დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 12.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1147(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

Nბს-1147(კ-25) 12 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (მოპასუხე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,ა...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 1 დეკემბერს შპს ,,ა...მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ. დაზუსტებული სარჩელის წარმოდგენის შემდგომ, მოსარჩელემ მოითხოვა პაციენტ - მ. ს-ეის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 31 ივლისის NHA 8 23 00805896 (,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ) და 2023 წლის 3 ნოემბრის NHA 5 23 01174046 (შპს ,,ა...ს“ 2023 წლის 9 აგვისტოს N1050/1 (სააგენტოში რეგისტრირებული - 09.08.2023, N843440) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ) გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა; ასევე, მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ პაციენტ - მ. ს-ეის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების 514.89 ლარის ოდენობით, ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ა...ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 31 ივლისის №HA 8 23 00805896 გადაწყვეტილება, პაციენტ - მ. ს-ეის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ,,შპს ,,ა...ს“ 2023 წლის 9 აგვისტოს №1050/1 (სააგენტოში რეგისტრირებული - 09.08.2023, N843440) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ“ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 3 ნოემბრის №HA 5 23 01174046 გადაწყვეტილება, პაციენტ - მ. ს-ეის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში; დაეკისრა მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, მოსარჩელე - შპს ,,ა...ს“ სასარგებლოდ პაციენტ - მ. ს-ეის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 514.89 (ხუთას თოთხმეტი ლარი და ოთხმოცდაცხრა) ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) მე-15 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლებზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ №3488416224 სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სადავო შემთხვევაში, შესაბამისი ჩარევის კოდი წარმოადგენდა JASG60 (მუცლის კედლის რეკონსტრუქცია საპროთეზო მასალის გამოყენებით) NCSP კოდს და არა JASW96 (სხვა ოპერაციები მუცლის კედელზე, ჯორჯალზე, პერიტონეუმზე და ბადექონზე) NCSP კოდს.

სააპელაციო პალატის შეფასებით, NCSP კოდის არასწორად მითითებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ქირურგის - გ. თ-ეის ახსნა-განმარტებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ პაციენტს ჩაუტარდა სწორედ ის ჩარევები, რაც მითითებული იქნა კლინიკის მიერ წარდგენილ შეტყობინებაში. ამასთან, ქირურგის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მითითებული JASW96 (სხვა ოპერაციები მუცლის კედელზე, ჯორჯალზე, პერიტონეუმზე და ბადექონზე) NCSP კოდი თავის თავში მოიცავდა JASG60 - NCSP კოდით გათვალისწინებულ ჩარევასაც, კერძოდ, მუცლის კედლის რეკონსტრუქცია საპროთეზო მასალის გამოყენებით. თუმცა, JASG60 - NCSP კოდი სრულად არ მოიცავს იმ ჩარევებს, რაც რეალურად ჩაუტარდა პაციენტს.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, აპელანტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სააგენტოსათვის გადაცემული მონაცემები იყო არასწორი. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლო მართებულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სადავო შემთხვევის თაობაზე სააგენტოსათვის გადაცემული მონაცემები შეესაბამებოდა პაციენტის მდგომარეობას და გაწეულ სამედიცინო მომსახურებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 31 ივლისის NHA 8 23 00805896 გადაწყვეტილებით, შპს ,,ა...ს“ უარი ეთქვა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, მათ შორის, პაციენტ მ. ს-ეისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პაციენტი მ. ს-ეე, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი N1.1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე, შპს ,,ა...ში“ მკურნალობდა 2023 წლის 11 იანვრიდან 2023 წლის 17 იანვრის ჩათვლით, გეგმიური ქირურგიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზით K43.9 -/- სხვა და დაუზუსტებელი მუცლის წინა კედლის (ვენტრალური) თიაქარი გაუვალობის და განგრენის გარეშე, ჩარევა JASW96 -/- სხვა ოპერაციები მუცლის კედელზე, ჯორჯალზე, პერიტონეუმზე და ბადექონზე. სამედიცინო დოკუმენტაციით პაციენტს ჩაუტარდა ჩარევა JASG60 -/- მუცლის კედლის რეკონსტრუქცია საპროთეზო მასალის გამოყენებით. შესაბამისად, აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევას ინსპექტირების ეტაპზე განესაზღვრა სტატუსი „არ ექვემდებარება ანაზღაურებას“, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი N1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის (სამედიცინო დოკუმენტაცია არ ექვემდებარება ანაზღაურებას, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს) თანახმად.

ასევე დადგენილია, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 31 ივლისის NHA 8 23 00805896 გადაწყვეტილება, მათ შორის პაციენტ მ. ს-ეისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, შპს ,,ა...მა“ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 3 ნოემბრის NHA 5 23 01174046 გადაწყვეტილებით, შპს ,,ა...ს“ ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; კერძოდ, დადგინდა, რომ მათ შორის მ. ს-ეის სამედიცინო შემთხვევა ანაზღაურდეს დადგენილი წესით, სამედიცინო დაწესებულების მხრიდან საანგარიშგებო დოკუმენტაციის ამ საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად ხელახალი წარმოდგენის საფუძველზე, ინსპექტირების ეტაპზე შესრულებულად აღიარებული მომსახურების ნაწილში. გადაწყვეტილების თანახმად, ინსპექტირების ეტაპზე გამორკვეულ იქნა, რომ კლინიკის მხრიდან დაფიქსირებული მოთხოვნის დროს წარდგენილ ფორმა NIV 100/ა-ში დაფიქსირებულია ICD კოდი K43.9 -/- სხვა და დაუზუსტებელი მუცლის წინა კედლის (ვენტრალური) თიაქარი გაუვალობის და განგრენის გარეშე, საჭირო ჩარევად დასახელებულია მუცლის კედლის რეკონსტრუქცია საპროთეზო მასალის გამოყენებით, თუმცა ჩარევის ამსახველი კოდი არ არის სწორად მითითებული. კერძოდ, კლინიკის მხრიდან დაფიქსირებულია NCSP კოდი - JASW96 - სხვა ოპერაციები მუცლის კედელზე, ჯორჯალზე, პერიტონეუმზე და ბადექონზე. ინტრაოპერაციულად აღწერილი ცვლილებები და ქირურგის ქმედებები დამახასიათებელი და მოსალოდნელია ინციზიური ვენტრალური თიაქარის ოპერაციის მსვლელობის დროს. შესაბამისად, თიაქარპლასტიკა ბადის ინპლანტაციით შესრულებულია მუცლის წინა კედელზე, ხოლო ინტრააბდომინალური ჩარევები ამ კონკრეტული ოპერაციის მსვლელობის ეტაპებია. ამავე გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ინსპექტირების ეტაპზე, დადგენილების მე-56 მუხლის პირობების თანახმად, კლინიკისთვის შეთავაზებული იყო სამედიცინო შემთხვევის NCSP კოდით - JASG60 -/- მუცლის კედლის რეკონსტრუქცია საპროთეზო მასალის გამოყენებით, ჩანაცვლება. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ეტაპზე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სამედიცინო დაწესებულების მხრიდან საანგარიშგებო დოკუმენტაციის ამ საოქმო გადაწყვეტილების შესაბამისად ხელახალი წარმოდგენის საფუძველზე, ანაზღაურდეს მხოლოდ სააგენტოს მიერ ინსპექტირებისას შესრულებულად აღიარებული მომსახურება.

საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს ,,ა...ში“ პაციენტ მ. ს-ეისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი დოკუმენტაცია, მათ შორის, ფორმა IV-300-15/ა წინასაოპერაციო ეპიკრიზი და ცნობა N614 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV 100/ა). წინასაოპერაციო ეპიკრიზში მითითებულია, რომ პაციენტის ოპერაციული მკურნალობის მიზანს და ამოცანებს წარმოადგენდა თიაქრის ლიკვიდაცია, აბდომინო პლასტიკა, თიაქარპლასტიკა პოლიპროპილენის ბადის გამოყენებით, სხვა ოპერაციები მუცლის წინა კედელზე, ჯორჯალზე, პერიტონეუმზე და ბადექონზე. ამასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დგინდება, რომ პაციენტ მ. ს-ეეს 2023 წლის 11 იანვარს გაუკეთდა გეგმიური ოპერაცია: თიაქარკვეთა, დიდი ბადექონის რეზექცია, სინექიოლიზი, მუცლის წინა კედლის პლასტიკა - თიაქარპლასტიკა ბადის იმპლანტაციით, კანქვეშა სივრცის დრენირება JASW96.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის სწორედ პაციენტ - მ. ს-ეის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 31 ივლისის NHA 8 23 00805896 და 2023 წლის 3 ნოემბრის NHA 5 23 01174046 გადაწყვეტილებების კანონიერებას; ასევე, მათ თანმდევ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ პაციენტ - მ. ს-ეის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 514.89 ლარის ოდენობით, ანაზღაურების დაკისრება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანახმად, შპს ,,ა...ს“ პაციენტ - მ. ს-ეის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარი ეთქვა სწორედ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით, სამედიცინო დაწესებულებამ არასწორად ასახა ჩარევის კოდი JASW96 - სხვა ოპერაციები მუცლის კედელზე, ჯორჯალზე, პერიტონეუმზე და ბადექონზე, სამედიცინო დოკუმენტაციით კი, პაციენტს ჩაუტარდა ჩარევა JASG60 - მუცლის კედლის რეკონსტრუქცია საპროთეზო მასალის გამოყენებით. ამასთან, სადავო გადაწყვეტილებებში მითითებულია, რომ ინტრაოპერაციულად აღწერილი ცვლილებები და ქირურგის ქმედებები დამახასიათებელი და მოსალოდნელია ინციზიური ვენტრალური თიაქარის ოპერაციის მსვლელობის დროს. შესაბამისად, თიაქარპლასტიკა ბადის ინპლანტაციით შესრულებულია მუცლის წინა კედელზე, ხოლო ინტრააბდომინალური ჩარევები ამ კონკრეტული ოპერაციის მსვლელობის ეტაპებია.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაზე (ფორმა IV-300-15/ა წინასაოპერაციო ეპიკრიზი და ცნობა N614 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV 100/ა)), რომლითაც დგინდება, რომ პაციენტის ოპერაციული მკურნალობის მიზანს და ამოცანებს წარმოადგენდა თიაქრის ლიკვიდაცია, აბდომინო პლასტიკა, თიაქარპლასტიკა პოლიპროპილენის ბადის გამოყენებით, სხვა ოპერაციები მუცლის წინა კედელზე, ჯორჯალზე, პერიტონეუმზე და ბადექონზე. შესაბამისად, პაციენტ მ. ს-ეეს 2023 წლის 11 იანვარს გაუკეთდა გეგმიური ოპერაცია: თიაქარკვეთა, დიდი ბადექონის რეზექცია, სინექიოლიზი, მუცლის წინა კედლის პლასტიკა - თიაქარპლასტიკა ბადის იმპლანტაციით, კანქვეშა სივრცის დრენირება JASW96.

ამასთან, საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, ყურადღებას გაამახვილებს პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის ეტაპზე მოწმის სახით დაკითხული ქირურგის - გ. თ-ეის ახსნა-განმარტებაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ პაციენტს ჩაუტარდა სწორედ ის ჩარევები, რაც მითითებული იქნა კლინიკის მიერ წარდგენილ შეტყობინებაში. ასევე, ქირურგის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მითითებული JASW96 (სხვა ოპერაციები მუცლის კედელზე, ჯორჯალზე, პერიტონეუმზე და ბადექონზე) NCSP კოდი თავის თავში მოიცავდა JASG60 - NCSP კოდით გათვალისწინებულ ჩარევასაც, კერძოდ, მუცლის კედლის რეკონსტრუქცია საპროთეზო მასალის გამოყენებით, თუმცა, JASG60 - NCSP კოდი, სრულად არ მოიცავს იმ ჩარევებს, რაც რეალურად ჩაუტარდა პაციენტს. მოწმის სახით დაკითხული ქირურგის განმარტებით, მოსარჩელის მიერ შეტყობინების წარდგენის დროისთვის JASG60 - NCSP კოდის მითითებისას, ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნულს ჩაუთვლიდა დოკუმენტაციასთან შეუსაბამოდ წარდგენილ ინფორმაციად, რადგან წარდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად დასტურდებოდა, რომ პაციენტს ჩაუტარდა სხვადასხვა ჩარევები, მათ შორის, მუცლის კედლის რეკონსტრუქცია საპროთეზო მასალის გამოყენებით. მანვე აღნიშნა, რომ პრაქტიკაში არსებობს მარტივი და რთული თიაქრები, სადავო შემთხვევა შეეხებოდა რთულ თიაქარს, რის გამოც სანამ ბადეს ჩააკერებდნენ, ჩატარდა სხვა მრავალი პროცედურა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო პაციენტისთვის და აღნიშნული რა თქმა უნდა იწვევდა დამატებით ხარჯებს, რაც JASG60 - NCSP კოდის მითითების შემთხვევაში სრულად ვერ ანაზღაურდებოდა, შესაბამისად, კლინიკა ვერ მიიღებდა იმ თანხას, რაც რეალურად ეკუთვნოდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც. შესაბამისი ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (სუსგ №ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)). ამასთან, მართალია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთის ამავე ორგანოსათვის დაკისრება არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამდგენი ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებისაგან, თუმცა აქტის კანონიერების შეფასებისას ორგანომ სათანადო მტკიცებულებაზე დაყრდნობით უნდა დაასაბუთოს გამოცემული აქტის სამართლებრივი საფუძვლიანობა.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ უზრუნველყო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების (გასაჩივრებულ ნაწილში) კანონიერების სათანადოდ დასაბუთება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში წარმოდგენილია პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე მოწმის ჩვენება, მხოლოდ სადავო აქტში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაფიქსირებული განმარტება იმის თაობაზე, რომ ჩატარებულია თიაქარპლასტიკა ბადის ინპლანტაციით მუცლის წინა კედელზე და ინტრააბდომინალური ჩარევები ამ კონკრეტული ოპერაციის მსვლელობის ეტაპებია, არ წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულების მიერ ჩარევის არასწორი კოდის დაფიქსირების დამადასტურებელ მტკიცებულებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ განხორციელებული ჩარევის აღრიცხვისთვის სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებულია ორი განსხვავებული ჩარევის კოდი: JASW96 - სხვა ოპერაციები მუცლის კედელზე, ჯორჯალზე, პერიტონეუმზე და ბადექონზე და JASG60 - მუცლის კედლის რეკონსტრუქცია საპროთეზო მასალის გამოყენებით. შესაბამისად, თუკი მოცემულ შემთხვევაში პაციენტს ჩაუტარდა ისეთი მანიპულაციები, რაც გულისხმობს სხვა ოპერაციებს მუცლის კედელზე, ჯორჯალზე, პერიტონეუმზე და ბადექონზე (JASW96), გაუგებარია, რატომ უნდა აღერიცხა მოსარჩელეს მითითებული ჩარევა მხოლოდ მუცლის კედლის რეკონსტრუქციად საპროთეზო მასალის გამოყენებით (JASG60) და სხვა შესრულებული მანიპულაციები ჩაეთვალა ამ კონკრეტული ოპერაციის ფარგლებში განხორციელებულ ჩარევებად, ოპერაციის მსვლელობის ეტაპებად. ამგვარი მიდგომა გამართლებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი JASW96 კოდი დამოუკიდებლად არ იქნებოდა რეგისტრირებული. მოცემულ შემთხვევაში კი, პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების გათვალისწინებით, სადავო შემთხვევა გაცდა JASG60 კოდით გაწერილი სამედიცინო მომსახურების ფარგლებს (მუცლის კედლის რეკონსტრუქცია საპროთეზო მასალის გამოყენებით) და შექმნა JASW96 კოდით განსაზღვრული მოცემულობა (სხვა ოპერაციები მუცლის კედელზე, ჯორჯალზე, პერიტონეუმზე და ბადექონზე). ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პაციენტ მ. ს-ეის სამედიცინო შემთხვევასთან მიმართებით, შპს ,,ა...ს“ მიერ სწორად იქნა ასახული ჩარევის კოდი, რაც ქმნიდა გასაჩივრებულ ნაწილში სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ აღნიშნული პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრების საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2025 წლის 3 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2025 წლის 3 ნოემბრის N26758 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ზამბახიძე