დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1214(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ.დ-ა
თავდაპირველი მოსარჩელე - ო.ჯ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2023 წლის 18 ივლისს ნ.დ-ამ და ო.ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
სარჩელის თანახმად, ნ.დ-ა არის დევნილი აფხაზეთიდან, ხოლო ო.ჯ-ე არის ნ.დ-ას შვილიშვილი და მას ასევე გააჩნია იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი. მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. წარმოდგენილი სასარჩელო განაცხადით ირკვევა, რომ ნ.დ-ამ და ო.ჯ-ემ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართის - ერთოთახიანი ბინის მოთხოვნით განაცხადი შეიტანეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში, თუმცა მიიღეს უარი. მოსარჩელეები ადმინისტრაციული ორგანოს უარს მიიჩნევენ უკანონოდ.
ამდენად, ნ.დ-ამ და ო.ჯ-ემ წარმოდგენილი სასარჩელო განაცხადით დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის IDP 1 23 00001138 ბათილად ცნობა მოითხოვეს. ხოლო, შემდგოში მათ დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ნ.დ-ას და ოთარი ჯანგველაძის ქალაქ ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.დ-ას და ო.ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის IDP 1 23 00001138 ბრძანება, ,,დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ ნ.დ-ას ნაწილში; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ნ.დ-ას მიმართ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებულ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ნ.დ-ა და ო.ჯ-ე არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები აფხაზეთიდან. დევნილის ანკეტის თანახმად, ნ.დ-ას და ო.ჯ-ის ოჯახს მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი №.... ოჯახის დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) მითითებულია - ..., ...ის №60, ხოლო ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად ქ. თბილისი, ..., ... ...
დადგენილია, რომ 2021 წლის 24 სექტემბერს ნ.დ-ამ შვილიშვილთან - ო.ჯ-ესთან ერთად საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, შეავსო გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარი. განმცხადებელმა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიუთითა: ქ. თბილისი, ..., ... ... ნ.დ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ ოჯახს მიენიჭა - 7.50 ქულა (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი - 1 წევრი - 1.50 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე - 1,5 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 2.50 ქულა; ნ.დ-ა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ,,შშმპ“ (მნიშვნელოვნად გამოხატული) - 2.00 ქულა). სარეგისტრაციო ნომერზე ნ.დ-ას ჰყავს ორი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი. განაცხადს აკეთებს შვილიშვილთან ერთად.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ 2022 წლის 14 აპრილს განხორციელდა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგი მისამართზე: ქ. თბილისში, ...ის დასახლება ... კორპ. ..., ბინა .... მონიტორინგის ფორმაში მითითებულია, რომ განმცხადებელი 2008 წლიდან ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე შვილისა და რძლის დაკანონებულ ფართში. 2008 წლამდე ოჯახი ცხოვრობდა ...ში, ...ის №60-ში. მონიტორინგის პროცესში ზემოთხსენებულ მისამართზე იმყოფებოდა ნ.დ-ა. მონიტორინგის ფორმაში მითითებულია, რომ ზემოთხსენებულ მისამართზე ასევე ცხოვრობს გ.ბ-ძე. მონიტორინგის დროს ოჯახის შემადგენლობაში შედიან განმცხადებელი- ნ.დ-ა და შვილიშვილი - ო.ჯ-ე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის ოქმით დგინდება, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, კომისიამ განიხილა იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლების საკითხი. ნ.დ-ას ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ ამ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენს გარდაცვლილი შვილის და რძლის საკუთრებაში ცხოვრების გამო.
საქმეში წარმოდგენილია სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის IDP 1 23 00001138 ბრძანება, რომელიც მიღებულია დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2023 წლის 3 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №30) და რომლის მიხედვითაც ნ.დ-ას ოჯახს უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო.
გარდა ამისა, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ...ში, ...ის ქუჩაზე №130-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი 2008 წლის 3 ივლისის მდგომარეობით, წარმოადგენდა ნ.დ-ას საკუთრებას, ხოლო 2008 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ზემოთხსენებული საცხოვრებელი სახლი თენგიზ დარჯანიას საკუთრებად აღირიცხა.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულებით, სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 (ერთი) ლარად დანართშივე მითითებულ ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცათ. მითითებული განკარგულების დანართის თანახმად, თბილისი, ..., ... ... დ.ჯ-ესა და გ.ბ-ეს გადაეცა. ამავე განკარგულების მე 2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით ბინის საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა მყიდველის ვალდებულება ოჯახის წევრები საცხოვრებელი ფართობით უზრუნველეყო. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და დ.ჯ-ეს შორის 2012 წლის 20 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, დ.ჯ-ეს გადაეცა პირობადადებულ საკუთრებად ქ. თბილისში, ... ... (ნაკვეთი ...), ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება. აღნიშნულის საფუძველზე, ქ. თბილისში, ... ... (ნაკვეთი ...), ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება 2012 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით აღირიცხა დ.ჯ-ის სახელზე. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ ქ. თბილისში, ... ... (ნაკვეთი ...), ... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების მესაკუთრე 2021 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით არის გ.ბ-ე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: 2021 წლის 12 ოქტომბერს დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა დეპარტამენტის 2024 წლის 31 მაისის IDP 6 24 00590337 წერილის თანახმად, 2023 წელს დევნილთა მონაცემთა ბაზაში ო.ჯ-ე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მოინიშნა, როგორც საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი.
სააპელაციო სასამართლო გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები თუ სამართლებრივი დასკვები და აღნიშნა, რომ ფართის მესაკუთრე არ არის ვალდებული, მუდმივად დაუთმოს მოსარჩელეს საკუთარი უძრავი ქონება. შესაბამისად, მხოლოდ მითითებული მოტივით მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ვერ შექმნიდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის კანონიერად მიჩნევის საფუძველს. ამასთან, სააპელაციო პალატის მითთებით სადავო გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობის მიღმა დატოვა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოსარჩელის ასაკი და სოციალური მდგომარეობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაცია სადავო აქტის კანონიერების შესახებ იყო უსაფუძვლო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. კასატორის მითითებით, მოცემული დავის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს უტყუარად დადგინდეს რამდენად სასწრაფოდ საჭიროებდა მოსარჩელე საცხოვრებლით დაკმაყოფილებას და ჰქონდა თუ არა მას სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი. კასატორი მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა სამოქმედო გეგმის ბოლო ეტაპზე ითვალისწინებს იმ დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, რომელთაც საკუთარი სახსრებით შეიძინეს საცხოვრებელი ბინა. კასატორის განმარტებით, პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ არავითარი საცხოვრებელი, აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კასატორის მითითებით, ის გარემოება, რომ დევნილი ოჯახი სახელმწოფოს არ ჰყავს საცხოვრებლით უზრუნველყოფილი, არ დგას ეჭვის ქვეშ, თუმცა ბენეფიციარებსაც აქვთ თმენის ვალდებულება დაელოდონ თავიანთ რიგს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის IDP 1 23 00001138 ბრძანების კანონიერება, რომლითაც ნ.დ-ას ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა ქ. ქუთაისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. მოსარჩელე ითხოვს სააგენტოსთვის მისი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილ იქნეს დევნილთა ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №7 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №8 დანართის შესაბამისად. ზემოხსენებული ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დასტურდება, რომ ნ.დ-ას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ ოჯახს მიენიჭა- 7.50 ქულა (1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი- 1 წევრი- 1.50 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები: ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ბინაში ქირის გარეშე- 1,5 ქულა; სოციალური კრიტერიუმი- 2.50; ქულა; ნ.დ-ა- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ,,შშმპ“ (მნიშვნელოვნად გამოხატული)-2.00 ქულა).
საგულისხმოა, რომ მოსარჩელისთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა არასაკმარისი რაოდენობა, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ნ.დ-ას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საჭიროების არარსებობაზე, რადგან მიჩნეულ იქნა, რომ დევნილ პირს შეუძლია შეუზღუდავად სარგებლობს ნათესავის (შვილისა და რძლის) საკუთრებით.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე არსებული კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს ხელი მიუწვდება ალტერნატიულ საცხოვრებელზე, რის გამოც განსახლების გადაუდებელი საჭიროება არ არსებობდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღრის კუთხით, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარს იმ მოტივით, რომ არ არსებობდა გადაუდებელი განსახლების საჭიროება ნ.დ-ას სხვა პირის საკუთრებაში ცხოვრების გამო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა