დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 04.11.2025
საქმის ნომერი
ბს-214(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.11.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-214(კ-24) 04 ნოემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - შპს „ ...“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „...იმ“ 2020 წლის 20 აპრილს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიმართ, რომლითაც მოითხოვა პაციენტ ზ.გ-ისთვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 17.07.2019წ. №04-13/6958 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.02.2020წ. №04/5296 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ზ.გ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსთვის ანაზღაურების დავალება.

სარჩელის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 17.07.2019წ. №04-13/6958 გადაწყვეტილების შესაბამისად, პაციენტ ზ.გ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება არ ანაზღაურდა საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე მითითებით, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა, რამდენადაც პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდა პორტალზე არსებულ ინფორმაციას. პაციენტი ინტენსიურ განყოფილებაში მოთავსებული იყო ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებდა მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას, ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას, ამასთან ერთად პაციენტი საჭიროებდა ქირურგიულ და ტრავმატოლოგიურ დახმარებას, რასაც არ ითვალისწინებდა I დონის ინტენსიური მეთვალყურეობის კოდი. პაციენტს კლინიკაში ჩაუტარდა მკურნალობა რამდენიმე პროგრამული შემთხვევის ფარგლებში და შესაბამისად, თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე გაკეთდა შეტყობინება საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36-ე დადგენილების მე-11 მუხლის შესაბამისად.

მოსარჩელის განმარტებით, თითოეული პროგრამული შემთხვევის ღირებულება, ამავე დადგენილების დანართი №1-ის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სრულად მოიცავდა მისი დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისათვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალის და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას. ამდენად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და უკანონო, რომელიც უნდა გაუქმებულიყო.

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „...ის სარჩელი“ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ზ.გ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 17.07.2019წ. №04/13/6958 გადაწყვეტილება, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 19.02.2020წ. №04/5296 გადაწყვეტილება ზ.გ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების უარყოფის ნაწილში; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ზ.გ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების შპს „...სთვის“ ანაზღაურება.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 02 დეკემბრის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები, მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების მე-15 მუხლზე, დანართი №1.2-ზე და დამატებით აღნიშნა, რომ სადავო შემთხვევაში პაციენტის მიმართ სტაციონარული მკურნალობის პარალელურად ჩატარდა ისეთი სახის გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, რომელიც სტაციონარული მკურნალობის თანმხლებ პროცესად ვერ ჩაითვლებოდა და ცალკე, დამოუკიდებლად განსახორციელებელი მკურნალობის სახეს განეკუთვნებოდა.

პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 07.12.2020წ. (საქმე №ბს-727(2კ-19)) განჩინებაზე მითითებით განმარტა, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს როგორც გადაუდებელი სტაციონარული, ასევე გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას; ადმინისტრაციული ორგანო კი ვერ ასაბუთებდა ერთდროულად ორივე მომსახურების გაწევის საჭიროების წარმოშობის შეუძლებლობას. საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების 1.2 დანართით ამბულატორიულ მომსახურებებს შორის, როგორც აღინიშნა, მითითებულია - მოტეხილობები, ტრავმები, ჭრილობები და სხვ., რასაც ტრავმატოლოგიური, ქირურგიული თუ სხვა სახის სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება ამბულატორიულ დონეზე. რაც შეეხება გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, ასეთად მიიჩნევა მაგ.: ერთ-ერთი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობა, სასიცოცხლო ფუნქციის აპარატული მხარდაჭერის საჭიროება და სხვ. (1.2 დანართის მე-2 პუნქტი). ამდენად, გადაუდებელი ამბულატორიული და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მახასიათებლები არ გამორიცხავს პირველი მომსახურების მეორეში გადაზრდის ზოგად შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმადაც, მართალია, ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდებოდა, თუმცა უდავო იყო, რომ პაციენტ ზ.გ-ის სხვადასხვა დიაგნოზებიდან გამომდინარე დასჭირდა ორივე სახის სამედიცინო დახმარება. შესაბამისად, პაციენტი მოთავსებული იყო სტაციონარში და გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას, მაგრამ იმავდროულად ჩატარებული ჰქონდა სტაციონარული მკურნალობისგან დამოუკიდებელი მისთვის საჭირო ამბულატორიული მომსახურებაც. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ არ არსებობდა შპს „...სთვის“ ზ.გ-ის სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.

კასატორის, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაზე“, რომლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო, ხოლო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ამასთან ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიუთითებს ზემოხსენებული დადგენილების მე-15 მუხლზე, რომლის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ასანაზღაურებელი შემთხვევა („ა“ ქვ.პ) და შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას („ბ“ ქვ.პ). აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

კასატორის წარმომადგენელი განმარტავს, რომ პაციენტ ზ.გ-ის შემთხვევა მიწოდებულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, თუმცა შეტყობინებათა მოდულში წარმოდგენილია როგორც გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების შესაბამისი, ასევე გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების შესაბამისი კოდები. საყურადღებოა, რომ მომსახურების სხვადასხვა კომპონენტის ამბულატორიული პროგრამული კოდი მოწოდებულია დროის ერთსა და იმავე პერიოდში. №36 დადგენილების 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარდგენილი ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის, გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობის/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ და ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობასა და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატულ მხარდაჭერას. შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების ინტერესია ხელოვნურად გაზარდოს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ცენტრალური ბიუჯეტის მეშვეობით, რაც საქართველოს ცენტრალური, ხელისუფლებების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობაა. უდავოა, რომ მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან, ნებისმიერი მიზეზით, არამიზნობრივად და პროგრამის პირობების დარღვევით, განმახორციელებლისათვის მოთხოვნილი თანხა, არსებით საფრთხეს შეუქმნის აღნიშნული პროგრამის ფინანსურ უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების დაუცველობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წინამდებარე საქმე შესაბამისი მომხსენებელი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით მომხსენებელ მოსამართლეს - გოჩა აბუსერიძეს გადაეწერა 2025 წლის 01 სექტემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურების საკითხის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.

საქმეზე დადგენილია, რომ პაციენტი ზ.გ-ი შპს „...ში“ მკურნალობდა 21.02.2019წ.-24.02.2019წ.-მდე. პაციენტს ესაჭიროებოდა I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა, I დონის ტრავმატოლოგიური დახმარება და II დონის ქირურგიული დახმარება, მისი დიაგნოზი იყო ინტრაკრანიალური ტრავმა დაუზუსტებელი, მუხლისა და წვივის ტრავმები, წინამხრის მრავლობითი ღია ჭრილობა, ტვინის შერყევა, პაციენტს დასჭირდა ტრავმატოლოგიური და ქირურგიული დახმარება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების №1 დანართის 15.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უარი განაცხადა ისეთი შემთხვევის ანაზღაურებაზე, როდესაც კლინიკის მიერ გაწეული სტაციონარული მომსახურების ფარგლებში თანმხლები დიაგნოზის სახით გადაცემული იყო გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების შესაბამისი კოდები.

საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევებში პაციენტის მიმართ სტაციონარული მკურნალობის ფარგლებში ჩატარდა ისეთი სახის გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობა, რომელიც სტაციონარული მკურნალობის თანმხლებ პროცესად ვერ ჩაითვლება და ცალკე, დამოუკიდებლად განსახორციელებელი მკურნალობის სახეს განეკუთვნება, ამასთანავე, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების პირველი დანართის - „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის“ მიხედვით, პროგრამის მიზანია სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის მოსახლეობის ფინანსური უზრუნველყოფა (1-ლი მუხ. „ა“ ქვ.პ.), გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება (1 მუხ. „ა.გ“ ქვ.პ.). საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს როგორც გადაუდებელი სტაციონარული, ასევე გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას. კასატორი ვერ ასაბუთებს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების გაწევის შემდგომ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების გაწევის საჭიროების წარმოშობის შეუძლებლობას. საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების 1.2 დანართით ამბულატორიულ მომსახურებებს შორის სახელდება მაგ.: მოტეხილობები, ტრავმები, ჭრილობები და სხვ., რასაც ტრავმატოლოგიური, ქირურგიული თუ სხვა სახის სამედიცინო ჩარევა ესაჭიროება. რაც შეეხება გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, ასეთად მიიჩნევა მაგ.: ერთ-ერთი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობა, სასიცოცხლო ფუნქციის აპარატული მხარდაჭერის საჭიროება და სხვ. (1.2 დანართის მე-2 პუნქტი). ამდენად, გადაუდებელი ამბულატორიული და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მახასიათებლები არ გამორიცხავს პირველი მომსახურების მეორეში გადაზრდის ზოგად შესაძლებლობას. რაც შეეხება განსახილველ შემთხვევას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებით აღნიშნული დებულების არგუმენტირებულ უარყოფას. კასატორი ვერ ასაბუთებს განსახილველი შემთხვევის ანაზღაურებაზე უარს. მხოლოდ ზოგადი მითითება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უსწორობაზე, არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს (სუსგ №ბს-727(2კ-19), 07.12.2020წ.).

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 02 დეკემბრის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 12.03.2024წ. №03153 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა