დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1390(კ-25) 17 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - რ.ჟ-ი
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 13 ოქტომბერს რ.ჟ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი დაიბადა ... წლის ... ...ს. 2019 წლის 12 თებერვლიდან დღემდე მუშაობს სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ...ის თანამდებობაზე, რაც დასტურდება ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ 2023 წლის 19 ივლისს გაცემული №02/3222 ცნობით. 2023 წლის 20 ივლისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრს (ვაკე-საბურთალო) ასაკით პენსიის დანიშვნის თაობაზე, რაზედაც 2023 წლის 27 ივლისის №2023/1 გადაწყვეტილებით ეთქვა უარი ,,სახელმწიფო პენსიის“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 ქვეპუნქტის საფუძველზე. მითითებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის №SSA 5 23 00934173 გადაწყვეტილებით რ.ჟ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილება.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრის 2023 წლის 27 ივლისის №2023/1 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 5 სექტემბრის №SSA 5 23 00934173 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, რ.ჟ-ის სასარგებლოდ 2023 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის 1 მაისამდე სახელმწიფო პენსიის ანაზღაურების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით რ.ჟ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2023 წლის 27 ივლისის №2023/1 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 5 სექტემბრის №SSA 5 23 00934173 გადაწყვეტილება; მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომლითაც რ.ჟ-ის აუნაზღაურდება მიუღებელი სახელმწიფო პენსია 2023 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის 1 მაისამდე, კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამასთან, მითითებული კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
სააპელაციო სასამართლომ დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შექმნის საფუძვლები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, რის გამოც მიუთითა ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი 661.2 მუხლზე, რომლის თანახმად, სკოლის დანიშნულებაა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება. სკოლის მიზანია, უზრუნველყოს იუსტიციის მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და მისთვის პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე, იუსტიციის მსმენელის მიერ მომავალი პასუხისმგებლობისა და კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედების თავისუფლების შეცნობა, ხელი შეუწყოს იუსტიციის მსმენელის თანდათანობით ინტეგრაციას იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით სკოლის დანიშნულებაა ასევე მოქმედი მოსამართლის პროფესიული სრულყოფისათვის მისი გადამზადება, აგრეთვე საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დასაკომპლექტებლად მოსამართლის თანაშემწეობის კანდიდატისა და სხვა სპეციალისტების მომზადება-გადამზადება. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2023 წლის 31 მაისის №01/4-23 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების თანახმად, კი იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად სკოლის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება სკოლის საქმიანობის საგანმანათლებლო ხასიათი.
აღნიშნულის შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია საგანმანათლებლო დაწესებულებაში ნებისმიერი სახის შრომითი საქმიანობა, განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა საგანმანათლებლო საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე - რ.ჟ-ი საქმიანობდა რა საგანმანათლებლო დაწესებულებაში - სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში - იუსტიციის უმაღლესი სკოლის ...ის თანამდებობაზე, 2019 წლის 12 თებერვლიდან 2024 წლის 24 იანვრამდე, მისი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, რის გამოც მას კანონის შესაბამისად უფლება ჰქონდა მიეღო სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. მითითებული მუხლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობად არ განიხილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, პროფესიულ, სპეციალურ პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. აღნიშნული შეღავათიანი პირობებით მოსარგებლე საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი განსაზღვრულია ,,ზოგადი განათლების შესახებ“, პროფესიული განათლების შესახებ“, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამავე კანონებით არის მოწესრიგებული ,,ზოგადსაგანმანათლებლო“, ,,პროფესიული“, ,,სპეციალური პროფესიული“ და ,,უმაღლესი“ საგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის განხორციელების პროცესი, განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპები და წესი. კასატორის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი სკოლა არ წარმოადგენს აღნიშნული კანონმდებლობით განსაზღვრულ არც ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებას. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე ახორციელებდა საჯარო საქმიანობას იგი ვერ მოიპოვებდა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის კანონიერება. კერძოდ, უნდა შეფასდეს სსიპ იუსტიციის უმაღლეს სკოლაში საქმიანობა მიიჩნევა თუ არა საჯარო საქმიანობად, რომელიც გამორიცხავს პენსიის მიღებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პენსიის მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, პირის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება. 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის პირველი ნაწილის 23-ე პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ ხანდაზმულ პირთა მიმართ სოციალური დაცვით სარგებლობის უფლებას.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლის თანახმად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პენსიის მიღების უფლება წარმოადგენს პირის საჯარო სუბიექტური უფლების ერთ-ერთ სახეს, რომლითაც იგი საკანონმდებლო ბაზის საფუძველზე აღჭურვილია სახელმწიფო ხელისუფლების მიმართ. სუბიექტური უფლების წარმოშობის წინაპირობა არის მეორე პირის მოვალეობა, რამდენადაც სუბიექტური საჯარო სამართლებრივი უფლება არის პირისადმი საჯარო სამართლის ნორმით მინიჭებული უფლება, თავისი ინტერესების დასაცავად მოითხოვოს სახელმწიფოსაგან კონკრეტული დამოკიდებულება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებების მიმართ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება, არა მხოლოდ აღიაროს აღნიშნულ პირთა სოციალური უფლებების არსებობა, არამედ საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული ქმედითი ეროვნული კანონმდებლობის შექმნისა და არსებულის დახვეწის გზით, აგრეთვე, უზრუნველყოს ხსენებულ უფლებათა რეალიზებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი გარანტიების შექმნა. პოზიტიურ ჭრილში, სახელმწიფო, ასევე, ვალდებულია, დასახელებული ვალდებულებების ზედმიწევნითი განხორციელებით დაიცვას ხანდაზმულ პირთა სოციალური უფლებები და შეამციროს მათი ხელყოფის რისკები. ამასთან, პენსიის მიღების უფლების საჯარო-სამართლებრივი შინაარსის გათვალისწინებით, შესაბამისი საფუძვლების არსებობისას სახელმწიფოს მიერ პენსიის გაცემის შემხვედრი ვალდებულებით აღჭურვით, სახელმწიფოს სოციალურ უფლებათა მიმართ წარმოეშობა ნეგატიური ვალდებულებაც - საპენსიო სისტემის ფორმირების შედეგად ნაკისრი ვალდებულებების განუხორციელებლობით თავად არ ხელყოს ხანდაზმულ პირთა სოციალური გარანტიები.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2023 წლის 20 ივლისს, რ.ჟ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასაკით სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრის 2023 წლის 27 ივლისი №2023/1 გადაწყვეტილებით რ.ჟ-ის უარი ეთქვა ასაკით სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე საჯარო საქმიანობის განხორციელების გამო.
2023 წლის 15 აგვისტოს რ.ჟ-იმა №864366 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 27 ივლისის №2023/1 სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 5 სექტემბრის №SSA 5 23 00934173 გადაწყვეტილებით რ.ჟ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის II თავი განსაზღვრავს პენსიის დანიშვნის წესსა და პირობებს, კერძოდ, მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის - 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკს მიღწეული პირისათვის პენსიის უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებას ან წარმოშობილი უფლების შეწყვეტის საფუძველს პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს. რ.ჟ-ს სწორედ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო საქმიანობის განხორციელების მოტივით უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიით უზრუნველყოფაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო საქმიანობის ცნებას განსაზღვრავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ამდენად, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობა არ წარმოადგენს საჯარო საქმიანობას და არ ქმნის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
2025 წლის 6 თებერვალს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ (ამოქმედდა 2025 წლის 10 მარტიდან) ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). საჯარო სამსახურად ითვლება აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოების აპარატებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატებში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქმიანობა.
შესაბამისად, განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს ახორციელებს თუ არა რ.ჟ-ი საჯარო საქმიანობას, რის გამოსარკვევადაც უნდა შეფასდეს სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლა - სადაც ამჟამად მუშაობს რ.ჟ-ი – წარმოადგენს თუ არა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას. მოცემული დავის საგანს სწორედ სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის ფორმა და მისი პროფილი იწვევს, რა დროსაც ყურადღება უნდა გამახვილდეს სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შექმნის საფუძვლებსა და საქმიანობის ძირითად მიმართულებაზე.
თავდაპირველად საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 661 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომელთა მიხედვით, სკოლის დანიშნულებაა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება. სკოლის მიზანია, უზრუნველყოს იუსტიციის მსმენელის თეორიული ცოდნის გაღრმავება და მისთვის პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება, აგრეთვე იუსტიციის მსმენელის მიერ მომავალი პასუხისმგებლობისა და კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედების თავისუფლების შეცნობა, ხელი შეუწყოს იუსტიციის მსმენელის თანდათანობით ინტეგრაციას იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა. სკოლის დანიშნულებაა ასევე მოქმედი მოსამართლის პროფესიული სრულყოფისათვის მისი გადამზადება, აგრეთვე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დასაკომპლექტებლად მოსამართლის თანაშემწეობის კანდიდატისა და სხვა სპეციალისტების მომზადება-გადამზადება. აღნიშნული ნორმები ხაზს უსვამენ სსიპ ,,იუსტიციის უმაღლესი სკოლის " შექმნის მიზნებსა და საფუძვლებს, რომელიც სწორედ მოსამართლედ დასანიშნი პირის - იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადებისათვის შეიქმნა.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს 2023 წლის 31 მაისის №01/4-23 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-2 მუხლით, სკოლის მიზნად აღნიშნულია საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება, მისი თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავების უზრუნველყოფა; მისი ინტეგრირება იმ სოციალურ გარემოში, სადაც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა; მოქმედი მოსამართლის პროფესიული სრულყოფისათვის მისი გადამზადება; საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დასაკომპლექტებლად მოსამართლის თანაშემწეობის კანდიდატის და სხვა სპეციალისტების პროფესიული მომზადება-გადამზადების უზრუნველყოფა. ამავე წესდების მე-3 მუხლით კი აღნიშნული მიზნების მისაღწევად სკოლა ატარებს იუსტიციის მსმენელთა შესარჩევ კონკურსს; შეიმუშავებს, ამტკიცებს და ახორციელებს იუსტიციის მსმენელების თეორიული კურსის, სტაჟირების და სემინარული მუშაობის პროგრამებს; მოქმედი მოსამართლეების გადამზადების პროგრამებს; სასამართლოს მოხელეთა მომზადების, აგრეთვე - გადამზადების პროგრამებს და კურსებს; პროკურორის, ადვოკატის და სხვა სპეციალისტების გადამზადების პროგრამებს; საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური შემოსავლების მიღების მიზნით, კვალიფიკაციის ასამაღლებელ სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს; ატარებს იუსტიციის მსმენელის და სკოლის სხვა პროგრამის მსმენელთა გამოცდებს; სკოლის ბაზაზე ქმნის და პერიოდულად განაახლებს სკოლის მსმენელთათვის და მოქმედი მოსამართლეებისათვის ბიბლიოთეკას. ამდენად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად სკოლის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება სკოლის საქმიანობის საგანმანათლებლო ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ „იუსტიციის უმაღლესი სკოლა“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას, რამეთუ სკოლა (ბერძ. Scholē) განიმარტება როგორც სასწავლო - აღმზრდელობითი დაწესებულება, სადაც ახალგაზრდები მასწავლებელთა ხელმძღვანელობით იღებენ სათანადო განათლებას (იხ. http://ena.ge/explanatory-online; https://www.ice.ge/liv/liv/ganmartebiti.php; შეადარე, სუსგ №ბს-1108(კ-21), 20.06.2023წ.).
ასევე აღსანიშნავია, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 6619 და 6622 მუხლები განსაზღვრავენ იუსტიციის მსმენელისათვის სკოლაში სწავლის პერიოდის სპეციალობით მუშაობის სტაჟში ჩათვლისა და სკოლაში სწავლების ხანგრძლივობის საკითხებს, რაც მოიცავს თეორიულ კურსს, სტაჟირებას და სემინარულ მუშაობას. ამდენად, იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს იუსტიციის მსმენელების პროფესიული მომზადება, მოსამართლის პროფესიული სრულყოფისათვის მათი გადამზადება, აგრეთვე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დასაკომპლექტებლად მოსამართლის თანაშემწეობის კანდიდატისა და სხვა სპეციალისტების მომზადება-გადამზადება. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი სკოლა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა (შეადარე, სუსგ №ბს-1108(კ-21), 20.06.2023წ.).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე რ.ჟ-ი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში განცხადების წარდგენის დროს მუშაობდა სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლის ...ის თანამდებობაზე. რაც დასტურდება, სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ 2023 წლის 19 ივლისს გაცემულ №02/3222 ცნობით.
სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის 2024 წლის 21 მაისის №02/3429 ცნობით ასევე დადგენილია, რომ რ.ჟ-ი მუშაობდა სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლის ...ის თანამდებობაზე, 2019 წლის 12 თებერვლიდან 2024 წლის 24 იანვრამდე.
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და რ.ჟ-ის შორის 2024 წლის 25 აპრილს გაფორმებული №13 ხელშეკრულების თანახმად, რ.ჟ-ი დასაქმებული იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ...ში ...ად, გამოსაცდელი ვადით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა გამონაკლისი დაუშვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულებზე განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა აღნიშნული საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ აღნიშნულ დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება ამ დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას (სუსგ №ბს-1108(კ-21), 20.06.2023წ.).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მართებულია სასამართლოების დასკვნა, რომ რ.ჟ-ისთან მიმართებაში, ადგილი არ ჰქონია ისეთ ფაქტობრივ-სამართლებრივ მოცემულობას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო მისთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე