დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 17.09.2025
საქმის ნომერი
ბს-544(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.09.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-544(კ-25) 17 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - მ. ს-ი, გ. ს-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 8 სექტემბერს მ. და გ. ს-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მ. ს-ის სასარგებლოდ 6 000 (ექვსი ათასი) ლარის, ხოლო გ. ს-ის სასარგებლოდ 6 168 (ექვსი ათას ას სამოცდარვა) ლარის დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ. ს-ისა და მ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გ. ს-ის სასარგებლოდ 6168 ლარის, ხოლო მ. ს-ის სასარგებლოდ 6000 ლარის გადახდა დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ მ. ს-მა და გ. ს-მა 2019 წლის 05 სექტემბერს განცხადებით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს და როგორც პირებმა, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში. განმცხადებლებმა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს №401 დადგენილების საფუძველზე, მოითხოვეს სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 06 დეკემბრის №MES 5 19 01674206 და №MES 6 19 01674207 გადაწყვეტილებებით, მ. ს-ისა და გ. ს-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სამინისტრომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განმცხადებლების სწავლის ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის №3/1135-20 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 06 დეკემბრის №MES 6 19 01674207 და №MES 5 19 01674206 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხეს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების, მოსარჩელეთა განაცხადების არსებითად განხილვისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. განსახილველ საქმეში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მ. ს-ისა და გ. ს-ის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ... საჯარო სკოლაში სწავლის ფაქტი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2022 წლის 17 მაისის №MES 3 22 0000503402 ბრძანებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული №3/1135-20 გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, ცვლილება იქნა შეტანილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 09 დეკემბრის №1613 ბრძანებაში. ბრძანების დანართით განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებულ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, დაემატა მ. ს-ი და გ. ს-ი. აღნიშნული პირები, სოციალური პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდნენ სახელმწიფო სასწავლო გრანტით 2250 ლარის ოდენობით.

ამასთან, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2022 წლის 19 ივლისის MES 2 22 0000816279 წერილით მ. ს-ისა და გ. ს-ის წარმომადგენელს განემარტა, რომ, ვინაიდან გ. და მ. ს-ების სწავლის დაფინანსების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც დასრულებული იყო სახელმწიფო სასწავლო გრანტით 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით სტუდენტთა დაფინანსების გაანგარიშების პროცესი, მ. და გ. ს-ის მონაცემები აღნიშნულ გაანგარიშებაში გათვალისწინებული არ იქნა.

სასამართლომ მიუთითა, რომ სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებით სარგებლობა შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც ჩაირიცხებიან აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, თუმცა ვერ მოიპოვეს ან ნაწილობრივ მოიპოვეს სახელმწიფო გრანტი, ამასთან, უნდა დადასტურებულიყო ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ფაქტი.

სსიპ ... უნივერსიტეტის მიერ 2022 წლის 10 აგვისტოს გაცემული ცნობის თანახმად, მ. ს-ის მიერ, სწავლის დაწყებიდან, გადახდილ იქნა სწავლის საფასური 6000 ლარის ოდენობით. შპს „... უნივერსიტეტის“ მიერ 2022 წლის 13 აგვისტოს გაცემული ცნობის თანახმად, გ. ს-ის მიერ სწავლის დაწყებიდან გადახდილი იქნა სწავლის საფასური 6168 ლარის ოდენობით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რამდენადაც დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეები აკმაყოფილებდნენ დაფინანსების მისაღებად განსაზღვრულ კრიტერიუმებს, გ. და მ. ს-ების მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა საქმეზე ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეებს უნდა ანაზღაურებოდათ მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების“ თანახმად, სამინისტრო უფლებამოსილი იყო სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადარიცხვა განეხორციელებინა შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩაირცხვის გზით, პირველი ნოემბრის და პირველი აპრილისთვის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და ინფორმაციის შესაბამისად. ვინაიდან, გ. და მ. ს-ების სწავლის დაფინანსების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც დასრულებული იყო სახელმწიფო სასწავლო გრანტით 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით სტუდენტთა დაფინანსების გაანგარიშების პროცესი, მ. და გ. ს-ის მონაცემები აღნიშნულ გაანგარიშებაში გათვალისწინებული ვერ იქნებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმად, მ. ს-ი და გ. ს-ი არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. ისინი 2016 წლის 11 ნოემბერს ჩაირიცხნენ სსიპ ... საჯარო სკოლის მე-10 კლასში და ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2016–2017, 2017–2018, 2018–2019 სასწავლო წლებში სწავლობდნენ სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ... საჯარო სკოლაში.

მ. ს-მა და გ. ს-მა 2019 წელს დაასრულეს სრული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ... საჯარო სკოლაში. მ. ს-ი 2019 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩაირიცხა ... უნივერსიტეტში, ... ფაკულტეტზე. გ. ს-ი 2019 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩაირიცხა ... უნივერსიტეტში ... ფაკულტეტზე.

მ. ს-მა და გ. ს-მა 2019 წლის 05 სექტემბერს განცხადებით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრს და როგორც პირებმა, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს №401 დადგენილების საფუძველზე, სოციალური პროგრამის ფარგლებში, მოითხოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 06 დეკემბრის №MES 5 19 01674206 და №MES 6 19 01674207 გადაწყვეტილებებით, მ. ს-ისა და გ. ს-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სამინისტრომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში განმცხადებლების სწავლის ფაქტი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 09 დეკემბრის №1613 ბრძანებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება მიენიჭათ ამ ბრძანების დანართით გათვალისწინებულ იმ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის №3/1135-20 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 06 დეკემბრის №MES 6 19 01674207 და №MES 5 19 01674206 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და მოპასუხეს დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების, მოსარჩელეთა განაცხადების არსებითად განხილვისა და შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელეების განცხადებებთან დაკავშირებით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მ. ს-ისა და გ. ს-ის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ... საჯარო სკოლაში სწავლის ფაქტი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2022 წლის 17 მაისის №MES 3 22 0000503402 ბრძანებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული №3/1135-20 გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, ცვლილება იქნა შეტანილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 09 დეკემბრის №1613 ბრძანებაში. ბრძანების დანართით განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებულ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, დაემატა მ. ს-ი და გ. ს-ი. აღნიშნული პირები, სოციალური პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდნენ სახელმწიფო სასწავლო გრანტით 2250 ლარის ოდენობით.

სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2022 წლის 19 ივლისის №MES 2 22 0000816279 წერილით მ. ს-ისა და გ. ს-ის წარმომადგენელს განემარტა, რომ, ვინაიდან გ. და მ. ს-ების სწავლის დაფინანსების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც დასრულებული იყო სახელმწიფო სასწავლო გრანტით 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით სტუდენტთა დაფინანსების გაანგარიშების პროცესი, მ. და გ. ს-ის მონაცემები აღნიშნულ გაანგარიშებაში გათვალისწინებული არ იქნა. გ. და მ. ს-ები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 17 მაისის №503402 ბრძანებით მოპოვებული დაფინანსებით ისარგებლებდნენ 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში, პროგრამის აკრედიტაციისა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა გარემოებების გათვალისწინებით.

მ. ს-ისა და გ. ს-ის წარმომადგენელმა, 2022 წლის 29 ივლისს, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და მოითხოვა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2022 წლის 19 ივლისის №MES 2 22 0000816279 წერილის ბათილად ცნობა და განვლილი პერიოდის განმავლობაში, სოციალური პროგრამის ფარგლებში გ. ს-ისა და მ. ს-ის კუთვნილი სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2022 წლის 02 აგვისტოს №MES 7 22 0000868330 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მ. ს-ისა და გ. ს-ის წარმომადგენელს განემარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა სადავო საკითხზე, ვინაიდან საკითხის განხილვა სასამართლოს კომპეტენციაში შედიოდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების პროცესს, უმაღლესი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის წესს, ასევე ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პრინციპებს (მუხლი 1). მოცემული კანონის თანახმად, სახელმწიფო სასწავლო გრანტი არის სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სტუდენტისათვის ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად (მუხლი 2. ჰ10).

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არანაკლებ 6%-ისა და არაუმეტეს 20%-ისა. ამავე კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განსაზღვრავს სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესსა და პირობებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის №154/ნ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდება ბაკალავრიატში სწავლა 4 წლის განმავლობაში (იმ შემთხვევაში, როდესაც ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად ისწავლება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, – 5 წლის განმავლობაში).

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს №401 დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტების თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისათვის გამოიყოს 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის გამოიყოს 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. მოცემული დადგენილების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრა, რომ ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხა − 1 920 000 (ერთი მილიონ ცხრაას ოცი ათასი) ლარი, ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სტუდენტებს: 50 სტუდენტს, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

საქმეზე უდავოდ არის დადგენილი, რომ მ. ს-ისა და გ. ს-ის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ... საჯარო სკოლაში სწავლის ფაქტი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2022 წლის 17 მაისის №MES 3 22 0000503402 ბრძანებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული №3/1135-20 გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში, ცვლილება იქნა შეტანილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 09 დეკემბრის №1613 ბრძანებაში. ბრძანების დანართით განსაზღვრულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებულ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე და რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, დაემატა მ. ს-ი და გ. ს-ი. აღნიშნული პირები, სოციალური პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდნენ სახელმწიფო სასწავლო გრანტით 2250 ლარის ოდენობით.

ამდენად, უდავოა ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს №401 დადგენილების პირობებს, ანუ გრანტის მიღებისათვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მოსარჩელეები აკმაყოფილებდნენ არა 2022 წლიდან, როდესაც სამინისტრომ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მოსარჩელეთა სწავლის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო, არამედ 2019 წლიდან, როდესაც მოსარჩელეები მათთვის სწავლის დაფინანსებას მოითხოვდნენ. აღნიშნულ გარემოებას არც კასატორი უარყოფს, თუმცა მიუთითებს, რომ 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით სტუდენტთა დაფინანსების გაანგარიშების პროცესში ვერ მოხერხდა მ. და გ. ს-ების გათვალისწინება. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ მოსარჩელეები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აკმაყოფილებდნენ სახელმწიფო გრანტის მიღების კრიტერიუმებს სწავლის დაწყების ეტაპიდან, თუმცა მათ მოპასუხის უკანონო ქმედებით მიადგათ ზიანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411- ე მუხლის თანახმად კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა მოსარჩელეთა მიერ გაღებული სწავლის ხარჯების ანაზღაურება, რამდენადაც, მოსარჩელეები საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს №401 დადგენილების პირობებს აკმაყოფილებდნენ სამინისტროში განცხადების წარდგენის მომენტიდან/სწავლის დაწყების ეტაპიდან - 2019 წლიდან, თუმცა მათი სწავლა დაფინანსდა მხოლოდ 1 წლით - 2022 წელს, რის გამოც მათ მიადგათ მატერიალური ზიანი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ქ. ცინცაძე

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ბ. შონია