გარდაიქმნება უბრალო მოლოდინად და იმედად, რომელიც არ ეფუძნება არც სამართლის კონკრეტულ ნორმას და არც რაიმე სასამართლო გადაწყვეტილებას (დასაშვებობის შესახებ 2002 წლის 10 ივლისის განჩინება საქმეზე Gratzinger and Gratzingerova v. the Czech Republic, App. No. 39794/98, §73.). განსახილველ შემთხვევაში, სადავო ახმეტის მუნიციპალიტეტის ...ს (...ის) ტერიტორიული ორგანოს 2012 წლის 19 სექტემბრის №685 ცნობის საფუძველზე მესამე პირის მიერ სოფელ ...ში უძრავი ქონების ფლობის ფაქტის კანონიერება ეფუძნება სადავო პერიოდში მოქმედ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-20 მუხლის "ვ" ქვეპუნქტს, აგრეთვე, ამავე ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტს, რაც მართებულად განისაზღვრა სააპელაციო პალატის მიერ. სააპელაციო პალატამ ასევე მართებულად გამოიკვლია „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის 1-ელი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, ასევე, ამავე კანონის 41 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შინაარსის ფაქტობრივ-სამართლებრივი მხარე, განსაზღვრა ამ ნორმებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული მოქმედებების მნიშვნელობა და მათი კავშირი მოსარჩელის პრეტენზიებთან. ასევე აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დადასტურდა მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა, რაც ეფუძნება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის ადმინისტრაციული ერთეულის 2021 წლის 28 ივლისის N12 ბრძანების, აგრეთვე, უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების 2021 წლის 28 ივლისის N00013 ოქმის შინაარსს. დაუსაბუთებელია კასატორის მიერ მის უპირატეს უფლებაზე მითითება. კასატორმა 2020 წლის 02 ივლისს, განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო, საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, თუმცა, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ვერ იქნა მოძიებული და განცხადება გადაეგზავნა ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლის 2021 წლის 13 დეკემბრის №570 განკარგულებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე, აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. ამდენად, კასატორი ერთი მხრივ, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებით ცდილობდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რაც ვერ განხორციელდა, ხოლო მეორე მხრივ, მიუთითებდა, 2018 წლის 31 აგვისტოს საარქივო ცნობაზე. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს მასზედ, რომ საარქივო ჩანაწერები დათარიღებულია 1948-1953 წლებით, კომლის ქონებასა და მის შემადგენლობასთან მიმართებით კი უფრო ახალი ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის. ამასთან ერთად, იკვეთება საკვანძო განსხვავება კომლის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებასა (0.25 ჰა) და მხარეთა შორის სადავო უძრავ ქონებას (80 კვ.მ, შემდგომში კი, 58 კვ.მ.) შორის. მაშასადამე, არ დგინდება 2018 წლის 31 აგვისტოს საარქივო ცნობაზე მითითებით კასატორის უპირატესი უფლების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, მ. რ-ის (პ/ნ ...) მიერ 06.05.2025წ. №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მ. რ-ეს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. რ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის ოქტომბრის განჩინება;

3. მ. რ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე