დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.02.2026
საქმის ნომერი
ბს-190(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-190(კ-25) 10 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ ...“

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიის მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „...-მ“ 2023 წლის 04 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა შპს „...-“-სათვის სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიის მისაღებად რეკომენდაციაზე უარის თქმის შესახებ და შპს „...-“-სათვის სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალითა და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მისაღებად რეკომენდაციაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის 2023 წლის 28 ივნისის №MOD 3 23 00736710 და №MOD 4 23 00736702 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

სარჩელის თანახმად, შპს „...-“ წარმოადგენს სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის, ასევე სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიის მაძიებელს. ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მისამართს წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ... №... შენობის სახანძრო უსაფრთხოებისა და ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობა შემოწმებული და დადასტურებულია.

მოსარჩელემ ვაჭრობის ლიცენზიის შესახებ წარდგენილ განცხადებაზე 2023 წლის 07 ივლისს მიიღო ადმინისტრაციული ორგანოს 2023 წლის 28 ივნისის №MOD 3 23 00736710 და №MOD 4 23 00736702 გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შეიცავენ დასაბუთებას იმის შესახებ, თუ რატომ ეთქვა უარი ლიცენზიის მინიჭებაზე. მასში არაა ასახული არც კომისიის წევრთა მოსაზრებები, შენიშვნები, ხმათა რაოდენობა და სხვა ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული აქტები გამოცემული იყო დასაბუთებისა და სათანადო გამოკვლევის გარეშე, რაც მისივე მოსაზრებით, წარმოადგენდა მათი ბათილად ცნობის საფუძველს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „...-“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...-“-ს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ივლისის განჩინებით შპს „...-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. პალატამ „ლიცენზიების და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონზე, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონზე, საქართველოს მთავრობის 10.07.2020წ. №431 დადგენილებით დამტკიცებული „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესზე“, საქართველოს მთავრობის 09.06.2014წ. №372 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ დებულებაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.08.2020წ. №68 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულებასა“ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიისათვის და სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიისათვის რეკომენდაციის საკითხთა გადაწყვეტა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა, შესაბამისად, პალატა სადავო გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხის შემოწმებისას ხელმძღვანელობდა კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით.

პალატამ აღნიშნა, რომ სადავო აქტების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 09.06.2014წ. №372 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, კომისიამ მიიჩნია, რომ სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიისათვის და სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალითა და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიისთვის რეკომენდაციის გაცემა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს. ამავდროულად, ვინაიდან სადავო აქტების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაცული საიდუმლო ინფორმაცია, სააპელაციო პალატამ თავადაც გამოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაცული საიდუმლო ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიამ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა კანონმდებლობის მიზნების მხედველობაში მიღებით, საქართველოს მთავრობის 09.06.2014წ. №372 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დაცვით. ამდენად, პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...-ს“ მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის, შპს „...-ს“, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლები, რამდენადაც, მოპასუხეს საერთოდ არ აქვს თავის აქტში (არც წერილში, არც კომისიის სხდომის ოქმში, არც ერთ დოკუმენტში) მითითებული დასაბუთება, კანონის მუხლზეც კი არ მიუთითებია, რომ გავიგოთ რა დასაბუთებით ეთქვა მოსარჩელეს უარი რეკომენდაციების მიღებაზე. ამდენად, სასამართლოს მსჯელობა იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება სწორად, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით არის მიღებული, სრულიად დაუსაბუთებელია და შეუძლებელია იმის დადგენა, რომ დისკრეციული უფლებამოსილება განხორციელებულია კანონით დადგენილ ფარგლებში. მისივე მოსაზრებით, სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა სზაკ-ის 53-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები და არათუ ყველა ის ფაქტობრივი გარემოება არ მიუთითა (არც ერთი ფაქტობრივი გარემოება არ მიუთითებია), რომელსაც მნიშვნელობა ჰქონდა აქტის გამოცემისას, არამედ საერთოდ უარი თქმის საფუძველიც კი არ მიუთითებია. სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა სზაკ-ის 96-ე და 97-ე მუხლები. ნორმების სწორად გამოყენებისა და განმარტების შემთხვევაში, სასამართლო დაადგენდა, რომ მოპასუხეს არ უწარმოებია სათანადო კვლევა.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს ერთადერთ მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას დაიცვა აქტის კანონიერების განმსაზღვრელი ფორმალური და მატერიალური კანონიერება. კომისიამ კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების გათვალისწინებით, სწორად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ არ დგინდება თუ რა საფუძვლით ეთქვა მოსარჩელეს უარი აქტების გამოცემაზე, შესაბამისად, სასამართლოც მოკლებული იყო შესაძლებლობას დაედგინა აქტების გამოცემის მიზანშეწონილობა, კანონიერება და დისკრეციული უფლებამოსილების სწორად გამოყენება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 07 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის 2023 წლის 28 ივნისის №MOD 3 2 300736710 და №MOD 4 23 00736702 გადაწყვეტილებებით, შპს „...-ს“ უარი ეთქვა სამხედრო პროდუქციით ვაჭრობასა და სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალითა და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის განხორციელებაზე, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანია მიღებული გადაწყვეტილება ემყარება თუ არა მის მომწესრიგებელ კანონმდებლობას.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო აქტების გამოცემის პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, ეს კანონი არეგულირებს ისეთ ორგანიზებულ საქმიანობას ან ქმედებას, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან. კანონით დადგენილ შემთხვევაში ამ კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს აგრეთვე არაორგანიზებულ საქმიანობაზე ან ქმედებაზე. ეს კანონი ასევე აწესრიგებს ლიცენზიითა და ნებართვით რეგულირებულ სფეროს, განსაზღვრავს ლიცენზიისა და ნებართვის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის და მათი გაუქმების წესებს (1.1 მუხ.), ამავე კანონით განისაზღვრება საქმიანობის ლიცენზიის სახეები (6 მუხ.), მათ შორის, ლიცენზიის სახეებია სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების გენერალური ლიცენზია (101 პუნ.), სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური ლიცენზია (102 პუნ.) და სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზია (103 პუნ.). აღნიშნული კანონის 91 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, სამხედრო პროდუქციის დამზადებას, წარმოებას, სამხედრო პროდუქციის შეკეთებას (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით), სამხედრო პროდუქციით ვაჭრობას ახორციელებს აღნიშნული საქმიანობის უფლების მქონე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე შესაბამისი გენერალური ლიცენზიის საფუძველზე. ამ კანონის მე-6 მუხლის 101–103 პუნქტებით განსაზღვრულ გენერალურ ლიცენზიებს გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს (1 მუხ.). სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია (18 მუხ., „თ“ ქვ.პ.).

საქმეზე დადგენილია, რომ 2020 წლის 13 ნოემბერს შპს „...-მ“ განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას, რომელშიც აღნიშნა, რომ შპს „...-“ არის სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიის მაძიებელი და ითხოვა სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზია, ასევე ითხოვა სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიისათვის რეკომენდაციის მიღება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის 2023 წლის 28 ივნისის №MOD 3 2 300736710 და №MOD 4 23 00736702 გადაწყვეტილებებით შპს „...-ს“ უარი ეთქვა სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის განხორციელებაზე, ასევე სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალითა და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის განხორციელებაზე.

ზემოხსენებულ გადაწყვეტილებებს საფუძვლად დაედო „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 10.07.2020წ. №431 დადგენილება, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 09.06.2014წ. №372 დადგენილება და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.08.2020წ. №68 ბრძანება.

საქართველოს მთავრობის 09.06.2014წ. №372 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ დებულება ადგენს „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებებს (1 მუხ.); ამავე დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი მთავარი კრიტერიუმებია: საქართველოს ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესი („ა“ ქვ.პ.); ბირთვული, მასობრივი განადგურების და სხვა სახის იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები („ბ“ ქვ.პ.). ამავე პუნქტის შენიშვნაში მითითებულია, რომ დადებითი რეკომენდაცია არ გაიცემა, თუ ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს სანქციების/ემბარგოს დაწესების შესახებ, ბირთვული, მასობრივი განადგურების და სხვა სახის (მათ შორის, ბიოლოგიური, ტოქსიკური, ქიმიური, ბალისტიკური) იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებზე საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის წარმომადგენლის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაცული სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც, საქართველოს მთავრობის 09.06.2014წ. №372 დადგენილებით დამტკიცებული „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, კომისიამ მიიჩნია, რომ სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიისათვის და სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიისათვის რეკომენდაციის გაცემა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესს.

საკასაციო სასამართლოს მიერ, 2026 წლის 30 იანვრის №ბს-190(კ-25) წერილით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომელიც საფუძვლად დაედო შპს „...-სთვის“ სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის განხორციელებაზე, ასევე სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალითა და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის განხორციელებაზე უარის თქმას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში, არსებული ინფორმაციის პირობებში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო მიეღო სადავო აქტები (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).

საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური ლიცენზიის გაცემა, სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალითა და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის ლიცენზიისათვის რეკომენდაციის გაცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საქართველოს კანონმდებლობაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ზოგადი განმარტება მოცემულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, კერძოდ, მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, როდესაც ინტერესების დაპირისპირება გარდაუვალია, მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა.

ხაზგასასმელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა, უპირობოდ არ განაპირობებს მისი გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება, კერძოდ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით განხორციელება. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო აფასებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაცულ საიდუმლო ინფორმაციას, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს მისი შინაგანი რწმენით, აღწერილი საფრთხის რეალიზების ალბათობის შეფასებით, დასკვნის დასაბუთებულობის, გონივრულობისა და სანდოობის შემოწმებით, აგრეთვე საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირებით. ამგვარად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაცული საიდუმლო ინფორმაცია იძლეოდა სადავო აქტების გამოცემის შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ივლისი განჩინება;

3. შპს „...-ს“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს 07.03.2025წ. №... საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. შპს „...-ს“ (ს/ნ...) დაუბრუნდეს 07.03.2025წ. №... საგადახდო დავალებით მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა