არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-1144(კ-კს-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ზ. გ-ი
დავის საგანი - სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმა
სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2025 წლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. გ-იმა 11.08.2022 წელს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 25.02.2022 წლის №03 მითითების, 28.02.2022 წლის ბრძანების, 06.04.2022 წლის შემოწმების აქტის, 11.07.2022 წლის განხილვის ოქმის და 20.07.2022 წლის №დ-16.16222011 ბრძანების ბათილად ცნობა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 19.06.2023 წლის გადაწყვეტილებით ზ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 25.02.2022 წლის №03 მითითება, 28.02.2022 წლის ბრძანება, 06.04.2022 წლის შემოწმების აქტი, 11.07.2022 წლის განხილვის ოქმი და 20.07.2022 წლის №დ-16.16222011 ბრძანება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ.
04.06.2024 წელს და 26.03.2025 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ჩართვის მოთხოვნით. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუთითა, რომ სადავო შენობა-ნაგებობა სცდებოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საკადასტრო საზღვარს, მისი მცირე ნაწილი მოხვედრილი იყო სახელმწიფო ტყის ფონდში (ს.კ. №...), იგი ასევე კვეთდა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთსაც (ს.კ. №...). ამდენად, შუამდგომლობის ავტორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მოცემულ დავაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უნდა ჩაბმულიყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ეროვნული სატყეო სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2025 წლის განჩინებით შუამდგომლობა, სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს მესამე პირად ჩაბმის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 25.02.2022 წლის №03 მითითების, 06.04.2022 წლის №1 შემოწმების აქტის, 28.02.2022 წლის №ბ16.16220596 ბრძანების და 20.07.2022 წლის №ბ16.16222011 ბრძანების კანონიერების საკითხი, რომლის საფუძველზეც ზ. გ-ი უნებართვოდ წარმოებული მშენებლობისთვის დაჯარიმდა 4000 ლარით და მასვე დაევალა უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის სრული დემონტაჟის განხორციელება. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილი მესამე პირებად საქმეში ჩაბმის აუცილებლობას ადგენს იმ პირების მიმართ, რომელთა ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება ანუ ასეთი პირები იმგვარად არიან დაკავშირებულნი სადავო სამართალურთიერთობასთან, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს ამ ურთიერთობასთან დაკავშირებულ, კანონით დაცულ მათ უფლებებსა და ინტერესებზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთზე წარმოებული მშენებლობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების კანონიერების შეფასებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხებოდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინტერესებს. ზემოაღნიშნული არ ქმნიდა სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მათი მესამე პირად საქმეში ჩაბმის საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2025 წლის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ზ. გ-ის მიერ მშენებლობა განხორციელებულია არა მხოლოდ კერძო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, არამედ ტყის ფონდში და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. სადავო დადგენილებით ზ. გ-ის ჯარიმასთან ერთად დაეკისრა დემონტაჟის განხორციელების ვალდებულებაც. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, უკეთუ ძალაში დარჩება ზემოაღნიშნული აქტი, უკანონო ობიექტი განთავსებული აღმოჩნდება არა მხოლოდ სამართალდამრღვევი პირის, არამედ სხვა პირთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზეც, რაც საკმარისი საფუძველია საქმის წარმოებაში მესამე პირთა ჩასართავად. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სასამართლოს მითითება იმაზე, რომ პასუხისმგებლობის დაკისრების კანონიერების შეფასებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხებოდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინტერესებს.
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ამჟამინდელი მდგომარეობით, ზ. გ-ის მიერ განხორციელებული მშენებლობა ორივე ორგანოს ინტერესებს ეხება, გარდა ამისა, ზ. გ-ის მიერ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის შეცვლის შემთხვევაშიც კი შენობა-ნაგებობა მაინც მოექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებულ და დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთზე, რასაც ადასტურებს კერძო საჩივარზე თანდართული სიტუაციური ნახაზი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, შუამდგომლობის დაკმაყოფილება და საქმეში სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს ჩაბმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს დავის განხილვაში არა მხოლოდ მხარეების (მოსარჩელე, მოპასუხე), არამედ აგრეთვე მესამე პირების მონაწილეობის შესაძლებლობას. მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ ადმინისტრაციული სასამართლო პროცესის ფარგლებში მოახდინონ საკუთარი ინტერესების დაცვა და რეალიზება. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. სასკ-ის მე-16 მუხლი განასხვავებს პროცესში მესამე პირების მარტივ და სავალდებულო ჩაბმას, ჩაბმის ფორმის მიხედვით განისაზღვრება მესამე პირთა საპროცესო უფლება და ქმედუნარიანობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში მესამე პირთა ჩაბმისას სასამართლო აფასებს საქმის გარემოებებს, მესამე პირთა შესაძლო კავშირს სადავო სამართალურთიერთობასთან და მითითებული ფაქტორების გათვალისწინებით, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე წყვეტს შესაბამისი საპროცესო სტატუსით საქმეში პირთა ჩაბმის საკითხს. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, არასავალდებულო მოწვევის მესამე პირი არ არის განსახილველი დავის უშუალო მონაწილე, თუმცა საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ამ პირის სამართლებრივ ინტერესზე (სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილი), ხოლო სავალდებულო მოწვევის მესამე პირის შემთხვევაში (სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი) უნდა იკვეთებოდეს არა მხოლოდ პირთა სამართლებრივ ინტერესზე ზემოქმედება, არამედ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვრებოდეს მესამე პირთა უფლება-მოვალეობანი. სავალდებულო მოწვევის მესამე პირი განსახილველი სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე უნდა იყოს, მას თავისი დამოუკიდებელი სამართლებრივი ინტერესი უნდა გააჩნდეს დავის მიმართ (იხ. სუსგ 16.01.2020წ. №ბს-1170(კს-18)). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა უფლებების დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მესამე პირის სავალდებულო მოწვევის (მე-16.2 მუხ.) წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესის დადგენით. მოწვევა სავალდებულოა, თუ მესამე პირი სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში იმ ხარისხით არის ჩაბმული, რომ მასთან მიმართებაში მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი, ე.ი. სასამართლო გადაწყვეტილება იმავდროულად ზემოქმედებას უნდა ახდენდეს მესამე პირის უფლებაზე ან ინტერესზე (იხ. სუსგ 03.06.2020წ. №ბს-992(კს-20)).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირებად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ჩაბმის თაობაზე შუამდგომლობის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ ხსენებული ადმინისტრაციული ორგანოები არ წარმოადგენენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემული დავის ფარგლებში ზ. გ-ი სადავოდ ხდის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა თანახმად, ზ. გ-ი მიჩნეულ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და ქ. ბორჯომში, ...ს მიმდებარედ, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. №...) უნებართვოდ წარმოებული მშენებლობისათვის დაჯარიმდა 4000 ლარით და მასვე დაეკისრა უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის დემონტაჟი. სადავო აქტებში არაა მითითებული იმაზე, რომ ზ. გ-ის მიერ ნაწარმოები მშენებლობა გაცდენილი იყო საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა სახელმწიფოსა და ტყის ფონდის მიწებზე. სადავო აქტებში მითითებულია მხოლოდ ის, რომ ზ. გ-ი უნებართვო მშენებლობას მის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ნაკვეთზე აწარმოებდა, სადავო აქტები არ შეიცავს მითითებას მის მიერ №... და №... კოდებზე მშენებლობის წარმოების შესახებ. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ წარმოებული მშენებლობისთვის მოსარჩელისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების კანონიერების შეფასებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინტერესებს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ დასახელებული გარემოებები არ ასაბუთებს კერძო საჩივრის საფუძვლიანობას. სავალდებულო მესამე პირებად საქმის განხილვაში მოწვევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ზემოქმედებას მოახდენს მათ სამართლებრივ ინტერესზე, არამედ სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა განისაზღვროს მესამე პირთა უფლებები და მოვალეობები. მესამე პირების მოწვევის სავალდებულო ხასიათი სახეზეა მაშინ, როდესაც მესამე პირი დაინტერესებულია პროცესის შედეგით და ამავდროულად იგი თავად არის გასაჩივრებული სამართლებრივი აქტის ადრესატი, რაც არ დასტურდება მოცემულ საქმეში.
იმის გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს დავაში ჩასართავ პირთა წრის ხელოვნური გაფართოება, სასამართლოსა და ადმინისტრაციული ორგანოების დაუსაბუთებელი გადატვირთვა და დავის განხილვაში სავალდებულო წესით მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცეს არა დავის შედეგებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირს, არამედ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც არიან სასამართლოში განსახილველი მატერიალური სამართალურთიერთობის მონაწილეები და გააჩნიათ დავის მიმართ არა უბრალოდ ინტერესი, არამედ სახელდობრ სამართლებრივი ინტერესი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით განისაზღვრა საქმეში სავალდებულო მოწვევის მესამე პირის ჩაბმის კონკრეტული წინაპირობები.
საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნიდან გამომდინარე, არ არსებობდა საქმეში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სატყეო სააგენტოს სავალდებულო მოწვევის მესამე პირად ჩაბმის საფუძვლები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობა. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2025 წლის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-16 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.06.2025 წლის განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე