დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1353(კ-24) 30 ოქტომბერი, 2025 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-ე, თ. ს-ე, ნა. ს-ე,ხ. ს-ე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.2024 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დევნილის სტატუსის აღდგენა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.04.2024 წლის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი მოსარჩელე“), თ. ს-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეორე მოსარჩელე“), ნა. ს-ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მესამე მოსარჩელე“) და ხ. ს-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მეოთხე მოსარჩელე“, დანარჩენ მოსარჩელეებთან ერთად - „მოსარჩელეები“) სარჩელი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 13.07.2023 წლის №IDP 2 23 00002020, №IDP 9 23 00002018, №IDP 0 23 00002019 და №IDP 3 23 00002021 ბრძანებები მოსარჩელეებისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე, სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა მოსარჩელეებისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის (მინიჭების) შესახებ.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.
3.2. მითითებული ნორმის საფუძველზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მოსარჩელეებისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა, რომ მოსარჩელეები არ გამხდარან იძულებული დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო. მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას საფრთხე არ შეჰქმნია 1992-1993 წლების საომარი მოქმედებების გამო.
3.3. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებით კანონმდებელი იყენებს ცნებას „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“ და არა „რეგისტრაციის ადგილი“ ან „საცხოვრებელი ადგილი“, შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება „საცხოვრებელი ადგილის“, „მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა“ და „რეგისტრაციის ადგილის“ ცნებების გამიჯვნას. საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეს წარმოადგენს „რეგისტრაციის ადგილი“ და „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულოა პირის ნებასთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის არსებობა. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე (სუსგ №ბს-1896-1849(კ-10), 09.06.2011წ.).
3.4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია გარემოება იმის შესახებ, რომ პირველი მოსარჩელის სახელზე გაცემულ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობაში რეგისტრაციის ადგილად მითითებულია აფხაზეთი, გაგრა, სოფ. სულევო. იგი დევნილად რეგისტრირებულია ლანჩხუთში, ...ის ქ. №22-ში. მოსარჩელეებმა 2013 წელს გაიარეს დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია, შესაბამისად, მოსარჩელეებს ჰქონდათ დევნილის სტატუსი და სტატუსი ჩამოერთვათ იმ პირობებში, როდესაც სტატუსის მფლობელები იყვნენ ათეული წლების წინ.
3.5. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მოწმეთა ჩვენებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირველი მოსარჩელის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, ე.ი. მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ მოსარჩელეებმა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზეზით. პირველი მოსარჩელის ლანჩხუთში მუშაობის, ქორწინების ლანჩხუთში რეგისტრაციის, ასევე მოსარჩელეების (პირველი მოსარჩელის შვილების) საცხოვრებელ ადგილად ქალაქ ლანჩხუთის მითითება განყენებულად არ მიუთითებს საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის საფუძვლიანობაზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი სადავო ბრძანებები და მოპასუხეს დაევალა ახალი აქტის გამოცემა მოსარჩელეთათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
7. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია მოსარჩელეებისთვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის სამართლებრივი წინაპირობების არსებობა.
8. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი. გასაჩივრებული სააგენტოს 13.07.2023 წლის ბრძანებებით მოსარჩელეებს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოერთვათ მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, დევნილის სტატუსის ჩამორთმევის მართლზომიერების შეფასება საჭიროებს სინამდვილესთან შეუსაბამო მონაცემების საფუძველზე დევნილის სტატუსის მინიჭების დადასტურებას.
9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება („საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხ.). მითითებული ნორმიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
10. დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციას ადგენს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, ასეთ ადგილად მიიჩნევა დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება, დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვრებელის არსიდან გამომდინარე პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს (სუსგ №ბს-1227-1213(კ-11), 01.02.2012 წელი).
12. საქმის მასალებში არსებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 06.06.2023 წლის წერილის მიხედვით, პირველი მოსარჩელის რეგისტრაციის ადგილია გაგრა, სოფ. ... (ტ. 1, ს.ფ. 191).
13. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 28.12.2013 წელს პირველი მოსარჩელის სახელზე გაიცა იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის მოწმობა, რომლის შესაბამისად, ლანჩხუთი არის პირველი მოსარჩელის დროებითი საცხოვრებელი ადგილი (ტ.1, ს.ფ. 198).
14. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე 06.07.2023 წლის გასაუბრების კითხვარის თანახმად, პირველი მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა გაგრა, სოფ. ..., უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გაანაწილეს ლანჩხუთში სამუშაოდ, მუშაობდა ლანჩხუთის ...ში (ტ.1, ს.ფ. 214-217). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გამორიცხავს მისი გადაადგილების თავისუფლებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს ფაქტობრივ და არა იურიდიულ (რეგისტრირებულ) მისამართს (სუსგ №ბს-721(კ-22), 29.09.2022 წელი). სხვა ქალაქში პირი შეიძლება გაემგზავროს სამუშაოს შესასრულებლად მუდმივი ადგილის შეუცვლელად, დროის განსაზღვრული პერიოდით და ამ დროს იგი ტოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მაგრამ დროებით, კონკრეტული მიზნით - სამუშაოს შესასრულებლად (სუსგ №ბს-384(კ-24), 26.11.2024 წელი). შესაბამისად, თუ პირი კონკრეტულ ადგილთან დროებითი სამუშაო მიზნით არის დაკავშირებული, აღნიშნული არ ქმნის სამუშაო ადგილის მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მიჩნევის საკმარის საფუძველს (შდრ. სუსგ №ბს-586(კ-23), 01.02.2024 წელი).
15. სადავო აქტების მართლზომიერებას არ ადასტურებს არც ის გარემოება, რომ პირველი მოსარჩელის შვილები (მეორე, მესამე და მეოთხე მოსარჩელეები) დაიბადნენ ლანჩხუთში. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. ამდენად, მშობლისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება არის ასევე მისი შვილისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი წინაპირობა (სუსგ №ბს-612(კ-24), 11.12.2024 წელი). ამასთან, მითითებული ნორმა დევნილის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას ადგენს არა შესაბამის ტერიტორიაზე არასრულწლოვანი პირების საომარი მდგომარეობის დაწყებამდე დაბადების ფაქტის არსებობის პირობებში, არამედ მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მათივე თანხმობის საფუძველზე (სუსგ №ბს-500(კ-22), 08.06.2022 წელი).
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხოლო აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის დროს ადმინისტრაციულ ორგანოს დასაბუთების მაღალი სტანდარტი მოეთხოვება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, უგულებელყოფილია.
17. სასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არის ვალდებული ამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა (მოპასუხემ) ვერ უზრუნველყო იმ გარემოების მტკიცება და ისეთი სახის მტკიცებულებაზე მითითება, რომელიც პირველი მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად ოკუპირებული ტერიტორიის მიჩნევის შესაძლებლობას გამორიცხავდა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.2024 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე