დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 30.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1289(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ბს-1289(კ-25)

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ი. ი-ი, მ. ი-ი, ნ. ი-ი, ნი. ი-ი, ა. ი-ი (არასრულწლოვანი), ნიც. ი-ი (არასრულწლოვანი)

დავის საგანი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა

სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2025 წლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. ი-იმა, მ. ი-იმა, ნ. ი-იმა, ნი. ი-იმა, ა. ი-იმა (არასრულწლოვანი) და ნიც. ი-იმა (არასრულწლოვანი) 04.09.2024 წელს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.02.2024 წლის № IDP 6 24 00000106 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.2024 წლის გადაწყვეტილებით ი. ი-ის, მ. ი-ის, ნ. ი-ის, ნი. ი-ის, ა. ი-ის (არასრულწლოვანი) და ნიც. ი-ის (არასრულწლოვანი) სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.02.2024 წლის № IDP 6 24 00000106 ბრძანება ი. ი-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე, მოპასუხეს დაევალა ი. ი-ის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2025 წლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.2024 წლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4, 6.1, 13.2, 13.3 მუხლებზე, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის მე-10 პუნქტზე და აღნიშნა, რომ ამ წესის მე-3–მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის მასალების მიხედვით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 28.11.2023 წლის №86 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ, დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, განიხილა იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი, მათ შორის, ი. ი-ის მიერ შევსებული განაცხადი. კომისიის გადაწყვეტილებით, ი. ი-ის უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ფაქტობრივ მისამართზე არცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.02.2024 წლის № IDP 6 24 00000106 ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 28.11.2023 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, ი. ი-ის ოჯახს, სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში (მის: ქ. თბილისი, ...ს გამზირი №...., ..., კორპ. №2) ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მოსარჩელის ობიექტში არ ცხოვრებასთან დაკავშირებით. პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე აღწერის განხორციელების დროს არ იმყოფებოდა მისამართზე, უპირობოდ, სხვა მტკიცებულებათა მოპოვებისა და შეგროვების გარეშე, არ შეიძლებოდა გამხდარიყო მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან დროებითი არ ცხოვრება არ გამორიცხავს ამავე მისამართზე ცხოვრების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს ასევე არ ქმნიდა ის ფაქტი, რომ დევნილ პირს მოძებნილი ჰქონდა თავშესაფარი და დროებით ცხოვრობდა სხვა პირთან. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მითითებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მას შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მოუწია მისი დის სახლში გადასვლა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება და აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან გამოვლენილი იყო მკაცრად ფორმალური მიდგომა. მოსარჩელე, როგორც დევნილი პირი, არ იყო უზრუნველყოფილი საცხოვრებლით. ამასთან, მხედველობის მიღმა იქნა დატოვებული მოსარჩელის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. სააპელაციო პალატამ მიუთითა ასევე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მიმართ სათანადო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2025 წლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელემ 11.10.2022 წელს შეავსო განაცხადი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე, რომლის თანახმად მის ფაქტობრივ მისამართს წარმოადგენდა ქ. თბილისი, ..., ...ს ქ. №.... მოსარჩელის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შეივსო კითხვარი და მის მიერ მითითებულ მისამართზე 10.01.2023 წელს განხორციელდა მონიტორინგი. მონიტორინგის დროს მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისამართზე ცხოვრობდა 2003 წლიდან ქირით, მანამდე კი 1993 წლიდან ცხოვრობდა ...ში, ...ში, ქირის გარეშე. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 28.11.2023 წლის №86 სხდომის ოქმით, დღის წესრიგად განისაზღვრა ქ. თბილისში, ...ს გამზ. N...-ში მდებარე „ა“ და „ე“ კორპუსებში მცხოვრებ დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. განხორციელდა აღწერა წარმოდგენილ ობიექტში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილ პირთა დადგენის მიზნით, შედგა შესაბამისი ოქმები და მომზადდა ფოტომასალა. 15.05.2023 წელს მონიტორინგი განხორციელდა მოსარჩელის მისამართზე: ქ. თბილისი, ...ს გამზ. ..., ..., კორპუსი №2, სადაც მონიტორინგის თანამშრომლებს მოსარჩელის ოჯახი არ დახვდათ ადგილზე. მონიტორინგის მიერ მოპოვებული მასალები გადაეცა დევნილთა საკითხების განმხილველ კომისიას. კომისიამ იმსჯელა მოსარჩელის ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფის საკითხზე და გადაწყვიტა უარი ეთქვა სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

კასატორმა მიუთითა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 13 მუხლზე, საქართველოს მთავრობის 05.03.2021 წლის №292 განკარგულებით დამტკიცებულ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2021 – 2022 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმაზე“, ასევე 08.04.2021 წლის 01-30/ნ ბრძანებაზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ი. ი-ის და მის ოჯახის წევრებს საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვათ სადავო მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო. შესაბამისად, მათთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა საერთო წესების დაცვით იწარმოებს. კასატორის მოსაზრებით, უკეთუ სააგენტო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, მივიღებთ ქაოტურ სიტუაციას და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა. ამდენად, კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი თვალსაზრისით, რის გამოც ის უნდა გაუქმდეს და საქმეზე მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ ი. ი-ი, მ. ი-ი, ნ. ი-ი, ნი. ი-ი, ა. ი-ი (არასრულწლოვანი, დაბ.: ... წელი), ნიც. ი-ი (არასრულწლოვანი, დაბ.: ...წ.) არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები. 11.10.2022 წელს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს მოპასუხეს და მოითხოვეს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით დგინდება, რომ ი. ი-ის ოჯახს მიენიჭა 8 ქულა (მათ შორის: სოციალური კრიტერიუმი - 1.00 ქულა, 1994 წლის 1 იანვრამდე და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირები - 3 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - 1.50; 18 წლამდე ასაკის ბავშვები - 1.00 ქულა; ომში მონაწილეობა - 1.50 ქულა). ამავე ფორმის თანახმად ოჯახის ფაქტიურ მისამართად მითითებულია ქ. თბილისი, ..., ...ს ქ. №..., ხოლო იურიდიულ მისამართად - ქ. თბილისი, ...ს გამზ. №..., ..., კორპუსი №2. აღნიშნული მისამართი მითითებულია აგრეთვე ი. ი-ის დევნილის მოწმობაში მის დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილად).

10.01.2023 წელს მონიტორინგი განხორციელდა ი. ი-ის მიერ განაცხადში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე (ქ. თბილისი, ..., ...ს ქ. №...). გასაუბრების ოქმის თანახმად, მონიტორინგისას მისამართზე იმყოფებოდა მ. თ-ე, რომლის განმარტებით, სახლი არის მისი ოჯახის საკუთრება და არა ი. ი-ის. ამავე თარიღით არის შევსებული გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმა, სადაც აღნიშნულია, რომ მითითებულ მისამართზე ი. ი-ი ცხოვრობს 2003 წლიდან. 10.05.2023 წელს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომლებმა განახორციელეს ქ. თბილისში, ...ს გამზ. №...-ში მდებარე №2 კორპუსში მცხოვრებ დევნილთა აღწერა. გადამოწმებისას მოსარჩელეები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 28.11.2023 წლის №86 სხდომის ოქმის თანახმად, ი. ი-ის უარი ეთქვა ქ. თბილისში, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში (მის.: ქ. თბილისი, ...ს გამზ. №..., ..., კორპუსი №2), ფაქტობრივად არცხოვრების გამო. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 12.02.2024 წლის № IDP6 24 00000106 ბრძანების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021 წლის №01-30/ნ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, ი. ი-ის ოჯახს, სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში (მის.: ქ. თბილისი, ...ს გამზ. №..., ..., კორპუსი №2) ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, ქ. თბილისში, ...ს გამზ. №...-ში მდებარე შენობა-ნაგებობა წარმოადგენს გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის ობიექტს, საიდანაც სახელმწიფომ განახორციელა დევნილი მოსახლეობის გაყვანა და მათი გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ხოლო მოსარჩელის ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი აღნიშნულ ობიექტში ფაქტობრივად ცხოვრების დაუდასტურებლობის საფუძვლით ეთქვა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული "დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის" 6.10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში), ხოლო ამავე მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის ...ს გამზ. №...-ში მდებარე შენობაში ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის დადგენისას ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო 10.05.2023წ. განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს, რა დროსაც მოსარჩელე ზემოაღნიშნულ მისამართზე არ იმყოფებოდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მონიტორინგის დროს დევნილის მისამართზე არ ყოფნა, არ ართმევს დევნილ ოჯახს საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესაძლებლობას, არ გამორიცხავს გრძელვადიანი განსახლების საჭიროებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივად არ ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა (იხ. სუსგ 26.01.2023 წლის №ბს-1071(კ-22); 12.02.2024 წლის №ბს-1031(კ-23); 06.02.2025 წლის №ბს-1214(კ-24)). იძულებით გადაადგილებული პირის სხვადასხვა მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების გამოვლენა, არ შეიძლება გახდეს დევნილი ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების თანახმად, ი. ი-ის ოჯახი ფიქსირდება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას. ამასთან, მოსარჩელეებს არ აქვთ საკუთრებაში რაიმე სახის უძრავი ქონება. ი. ი-ის განმარტებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უწევთ დროებით სხვა მისამართზე (მისი დის სახლში) ყოფნა. საქმეში დაცული მასალებით დასტურდება აგრეთვე სასამართლო გზავნილების სადავო მისამართზე სხვადასხვა დროს მოსარჩელეთა მიერ ჩაბარება.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე ი. ი-ი არის შრომისუნარდაკარგული, შშმ პირის სტატუსის მქონე, აღნიშნული სტატუსი დადგენილია უვადოდ. იგი განაცხადს აკეთებს არასრულწლოვან შვილიშვილებთან ერთად. საკასაციო პალატა "ბავშვის უფლებათა კოდექსის" მე-3 მუხლის "თ" ქვეპუნქტსა და მე-5 მუხლზე მითითებით აღნიშნავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების გამოცემისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელეთა განსაკუთრებული საჭიროებები და საუკეთესო ინტერესები. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ი. ი-ის ოჯახისათვის (განაცხადით გათვალისწინებული პირებისათვის) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშობა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიან საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით დ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.2025 წლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიზო უბილავა

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე