დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 24.02.2026
საქმის ნომერი
ბს-1315(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1315(კ-25) 24 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრი

მოწინააღმდეგე მხარე -რ. ლ-ა

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, კომპენსაციის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2024 წლის 18 ივნისს რ. ლ-ამ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1995 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე. სახელმწიფო სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის ნუსხის 2024 წლის 26 თებერვლის წერილის თანახმად მისი ნამუშევარი სტაჟი შეადგენდა 16 წელს, 6 თვეს და 12 დღეს. შეღავათიანი გაანგარიშება კი, 6 წელს, 9 თვეს და 7 დღეს. მთლიანობაში ნამსახურობის ვადა შეადგენდა 23 წელს, 3 თვეს და 18 დღეს.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2024 წლის 27 თებერვალს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ სერვისცენტრს და მოითხოვა წელთა ნამსახურობის საფუძველზე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, თუმცა უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მას არ ჰქონდა კომპენსაციის დასანიშნად საკმარისი სტაჟი. აღნიშნული ფაქტი მან ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2024 წლის 1 მაისის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრის 2024 წლის 27 თებერვლის №SSA82400231111 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2024 წლის 01 მაისის №SSA12400492377 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის წელთა ნამსახურების მიხედვით 2024 წლის 27 თებერვლიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის დავალება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრის 2024 წლის 27 თებერვლის №SSA 8 24 00231111 გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2024 წლის 01 მაისის №SSA12400492377 გადაწყვეტილება; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ სერვისცენტრს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც მოსარჩელე - რ. ლ-ას დაენიშნება და აუნაზღაურდება სახელმწიფო კომპენსაცია წელთა ნამსახურების მიხედვით 2024 წლის 27 თებერვლიდან. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულმა სერვისცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ელი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე, მე-8 მუხლის მე-5-მე-6 პუნქტებზე და „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის №214 დადგენილების 24-ე პუნქტზე და აღნიშნა, რომ კანონმდებელმა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, დააწესა შეღავათი სამომავლოდ კომპენსაციის მისაღებად და იმპერატიულად დაადგინა, რომ აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩათვლოდათ წელიწად-ნახევრის ანგარიშით.

სააპელაციო პალატამ საქმის მასალებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მოსარჩელის სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის შრომითი სტაჟი სამხედრო სავალდებულო სამსახურისა და შეღავათიან გაანგარიშების პერიოდის ჩათვლის პირობებში, აღემატებოდა 20 კალენდარულ წელს, შესაბამისად, გაიზიარა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები მოცემულ სადავო საკითხთან მიმართებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულმა სერვისცენტრმა.

კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და მიიჩნია, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი წარმოადგენს ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შემავსებელ ნორმას ნამსახურობის 20-წლიანი პერიოდის დაანგარიშების მიზნებისთვის და ვინაიდან რ. ლ-ას შეღავათიანი გაანგარიშების პერიოდის ჩათვლით მუშაობის სტაჟი აღემატება 20 წელს, იქმნებოდა მის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, რაც ეწინააღმდეგება კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულ ჩანაწერს. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ცალსახად აწესებს იმ პირთა წრეს, რომელთაც შეუძლიათ დაწესებული კომპენსაციის უფლებით სარგებლობა და იგი ცალსახად ითვალისწინებს, რომ პირი უნდა აკმაყოფილებდეს კიდევ ერთ წინაპირობას, კერძოდ, უნდა ჰქონდეს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. აღნიშნულ შემთხვევაში კანონმდებლის მოთხოვნას წარმოადგენს ნამსახურობის 20 კალენდარული წელი და არა საერთო ნამსახურობის წელი. ამასთან, ამავე მუხლის მე-6 ქვეპუნქტი ცალკე გამოყოფს, რა მიზნით შეიძლება იქნეს გამოყენებული საერთო წელთა ნამსახურობა და რა შეიძლება ჩაეთვალოს პირს საერთო წელთა ნამსახურობაში. კერძოდ, საერთო წელთა ნამსახურობაში პირს შეღავათიანი პერიოდი შეიძლება ჩაეთვალოს მხოლოდ კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის. დასახელებული ნორმები არ ითვალისწინებს შეღავათიანი პერიოდის გამოყენებით 20 წლიანი კალენდარული ნამსახურობის შევსების შესაძლებლობას, არამედ აღნიშნული პერიოდები ითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში, მხოლოდ სახელმწიფო გასაცემის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არა კომპენსაციაზე უფლების მოპოვებისთვის, რასაც ადასტურებს ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-6 პუნქტში გამოყენებული ტერმინი „საერთო წელთა ნამსახურობა“ და მე-6 პუნქტის დასაწყისში გამოყენებული ტერმინი "კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის". შესაბამისად, მითითებულ ნორმებში საუბარია ცალსახად საერთო წელთა ნამსახურობაზე და არა კალენდარულ ნამსახურობაზე.

კასატორის მითითებით, რ. ლ-ას შეღავათიანი გაანგარიშება დაემატებოდა წელთა ნამსახურობას კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის მხოლოდ 20 კალენდარული წლის ნამსახურობის შევსების შემდგომ. კონკრეტულ შემთხვევაში კი, მოსარჩელე არ წარმოადგენდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტს, ვინაიდან, მას ჰქონდა კალენდარული სტაჟი 16 წელი, 10 თვე და 28 დღე და არ ჰქონდა შესრულებული ნამსახურობის 20 კალენდარული წელი. შესაბამისად, არ არსებობდა სააგენტოს მხრიდან მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრის 2024 წლის 27 თებერვლის №SSA82400231111 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2024 წლის 01 მაისის №SSA12400492377 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ასევე, მოპასუხისათვის მოსარჩელისათვის წელთა ნამსახურების მიხედვით 2024 წლის 27 თებერვლიდან სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის დავალება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით კომპენსაციის მიღების უფლების მქონე სუბიექტად დასახელებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან - სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილი პირებიც.

საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.

ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის (სამხედრო ან სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი) და სასამართლო ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება, აგრეთვე, განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის სახელმწიფო სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში შეადგენს 16 წელს, 06 თვეს, 12 დღეს - შეღავათიანი გაანგარიშება 06 წელი, 09 თვე და 07 დღე (23.09.1995 წლიდან 29.07.2003 წლამდე; 27.02.2004 წლიდან 29.03.2006 წლამდე; 01.10.2006 წლიდან 22.02.2010 წლამდე და 13.07.2010 წლიდან 01.10.2010 წლამდე საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის №214 დადგენილებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 1995 წლის 26 აგვისტოს №635 ბრძანების შესაბამისად, ერთი წლის მუშაობის სტაჟის წელიწად-ნახევრად ჩათვლის შემთხვევაში).

2024 წლის 27 თებერვალს რ. ლ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულ სერვისცენტრს სახელმწიფო გასაცემის დანიშვნის მოთხოვნით, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვის ცენტრის უფროსის 2024 წლის 27 თებერვლის №SSA82400231111 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე იმ საფუძვლით, რომ ნამსახურები ჰქონდა 20 წელზე ნაკლები.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრის უფროსის 2024 წლის 27 თებერვლის №SSA82400231111 გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით, რაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის 2024 წლის 01 მაისის №SSA12400492377 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ რ. ლ-ას ნამსახურობის პერიოდი დათხოვნის დროისათვის არ შეადგენდა 20 წელს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასჯელთა აღმასრულებელი დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, საყოფაცხოვრებო და ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის #214 დადგენილების 24-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, სასჯელთა აღმასრულებელი მთავარი სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული დაწესებულებების თანამშრომელთა დამაგრების, მოზიდვისა და სტიმულირების მიზნით, მუშაობაში არსებული მძიმე პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული კატეგორიის თანამშრომლებს ერთი წლის მუშაობის სტაჟი უნდა ჩაეთვალოთ წელიწად-ნახევრის ანგარიშით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ რ. ლ-ასათვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისას, მისი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობის პერიოდზე უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული დადგენილების 24-ე პუნქტის მოქმედება და თითოეული ნამსახურები წელი უნდა ჩაეთვალოს არა როგორც ერთი წელი, არამედ წელიწად-ნახევარი, შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით მოსარჩელის წელთა ნამსახურობა (16 წელს, 06 თვეს, 12 დღე) შეღავათიან გაანგარიშებასთან ერთად (06 წელი, 09 თვე და 07 დღე) აღემატება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის საჭირო ნამსახურობის (არანაკლებ 20) წლებს, რაც ქმნის მის მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის სამართლებრივ საფუძველს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები არ ითვალისწინებენ სწავლის ან სხვა შეღავათიანი პერიოდის გამოყენებით 20-წლიანი კალენდარული ნამსახურობის შევსების შესაძლებლობას, არამედ აღნიშნული პერიოდები ითვლება საერთო წელთა ნამსახურობაში, მხოლოდ სახელმწიფო გასაცემის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არა კომპენსაციაზე უფლების მოპოვებისთვის. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლის მე-5-მე-6 პუნქტები პრაქტიკულად ავსებენ ერთმანეთს და მიზნად ისახავენ სწორედ კომპენსაციის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას, შესაბამისი გაანგარიშების შედგენისთვის მხედველობაში მისაღები გარემოებების დეტალური გაწერის გზით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სერვისცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე