დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 05.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1278(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1278(კ-25) 5 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - პ. ბ-ი

მესამე პირი - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლის 14 სექტემბერს სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - პ. ბ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ...ში, ...ს ქუჩის მიმდებარედ არსებული 5614.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) ირიცხება სახელმწიფოს საკუთრებაში. აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილი (179.24 კვ.მ) არამართლზომიერად დაკავებული ჰქონდა პ. ბ-ის და აღნიშნულ ტერიტორიაზე ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 11 ივნისამდე პერიოდში, რაც დასტურდება სააგენტოს მიერ მოპოვებული ადგილზე დათვალიერების ოქმითა და ფოტომასალით. სააგენტოს მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, მოპასუხეს დღემდე აქვს დაკავებული აღნიშნული უძრავო ქონება, თუმცა სამეწარმეო საქმიანობას აღარ ახორციელებს 2021 წლის 11 ივნისის შემდგომ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 6 აგვისტოს საექსპერტო-აუდიტორული დასკვნის თანახმად, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ...ში, ...ს ქუჩის მიმდებარედ არსებული (საკადასტრო კოდი ...) 179,24 კვ.მ მიწის ნაკვეთის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2019 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე საორიენტაციოდ შეადგენს 367 ლარს. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეს გაეგზავნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან შეტყობინებები, მიეცა ვადა თანხის ანაზღაურებისა და უძრავი ქონების გამოთავისუფლებისთვის, რაც მას არ განუხორციელებია.

მოსარჩელემ მოპასუხისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 10 ივნისის ჩათვლით 7083 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება და ასევე, პ. ბ-ის უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოთხოვა და სახელმწიფოსათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 31 იანვრის საოქმო განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი მოპასუხე პ. ბ-ის მიმართ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადიგენის მუნიციპალიტეტში, ...ში, ...ს ქუჩის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების (ს.კ. ...) ნაწილის პ. ბ-ის უკანონო მფლობელობიდან, კერძოდ, სიტუაციურ რუკაზე აღნიშნული 179.24 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გამოთხოვისა და სახელმწიფოსთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე, დატოვებულ იქნა განუხილველად.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ბ-ი ადიგენის მუნიციპალიტეტში, ...ში, ...ს ქუჩის მიმდებარედ, სამეწარმეო საქმიანობს ახორციელებდა მხოლოდ სეზონურად, შესაბამისად, დასტურდება, რომ სხვა პერიოდში ის არ სარგებლობდა სადავო ქონებით. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რომ პირველადი სასამართლო წარმოების შემდეგ, მოპასუხე კვლავ აგრძელებდა სადავო ფართით არამართლზომიერ სარგებლობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალის მიხედვით, სადავო ტერიტორია ლენტით არის გამოყოფილი და არის გაფრთხილება მოქალაქეებისათვის, რომ აღნიშნული ტერიტორიით არ ისარგებლონ კაფე-ბარის სტუმრებმა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონებით სარგებლობის ფაქტი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოქალაქეები სარგებლობდნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, არ ადასტურებს, რომ აღნიშნული პირები იყვნენ სწორედ კაფე-ბარის სტუმრები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორმა მიუთითა, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერი სარგებლობისთვის პირის სანქცირებას უკავშირებს ამ ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) გამოყენებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნებისმიერი სახით გამოყენება, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ მიზნად ისახავს მოგების მიღებას, მოცემული მუხლის თანახმად ექვემდებარება მოსარგებლისგან სათანადო ანაზღაურებას. კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ პ. ბ-ი სარგებლობდა რა მუნიციპალიტეტის ქონებაზე კომერციული მიზნით კაფე-ბარის განთავსების უფლებამოსილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს იყენებდა თავისი კვების ობიექტის და მისი ინფრასტრუქტურის (სამეწარმეო საქმიანობის უშუალო ობიექტის) განსათავსებლად, ამდენად, მხოლოდ ობიექტის ფიცრული ნაგებობის, როგორც სამეწარმეო საქმიანობის უშუალო ობიექტის, განთავსების ფაქტი საკმარისია, რომ დადგინდეს სახელმწიფო ქონებით სარგებლობა. ხოლო, მეორეს მხრივ ამ ფაქტის დასადგენად რელევანტური გარემოება ვერ იქნება რეალურად იღებდა თუ არა მოგებას მოცემული ობიექტის ფუნქციონირებით მოპასუხე, წელიწადში რამდენი თვით ამუშავებდა ობიექტს ან მოგებას უშუალოდ ბარის ფუნქციონირებიდან იღებდა თუ ბარის გაქირავებიდან, ვინაიდან ამ შემთხვევაში მხოლოდ მოგების მომტანი საქმიანობის საგნის უძრავ ქონებაზე დაფიქსირების მეშვეობით მისი მზადყოფნაში ქონა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა უკვე წარმოადგენს მიწის ნაკვეთის გამოყენებას კომერციული/სამეწარმეო მიზნით, რისთვისაც პ. ბ-ის, როგორც სახელმწიფო საკუთრებით არამართლზომიერად მოსარგებლეს, უნდა დაეკისროს საფასურის გადახდა. კასატორის მითითებით, საქმეში არსებული ადგილზე დათვალიერების ოქმებიდან და ფოტოსურათებიდან დასტურდება, რომ 2020 წლის ივლისში კაფე-ბარი ფუნქციონირებდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია პ. ბ-ისათვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობის მოტივით, საფასურის 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 10 ივნისის ჩათვლით 7083 ლარის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე, სახელმწიფო ქონებით სარგებლობისათვის გათვალისწინებული თანხის დაკისრების სუბიექტი შეიძლება იყოს პირი, რომელიც სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ ქონებას იყენებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის, სახელმწიფოსთან შეთანხმების გარეშე.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ვინაიდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას, მის კომპეტენციას, ასევე, განეკუთვნება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევაზე რეაგირება. შესაბამისად, ცალსახაა, რომ სააგენტომ, როგორც მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო ქონებით უნებართვოდ სარგებლობის დადასტურება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტში, ...ში, ...ს ქუჩის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი ..., დაზუსტებული ფართობი 5614 კვ.მ, საკუთრების უფლებით ირიცხება სახელმწიფოს სახელზე. ასევე დადგენილია, რომ მის მომიჯნავედ არსებული ტერიტორია, კერძოდ, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ...ში, ...ს ქ. N..., ...სთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი ..., დაზუსტებული ფართობი 10413.00 კვ.მ, 2011 წლის 07 მარტიდან საკუთრების უფლებით ირიცხება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე.

2014 წლის 25 აპრილს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და პ. ბ-ის შორის გაფორმებულ იქნა იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც პ. ბ-ის დროებით სარგებლობაში გადაეცა ...ში, ...ს ქ. N...-ში (...სთან) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) ნაწილი-ფართობით 520 კვ.მ, სეზონური ღია კაფე-ბარის განთავსების მიზნით. იჯარის ხელშეკრულების ვადა 2019 წლის N1452/09 ბრძანებით გაგრძელდა 5 წლის ვადით.

ადიგენის მუნიციპალიტეტის 2021 წლის 30 სექტემბრის N3151/08 ცნობით დადგენილია, რომ ...ში, ე.წ. პარკ „...ს“ ტერიტორიაზე არსებულმა კაფემ სეზონური სამუშაო დაიწყო 2020 წლის 1 ივნისიდან და დაასრულა 2020 წლის 31 აგვისტოს, ხოლო 2021 წელში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 22 თებერვლის N479/09 წერილის საფუძველზე, შეჩერდა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული კაფე- ბარის ფუნქციონირება, ვინაიდან 2021 წლის მარტიდან ...ში, პარკ „...ს“ ტერიტორიაზე იწყება პარკის საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები.

2020 წლის 1 ივლისს პ. ბ-ის და თ. დ-ეს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც თ. დ-ეს 2020 წლის 1 სექტემბრამდე დროებით სარგებლობაში გადაეცა პ. ბ-ის მიერ იჯარით აღებული, ...ში, ...ს ქ. N...-ში (...სთან) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ...), ფართობით 520 კვ.მ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა პ. ბ-ის დაეკისროს 2019 წლის 01 ნოემბრიდან 2021 წლის 10 ივნისის ჩათვლით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით (მდებარე, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ...ში, ...ს ქუჩის მიმდებარედ, საკადასტრო კოდი ...) არამართლზომიერი სარგებლობისათვის 7083 ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და პ. ბ-ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 404.2 ლარის გადახდა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ პ. ბ-ი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (ს/კ ...) არამართლზომიერად სარგებლობდა და კომერციული მიზნით სეზონურად იყენებდა 47 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელზეც განთავსებული იყო სავაჭრო ჯიხური (26 კვ.მ.), ღია ფარდული - მაყალი (11 კვ.მ.) და დახურული ფარდული (10 კვ.მ.). ამასთან, აღნიშნული ტერიტორიით პ. ბ-იმა 2018 წლის პერიოდში ისარგებლა სამი თვით - ივნისიდან სექტემბრამდე, ხოლო 2019 წლის პერიოდში - ორი თვით, ივლისიდან სექტემბრამდე. დანარჩენ ფართზე და პერიოდზე კი არ დასტურდება მის მიერ ზემოაღნიშნული ქონების ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ პ. ბ-ი ...ის ტერიტორიაზე მდებარე იჯარით აღებულ კაფე-ბარს ამუშავებდა სეზონურად, რა დროსაც ასევე სარგებლობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ მიწის ნაკვეთით, რომელზეც განთავსებულია სავაჭრო ჯიხური, ღია ფარდული (მაყალი) და დახურული ფარდული. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განჩინებებით დატოვებულია უცვლელად.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით, მტკიცების საგნის განსაზღვრა და ამ საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მხარეებზეა გადატანილი. ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპი პროცესის მხარეებს, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ათავისუფლებს მის მიერ მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან, მტკიცებულებებს სასამართლოს სწორედ მხარეები წარუდგენენ (სსკ-ის 103.1 მუხ.).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხე ადიგენის მუნიციპალიტეტში, ...ში, ...ს ქუჩის მიმდებარედ, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა მხოლოდ სეზონურად, შესაბამისად, დასტურდება, რომ სხვა პერიოდში ის არ სარგებლობდა სადავო ქონებით. ასევე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რომ

პირველადი სასამართლო წარმოების შემდეგ, მოპასუხე კვლავ აგრძელებდა სადავო ფართით არამართლზომიერ სარგებლობას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალის მიხედვით, სადავო ტერიტორია ლენტით არის გამოყოფილი და არის გაფრთხილება მოქალაქეებისათვის, რომ აღნიშნული ტერიტორიით არ ისარგებლონ კაფე-ბარის სტუმრებმა. შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონებით სარგებლობის ფაქტი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოქალაქეები სარგებლობდნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, არ ადასტურებს, რომ აღნიშნული პირები იყვნენ მოპასუხის მფლობელობაში არსებული კაფე-ბარის სტუმრები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად მიაჩნია, რომ პ. ბ-ის არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა სახელმწიფო ქონების კომერციული მიზნით არამართლზომიერი სარგებლობისათვის, ვინაიდან სადავო პერიოდში არ დასტურდება პ. ბ-ის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობის ფაქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე