დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.09.2025
საქმის ნომერი
ბს-877(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.09.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-877(კ-25) 19 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ. ფ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 1 ნოემბერს მ. ფ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 სექტემბრის IDP 3 23 00002706 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მ. ფ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით, მ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 სექტემბრის IDP 3 23 00002706 ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ. ფ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მ. ფ-ეს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი უთხრა იმ პირობებში, როდესაც მისი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმში, 1992 წლის სექტემბრამდე ცხოვრების ფაქტი დასტურდებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობით. სხვა რაიმე გარემოება ან მტკიცებულება, რაც აღნიშნულ ფაქტს გამორიცხავდა ან უარყოფდა ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუძიებია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლო სხდომაზე დავის განხილვისას დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ მ. ფ-ეს დევნილობამდე აფხაზეთის ტერიტორია მუდმივად არ მიუტოვებია. იგი ოჯახთან ერთად დროებით, სამუშაოდ იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რაც არ გულისხმობს პირის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვებას და სხვა ადგილზე მუდმივად საცხოვრებლად გადასვლას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 სექტემბრის IDP 3 23 00002706 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის კანონით დადგენილ ვადაში, მ. ფ-ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული რიგი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ მ. ფ-ე 1985 წელს მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ. მოსკოვში, სადაც მუშაობდა მისი მეუღლე და სკოლაში სწავლობდნენ მისი შვილები. ამდენად, მოსარჩელე 1985 წლიდან აღარ იყო დაკავშირებული ქ. სოხუმთან ყოველდღიური ყოფით, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გასაჩივრებული ბრძანება მიღებულია კანონის სრული დაცვით. შესაბამისად, არ არსებობდა მისი ბათილად ცნობისა და სააგენტოსთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2023 წლის 25 ივლისს მ. ფ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. განცხადებას თან ერთვოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2023 წლის 25 ივლისის №0000664 ცნობა, რომლის თანახმად, მ. ფ-ე 1992 წლის სექტემბრამდე ცხოვრობდა ქ. სოხუმში, ... ქ. №12-ში. მითითებულ ტერიტორიულ ორგანოში მ. ფ-ის მიერ 2023 წლის 25 ივლისს შევსებულ განცხადება-ანკეტაში მითითებულია, რომ როგორც კი დაიწყო საომარი მდგომარეობა (1992 წელი), მან მთელი ოჯახით, მანქანით დატოვა საცხოვრებელი ადგილი და სოჭის გავლით წავიდა მოსკოვში.

დადგენილია, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს მ. ფ-ეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მიეთითა, რომ მ. ფ-ე დაიბადა ... წელს სოხუმში (აღნიშნული ასევე დასტურდება საქმის მასალებში წარმოდგენილი დაბადების მოწმობით), 1973 წელს დაამთავრა სოხუმის N... საშუალო სკოლა, ხოლო 1976 წელს - სოხუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. 1974 წელს მ. ფ-ემ იქორწინა ქალაქ სოხუმში. მისი მეუღლე (ასევე დაბადებული ქალაქ სოხუმში) 1985 წლამდე მუშაობდა ქალაქ სოხუმში. გასაუბრების კითხვარში ასევე მითითებულია, რომ მ. ფ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე (1992 წლის სექტემბერი) წარმოადგენდა ქ. სოხუმი, ... ქ. N12.

ასევე დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 სექტემბრის IDP 3 23 00002706 ბრძანებით, სსიპ დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 25 სექტემბრის IDP 5 23 01006316 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, მ. ფ-ეს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. დასკვნაში მიეთითა, რომ მ. ფ-ე 1985 წლის შემდეგ მუდმივად აღარ ცხოვრობდა ქ. სოხუმში. 1985 წელს იგი მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ. მოსკოვში, სადაც მუშაობდა მისი მეუღლე და სკოლაში სწავლობდნენ მისი შვილები. მ. ფ-ე 1985 წლიდან აღარ იყო დაკავშირებული ქ. სოხუმთან ყოველდღიური ყოფით, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილით. მას არ დაუტოვებია აფხაზეთი ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამო და შესაბამისად, მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი არ არის.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 27 სექტემბრის IDP 3 23 00002706 ბრძანების კანონიერებას. ასევე, მის თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, მ. ფ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ პუნქტის მიხედვით, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10), 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11), 17.06.2021წ. №ბს-858(2კ-20)).

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ მ. ფ-ე დაიბადა ქალაქ სოხუმში, დაამთავრა სოხუმის N... საშუალო სკოლა და ინდუსტრიული ტექნიკუმი, დაქორწინდა ქალაქ სოხუმში. მისი მეუღლე (ასევე დაბადებული ქალაქ სოხუმში) 1985 წლამდე მუშაობდა ქალაქ სოხუმში. ამასთან, საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ვ. მ-მა განაცხადა, რომ მ. ფ-ეს იცნობს დაახლოებით 1972-73 წლიდან. მოწმის ჩვენების თანახმად, მ. ფ-ე ცხოვრობდა … ქუჩაზე, მშობლებთან ერთად და მუშაობდა ფაბრიკაში. მოწმის თქმით, მ. ფ-ე დაახლოებით 1978 წელს დაოჯახდა და ცხოვრობდა ქ. სოხუმში, ... ქუჩაზე. 1985 წელს მოსარჩელის ოჯახი წავიდა რუსეთში სამუშაოდ, 1990 წელს დაბრუნდნენ რუსეთიდან, დაიწყეს სახლის შენება, აპირებდნენ ბავშვების სკოლაში მიყვანას. 1992 წელს, ომის შემდგომ კი მ. ფ-ის ოჯახი კვლავ რუსეთში გაემგზავრა. მეტიც, საქმის მასალებში წარმოდგენილი 2023 წლის 25 ივლისის №0000664 ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო ადასტურებს, რომ მ. ფ-ე 1992 წლის სექტემბრამდე ცხოვრობდა ქ. სოხუმში, ... ქ. №12-ში.

ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების პოზიციას იმის თაობაზე, რომ მ. ფ-ეს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი უთხრა იმ პირობებში, როდესაც მისი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სოხუმში, 1992 წლის სექტემბრამდე ცხოვრების ფაქტი დასტურდებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობით. სხვა რაიმე გარემოება ან მტკიცებულება, რაც აღნიშნულ ფაქტს გამორიცხავდა ან უარყოფდა ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუძიებია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დავის განხილვისას დადგენილ იქნა ის გარემოება, რომ მ. ფ-ეს დევნილობამდე აფხაზეთის ტერიტორია მუდმივად არ მიუტოვებია. იგი ოჯახთან ერთად დროებით იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, რაც არ გულისხმობს პირის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვებას და სხვა ადგილზე მუდმივად საცხოვრებლად გადასვლას. ამდენად, მართალია მ. ფ-ეს კონკრეტულ პერიოდში საცხოვრებელ ადგილად უფიქსირდება ქალაქ მოსკოვი, თუმცა აღნიშნული უტყუარად არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე 1992 წლის მდგომარეობით არ იყო ქ. სოხუმის მუდმივი მაცხოვრებელი. საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის, მოწმის ჩვენებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობის ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი მ. ფ-ეს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე, რაც ქმნიდა წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე