დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1287(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1287(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე)– საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. ნ-ე

გასაჩივრებული განჩინება–თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 15 აპრილს ნ. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 28 აპრილს 17:00 საათიდან 29 აპრილის 08:00 საათამდე მორიგეობდა შპს „რ...ში“, სადაც მითითებულ პერიოდში მოსარჩელემ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად სათანადო გამოკვლევები ჩაუტარა პაციენტ - დ. მ--ის. მოსარჩელეს პროფესიული მოვალეობა განზრახ ან დაუდევრობით არ დაურღვევია, იგი ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. პროფესიული განვითარების საბჭოს 6.03.2019წ. გადაწყვეტილებით ნ. ნ-ეს შეეფარდა სიტყვიერი გაფრთხილება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საბჭოს სხდომის ოქმში მითითებულ სპეციალისტთა კონსულტაციის და კვლევების ჩატარების აუცილებლობა არ არსებობდა.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა მისთვის წერილობითი გაფრთხილების მიცემის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 06 მარტის №3 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებისა და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის №02/12541 შეტყობინების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 6 მარტის №3 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ნ. ნ-ეისთვის „წერილობითი გაფრთხილების“ მიცემის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 06 მარტის №3 საოქმო გადაწყვეტილებით შპს „რ...ს“ ექიმს ნ. ნ-ეს (სერტ. „...“) მიეცა წერილობითი გაფრთხილება.

სასამართლომ მიუთითა, რომ ნ. ნ-ეის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების გადაწყვეტილება დაეყრდნო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ...ის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ...ის ... კ. ჭ-ეისა და ამავე უნივერსიტეტის ...ის ი. მ-ის მიერ, 2018 წლის 19 ნოემბერს, შ. მ-ის სამედიცინო დოკუმენტაციაზე, მომზადებულ რეცენზიას, რომლის თანახმად: შპს "რ...ში" არ არის ჩატარებული რეცენზენტთა მიერ აღნიშნული თორაკალური ქირურგის კონსულტაცია, სისხლის/ნახველის კულტურალური კვლევა, ექოკარდიოგრაფიული კვლევა, ცილოვანი პანელი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა მოწმის სახით დაკითხულ კ. ჭ-ეის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, რეცენზიაში მითითებულ კვლევათა ჩატარება სასურველი იყო, თუმცა ჩაუტარებლობა საბოლოო შედეგს ვერ შეცვლიდა. ამასთან, კვლევები წარმოადგენდა სარეკომენდაციო ხასიათის მითითებას და არა მკურნალობის სავალდებულო მეთოდს, კვლევების ჩატარება დამოკიდებული იყო კლინიკის შიდა პროტოკოლზე. შესაბამისად, რეცენზიიდან არ გამომდინარეობდა ექიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ასევე მეორე რეცენზენტის ახსნა-განმარტებაზე, რომლის თანახმად, დასკვნაში მითითებული კვლევები უნდა გაკეთებულიყო შპს „რ...ს“ სტაციონარში პაციენტის მკურნალობის პერიოდში, თუმცა კონკრეტულად რომელ ექიმს უნდა ჩაეტარებინა, შესაფასებელ საკითხს არ წარმოადგენდა. ირმა მამაცაშვილმა აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობის, მძიმე თანმხლები დაავადებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ პროგნოზი იყო კატეგორიულად არაკეთილსაიმედო, კვლევების ჩატარება ვერაფერს შეცვლიდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდებოდა ექიმ ნ. ნ-ეის მიერ საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვის ფაქტი. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ. ნ-ე პაციენტის მკურნალი ექიმი არ ყოფილა. ამასთან, მისი მეთვალყურეობის დროს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მიმდინარე, დანიშნული მკურნალობის ფონზე იყო სტაბილური. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ უშუალოდ ექიმ ნ. ნ-ეს, მორიგეობის პერიოდში, არ წარმოეშვა კონკრეტული კვლევების ჩატარების ვალდებულება, ვინაიდან პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ქმნიდა აღნიშნულის აუცილებლობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის ზომა - წერილობითი გაფრთხილება. მითითებული მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წერილობითი გაფრთხილება მიეცემა დამოუკიდებელი საქმიანობის სუბიექტს, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ მოვალეობებს.

კასატორის განმარტებით, ექიმ ნ. ნ-ეის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის ღონისძიების - გაფრთხილების გამოყენებას საფუძვლად დაედო რეცენზენტთა დასკვნა, რომლის თანახმად, ექიმმა არ ჩაატარა შემდეგი სახის კვლევები: თორაკალური ქირურგის კონსულტაცია, სისხლის/ნახველის კულტურალური კვლევა, ექოკარდიოგრაფიული კვლევა, ცილოვანი პანელი. საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისთვის ექიმის მიმართ გამოსაყენებელი პასუხისმგებლობის ზომასა და სახეს განსაზღვრავს პროფესიული განვითარების საბჭო, რომელმაც პაციენტ - შ. მ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხზე იმსჯელა რეცენზენტთა დასკვნის გათვალისწინებით. საბჭომ მიიჩნია, რომ ექიმ ნ. ნ-ეის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო წერილობითი გაფრთხილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის წერილობითი გაფრთხილების მიცემის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 06 მარტის №3 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებისა და სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 12 მარტის №02/12541 შეტყობინების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 06 მარტის №3 საოქმო გადაწყვეტილებით შპს „რ...ს“ ექიმს - ნ. ნ-ეს (სერტ. „...“) მიეცა წერილობითი გაფრთხილება. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ...ის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ...ის ... - კ. ჭ-ეისა და ამავე უნივერსიტეტის ...ის - ი. მ-ის მიერ, 2018 წლის 19 ნოემბერს, შ. მ-ის სამედიცინო დოკუმენტაციაზე, მომზადებულ რეცენზიას, რომლის თანახმად: შპს "რ...ში" არ იყო ჩატარებული თორაკალური ქირურგის კონსულტაცია, სისხლის/ნახველის კულტურალური კვლევა, ექოკარდიოგრაფიული კვლევა და ცილოვანი პანელი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც კანონის მიზნებად ასახელებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლებისა და პრაქტიკული მომზადების უზრუნველყოფას, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესებას, მისი უფლებების დაცვას, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებას. მითითებული კანონის 73-ე მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის პაციენტის გამოკვლევასთან, მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის ზომა - წერილობითი გაფრთხილებაა. ამავე კანონის 75-ე მუხლი ითვალისწინებს წერილობითი გაფრთხილების მიცემას იმ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ პროფესიულ მოვალეობებს. კანონის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას, საბჭოს მეშვეობით ახორციელებს სამინისტრო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროფესიული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებამდე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად უნდა დაადგინოს, შეისწავლოს და შეაფასოს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ რამდენად იყო სახეზე ექიმის მიერ საექიმო საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა. ამასთან, საკითხის შესწავლის ფარგლებში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შესაბამისი და სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტთა განმარტებებისა და დასკვნების გათვალისწინება. აუცილებელია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერება, ურთიერთშეპირისპირება და გადაწყვეტილების მხარეთა ინტერესების დაცვით მიღება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით გამოიკითხნენ რეცენზენტები, რომელთა მიერ შედგენილი სარეცენზიო დასკვნაც საფუძვლად დაედო ნ. ნ-ეის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას. ერთ-ერთი რეცენზენტის - კ. ჭ-ეის ახნა-განმარტების თანახმად, პაციენტ- შ. მ-ის შპს „რ...ში“ ჩაუტარდა ყველა საჭირო და აუცილებელი სამედიცინო კვლევა, მკურნალობა იყო ადეკვატური, რეცენზიაში მითითებული კვლევების ჩატარება სასურველი იყო, თუმცა მათი ჩაუტარებლობით, საბოლოო შედეგი არ შეიცვლებოდა. კვლევები წარმოადგენდა სარეკომენდაციო ხასიათის მითითებას და არა მკურნალობის სავალდებულო მეთოდს, კვლევების ჩატარება დამოკიდებული იყო კლინიკის შიდა პროტოკოლზე, რეცენზიიდან არ გამომდინარეობდა ექიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. საყურადღებოა, რომ მეორე რეცენზენტის - ი. მ-ის ახსნა-განმარტების თანახმად, შპს „რ...ში“ პაციენტის მკურნალობა იყო მისი მდგომარეობის შესატყვისი, რეცენზიაში აღნიშნული კვლევების ჩატარება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. კვლევების ჩატარება სასურველი იყო პაციენტის სტაციონარში მკურნალობის პერიოდში, თუმცა კონკრეტულად რომელ ექიმს უნდა ჩაეტარებინა, სარეცენზიო დასკვნის ფარგლებში შესაფასებელ საკითხს არ წარმოადგენდა. მოწმის განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ. ნ-ე იყო მორიგე ექიმი, მას ევალებოდა მხოლოდ გადაუდებელი (ურგენტული) კვლევების ჩატარების ვალდებულება, ხოლო სხვა კვლევების ჩატარება მკურნალი ექიმის კომპეტენციას მიეკუთვნებოდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ. ნ-ე პაციენტ შ. მ-ის, როგორც მორიგე ექიმი 2018 წლის 27 აპრილის 16:00 საათიდან 28 აპრილის 08:00 საათამდე უწევდა სამედიცინო მომსახურეობას.

საკასაციო სასამართლო ასევე საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალების თანახმად, პაციენტი - შ. მ-ი შპს „რ...ში“ შეყვანამდე მოთავსებული იყო ორ სხვადასხვა სტაციონარში, სადაც მას ჩაუტარდა არაერთი ანალიზი, კონკრეტულ დარგებში სპეციალიზებულ ექიმთა კონსულტაციები და დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ექიმ - ნ. ნ-ეის მხრიდან საკუთარი პროფესიული მოვალეობების განზრახ ან დაუდევრობით შეუსრულებლობის ფაქტი, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც რეცენზენტები საეჭვოდ არ ხდიან შპს „რ...ში“ ჩატარებული მკურნალობის სათანადოობას და მოსარჩელის მიერ კონკრეტული კვლევების ჩატარების გადაუდებელ აუცილებლობაზე არ მიუთითებენ. ამასთან, სარეცენზიო დასკვნის შემდგენნი ცალსახად აღნიშნავენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კატეგორიულად არაკეთილსაიმედო პროგნოზიდან გამომდინარე არსებითი მნიშვნელობის მქონე არ იყო დასკვნაში მითითებულ კვლევები, რადგან მათი ჩატარებით პაციენტის მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდებოდა. ასევე საგულისხმო გარემოებაა, რომ ნ. ნ-ე არ იყო პაციენტის მკურნალი ექიმი და მისი მეთვალყურეობის ქვეშ პაციენტის მდგომარეობის გაუარესება საქმის მასალებით არ დასტურდება.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს შესაბამის წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინსტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შეუზღუდავ, უკონტროლო თავისუფლებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის დანაწესთა გათვალისწინებით, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს სამართლებრივი შედეგის განსაზღვრის თავისუფლებით აღჭურავს. უფრო კონკრეტულად, პროფესიული განვითარების საბჭოსთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება გამოიხატება პროფესიული სახდელის განსაზღვრის თავისუფლებაში, თუმცა სასამართლო უფლებამოსილია, განსაზღვროს ჩადენილი პროფესიული გადაცდომის სიმძიმე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი სამართალწარმოების პროცესში საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიმართ არ არის დადგენილი პროფესიული გადაცდომის ჩადენა ან ჩადენილი გადაცდომა თავისი ბუნებით იქნება არაარსებითი ხასიათის, დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებას ეცლება ფაქტობრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას მოსარჩელის მიერ ჩადენილ გადაცდომასა და დამდგარ შედეგს შორის არსებულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ყველა დამდგარი არასასურველი შედეგი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მიჩნეული მცდარი სამედიცინო ქმედების რეზულტატად. მცდარი სამედიცინო ქმედება სათანადო შეფასებას საჭიროებს, რაც უპირველესად მკურნალობის უარყოფითი შედეგის დადგომაში ექიმის როლის დეტალურ შემოწმებას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო შეცდომად განიხილება ისეთი არასწორი ქმედება, რომელიც მიყენებულ ზიანთან უშუალო მიზეზობრივ კავშირშია. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, მცდარ სამედიცინო ქმედებად განიხილება ექიმის მიერ უნებლიედ, პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა. განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მხოლოდ რეცენზენტთა დასკვნის საფუძველზე, შპს "რ...ს" და სხვა კლინიკის რამდენიმე ექიმის მიმართ დადგა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა გასაჩივრებული აქტში მითითებული არ არის კონკრეტულად რომელი ექიმის ვალდებულებას წარმოადგენდა რეცენზენტთა დასკვნაში აღნიშნული კვლევების ჩატარება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 6 მარტის №3 სხდომაზე მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სწორად იქნა ბათილად ცნობილი, რამეთუ საქმეზე წარმოდგენილი მასალებით - სპეციალისტთა შეფასებების მხედველობაში მიღებით, კონკრეტული პაციენტის მკურნალობასთან მიმართებით გამოირიცხება მოსარჩელის პასუხისმგებლობა, რაც მისთვის პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 17.10.2025წ. N07513 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/ნ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის განჩინება;

3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/ნ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 17.10.2025წ. N07513 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა