დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1137 (კ-25) 16 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ,,ანაზღაურებაზე უარის“ და ,,სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა N... რეესტრი, პაციენტების - ა.გ-ის, დ.კ-ისა და ი.ც-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ,,შპს ,,...“-ს 2023 წლის 18 სექტემბრის №1210/1 (სააგენტოში რეგისტრირებული - 18.09.2023წ. №982909) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 16 მაისის №HA 7 24 00527406 გადაწყვეტილება პაციენტების: ა.გ-ის, დ.კ-ისა და ი.ც-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; გ) დაეკისროს მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე - შპს ,,...“-ს სასარგებლოდ ახალშობილების სამედიცინო შემთხვევებზე (პაციენტები - ა.გ-ი, დ.კ-ე, ი.ც-ე) დიაგნოზის (კოდის) - P22.0-/-ახალშობილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ZXXD05 - გადაუდებელი პროცედურის თანხა, კერძოდ: პროცედურისთვის აუცილებელი მედიკამენტის - ...ის ღირებულების სრულად ანაზღაურება - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ,,ანაზღაურებაზე უარის“ და ,,სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა N... რეესტრი პაციენტების - ა.გ-ის, დ.კ-ისა და ი.ც-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ,,შპს ,,...“-ს 2023 წლის 18 სექტემბრის №1210/1 (სააგენტოში რეგისტრირებული - 18.09.2023წ. №982909) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 16 მაისის №HA 7 24 00527406 გადაწყვეტილება, პაციენტების - ა.გ-ის, დ.კ-ისა და ი.ც-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა მოსარჩელე - შპს ,,...“-ს სასარგებლოდ ახალშობილების სამედიცინო შემთხვევებზე (პაციენტები - ა.გ-ი, დ.კ-ე, ი.ც-ე) დიაგნოზის (კოდის) - P22.0-/-ახალშობილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ZXXD05 - გადაუდებელი პროცედურის თანხის, კერძოდ: პროცედურისთვის აუცილებელი მედიკამენტის - ...ის ღირებულების სრულად - 4000 (ოთხი ათასი) ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სამედიცინო შემთხვევების დამატებითი შესწავლის შედეგად შპს „...ის“ გასაჩივრებული სამედიცინო შემთხვევები ანაზღაურდა სრულად, დადგენილებით დამტკიცებული პირობებისა და ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის ფარგლებში დაფიქსირებული თანხის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სასამართლოს პოზიციას, რომელმაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაში მიუთითა, რომ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს დასაფინანსებლად წარდგენილი სამედიცინო შემთხვევებიდან თანხის ანაზღაურება მოხდა ნაწილობრივ. თანხის ანაზღაურება სააგენტოს მხრიდან მოხდა სრულად, იმ მოცულობით, რაც პროგრამულად ფიქსირდებოდა. შესაბამისად, სააგენტო ვერ გასცდებოდა კანონიერების ფარგლებს და დამატებით ვერ აანაზღაურებდა იმაზე მეტ თანხას, ვიდრე პროგრამულად ფიქსირდებოდა. სააგენტო არის პროგრამის განმახორციელებელი, რომელიც მოქმედებს დადგენილების შესაბამისად. იგი არ არის დადგენილების მიმღები, შესაბამისად, იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას მოცემული დავის ფარგლებში მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება.
კასატორის განმარტებით, სადავოდ ქცეულ შემთხვევებთან დაკავშირებით მოსარჩელე დამატებით ითხოვს მედიკამენტის (...ის) ღირებულების ანაზღაურებას. სამედიცინო მომსახურება სააგენტოს მიერ დაფინანსებულია პროგრამის პირობების შესაბამისად, რის გამოც გადაწყვეტილება შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ არ არის გამოცემული დადგენილების №1 დანართის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით. 2022 წლის 1 ნოემბრიდან 36-ე დადგენილების №1 დანართის 22-ე მუხლის 71 პუნქტით განისაზღვრა, რომ სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნებისა (60 დღე და მეტი) და ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლის/მკურნალობის მომსახურების (მათ შორის საწოლებზე უწყვეტად 14, 21 და 45 დღის შემდეგ დაყოვნება, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია და სისხლისა და სისხლის კომპონენტების გადასხმა) ანაზღაურება ხდება ამავე დადგენილების №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფის მიხედვით, რომელიც გამოთვლილია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით. აღნიშნული ტარიფები განსაზღვრულია დღიურად, მკურნალობა მოვლის დონეების და დაყოვნების ხანგრძლივობის მიხედვით. დრჯ მეთოდით დაფინანსებაში პროგრამული სერვისების ინტეგრირება ხორციელდება ეტაპობრივად. 2023 წლის 14 ნოემბრიდან სამეანო-ნეატალური სერვისის დაფინანსება სრულად დაექვემდებარა დრჯ მეთოდს (დადგენილება 440, 14.11.23). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის განჩინება დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს, ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი და მოსარჩელეს სრულად უნდა ეთქვას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) პაციენტ - დ.კ-ის (პ/ნ ..., შ/ნ: ...) სამედიცინო შემთხვევა ანაზღაურდა ნაწილობრივ. ასანაზღაურებლად წარდგენილ სრულ თანხას გამოაკლდა პროგრამული კოდის P22.0-/-ახალშობილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ZXXD05 - გადაუდებელი პროცედურის (...) თანხა 1 000 ლარი (ს.ფ. 17-24, 69-71); ბ) პაციენტ - ი.ც-ის (პ/ნ ..., შ/ნ: ...) სამედიცინო შემთხვევა ანაზღაურდა ნაწილობრივ. ასანაზღაურებლად წარდგენილ სრულ თანხას გამოაკლდა პროგრამული კოდის P22.0-/-ახალშობილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ZXXD05 - გადაუდებელი პროცედურის (...) თანხა: 1 000 ლარი (ს.ფ. 17-24, 62-64); გ) პაციენტ - ა.გ-ის (პ/ნ ..., შ/ნ: ...) სამედიცინო შემთხვევა ანაზღაურდა ნაწილობრივ. ასანაზღაურებლად წარდგენილ სრულ თანხას გამოაკლდა პროგრამული კოდის P22.0-/-ახალშობილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ZXXD05 - გადაუდებელი პროცედურის (...) თანხა: 2 000 ლარი (17-24, 66-67); დ) 2023 წლის 18 სექტემბერს, შპს „...ის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საჩივრით მიმართა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ,,ანაზღაურებაზე უარის“ და ,,სადავო“ სტატუსის მქონე შემთხვევათა N... რეესტრის ბათილად ცნობა და გასაჩივრებულ სამედიცინო შემთხვევებზე გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება (ს.ფ. 25-38); ე) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 16 მაისის №HA 7 24 00527406 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პაციენტებისთვის - ა.გ-ი, დ.კ-ე და ი.ც-ისთვის განხორციელებული გადაუდებელი პროცედურის - ...ის თანხის არ ანაზღაურების ნაწილში (ჯამში - 4000 ლარის ოდენობით) გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი (ს.ფ. 17-24).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპების ჩამონათვალშია - მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1), პირველი მუხლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
ამავე დადგენილების დანართი №1-ს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართ №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი; ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა: ა) ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა; ბ) იმ ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისა, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში; გ) კერძო სადაზღვევო სქემებში ჩართული პირებისა, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით (აღნიშნული პირობა არ ეხება №1 დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს), თუ პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: ბ.ა) 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები ან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებსა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) ლეგიტიმურად მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებულნი და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი; ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა;
დანართი №1.3-ს მე-2 მუხლში მითითებულია ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, რომელთა შორისაა: გ) სტაციონარული მომსახურება: გ.ა) გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება: გ.ა.ა) №1.2 დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები (II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა), სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნება/ქრონიკული მოვლა და კომბუსტიოლოგია; გ.ა.ბ) გადაუდებელი მდგომარეობები, მათ შორის, ინფექციურ დაავადებებსა და ინკურაბელური პაციენტების პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია, გართულებულ ორსულობასთან, მშობიარობასა და ლოგინობის ხანასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია; გ.ა1) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის: გ.ა1.ა) „გ.ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან; გ.ა1.ბ) „გ.ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან, გარდა ამ დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. თანაგადახდას არ ითვალისწინებს ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები, ასევე ინკურაბელურ პაციენტთა პალიატურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია 0 − 5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის, ასევე თანაგადახდას არ ექვემდებარება საპენსიო ასაკის ვეტერანისთვის ან მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება; გ.ბ) გეგმური ქირურგიული ოპერაციები (მათ შორის, დღის სტაციონარი), ასევე გეგმურ ქირურგიულ ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული წინასაოპერაციო, ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული და პოსტოპერაციული პერიოდის ყველა ტიპის ლაბორატორიული, ინსტრუმენტული გამოკვლევები − წლიური ლიმიტი 15 000 ლარი ითვალისწინებს 20%-იან, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარის თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან (ლიმიტის ფარგლებში), გარდა ამ დადგენილების დანართ №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა (ლიმიტის ფარგლებში). თანაგადახდას არ ითვალისწინებს ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები, ასევე კარდიოქირურგიული და ონკოლოგიური ოპერაციები და მათთან დაკავშირებული გამოკვლევები 0 – 5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის, ასევე თანაგადახდას არ ექვემდებარება საპენსიო ასაკის ვეტერანისთვის ან მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება;
ამავე დადგენილების დანართი №1-ს 23-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამ პროგრამის მიზნებისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურება არის მომსახურება (ოპერაციული თუ კონსერვატიული მკურნალობა მედიკამენტების ჩათვლით, სამედიცინო მანიპულაციები, სამკურნალო-დიაგნოსტიკური, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები), რომელიც საჭიროებს პაციენტის სტაციონარში 24 (ოცდაოთხი) საათზე მეტი დროით მოთავსებას, მე-15 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით, ხოლო მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სტაციონარულ სამედიცინო მომსახურებად ამ სახელმწიფო პროგრამაში განხილული უნდა იქნეს მხოლოდ ის შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პაციენტის სტაციონარში 24 საათზე მეტი დროით მოთავსებას (გარდა თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესების დროს გასაწევი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა). შესაბამისად, სტაციონარში მკურნალობის 24 სთ-ზე ნაკლები დროით დაყოვნება (გარდა კრიტიკული მდგომარეობების მართვის, ლეტალური გამოსავლის შემთხვევების და თვალისა და თვალის დანამატების ტრავმებისა და ქუთუთოს ან საცრემლე პარკის აბსცესებისა), პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, არ განიხილება სტაციონარული სამედიცინო მომსახურების შემთხვევად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პაციენტები: ა.გ-ი, დ.კ-ე და ი.ც-ე წარმოადგენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ №36 დადგენილების დანართი №1.1-ით განსაზღვრული პირობებით მოსარგებლე პირებს. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საანგარიშგებო დოკუმენტაცია, სადაც მითითებულია პრეპარატ ...ის გამოყენებული რაოდენობა თითოეული პაციენტისათვის. შესაბამისად, დაუსაბუთებელია სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება პაციენტების - ა.გ-ის, დ.კ-ისა და ი.ც-ის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ფარგლებში, 0-5 წლამდე ასაკის ბავშვთა მკურნალობის ხარჯს ფარავს სახელმწიფო და თანაგადახდას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას მასზედ, რომ სამინისტროს შიდა პოლიტიკის გამო აღნიშნული მედიკამენტის ანაზღაურებაზე უარის თქმის პრაქტიკის დანერგვა არ შეიძლება გახდეს გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი გაწეული სამედიცინო მომსახურების სრულად ანაზღაურებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მართებულია შპს „...“-ს მოთხოვნა ახალშობილების სამედიცინო შემთხვევებზე (პაციენტები - ა.გ-ი, დ.კ-ე, ი.ც-ე) დიაგნოზის (კოდის) - P22.0-/-ახალშობილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ZXXD05 - გადაუდებელი პროცედურისთვის აუცილებელი მედიკამენტის - ...ის ღირებულების სრულად ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის შესახებ და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.10.2025წ. №24017 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. უბილავა