დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-840(კ-25) 26 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ლ-ის (მოსარჩელე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამსახურის შიდა ქართლის რეგიონული ოფისი; მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, კობა ტაბატაძე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 28 ნოემბერს ნ. ლ-მა სარჩელით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 6 სექტემბრის N... (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), 2022 წლის 7 ოქტომბრის N... (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) და 2022 წლის 26 ოქტომბრის N... (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 6 სექტემბრის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა 8 091 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში, ს/კ ... და სააგენტოსთვის N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 48 598 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან (რომლის მესაკუთრედაც რეგისტრირებულია სახელმწიფო), 8 091 კვ.მ-ზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება, წარდგენილი ნახაზის შესაბამისად.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის საოქმო განჩინებებით, მესამე პირთა სიიდან ამორიცხულ იქნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ამავე სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა კობა ტაბატაძე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ნ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელე მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებით, ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის - ნ. ლ-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების შესაძლებლობა, ვინაიდან დადგენილია, რომ ნ. ლ-ი, როგორც ა. ა-ის მემკვიდრე, საკუთრების უფლების რეგისტრაციას მოითხოვდა თბილისის სანოტარო არქივის გორის ... ნასყიდობის წიგნიდან 1913 წლის ამონაწერის საფუძველზე, რომლის მიხედვით, 1911 წლის 7 ივლისს ა. ა-მა ნ. ა-ისაგან შეიძინა უძრავი მამული სოფელ ...ში (ხაშურში), თბილისის ...ში, რაც გულისხმობდა მიწის 5 ნაკვეთში ნახევარ წილს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულება რამდენად წარმოადგენს იმგვარ დოკუმენტს, რომელიც წარმოშობს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის წინაპირობას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ“, ,,კ“, ,,ლ“ ქვეპუნქტებზე, მე-8 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, მე-9 მუხლის პირველ პუნქტზე, 21-ე, 22-ე მუხლებზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის N487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის“ 26-ე მუხლზე, ასევე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის თაობაზე, რომ მის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია საკმარის წინაპირობას ქმნიდა საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია საქმის მასალებში წარმოდგენილია 1913 წლით დათარიღებული ამონაწერი, რომლის თანახმად, 1911 წლის 7 ივლისს ა. ა-სა და ნ. ა-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, თუმცა იგი ვერ წარმოშობს საკუთრების უფლებას სადავო ნაკვეთზე, ვინაიდან 1924 წელს მიღებული სამოქალაქო სამართლის კოდექსის მიხედვით, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და იგი არ შეიძლებოდა ყოფილიყო კერძო მფლობელობის საგანი. მითითებული კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მიწის კოდექსის მე-4 მუხლის იმპერატიული მითითების საფუძველზე, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობის უფლებით. კერძოდ, მიწაზე კერძო საკუთრება გაუქმებული იქნა 1921 წლიდან და იგი იყო მხოლოდ სახელმწიფო საკუთრება, რის გამოც სადავო მიწა არ შეიძლება ყოფილიყო მოსარჩელის წინაპრების საკუთრებაში და შესაბამისად, მისი შეტანა სამკვიდრო მასაში ვერ მოხდებოდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 1921 წლის 6 აპრილს საქართველოს რევოლუციური კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა N17 დეკრეტი მიწის შესახებ, რომლითაც კერძო მესაკუთრეებს სრულიად უსასყიდლოდ ჩამოერთვათ მიწის ნაკვეთები, რომლებიც ჩაირიცხა სახელმწიფო ფონდში და გადავიდა ადგილობრივ გლეხთა დეპუტატების საბჭოების პირდაპირ განკარგულებაში. კერძოდ, დეკრეტის ძირითადი დებულებების თანახმად, ყველა მიწა გადავიდა მშრომელი მოსახლეობის საზოგადო კუთვნილებაში, ხოლო მიწის ყიდვა-გაყიდვა, იჯარით ან რაიმე სხვა საშუალებით სხვისთვის გადაცემა მოისპო. ამასთან, მიწების სახელმწიფო ფონდში ჩარიცხვის მიზანს მშრომელთა შორის სარგებლობისთვის განაწილება წარმოადგენდა. შესაბამისად, ამგვარი რეგულაციის არსებობის პირობებში ხაშურის რაიაღმასკომის პრეზიდიუმის 1939 წლის 2 აპრილის N206 სხდომის ოქმში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ მოქალაქე ლ. ა-ს უარი ეთქვას კ-ასაგან საკარმიდამო ბაღის ჩამოჭრისა და მასზედ გადაცემის შესახებ, ვინაიდან მოქალაქე ა-ს აქვს საკმარისი სამოსახლკარე და სახნავი მიწები 2 ჰექტარზე მეტი და არ საჭიროებს მეორე ადგილზე სასახლკარო ადგილით გაფართოებას, გულისხმობდა სწორედ იმ მოცემულობას, რომ იგი მიწის ნაკვეთს ფლობდა სარგებლობისთვის, რამეთუ ხსენებულ პერიოდში მიწის კერძო საკუთრებაში არსებობა გამოირიცხებოდა. ამდენად, სადავო ქონება მიწების საყოველთაო ნაციონალიზაციის შედეგად წარმოადგენდა მუნიციპალურ (სახელმწიფო) საკუთრებას და მხოლოდ სახელმწიფოს შეეძლო მისი განკარგვა კანონით დადგენილი ფორმით, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოა, რომ მოსარჩელის წინაპრების სასარგებლოდ არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ ამავე გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც სრულად მოიცავს სადავო მიწის ნაკვეთს, 2001 წლის 23 ივლისს ხაშურის რაიონის გამგეობასა და ო. პ-ს შორის დაიდო სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება, რომელიც შეწყდა 2012 წლის 21 მარტის N1-7/62 ბრძანებით, ხოლო შემდგომ 2012 წლის 8 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „...ას“ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა სს ,,...ის“ საკუთრებაში. თავის მხრივ, სს „...ის“ 2012 წლის 27 სექტემბრის ბრძანებით, N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი შეტანილ იქნა შპს „...ის“ საწესდებო კაპიტალში, საბოლოოდ კი, 2015 წლის 1 ივნისს შპს „...სა“ და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მასზე რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ამონაწერი ხაშურის რაიაღმასკომის პრეზიდიუმის 1939 წლის 2 აპრილის N206 სხდომის ოქმიდან და ასევე 1913 წლის ამონაწერი თბილისის სანოტარო არქივის გორის ... ნასყიდობის წიგნიდან, არ წარმოადგენდა საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, მარეგისტრირებელი ორგანოს მოთხოვნა ნ. ლ-ისთვის სათანადო სარეგისტრაციო დოკუმენტის წარმოდგენის დავალების თაობაზე საფუძვლიანი იყო და შესაბამისად, არსებობდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო მიწის ნაკვეთზე არ დგინდებოდა სხვა პირის საკუთრების უფლება, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილი იყო მიეღო 2011 წლის 6 სექტემბრის N... გადაწყვეტილება, მით უფრო, რომ აღნიშნულით განხორციელდა უკვე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილება და დაზუსტდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები, კერძოდ, დაზუსტებულ ფართობად მიეთითა 48 598 კვ.მ., ხოლო ახალ საკადასტრო კოდად - .... ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგებოდა კანონს, რის გამოც არ არსებობდა მათი ბათილად ცნობისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ლ-მა.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ 1921 წლიდან საქართველოში კერძო საკუთრება გაუქმდა. კასატორის განმარტებით, საქართველოს რევოლუციური კომიტეტის 1921 წლის 6 აპრილის N17 დეკრეტისა და 1924 წლის სამოქალაქო კოდექსის ნორმები იყო უსამართლო, რის გამოც ისინი გაუქმდა და მიღებული იქნა საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუცია, რომელიც ეყრდნობა 1921 წლის კონსტიტუციას. 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციით კი, მსგავსად 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციისა, კერძო საკუთრების უფლება სრულად დაცულია და მისი ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, ისიც სათანადო ანაზღაურებით. გარდა ამისა, კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მითითებული სამართლებრივი აქტები (საქართველოს რევოლუციური კომიტეტის 1921 წლის 6 აპრილის N17 დეკრეტი, 1924 წლის სამოქალაქო კოდექსი) არც ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს (1911 წლის 7 ივლისი) და არც უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის დროს (2022 წლის 4 ივლისი) არ იყო მოქმედი. შესაბამისად, კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მოქმედი კონსტიტუციით, ასევე, მოქმედი სამოქალაქო კოდექსით (183-ე მუხლის პირველი ნაწილი), მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი 1911 წლის 7 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება მიეჩნია ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტითა და მე-8 მუხლით გათვალისწინებულ სარეგისტრაციო დოკუმენტად და მიეღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მიწის (უძრავი ქონების) 2002 წლის 20 თებერვლის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, ქ. ხაშურში მდებარე (კოდი ..., კვარტლის N..., ნაკვეთის N...) 4.86ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც 2001 წლის 23 ივლისის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, იჯარით ჰქონდა გადაცემული ო. პ-ს. იჯარის ვადა 49 წელი.
ასევე დადგენილია, რომ 2011 წლის 31 აგვისტოს ო. პ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარუდგინა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მოითხოვა უძრავ ნივთზე, მდებარე: ხაშური, ...ის ტერიტორია, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 6 სექტემბრის N... გადაწყვეტილებით, ო. პ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, დაზუსტდა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. კერძოდ, ქალაქ ხაშურში (... ტერიტორია) მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი განისაზღვრა 48 598 კვ.მ.-ით და მიენიჭა ს/კ N... (ნაკვეთის წინა ნომერი: ...).
დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს 2012 წლის 21 მარტის N1-7/62 ბრძანებით, ხაშურის რაიონის გამგეობასა და ო. პ-ს შორის 2001 წლის 23 ივლისს გაფორმებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება შეწყდა. ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს ,,...ას“ შორის 2012 წლის 8 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრე გახდა სს ,,...ა“, რომელმაც თავის მხრივ, 2012 წლის 27 სექტემბრის N2/12-31 ბრძანებით, აღნიშნული ქონება შეიტანა შპს ,,...ის“ საწესდებო კაპიტალში. შპს ,,...სა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის 2015 წლის 1 ივნისს გაფორმებული ქონების უსასყიდლო საკუთრებაში გადაცემის (ჩუქების) შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე კი, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრე კვლავ სახელმწიფო გახდა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2022 წლის 1 ივლისს ნ. ლ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და აღნიშნა, რომ იგი არის გარდაცვლილი ა. ა-ის კანონისმიერი მემკვიდრე (მეუღლე). თავის მხრივ, ა. ა-ს კანონისმიერი მემკვიდრეობა მიღებული ჰქონდა მისი დედისგან - ს. (ს.) ა-ისგან, ვინაიდან მამა - ვ. (ლ.) ა-ი უგზო-უკვლოდ დაიკარგა დიდ სამამულო ომში. ომში წასვლამდე ვ. (ლ.) ა-ი საკუთრებაში ფლობდა თავის მამის - ა. (ა.) ა-ის საკუთრებაში არსებულ მიწებს, რომელიც ა. (ა.) ა-ის შეძენილი ჰქონდა ნ. ა-ისაგან, ნასყიდობის ბარათის მიხედვით, სოფელ ...ოში (ხაშურში). განმცხადებელმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მათ შორის წარუდგინა ა. ა-ის სამკვიდრო მოწმობა (პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე (მეუღლე) - ნ. ლ-ი), კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (მამკვიდრებელი - ს. ა-ი (გარდაიცვალა 1971 წლის აპრილში), მემკვიდრე (შვილი) - ა. ა-ი, სამკვიდრო ქონება - 1/2 წილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე: ქ. ხაშურში, ... ქ. N44, მიწაზე ფართობით 335 კვ.მ.), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 27 მაისის N4363 ცნობა 1942 წლის დეკემბერში ვ. ა-ის დიდ სამამულო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ, ასევე, 1913 წლის ამონაწერი თბილისის სანოტარო არქივის გორის ... ნასყიდობის წიგნიდან, ამონაწერი ხაშურის რაიაღმასკომის პრეზიდიუმის 1939 წლის 2 აპრილის სხდომის ოქმიდან N206 და უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (ნაკვეთის ფართობი 8 091 კვ.მ.). აღნიშნული დოკუმენტაციისა და განცხადებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ნ. ლ-მა მოითხოვა ნასყიდობის წიგნში მითითებულ მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
ნ. ლ-ის 2022 წლის 1 ივლისის განცხადებაზე თანდართული, თბილისის სანოტარო არქივის გორის ... ნასყიდობის წიგნის 1913 წლის ამონაწერის თანახმად, ნასყიდობის ბარათის საფუძველზე, რომელიც დაამტკიცა თბილისის საოლქო სასამართლოს უფროსმა ნოტარიუსმა 1911 წლის 7 ივლისს, რეესტრის N..., ა. ა-მა ნ. ა-ისაგან შეიძინა უძრავი მამული სოფელ ...ოში, თბილისის ...ში, რაც გულისხმობდა მიწის 5 ნაკვეთში ნახევარ წილს. ამავე განცხადებაზე თანდართული, ხაშურის რაიაღმასკომის პრეზიდიუმის 1939 წლის 2 აპრილის N206 სხდომის ოქმის ამონაწერის თანახმად, გადაწყვეტილება ქალაქ ხაშურში მცხოვრებ მოქალაქე ო. კ-ასაგან 10-15 მეტრი ბაღის ჩამოჭრისა და მოქალაქე ლ. ა-ზე მიცემის შესახებ, არ არის სწორი იმ მოსაზრებით, რომ მოქალაქე ა-ს აქვს საკუთარი სახლი ეზოთი, სახნავ სათესი მიწა 2 ჰექტარზე მეტი და სამოსახლო ადგილი. ამდენად, მიზანშეწონილად და სწორად ჩაითვალა რაიაღმასკომის პრეზიდიუმის მიერ გამოყოფილი კომისიის დასკვნა იმის შესახებ, რომ მოქალაქე ა-ს უარი ეთქვას კ-ასაგან საკარმიდამო ბაღის ჩამოჭრისა და მასზედ გადაცემის შესახებ, ვინაიდან მოქალაქე ა-ს აქვს საკმარისი სამოსახლკარე და სახნავი მიწები და არ საჭიროებს მეორე ადგილზე სასახლკარო ადგილით გაფართოებას.
დადგენილია, რომ ნ. ლ-ის 2022 წლის 1 ივლისის განცხადების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც 2022 წლის 4 ივლისს მომზადდა სიტუაციური ნახაზი. აღნიშნული ნახაზის თანახმად, დაფიქსირდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის მონაცემების ზედდება რეგისტრირებულ მონაცემებთან ს/კ N..., მესაკუთრე - სახელმწიფო.
ასევე დადგენილია, რომ ამავე წარმოების ფარგლებში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 8 და 14 ივლისს წერილებით მიმართა ხაშურის რეგიონულ არქივს, ხაშურის მუნიციპალიტეტში (... ტერიტორია) ს. ა-ის კომლის შემადგენლობის (სხვა კომლში წევრად არსებობის) და ა. ა-ის, მასზე რიცხული ქონებისა და მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ (2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით) არქივში დაცული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ასლების მიწოდების მოთხოვნით. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ხაშურის რეგიონული არქივის 2022 წლის 15 ივლისის წერილით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ხაშურის რეგიონულ არქივში დაცულ, ხაშურის ქალაქის საკრებულოს გამგეობის მიერ 1995, 1997 წლებში დამტკიცებულ იმ მოქალაქეთა სიებში, რომლებსაც ქ. ხაშურში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეყოთ მიწის ნაკვეთები, ს. ა-ი არ ფიქსირდება.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 10 აგვისტოს კვლავ მიმართა წერილებით ხაშურის რეგიონულ არქივს, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ხაშურში (... ტერიტორია) ა. ა-ისა და ს. ა-ის კომლ(ებ)ის შემადგენლობის (სხვა კომლში წევრად არსებობის), მათზე რიცხული ქონებისა და მიწის ნაკვეთზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ (2007 წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით) არქივში დაცული ინფორმაციის/დოკუმენტაციის ასლების, მიწის განაწილების სიების და ასევე, აღნიშნული პირების სახელზე არქივში დაცული სხვა დოკუმენტაციის მიწოდების მოთხოვნით. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ხაშურის რეგიონული არქივის 2022 წლის 10 აგვისტოს წერილებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ხაშურის რეგიონულ არქივში დაცულ, ხაშურის ქალაქის საკრებულოს გამგეობის მიერ 1995 და 1997 წლებში დამტკიცებულ იმ მოქალაქეთა სიებში, რომლებსაც ქ. ხაშურში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეყოთ მიწის ნაკვეთები, ა. ა-ი და ს. ა-ი არ ფიქსირდება. ქ. ხაშურის საკომლო წიგნები და მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სიები ხაშურის რეგიონულ არქივში დაცვაზე არ ინახება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 6 სექტემბერს მიღებული იქნა N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი არ არის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი 1913 წლის ნასყიდობის წიგნის ამონაწერი ვერ იქნება გამოყენებული უფლებადამდგენ დოკუმენტად. სარეფორმო წლებში დაინტერესებულ პირზე და მის მამკვიდრებელზე/მამკვიდრებლებზე ვერ იქნა მოძიებული უფლების დამდგენი დოკუმენტი. კერძოდ, ხაშურის რეგიონულ არქივში დაცულ, ხაშურის ქალაქის საკრებულოს გამგეობის მიერ 1995 და 1997 წლებში დამტკიცებულ იმ მოქალაქეთა სიებში, რომლებსაც ქ. ხაშურში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეყოთ მიწის ნაკვეთები, ა. ა-ი არ ფიქსირდება, აგრეთვე არ ფიქსირდება ს. ა-ი. ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის თანახმად, არ დადასტურდა უძრავ ნივთზე საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტომ მიუთითა, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარსადგენი იყო უძრავ ნივთზე საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ნაკვეთი დაკავებულია თვითნებურად 2007 წლის 20 სექტემბრამდე და დაინტერესებული პირის სარეგისტრაციო მოთხოვნას წარმოადგენს სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში საკუთრების უფლების აღიარება, დამატებით, წარსადგენი იყო სარეგისტრაციო მომსახურების საფასური (+300) (ჯამში 600 ლარი), რისთვისაც განმცხადებელს განესაზღვრა ვადა 30 კალენდარული დღის ოდენობით. აღნიშნულ ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო კი, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 7 ოქტომბერს მიღებული იქნა N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 6 სექტემბრის N... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ნ. ლ-მა გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. სააგენტოს 2022 წლის 26 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით, ნ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 6 სექტემბრის N... (სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ), 2022 წლის 7 ოქტომბრის N... (სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ) და 2022 წლის 26 ოქტომბრის N... (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გადაწყვეტილებების კანონიერებას; ასევე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 6 სექტემბრის N... გადაწყვეტილების კანონიერებას 8 091 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში, ს/კ ...; მის თანმდევს მოთხოვნას კი წარმოადგენს სააგენტოსთვის N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 48 598 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან (რომლის მესაკუთრედაც რეგისტრირებულია სახელმწიფო), 8 091 კვ.მ-ზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება, წარდგენილი ნახაზის შესაბამისად.
საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო ამავე კანონის მე-2 მუხლის „კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები, რომლებიც წარმოშობს კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე კანონის 22-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ იქნა წარმოდგენილი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი ინფორმაცია ან დოკუმენტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, ნ. ლ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებასა და მის დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის არსებით საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ იყო უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამგვარი დოკუმენტი ვერც სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში იქნა მოძიებული.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნ. ლ-ი სადავო უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მიიჩნევს თბილისის სანოტარო არქივის გორის ... ნასყიდობის წიგნის 1913 წლის ამონაწერს, რომლის თანახმად, ნასყიდობის ბარათის საფუძველზე, რომელიც დაამტკიცა თბილისის საოლქო სასამართლოს უფროსმა ნოტარიუსმა 1911 წლის 7 ივლისს, რეესტრის N..., ა. ა-მა ნ. ა-ისაგან შეიძინა უძრავი მამული სოფელ ...ოში, თბილისის ...ში, რაც გულისხმობდა მიწის 5 ნაკვეთში ნახევარ წილს. კასატორი ასევე მიუთითებს ხაშურის რაიაღმასკომის პრეზიდიუმის 1939 წლის 2 აპრილის N206 სხდომის ოქმის ამონაწერზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილება ქალაქ ხაშურში მცხოვრებ მოქალაქე ო. კ-ასაგან 10-15 მეტრი ბაღის ჩამოჭრისა და მოქალაქე ლ. ა-ზე მიცემის შესახებ, არ არის სწორი იმ მოსაზრებით, რომ მოქალაქე ა-ს აქვს საკუთარი სახლი ეზოთი, სახნავ სათესი მიწა 2 ჰექტარზე მეტი და სამოსახლო ადგილი. ამდენად, მიზანშეწონილად და სწორად ჩაითვალა რაიაღმასკომის პრეზიდიუმის მიერ გამოყოფილი კომისიის დასკვნა იმის შესახებ, რომ მოქალაქე ა-ს უარი ეთქვას კილასონიასაგან საკარმიდამო ბაღის ჩამოჭრისა და მასზედ გადაცემის შესახებ, ვინაიდან მოქალაქე ა-ს აქვს საკმარისი სამოსახლკარე და სახნავი მიწები და არ საჭიროებს მეორე ადგილზე სასახლკარო ადგილით გაფართოებას.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ზემოაღნიშნული ამონაწერების უძრავ ნივთზე ნ. ლ-ის საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებად მიჩნევასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მიწაზე კერძო საკუთრება გაუქმებული იქნა 1921 წლიდან. კერძოდ, „მიწის შესახებ“ საქართველოს რევოლუციური კომიტეტის 1921 წლის 6 აპრილის N17 დეკრეტით, ყველა მიწა მშრომელი ხალხის საერთო კუთვნილებად გამოცხადდა; კერძო მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ ჩამოერთვათ და ისინი მიწის სახელმწიფო ფონდში ჩაირიცხა. აიკრძალა მიწის ყიდვა-გაყიდვა, ასევე იჯარით გადაცემა (პუნქტი 1, 2). ასევე, 1923 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო კოდექსით დადგინდა, რომ მიწა შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ სახელმწიფო საკუთრება და მისი ფლობა შეიძლებოდა მხოლოდ სარგებლობის უფლების საფუძველზე (მუხლი 21, 53). ამასთან, 1964 წელს მიღებული სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსიც მიწას აცხადებდა მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებად და უთითებდა, რომ მიწის გადაცემა დაიშვებოდა მხოლოდ სარგებლობაში (მუხლი 93), მოქალაქეს პირად საკუთრებაში შეიძლებოდა ჰქონოდა საცხოვრებელი სახლი და საოჯახო მეურნეობის, პირადი მოხმარებისა და კეთილმოწყობის საგნები (მუხლი 103). შესაბამისად, მართალია 1911 წლის 7 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ა. ა-მა შეიძინა უძრავი ნივთი, თუმცა 1921 წლიდან მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრება გაუქმებული იქნა. ამდენად, ამ პერიოდიდან მას ან მის მემკვიდრეს მიწის ნაკვეთი შესაძლოა მხოლოდ სარგებლობის უფლებით ჰქონოდა გადაცემული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხაშურის რაიაღმასკომის პრეზიდიუმის 1939 წლის 2 აპრილის N206 სხდომის ოქმის ამონაწერში მითითებული გარემოებაც იმის შესახებ, რომ ლ. ა-ს ჰქონდა საკმარისი სამოსახლკარე და სახნავი მიწები, შესაძლოა გულისხმობდეს მხოლოდ მიწის ნაკვეთების ფლობას სარგებლობისთვის და არა მათ საკუთრებაში არსებობას.
საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ უსაფუძვლოა კასატორის მითითება მოცემულ შემთხვევაში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციისა და სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენების თაობაზე, ვინაიდან ნ. ლ-მა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მართალია მოითხოვა 2022 წელს, თუმცა 1911 წლის ნასყიდობის აქტის საფუძველზე. ნასყიდობის აქტის გაფორმებიდან უფლების რეგისტრაციის მოთხოვნამდე პერიოდში კი ქვეყანაში არსებულმა საკანონმდებლო რეგულაციებმა არაერთი ცვლილება განიცადა, რომელთა საფუძველზეც ხდებოდა მიმდინარე სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგება. მათ შორის, 1921 წლიდან გაუქმდა მიწაზე კერძო საკუთრება და კერძო პირს მიწის ნაკვეთის ფლობა მხოლოდ სარგებლობისთვის შეეძლო. შესაბამისად, სადავო ქონებაც მიწების საყოველთაო ნაციონალიზაციის შედეგად, წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და მისი განკარგვა, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მხოლოდ სახელმწიფოს შეეძლო კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, მოსარჩელის წინაპრების სასარგებლოდ არ განუხორციელებია (სახელმწიფომ ჯერ იჯარით გასცა უძრავი ნივთი კერძო პირზე, შემდგომ გაასხვისა და ამჟამად ჩუქების საფუძველზე, კვლავ დაიბრუნა მასზე საკუთრების უფლება).
საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, ვ. ა-ი დიდ სამამულო ომში დაიკარგა 1942 წლის დეკემბერში, ხოლო ს. ა-ი გარდაიცვალა 1971 წლის აპრილში, ნ. ლ-ი კი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ითხოვს, როგორც ვ. ა-ისა (რომელსაც მოსარჩელის განმარტებით, საკუთრებაში ჰქონდა მისი მამის - ა. (ა.) ა-ის მიერ 1911 წლის 7 ივლისის ნასყიდობის საფუძველზე შეძენილი მიწის ნაკვეთი) და ს. ა-ის მემკვიდრის (შვილი) - ა. ა-ის მემკვიდრე (მეუღლე). ამდენად, ვინაიდან არც ვ. ა-ისა და არც ს. ა-ის გარდაცვალების პერიოდში მოქმედი სამართლებრივი რეგულაციების თანახმად, მიწა კერძო საკუთრებას არ წარმოადგენდა, მიწა ვერც სამკვიდრო მასაში შევიდოდა და ვერც მემკვიდრეს გადაეცემოდა. შესაბამისად, ნ. ლ-იც ვერ იქნება იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც მის მამკვიდრებელს - ა. ა-ს თავისი მშობლებისგან, მამკვიდრებლებისგან არ გადასცემია. მემკვიდრეს შესაძლოა გადასცემოდა მხოლოდ მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დასტურდება. აღსანიშნავია, რომ ს. ა-ის გარდაცვალების შემდგომ, ა. ა-ის სახელზე გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის თანახმად, სამკვიდრო ქონებას შეადგენდა 1/2 წილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე: ქ. ხაშურში, ... ქ. N44, მიწაზე ფართობით 335 კვ.მ. ა. ა-ის მიერ მისი მამკვიდრებლისგან ს. ა-ისაგან სხვა უძრავი ქონების მემკვიდრეობით მიღების შესახებ მოწმობაში მითითებული არ არის. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ხაშურის რეგიონული არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ ხაშურის რეგიონულ არქივში დაცულ, ხაშურის ქალაქის საკრებულოს გამგეობის მიერ 1995 და 1997 წლებში დამტკიცებულ იმ მოქალაქეთა სიებში, რომლებსაც ქ. ხაშურში, ... მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეყოთ მიწის ნაკვეთები, არც ა. ა-ი და არც ს. (ს.) ა-ი არ ფიქსირდებიან.
ამდენად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ ნ. ლ-ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენილი ამონაწერები არ წარმოადგენდა სარეგისტრაციო უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტებს. შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კანონმდებლობის დაცვით იქნა მიღებული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სადავო გადაწყვეტილებები. ამდენად, არ არსებობდა მათი ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ რეგისტრაციის განხორციელების დავალების საფუძველი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 6 სექტემბრის N... გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების თანახმად, მითითებული გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ო. პ-ის განცხადება და გაიცა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, დაზუსტდა უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. კერძოდ, ქალაქ ხაშურში (... ტერიტორია) მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი განისაზღვრა 48 598 კვ.მ.-ით და მიენიჭა ს/კ N... (ნაკვეთის წინა ნომერი: ...). ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე არ მომხდარა მისი სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. საქმეში წარმოდგენილი მიწის (უძრავი ქონების) 2002 წლის 20 თებერვლის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, იგი უკვე სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. გარდა ამისა, იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არ დგინდებოდა სხვა, კერძო პირის საკუთრების უფლება, გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 6 სექტემბრის N... გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2020 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-620(კ-19)) განმარტა, რომ ,,მტკიცების ტვირთი ნაწილდება მხარეთა შორის. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული, ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.“
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, ნ. ლ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გ. ქ-ის მიერ 2025 წლის 25 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინება;
3. ნ. ლ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით გ. ქ-ის (პ/ნ ...) მიერ 2025 წლის 25 ივლისის N28478715792 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე