დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 19.03.2026
საქმის ნომერი
ბს-1311(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1311(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა. მ-ი

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილსისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 1 ივლისს ა. მ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

ა. მ-ის განმარტებით 1993 წლიდან 2003 წლამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინიტროს ახალქალაქის ...ში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 1998 წლიდან 2000 წლამდე მას კუთვნილი ხელფასი არ აუღია; ამასთან, ა. მ-ი უთითებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 9 ივნისის №473938 წერილზე და მიიჩნევს, რომ ზემოაღნისნული დოკუმენტით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მის მიმართ არსებული დავალიანება აღიარა.

მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის 2020 წლის 5 ივნისის №465899 წერილზე, რომელსაც ერთვის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის 2020 წლის 5 ივნისის №463899 სახელფასო დავალიანების ცნობა, რომელიც ადასტურებს რომ ახალქალაქის ყოფილი ...ის მოსამსახურე - ა. მ-იზე ირიცხება ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება - 1 728 ლარი და 98 თეთრი. კერძოდ, 1998-1999 2000 წლების დარიცხული სახელფასო დავალიანება (ხელფასი, პრემია, დახმარება, დანამატი, კვების კომპენსაცია) შეადგენს - 2 096,64 ლარს, ხოლო ხელზე გასაცემი- 1 728,98 ლარს.

ამრიგად, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ა. მ-ის სასარგებლოდ ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანების 1 728,98 ლარისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული დარიცხული თანხის - 2 096,64 ლარის 0,07%, ჯამში- 5 892,61 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ა. მ-ის სასარგებლოდ, 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი (გადასახადების გარეშე) სახელფასო დავალიანების ანაზღაურება - 1 728,98 ლარის ოდენობით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განჩინებით საქართელოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადასტრებულად მიიჩნია შემდეგი გარემოებები: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 9 ივნისის MOD 0 20 00473938 წერილით, ა. მ-ის, 2020 წლის 20 მაისის №425056 განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტით არ იყო გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარი ასიგნება, შესაბამისად, მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინათ განმცხადებლის თხოვნა. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის 2020 წლის 5 ივნისის №465899 ცნობით დადგინდა, რომ ახალქალაქის ყოფილი ...ის მოსამსახურე - ა. მ-იზე ირიცხებოდა ხელზე გასაცემი სახელფასო დავალიანება - 1 728 ლარი და 98 თეთრი. კერძოდ, 1998-1999 2000 წლების დარიცხული სახელფასო დავალიანება (ხელფასი, პრემია, დახმარება, დანამატი, კვების კომპენსაცია) შეადგენდა - 2 096,64 ლარს, ხოლო ხელზე გასაცემი- 1 728,98 ლარს.

სააპელაციო პალატამ განსახილველ შემთხვევაში გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებიდან სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში ა. მ-ის მიერ სასამართლოსადმი მიმართვის ფაქტი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი - მოპასუხისათვის 1998-1999-2000 წლების ხელზე გასაცემი (გადასახადების გარეშე) სახელფასო დავალიანების - 1 728,98 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მითითებით მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების უფლების რეალიზაცია მოახდინა ხანდაზმულობის ვადის დარღვევით, ვინაიდან ახალი საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედების მომენტიდან მიუღებელი სახელფასო დავალიანების მიღების შესაძლებლობა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადით შეიზღუდა.

კასატორის მითითებით, საქმეში არ დასტურდება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველიც, რაც მოსარჩელეს მისცემდა უფლებას განეხორციელებინა თავისი მოთხოვნის რეალიზება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მოსარჩელე ა. მ-ის სასარგებლოდ, 1998-1999-2000წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების კანონიერება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო სამართალურთიერთობის დროს (2017 წლის 1 ივლისამდე) მოქმედ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ამავე კანონის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.

ზემოხსენებულ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იყო სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეთა უფლება, შესაბამისი საჯარო დაწესებულებებიდან მოეთხოვათ წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა. ამდენად, მითითებული მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც წარმოადგენს დავალიანების კანონისმიერ აღიარებას. თუმცა 2017 წლის 1 ივლისს ამოქმედებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ანალოგიური შინაარსის შემცველ დანაწესს არ ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც კანონმდებლობით უფლების განხორციელება ხანდაზმულობის გარკვეულ ვადებს უკავშირდება, საკანონმდებლო დონეზე მიუღებელი სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლების განმტკიცებამდე მისი რეალიზებაც ხანდაზმულობის კონკრეტული, კერძოდ, სამწლიანი ვადით იყო შეზღუდული. თუმცა მითითებული საკანონმდებლო მოწესრიგების შედეგად, აღნიშნული დავალიანების მიღების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დინება შეწყდა, ხოლო ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელფასო დავალიანების მიღების უფლების გაუთვალისწინებლობამ არა თუ გამორიცხა ამ უფლების ახალი კანონის მოქმედების პერიოდში რეალიზების შესაძლებლობა, არამედ, ფაქტობრივად, შექმნა ხსენებული მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა დაწყების საფუძველი. შესაბამისად, ახალი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების მომენტიდან მიუღებელი სახელფასო დავალიანების მიღების შესაძლებლობა კვლავ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადით შემოიზღუდა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-1104(კ-18)).

განსახილველ შემთხვევაში ნიშანდობლივია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 9 ივნისის მიმართვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ა. მ-იმა 2020 წლის 20 მაისს №425056 განცხადებით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს; ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. საქართველოს კანონის ამოქმედებიდან (2017 წლის პირველი ივლისიდან) დაცულია, რამეთუ მოსარჩელემ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების უფლების რეალიზაციის მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირველად მიმართა 2020 წლის 20 მაისს.

გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ ,,ს...ს’’ მიერ გაცემულ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ა. მ-იმა განსახილველ საქმეზე სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გააგზავნა 2020 წლის 29 ივნისს, რაც უტყუარად ადასტურებს მოასრჩელის მიერ სასამართლოსადმი ხანდაზმულობის ვადის დაცვით მიმართვის ფაქტს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა