დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-213(კ-25) 1 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „... ბანკი“
მესამე პირი - კ. ლ-ა
მესამე პირი - ...ი „...“
მესამე პირი - კერძო აღმასრულებელი დ. ე-ი
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს „...ბანკმა“ სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 23 იანვრის №A18044871-023/001 და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 8 თებერვლის №A18044871-026/001 განკარგულებების ბათილად ცნობა (დაზუსტებული მოთხოვნა).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ კ. ლ-ა და არაკომერციული პირი ,,...’’.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივნისის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება კერძო აღმასრულებელი დ. ე-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სს „... ბანკის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „... ბანკმა“. რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით სს ,,... ბანკის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს ,,... ბანკის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 8 თებერვლის NA18044871-026/001 განკარგულება; სს ,,... ბანკის’’ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, 25-ე, 69-ე და 75-ე მუხლებზე, ასევე ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების მე-3 მუხლეზე და აღნიშნა, რომ სადავო აქტი ეფუძნება იმ მითითებას, რომ აუქციონზე გატანილი ქონების შემძენმა არ გადაიხადა თანხა კანონით განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც გაუქმდა 2019 წლის 11 იანვარს დასრულებული (ონლაინ) აუქციონის (#...) (ლოტი #...) შედეგი. პალატის მითითებით, დასახელებულ აქტთან მიმართებით, სასარჩელო პრეტენზია მიემართება იმ გარემოებას, რომ სააღსრულებო ბიუროს კანონი არ უკრძალავდა მიეღო ,,დაგვიანებით’’ გადახდილი თანხა და სწორედ ამ შუამდგომლობით მიმართა კიდეც სს ‘’... ბანკის‘’ წარმომადგენელმა სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 23 ივნისს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებზე: №A18044871 სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის მიზნით, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა 2018 წლის 18 დეკემბერს (აუქციონი №..., ლოტი №...), 2018 წლის 26 დეკემბერს (აუქციონი №..., ლოტი №...) და 2019 წლის 3 იანვარს (აუქციონი №..., ლოტი №...). 2019 წლის 3 იანვარს გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი დასრულდა 2019 წლის 11 იანვარს და უძრავი ქონება გაიყიდა 51 300 ლარად. 2019 წლის 11 იანვარს, 16:00 საათზე დასრულებულ პირველ განმეორებით აუქციონზე (№..., ლოტი №...) გამარჯვებულად გამოვლინდა სს „... ბანკი“. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 23 იანვრის №A18044871-023/001 განკარგულებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა 2019 წლის 11 იანვარს დასრულებული (ონლაინ) აუქციონის (№..., ლოტი №...) შედეგი, ვინაიდან უძრავი ქონების შემძენმა კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა აუქციონზე დადგენილი უძრავი ქონების ღირებულება. აუქციონის შედეგების გაუქმების შესახებ №A18044871-023/001 განკარგულება ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა 2019 წლის 23 იანვარს, 09:31 სთ-ზე.
პალატის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სს ,,... ბანკმა’’ უძრავი ქონების საფასური კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით გადაიხადა. მოქმედი კანონმდებლობა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, იმპერატიული ხასიათის ჩანაწერს შეიცავს და ადგენს სააუქციონო თანხის (უძრავი ქონების ღირებულების) 10 დღის ვადაში გადახდის ვალდებულებას, რაც არ აძლევს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაგვიანებით გადახდილი თანხის ,,საპატიოდ’’ მიჩნევის საკითხზე მსჯელობის საფუძველს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც 2019 წლის 23 იანვრის 09:31 სთ-ის მდგომარეობით, აუქციონის შედეგები უკვე გაუქმებულად გამოცხადდა. ამდენად, სადავო №A18044871-023/001 განკარგულებასთან დაკავშირებით, პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მის კანონიერად მიჩნევასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მეორე სასარჩელო მოთხოვნას, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 8 თებერვლის №A18044871-026/001 განკარგულების კანონიერებას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო აქტის კანონიერება შედავებულია იმ თვალსაზრისით, რომ აუქციონი ჩატარდა არსებული კანონმდებლობის დარღვევით - კერძოდ, ნაცვლად ხელახალი აუქციონისა ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა განმეორებითი აუქციონი.
პალატამ, ამ მხრივ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე, კერძოდ: №A18044871 სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის მიზნით, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა 2018 წლის 18 დეკემბერს (აუქციონი №..., ლოტი №...), 2018 წლის 26 დეკემბერს (აუქციონი №..., ლოტი №...) და 2019 წლის 3 იანვარს (აუქციონი №..., ლოტი №...). 2019 წლის 3 12 იანვარს გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი დასრულდა 2019 წლის 11 იანვარს და უძრავი ქონება გაიყიდა 51 300 ლარად. ქონება შეიძინა სს ‘’... ბანკმა’’, თუმცა მის მიერ ქონების საფასურის გადახდა არ განხორციელებულა კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში. შედეგად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 23 იანვრის №A18044871-023/001 განკარგულებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა 2019 წლის 11 იანვარს დასრულებული (ონლაინ) აუქციონის (№..., ლოტი №...) შედეგი. ამავე უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა 2019 წლის 24 იანვარს (აუქციონი №..., ლოტი №...). აუქციონი გამოცხადდა ,,განმეორებითი’’ ფორმით, რა დროსაც სარეალიზაციო თანხად განისაზღვრა 17 100 ლარი და ...მა „...“-მა, უძრავი ქონება შეიძინა 17 100 ლარად.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის თანახმად, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატის განმარტებით, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულია „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი“, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში ქონების საწყისი ფასი შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრულ საწყის ფასს; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველი განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს. ხოლო მე-3 ნაწილი ადგენს, რომ თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი განმეორებითი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ქონების ფასის სრულად გადახდის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. ხოლო 76-ე მუხლის მიხედვით, თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონის 75-ე მუხლით დადგენილ ვადაში, იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას, რომელიც მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას ჩატარებული აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ და მისი გამოცემიდან 3 დღის ვადაში აცხადებს ხელახალ აუქციონს, რომელიც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად.
სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნულ ნორმათა შესაბამისად განმარტა, რომ მოქმედი კანონმდებლობა ერთმანეთისგან განასხვავებს ხელახალ და განმეორებით აუქციონს, რა დროსაც განსახვავდება როგორც აუქციონის ჩატარების პროცედურა, ისე სარეალიზაციო ქონების საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი. მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში დაცული მასალებისა და სადავო საკითხის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების მხედველობაში მიღებით, პალატამ მიიჩნია, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, 2019 წლის 23 იანვარს გაუქმებული აუქციონის შემდეგ, უნდა ჩაეტარებინა ,,ხელახალი’’ და არა ,,განმეორებითი’’ აუქციონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი“-ს შესაბამისად. ვინაიდან, კანონის დანაწესი ცალსახად ადგენს, რომ აუქციონის გაუქმების შემდეგ პროცედურა ბრუნდება საწყის ეტაპზე და ცხადდება ,,ხელახლა’’, ხოლო მოცემულ შემთხვევაში აუქციონის იმავე ეტაპიდან გაგრძელება, ,,განმეორებით’’ არ შეესაბამებოდა მოქმედ ნორმატიულ მოწესრიგებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
კასატორის განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის თანახმად, თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონის 75-ე მუხლით დადგენილ ვადაში, იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს გარანტიის სახით წარდგენილ თანხას, რომელიც მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას ჩატარებული აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ და მისი გამოცემიდან 3 დღის ვადაში აცხადებს ხელახალ აუქციონს, რომელიც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად.
კასატორი აღნიშნავს, რომ სადავო გადაწყვეტილებაში სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 23 იანვარს გაუქმებული აუქციონის შემდეგ, უნდა ჩაეტარებინა ,,ხელახალი’’ და არა ,,განმეორებითი’’ აუქციონი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესი“-ს შესაბამისად, არ ეთანხმება და უთითებს, რომ აღმასრულებელმა აუქციონი გააგრძელა იმავე ეტაპიდან, რა ეტაპიდანაც გაუქმდა აუქციონის შედეგი. შესაბამისად, აუქციონის შედეგების გაუქმების შემდგომ ჩატარდა მეორე განმეორებითი აუქციონი, რაც შესაბამისობაში მოდის ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის მოთხოვნასთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სს „... ბანკის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „... ბანკმა“. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით სს ,,... ბანკის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს ,,... ბანკის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 8 თებერვლის NA18044871-026/001 განკარგულება; სს ,,... ბანკის’’ სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, ხოლო სს ,,... ბანკს’’ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, კერძოდ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 23 იანვრის №A18044871-023/001 განკარგულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 8 თებერვლის №A18044871-026/001 განკარგულების კანონიერება.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად: 2018 წლის 17 აპრილს, კერძო აღმასრულებელს დ. ე-ს სს „... ბანკის“ წარმომადგენელის განცხადებით აღსასრულებლად წარედგინა ნოტარიუს ლ. ჭ-ას მიერ 2018 წლის 12 აპრილს გაცემული №180385544 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მოვალეს - კ. ლ-ას კრედიტორის - სს „... ბანკის“ სასარგებლოდ ჯამში ეკისრებოდა 61 989,13 აშშ დოლარის და 120 ლარის ანაზღაურება. ამასთან, აღსრულების ფარგლებში სარეალიზაციოდ მისაქცევ ობიექტებს წარმოადგენდა: 1. ქ. ბათუმში, ... ქ. №40-ში, პირველ სართულზე მდებარე 43,88 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი და 40,85 კვ.მ. ფართის მქონე ანტრესოლი (ს/კ №...); 2. ქ. ბათუმში, ... ქ. №11-ში მდებარე №33 ბინა, ფართით 115,98 კვ.მ. (ს/კ №...). აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო №A18044871 სააღსრულებო საქმის წარმოება.
№A18044871 სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, კერძო აღმასრულებელმა დ. ე-მა მოვალეს - კ. ლ-ას 2018 წლის 18 აპრილს გაუგზავნა №A18044871-004/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც ადრესატმა პირადად ჩაიბარა 2018 წლის 20 აპრილს. აღნიშნული წინადადებით, გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალეს ეცნობა საქმის წარმოების მიმდინარეობის სანახავად საჭირო გადახდის იდენტიფიკატორი და ასევე, განემარტა, რომ აღსრულების ღონისძიების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით აღარ ეცნობებოდა.
კერძო აღმასრულებელის დ. ე-ის 2018 წლის 3 მაისის №A18044871-008/001 მოთხოვნის შესაბამისად, 2018 წლის 10 მაისს მომზადდა კ. ლ-ას სახელზე რიცხული №... და №... საკადასტრო ერთეულების შეფასება. №... შეფასების ანგარიშის თანახმად, შესაფასებელი ქონების - №... საკადასტრო ერთეულის საბაზრო ღირებულებამ (დამრგვალებით) შეადგინა 397 000 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი (162 000 აშშ დოლარი). №... შეფასების ანგარიშის თანახმად, შესაფასებელი ქონების - №... საკადასტრო ერთეულის საბაზრო ღირებულებამ (დამრგვალებით) შეადგინა 171 000 (ას სამოცდათერთმეტი ათასი) ლარი (70 000 აშშ დოლარი).
კერძო აღმასრულებელმა დ. ე-მა, სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ, 2018 წლის 25 სექტემბრის №A18044871-014/001 განაცხადით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს და კ. ლ-ას საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებებზე - №... და №... საკადასტრო ერთეულებზე, სააუქციონო მომსახურების გაწევა მოითხოვა.
№A18044871 სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის მიზნით, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა 2018 წლის 25 ოქტომბერს (აუქციონი №..., ლოტი №...), 2018 წლის 2 ნოემბერს (აუქციონი №..., ლოტი №...) და 2018 წლის 12 ნოემბერს (აუქციონი №..., ლოტი №...). 2018 წლის 12 ნოემბერს გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი დასრულდა 2018 წლის 20 ნოემბერს.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 26 ნოემბრის №A18044871-020/001 განკარგულებით, კ. ლ-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების - ს/კ №... მესაკუთრე, 2018 წლის 20 ნოემბერს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე, გახდა შპს „ქ...ი“, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 138 950 ლარად. ამასთან, ქონების შემძენის მიერ გადახდილი თანხიდან დღგ-ს შეადგენდა 21 195,76 ლარი.
დადგენილია, რომ №A18044871 სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის მიზნით, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა 2018 წლის 18 დეკემბერს (აუქციონი №..., ლოტი №...), 2018 წლის 26 დეკემბერს (აუქციონი №..., ლოტი №...) და 2019 წლის 3 იანვარს (აუქციონი №..., ლოტი №...). 2019 წლის 3 იანვარს გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი დასრულდა 2019 წლის 11 იანვარს და უძრავი ქონება გაიყიდა 51 300 ლარად.
2019 წლის 11 იანვარს, 16:00 საათზე დასრულებულ პირველ განმეორებით აუქციონზე (№..., ლოტი №...) გამარჯვებულად გამოვლინდა სს „... ბანკი“.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 23 იანვრის №A18044871-023/001 განკარგულებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა 2019 წლის 11 იანვარს დასრულებული (ონლაინ) აუქციონის (№..., ლოტი №...) შედეგი, ვინაიდან მოვალე კ. ლ-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების შემძენმა კანონით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა აუქციონზე დადგენილი უძრავი ქონების ღირებულება. აუქციონის შედეგების გაუქმების შესახებ №A18044871-023/001 განკარგულება, ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა 2019 წლის 23 იანვარს 09:31 სთ-ზე.
№A18044871 სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის მიზნით, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა 2019 წლის 24 იანვარს (აუქციონი №..., ლოტი №...). 2019 წლის 24 იანვარს გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი დასრულდა 2019 წლის 1 თებერვალს.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 8 თებერვლის №A18044871-026/001 განკარგულებით, კ. ლ-ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე, მისამართზე: ქ. ბათუმი, ... №11, ბინა №33 (ს/კ №...), მესაკუთრე 2019 წლის 1 თებერვალს დასრულებულ იძულებით საჯარო აუქციონზე გახდა ...ი „...“, რომელმაც უძრავი ქონება შეიძინა 17 100 ლარად. ქონების შემძენის მიერ თანხა სრულად იქნა გადახდილი.
დადგენილია, რომ სს „... ბანკის“ წარმომადგენელმა 2019 წლის 23 იანვარს №3268 განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს და აცნობა, რომ 2019 წლის 11 იანვარს, 16:00 საათზე დასრულებულ აუქციონზე (№..., ლოტი №...) უძრავი ნივთის შეძენის საფასური გადახდილი იქნა სრულად, მაგრამ თბილისის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე აისახა 2019 წლის 22 იანვარს. შესაბამისად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი იქნა ქონების აუქციონზე შეძენის საფასურის სრულად გადახდის ჩათვლა და შესაბამისი განკარგულების გაცემა. 2019 წლის 22 იანვრის საგადახდო დავალებით დგინდება, რომ სს „... ბანკის“ მიერ №A18044871 სააღსრულებო საქმის ფარგლებში, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე 51 300 ლარი ჩარიცხული იქნა 2019 წლის 22 იანვარს. საგადახადო დავალებაზე ბანკში შესვლის თარიღად და ბანკის მიერ გატარების თარიღად დაფიქსირებული იქნა 2019 წლის 22 იანვარი.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის უფროსის 2019 წლის 11 თებერვლის №9834 წერილით სს „... ბანკის“ წარმომადგენელს უარი ეთქვა 2019 წლის 23 იანვრის №3268 განცხადებაში მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. ამავე წერილით განმცხადებელს განემარტა, რომ 2019 წლის 11 იანვარს, 16:00 საათზე დასრულებულ პირველ განმეორებით აუქციონზე (№..., ლოტი №...) გამარჯვებული პირის მიერ უძრავი ნივთის ფასის სრულად გადახდა განხორციელდა 2019 წლის 22 იანვარს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლით დადგენილი ვადის დარღვევით (მე-11 დღეს). შესაბამისად, 2019 წლის 23 იანვარს, საქმის მწარმოებელი აღმასრულებლის მიერ გამოიცა №A18044871-023/001 განკარგულება „აუქციონის შედეგების გაუქმების თაობაზე“, რომლითაც გაუქმდა 2019 წლის 11 იანვარს დასრულებული აუქციონის (№..., ლოტი №...) შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 8 თებერვლის №A18044871-026/001 განკარგულების კანონიერება, რომელიც მოსარჩელის მიერ შედავებულია იმ თვალსაზრისით, რომ აუქციონი ჩატარდა არსებული კანონმდებლობის დარღვევით. კერძოდ, ნაცვლად ხელახალი აუქციონისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაატარა განმეორებითი აუქციონი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავით დადგენილია იძულებითი აუქციონის ჩატარების შესაძლებლობა. აღნიშნული კანონის 71-ე მუხლის თანახმად, იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები, წესი და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებულია „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი“, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. უძრავი ქონების წინმსწრებ აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში ქონების საწყისი ფასი შეადგენს მესაკუთრის მიერ განსაზღვრულ საწყის ფასს; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველი განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს. ხოლო მე-3 ნაწილი ადგენს, რომ თუ ქონების რეალიზაცია პირველ განმეორებით აუქციონზედაც არ მოხდება, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი განმეორებითი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს მეორე განმეორებით აუქციონს. მეორე განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი განმეორებითი აუქციონი. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი სრულად უნდა გადაიხადოს აუქციონის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული კანონის 76-ე მუხლის მიხედვით, თუ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონის 75-ე მუხლით დადგენილ ვადაში, იგი კარგავს აუქციონის ჩატარების დღეს გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას, რომელიც მიექცევა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს განკარგულებას ჩატარებული აუქციონის შედეგის გაუქმების შესახებ და მისი გამოცემიდან 3 დღის ვადაში აცხადებს ხელახალ აუქციონს, რომელიც არ ჩაითვლება განმეორებით აუქციონად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ №A18044871 სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის მიზნით, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა 2018 წლის 18 დეკემბერს (აუქციონი №..., ლოტი №...), 2018 წლის 26 დეკემბერს (აუქციონი №..., ლოტი №...) და 2019 წლის 3 იანვარს (აუქციონი №..., ლოტი №...). 2019 წლის 3 იანვარს გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი დასრულდა 2019 წლის 11 იანვარს და უძრავი ქონება გაიყიდა 51 300 ლარად. ქონება შეიძინა სს ,,... ბანკმა’’, თუმცა მის მიერ ქონების საფასურის გადახდა არ განხორციელებულა კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში. შედეგად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 23 იანვრის №A18044871-023/001 განკარგულებით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 76-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა 2019 წლის 11 იანვარს დასრულებული (ონლაინ) აუქციონის (№..., ლოტი №...) შედეგი. ამავე უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით, ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა 2019 წლის 24 იანვარს (აუქციონი №..., ლოტი №...). დადგენილია, რომ აუქციონი გამოცხადდა განმეორებითი ფორმით, რა დროსაც სარეალიზაციო თანხად განისაზღვრა 17 100 ლარი და ...მა „...“-მა, უძრავი ქონება შეიძინა 17 100 ლარად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ხელახალ აუქციონს, რომელიც არ იყო განმეორებითი აუქციონი და იგი უნდა ჩატარებულიყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი“-ს თანახმად, პირველი იძულებითი აუქციონის გამოცხადებით და ქონების საწყისი ფასი უნდა განსაზღვრულიყო ღირებულების 75%-ით. ვინაიდან, სს ,,... ბანკის’’ მიერ შეძენილი უძრავი ქონების ფასის გადაუხდელობის გამო იძულებითი აუქციონის შედეგების გაუქმებამ იძულებითი აღსრულების პროცესი დააბრუნა საწყის ეტაპზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 8 თებერვლის №A18044871-026/001 განკარგულება გამოცემულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის N21 ბრძანებით დამტკიცებული ,,იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმები და წესი’’-ს მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, აუქციონის იმავე ეტაპიდან გაგრძელება, (განმეორებით) არ შეესაბამებოდა მოქმედ ნორმატიულ მოწესრიგებას. აღნიშნული კი წარმოადგენს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება;
3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს/კ 205263873) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 27 სექტემბერს №17535 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ბ. შონია
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. მაკარიძე