დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-963(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ.გ-ას უფლებამონაცვლე თ.გ-ა
მესამე პირი (ასკ - 16.2 მუხ.) – შ.ქ-ი
მესამე პირი (ასკ - 16.1 მუხ.) – ა.გ-ა
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ.გ-ამ 2019 წლის 04 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. ამავე სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის განჩინებით დ.გ-ას სარჩელი გადაეგზავნა განსჯად ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს. აღნიშნული სასამართლოს 2022 წლის 11 მაისის განჩინებით, დაკმაყოფილდა თ.გ-ას განცხადება, რომლითაც მოსარჩელე დ.გ-ას უფლებამონაცვლედ, მისი გარდაცვალების გამო, ცნობილ იქნა თ.გ-ა. ამ უკანასკნელის მიერ სასარჩელო მოთხოვნების არაერთგზის დაზუსტების შემდეგ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 აგვისტოს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომაზე, მოსარჩელის უფლებამონაცვლე თ.გ-ამ საბოლოოდ მოითხოვა ქალაქ ჩხოროწყუში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ...) შ.ქ-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 მაისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელე - საქართველოს ეროვნული არქივის 2024 წლის 18 ივნისის N..., 2024 წლის 01 ივლისის N... ცნობებზე, აგრეთვე 1995-2003 წლების მიწის სარეგისტრაციო ჟურნალზე მითითებით - აღნიშნავს, რომ ქალაქ ჩხოროწყუში შ.ქ-ის და ფ.მ-ის კომლი არ იყო რეგისტრირებული. ფ.მ-ის გარდაცვალების (03.09.2018წ.) შემდგომ დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე კი, უნდა გავრცელებულიყო სამემკვიდრეო სამართლებრივი და არა საკომლო ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები. შესაბამისად, უსაფუძვლოა ქალაქ ჩხოროწყუში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ...) შ.ქ-ის სახელზე აღრიცხვა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ.გ-ას უფლებამონაცვლის თ.გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ჩხოროწყუში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ - ...) შ.ქ-ის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 მაისის N... გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და შ.ქ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებსა და მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი დასკვნები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ფ.მ-სა და შ.ქ-ის კომლის არარსებობის, აგრეთვე, მათთვის - როგორც ქალაქში დასაქმებულთათვის, ქალაქის მიწის სარგებლობაში გადაცემის ფაქტის გათვალისწინებით, რომელზედაც მათ საცხოვრებელი სახლი ააგეს, შ.ქ-ის მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით სადავო ნივთზე სარეგისტრაციო წარმოება უნდა განხორციელებულიყო არა კომლის წევრთა მიმართ გამოსაყენებელი სამართლებრივი რეჟიმის, არამედ მემკვიდრეობის სამართლის დებულებათა შესაბამისად, რომელიც ვრცელდება ქალაქში არსებულ თანასაკუთრებაზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინება და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორმა საქმის მასალებსა და მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მითითებას ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც უგულებელყოფილი იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას. ამასთანავე, არც გასაჩივრებული განჩინება მიუთითებს არსებითად ახალ გარემოებაზე, რომელიც სააგენტოსთვის გახდებოდა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ხსენებული სარეგისტრაციო განცხადების ფარგლებში. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება - კანონიერია, რამდენადაც არ იკვეთება „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლებით განსაზღვრული სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, შეწყვეტის და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. საქმის მასალები შეიცავს უფლების დამდგენ დოკუმენტს, ხოლო მოსარჩელეს აღნიშნული, უპირატესად კი, საკომლო ჩანაწერები სადავოდ არ გაუხდია. მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ნივთის ამჟამინდელ მესაკუთრეს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, წარმოადგენს ა.გ-ა, ამასთან, რეგისტრაციის საფუძველი (ჩუქების ხელშეკრულება) ძალაშია და იგი კანონით დადგენილი წესით, გაუქმებული არ არის, ხოლო ამ უკანასკნელთა ძალაში ყოფნის პირობებში დაუშვებელია რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის შემოწმება, საპროცესო-სამართლებრივი შინაარსით, უკავშირდება საკასაციო საჩივრის საფუძვლების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ პროცესუალურ ვალდებულებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ უწესებს უზენაეს სასამართლოს დეტალური დასაბუთების ვალდებულებას, როდესაც იგი იყენებს კონკრეტულ სამართლებრივ დებულებას საჩივრის დაუშვებლად ცნობისათვის, იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებს ასეთი საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის კანონით განსაზღვრულ წინაპირობებს ან მას წარმატების პერსპექტივა არ გააჩნია (იხ. ევროსასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Gorou v. Greece (No. 2), App. No. 12686/03, §41; იხ. აგრეთვე., ევროსასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე Kukkonen v. Finland (No. 2), App. No. 47628/06, §24). აღნიშნული ეფუძნება იმ დაშვებას, რომ სადავო საკითხებზე არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დეტალური გადაწყვეტილება ან/და ჩატარდა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის სხდომა (იხ. ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Paun Jovanović v. Serbia, App. No. 41394/15, §109.). ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ არ არის წამოყენებული კვალიფიციური საკასაციო პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
უპირველესად, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დადგენილ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 29 მარტს შ.ქ-მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქალაქ ჩხოროწყუში, მდებარე უძრავი ქონების საკუთრებად რეგისტრაცია მოითხოვა, განცხადებას კი დაურთო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სატყეო ფონდის ინფორმაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 მაისის N... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და ქალაქ ჩხოროწყუში, მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...) დარეგისტრირდა შ.ქ-ის საკუთრებად, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 03 ოქტომბრის N... ცნობა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 07 მაისის N168 ბრძანება. საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 03 ოქტომბრის N... ცნობის თანახმად, სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცულ, დაბა ჩხოროწყუს საკრებულოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა მიწის 1995-2003 წლების სარეგისტრაციო ჟურნალის მიხედვით, კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან ფ.მ-ე და შ.ქ-ი. კომლს ერიცხება მიწის ფართი 0,21ჰა. დაბა ჩხოროწყუს საკრებულოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა მიწის 1995-2003 წლების სარეგისტრაციო ჟურნალში და დაბა ჩხოროწყუს საკრებულოს 1986-2006 წლების საკომლო წიგნებში დ.გ-ა კომლის უფროსად/წევრად არ ფიქსირდება. ცნობაზე დანართით ირკვევა, რომ არქივში დაცულია 1995-2003 წლების საკანცელარიო წიგნი N3, ჩხოროწყუს რაიონის, დაბა ჩხოროწყუს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა მიწის სარეგისტრაციო ჟურნალი, რომლის 31-ე გრაფაში მითითებულია ფ.მ-ე, შ.ქ-ი, ფართობი - 0,21ჰა. საქართველოს ეროვნული არქივის 2024 წლის 01 ივლისის N... ცნობის თანახმად, სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცულ, დაბა ჩხოროწყუს 1995-2003 წლებში ჩხოროწყუს (...ის ქუჩა) ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა მიწის სარეგისტრაციო ჟურნალში ფიქსირდებიან ფ.მ-ე, შ.ქ-ი, დაბა ჩხოროწყუს საკრებულოს 1986-1990 (ცვლილებები5 ნაწარმოებია 2006 წლამდე) წლების საკომლო წიგნებში ფ.მ-ის კომლი არ ფიქსირდება. საქართველოს ეროვნული არქივის 2024 წლის 18 ივნისის N... ცნობის თანახმად, განმცხადებლის მიერ მითითებული პირი (ფ.მ-ე, შ.ქ-ი) ფიქსირდება დაბა ჩხოროწყუს 1995-2003 წლების ჩხოროწყუს ტერიტორიაზე (...ის ქუჩა) მცხოვრებ მოქალაქეთა მიწის სარეგისტრაციო ჟურნალში. დადგენილია, რომ ფ.მ-ე და დ.გ-ა 1954 წლის 22 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ფ.მ-ე, 1942 წლიდან დასაქმებული იყო ჩხოროწყუს რაიონის ...ში ...ის თანამდებობაზე. ვ.გ-ა ფ.მ-ის და დ.გ-ას შვილი იყო, ხოლო შ.ქ-ი ვ.გ-ას მეუღლეა. ვ.გ-ა გარდაიცვალა 2004 წლის 08 ოქტომბერს. ჩხოროწყუს სადაბო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის 1974 წლის 19 ივნისის N993 ცნობით დასტურდება, რომ ჩხოროწყუში მცხოვრებ ფ.მ-ის ოჯახს გააჩნდა 0,12 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, თანახმად ზონარგაყრილი წიგნის ჩანაწერით. ჩხოროწყუს სადაბო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის 1974 წლის 19 ივნისის N143/2 მიმართვით, ჩხოროწყუს რაიონის საპროექტო ბიუროს უფროსს ეთხოვა მოქალაქე ფ.მ-ეს გაუფორმდეს საცხოვრებელი სახლის პროექტი. ფ.მ-ემ 15 მანეთი ჩხოროწყუს საპროექტო სახარჯთაღრიცხვო საფასური საცხოვრებელი სახლის პროექტისათვის 1974 წლის 06 აგვისტოს გადაიხადა. 1974 წლის 15 აგვისტოს ჩხოროწყუს მშრომელთა დეპუტატების რაიონის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეს რაიონის არქიტექტორმა გადაუგზავნა დასკვნა, რომლითაც ჩხოროწყუში, ...ის ქუჩა N24-ში ფ.მ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დასაშვებად იქნა მიჩნეული. ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ...ში 1986-1990 წლებში ირიცხებოდა ვ.გ-ას კომლი, მისი კომლის შემადგენლობაში კი მამა დ.გ-ა, რომელიც კომლში ჩაწერილია 1966 წელს; ვ.გ-ას კომლზე რიცხული, ჩხოროწყუ, სოფელ ...ში მდებარე უძრავი ქონება აღრიცხული იყო მის საკუთრებად. შ.ქ-ი (ფ.მ-ის რძალი) 1975-2002 წლებში ჩხოროწყუში მუშაობდა ...ად. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2008 წლის 16 ოქტომბრის N209 ცნობით კი ირკვევა, რომ აწგარდაცვლილი ვ.გ-ა ...ის თემში აღრიცხული იყო ცალკე კომლად და მას პირად სარგებლობაში მიზომილი ჰქონდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. ფ. (შესწორებით ფ.) მ-ე გარდაიცვალა 2018 წლის 03 სექტემბერს, ხოლო 2019 წლის 29 მარტის სამკვიდრო მოწმობით, სამკვიდრო ქონების 1/3 ნაწილი მეუღლემ დ.გ-ამ, ხოლო 1/3 ნაწილი შვილმა თ.გ-ამ მიიღო. დ.გ-ა 2021 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა, ხოლო 2022 წლის 31 იანვრის სამკვიდრო მოწმობით, სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილი შვილმა თ.გ-ამ მიიღო. 1995-2003 წლების მიწის სარეგისტრაციო ჟურნალით დადგენილია, რომ ფ.მ-ეს და შ.ქ-ს ჩხოროწყუში გაუნაწილეს მიწა 0,21 ჰა-ს ოდენობით. დ.გ-ას კომლი რეგისტრირებული იყო ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ...ში. მასთან ერთად კომლში ვ.გ-ა ირიცხებოდა, ხოლო დ.გ-ასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ფ.მ-ე, ხოლო ვ.გ-ასთან - შ.ქ-ი. ფ. მ-ე და შ.ქ-ი დასაქმებული იყვნენ ქალაქ ჩხოროწყუში ...სა და ...ის თანამდებობებზე.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 2019 წლის 29 მარტს დ.გ-ამ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულ ოფისში წარადგინა №... სარეგისტრაციო განცხადება, რომლითაც სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა დაბა ჩხოროწყუში, ...ის ქუჩის №20-ში მდებარე უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაცია. №... სარეგისტრაციო განცხადებას თანდართული იყო პირადობის მოწმობის ასლები, №190341560 სამკვიდრო მოწმობა (თარიღი: 29.03.2019, ნოტარიუსი: მ.კ-ა) და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონული ვერსიები. 2019 წლის 4 აპრილს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული ინფორმაციის შესაბამისად 2018 წლის 3 ოქტომბრის №... წერილის თანახმად, დაბა ჩხოროწყუს საკრებულოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა მიწის 1995-2003 წლების სარეგისტრაციო ჟურნალის მიხედვით კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ ფ.მ-ე და შ.ქ-ი. კომლს ერიცხებოდა მიწის ფართი 0.21 ჰა. საარქივო ჩანაწერებით ირკვეოდა, რომ დაინტერესებული პირი არ ირიცხებოდა ფ.მ-ის კომლში. დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იქნა №190341560 სამკვიდრო მოწმობა ფ.მ-ის სამკვიდრო ქონების 1/3 წილზე, რომლითაც დგინდებოდა ფ.მ-ის გარდაცვალების ფაქტი. №... საარქივო ცნობის მიხედვით, კომლში ასევე ირიცხებოდა შ.ქ-ი, რომელიც აღნიშნულ შემთხვევაში წარმოადგენდა უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის თანახმად, კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან). დაინტერესებული პირი არ ირიცხებოდა შ.ქ-ის კომლში, ხოლო - აღნიშნულიდან გამომდინარე სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი იყო კომლის აქტიური წევრის შ.ქ-ის განცხადება სარეგისტრაციო წარმოებაში ჩართვასთან დაკავშირებით, ან წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა). იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირი გარდაცვლილი იყო წარსადგენი იქნებოდა გარდაცვალების მოწმობა. ამასთან, დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ №... სარეგისტრაციო განცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი და №... განცხადებით წარმოებაში მყოფი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ფიქსირდებოდა ზედდება, სადაც დაინტერესებულ პირს წარმოადგენდა შ.ქ-ი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 22 ნოემბრის N... გადაწყვეტილებით, დ.გ-ას 2019 წლის 29 მარტის განცხადებასთან დაკავშირებით, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკადასტრო კოდით ... რეგისტრირებული ურავი ნივთის მესაკუთრეა ა.გ-ა, შ.ქ-ის შვილი.
საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც კომლის ქონებაზე, კომლში შემავალი პირების თანასაკუთრების უფლების გავრცელება ერთმნიშვნელოვნად ეფუძნება 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მათ ერთ კომლად აღრიცხვის ფაქტს (სუსგ., ბს-1034(კ-21), 23.04.2024წ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ეროვნული არქივის 2024 წლის 18 ივნისის N..., 2024 წლის 01 ივლისის N... ცნობების, ასევე, 1995-2003 წლების მიწის სარეგისტრაციო ჟურნალის შინაარსზე და იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მასზედ, რომ აღნიშნული ჟურნალი შეიცავს ინფორმაციას არა ფ.მ-ის კომლის, არამედ დასახელებულ ჟურნალში ჩამოთვლილ პირთათვის ქალაქში მიწის განაწილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოების მსჯელობას, რომ ფ.მ-ე და შ.ქ-ი დამოუკიდებელ კომლს არ წარმოადგენდნენ. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის შეფასება, რომ სააპელაციო პალატას არ მიუთითებია სამართლებრივად რელევანტურ გარემოებაზე, რომელიც უგულებელყოფილი იქნა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ. ნიშანდობლივია მოსარჩელის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო აქტის - რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 მაისის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემდეგ, იგი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იდავებდა თავისი დარღვეული უფლების აღსადგენად. მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ ჩხოროწყუში არსებული 1349.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), მეუღლეებმა დ.გ-ამ და ფ.მ-ემ ერთად ააშენეს საცხოვრებელი სახლი. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად შენიშნა, რომ ფ.მ-სა და შ.ქ-ის კომლი არ არსებობდა, მათ კი, როგორც ქალაქში დასაქმებულებს, სარგებლობაში გადაეცათ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც საცხოვრებელი სახლი ააგეს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია სასამართლოების მითითება, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებით ჩვეულებრივ გაიხსნა სამკვიდრო ქონებაზე და ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოების დროს, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა ეხელმძღვანელა მემკვიდრეობითი სამართლის დებულებებით.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/ნ...) მიერ 14.08.2025წ. №41243 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/ნ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.05.2025წ. №9143 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე