დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1120(კ-25) 18 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ჭ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 2 ოქტომბერს ნ.ჭ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 01 აგვისტოს №IDP 2 23 00002552 ბრძანების ბათილად ცნობა და სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ნ.ჭ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით ნ.ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 01 აგვისტოს IDP 2 23 00002552 ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ნ.ჭ-ის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და აღნიშნა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 01 აგვისტოს №IDP 2 23 00002552 ბრძანებით, ნ.ჭ-ეს განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მას შესაძლებლობა ჰქონდა, შეუფერხებლად ესარგებლა შვილის საცხოვრებლით და არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას. პალატის მითითებით, ნ.ჭ-ის შვილი, გ.ჭ-ე ცხოვრობდა მეუღლესთან, ორ შვილთან, რძალთან და სამ შვილიშვილთან ერთად. ამასთან, აღნიშნული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა არა გ.ჭ-ის, არამედ მეუღლისა და მისი ორი დის (ი. და გ. ბ-ეების) საკუთრებას. პალატამ მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 96-ე და 97-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ვერ დაასაბუთა ნ.ჭ-ის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის ფაქტი. სააგენტომ ისე უთხრა უარი მოსარჩელეს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, რომ არ შეაფასა იყო თუ არა შესაძლებელი ნ.ჭ-ის შვილის, გ.ჭ-ის მეუღლის (ი.ჭ-ის) ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, დამატებით მისი ცხოვრების შესაძლებლობა, ასევე, არ გაითვალისწინა მოსარჩელის ინდივიდუალურ მახასიათებლები: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები (დგინდება, რომ ნ.ჭ-ის შვილი, გ.ჭ-ე ცხოვრობს მეუღლესთან, ორ შვილთან, რძალთან და სამ შვილიშვილთან ერთად). პალატამ განმარტა, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ, მათ შეფასებას მიჰყავს ადმინისტრაციული ორგანო საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე. ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ვალდებულია სადავო საკითხი გადაწყვიტოს არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ამ შემთხვევაში, არ დასტურდებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი და არ არსებობდა მისი გადაუდებელი განსახლების საჭიროება.
კასატორის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სააგენტოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახლა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაევალა, რაც ძალაში დარჩა როგორც სააპელაციო, ისე უზენაესი სასამართლოს განჩინებებით. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით 2023 წლის 11 თებერვალს განხორციელდა მონიტორინგი ქ. თერჯოლაში, ...ის ქუჩა №25 და შევსებულ იქნა ორი გასაუბრების ოქმი, სადაც მისამართზე სამსახურს დახვდა მოსარჩელის შვილი, გ.ჭ-ე. ასევე, 2023 წლის 11 თებერვალს დამატებითი მონიტორინგი განხორცილედა ნ.ჭ-ის მისამართზე, თერჯოლის რაიონ სოფ. ...ში. სამსახურს ადგილზე თავად მოსარჩელე დახვდა და განუმარტა, რომ მისამართზე ცხოვრობს 1978 წლიდან 2023 წლის ჩათვლით. მასალების მიხედვით ირკვევა, რომ მოსარჩელის ეზოში მდებარეობს ორი საცხოვრებელი სახლი, ერთი დიდი, ხოლო მეორე შედარებით მცირე ზომის. დიდი ზომის სახლის ერთი კედელი მთლიანად არის გადაწეული და აღენიშნება ბზარები.
კასატორის მითითებით, დამატებითი მოკვლევის მიზნით მონიტორინგის ჯგუფი იმყოფებოდა თერჯოლაში, ...ის ქ. №25-ში ნ.ჭ-ის შვილთან - გ.ჭ-ესთან, რომელიც სახლში არ დახვდათ და იმყოფებოდა ქალაქ ფოთში. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქალაქ თერჯოლაში, ...ის ქ.№25-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ეკუთვნის ი.ბ-. გ.ჭ-ის ცოლის დამ განაცხადა, რომ აღნიშნული სახლი არის მათი მამის - გ.ბ-ის საკუთრება. გ. ბ-ე გარდაცვლილია და, შესაბამისად, ქონების მესაკუთრეები არიან მისი შვილები - ი., ნ. და გ. ბ-ეები, თუმცა ამ ეტაპზე ქონება არ არის გაყოფილი. აღნიშნული ინფორმაციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის" 2023 წლის 21 ივლისის სხდომის გადაწყვეტილებით, ნ.ჭ-ეს ეთქვა უარი, ვინაიდან აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად ისარგებლოს ქალაქ თერჯოლაში, ...ის ქ.N25-ში მდებარე შვილის, გ.ჭ-ის საცხოვრებლით და არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანებით დამტკიცებულ „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურაზე“, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საკუთრებაში არსებული (რაც უნდა დასტურდებოდეს საჯარო რეესტრის ამონაწერით) საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა.
ამავე პროცედურის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკრეტული ეკომიგრანტი ოჯახის განაცხადის დაკმაყოფილებაზე ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია. მოცემული მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად დეპარტამენტი, მონაცემთა ბაზის მეშვეობით, ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 პუნქტით დამტკიცებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების კრიტერიუმების (შემდგომში – კრიტერიუმები) შესაბამისად და დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ხოლო ამავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, დეპარტამენტის მიერ განაცხადების დამუშავება გულისხმობს შემდეგს: ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების შესწავლას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამატებითი მონაცემების მოძიებასა და აუცილებელი დოკუმენტაციის მოთხოვნას ეკომიგრანტი ოჯახისაგან და/ან შესაბამისი ორგანიზაცია/დაწესებულებისაგან; მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული ეკომიგრანტი ოჯახისათვის წინასწარი ქულების მინიჭებას კრიტერიუმების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, დეპარტამენტის მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის მცდარი, მონაცემთა ბაზაში განაცხადს მიენიჭება სტატუსი „განაცხადი გაუქმებულია“, რის თაობაზეც ეცნობება განმცხადებელს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდაპირველად მოსარჩელეს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა მოპასუხის 2020 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებით, რაც მის მიერ სასარჩელო წესით გასაჩივრდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ.ჭ-ის სარჩელი; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათლად იქნა ცნობილი ზემოხსენებული ბრძანება და მოპასუხეს ახალი აქტის გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ნ.ჭ-ის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხისთან დაკავშირებით ჩატარდა ხელახალი ადმინისტრაციული წარმოება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული (ეკომიგრანტი) ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის 2023 წლის 21 ივლისის №10 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ იმსჯელა იმ ოჯახების განსახლების საკითხებზე, რომელთა განცხადებასაც მინიჭებული აქვთ 14 და მეტი წინასწარი სარეიტინგო ქულა და კონკრეტულად ნ.ჭ-ეს უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ვინაიდან მას ჰქონდა შესაძლებლობა, შეუფერხებლად ესარგებლა ქალაქ თერჯოლაში, ...ის ქ. №25-ში მდებარე შვილის, გ.ჭ-ის საცხოვრებლით და არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნ.ჭ-ეს მინიჭებული ჰქონდა - 17 ქულა და სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა მხოლოდ ის გარემოება, რომ განმცხადებელს ჰქონდა ალტერნატული საცხოვრებლით სარგებლობის შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხემ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და რელევანტური მტკიცებულბებით ვერ დაასაბუთა ნ.ჭ-ის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის ფაქტი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მოპასუხის მიერ დასახელებულ ქალაქ თერჯოლაში, ...ის ქ. №25-ში მდებარე საცხოვრებელ ფართში, ნ.ჭ-ის შვილი - გ.ჭ-ე ცხოვრობს მეუღლესთან, ორ შვილთან, რძალთან და სამ შვილიშვილთან ერთად. ამავდროულად, აღნიშნული საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს არა გ.ჭ-ის, არამედ მეუღლისა და მისი ორი დის (ი. და გ. ბ-ეების) საკუთრებას. აღნიშნული მოცემულობის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია მოპასუხის პოზიცია, რომ ნ.ჭ-ეს შესაძლებლობა აქვს შუფერხებლად ისარგებლოს სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის არათუ შესაძლებლობა, არამედ რეალურად გარკვეული პერიოდის განმავლობაში სარგებლობა, არ ქმნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ცალსახა საფუძველს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის №ბს-592(კ-20) განჩინება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
გ. უბილავა