დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-128(კს-26) 26 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ინდ. მეწარმე გ...
პროცესუალური მოწინააღმდეგე - სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 04 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტმა 2025 წლის 20 თებერვალს შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ინდ. მეწარმე გ...ის მიმართ, რომლითაც იშუამდგომლა ინდ. მეწარმე გ...ის ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ ბრძანების გაცემა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 ივნისის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ღია აუქციონის წესით რეალიზდა გადასახადის გადამხდელის (მოვალის) ინდ. მეწარმე გ...ის ყადაღადადებული ქონება, რეალიზაციის დროისათვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.
ბრძანების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ინდ. მეწარმე გ...ის წარმომადგენელს, რომელიც ჩაჰბარდა მის მეუღლეს 2026 წლის 15 იანვარს, 15:27:48 სთ-ზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 ივნისის ბრძანება 2026 წლის 20 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა ინდ. მეწარმე გ...ის წარმომადგენლის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 04 თებერვლის განჩინებით გ. ბ-ეის წარმომადგენლის საჩივარი, ბრძანების გასაჩივრებისთვის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2123 მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი 48 საათიანი ვადის დარღვევის მოტივით, დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 04 თებერვლის განჩინება ინდ. მეწარმე გ...ის წარმომადგენლის მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, შესაბამისად, ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ამავე სასამართლოსთვის საჩივრის განხილვის დავალებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდ. მეწარმე გ...ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 13 ივნისის ბრძანებით დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა გადასახადის გადამხდელის (მოვალის) ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავა თავისი შინაარსით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავით განსახილველ დავათა კატეგორიას მიეკუთვნება. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავით რეგულირებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით. კოდექსის 2123 მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნული კატეგორიის დავებს სრულად გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციიდან. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დავის კატეგორიის გათვალისწინებით საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების შეზღუდვა არამხოლოდ არსებით გადაწყვეტილებას, არამედ დავაზე მიღებულ სხვა განჩინებებსაც გულისხმობს. მართალია, საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ზოგად შესაძლებლობას (სსკ-ის 374.1 მუხ.), თუმცა აღნიშნული დანაწესი ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებითი, ძირითადი დავის განხილვის საპროცესო შესაძლებლობა აქვს იმ სასამართლოს, რომელშიც კერძო საჩივარია წარდგენილი.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ დავის განხილვის ინსტანციურობაზე მითითება იმპერატიული ხასიათისაა და ვინაიდან კანონმდებელმა მოცემული საკითხის გადასაწყვეტად ორსაფეხურიანი საქმის წარმოება დაადგინა, მისი განხილვა მთავრდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა აღნიშნული კატეგორიის დავებს სრულად გამორიცხავს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციიდან. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ სახის აღმკვეთ საპროცესო წესზე გავლენას ვერ იქონიებს სასამართლო გადაწყვეტილებაში გასაჩივრების უფლების არასწორად მითითება. საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით სასამართლოს მიერ საქმის განხილვის წესი დგინდება მისი შინაარსიდან გამომდინარე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ინდ. მეწარმე გ...ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, დაუშვებლობის მოტივით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის ზემდგომ სასამართლოში განხილვა წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ინდ. მეწარმე გ...ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 04 თებერვლის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა