დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1361(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ლ.ვ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2024 წლის 7 ნოემბერს ლ.ვ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მის ოჯახს ძალიან მძიმედ შეეხო აფხაზეთის კონფლიქტი. ლ.ვ-ის განმარტებით 3 წლის იყო, როდესაც მშობლიური სახლის დატოვება მოუწია და მას შემდეგ მძიმე ეკონომიკურ პირობებში იმყოფება ოჯახთან ერთად. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სურს ისარგებლოს დევნილებისთვის გათვალისწინებული შეღავათებით, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად.
ამდენად, მოსარჩელემ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 13 მაისის IDP 1 24 0000462 ლ.ვ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის ბრძანების შესახებ ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ.ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 13 მაისის IDP 1 24 00000462 ბრძანება ლ.ვ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე ლ.ვ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ.ვ-ი დაიბადა ... წლის ... ...ს, ...ში. მოსარჩელემ 2024 წლის 12 მარტს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ითხოვა იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მინიჭება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა 2024 წლის 12 მარტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს №0000391 ცნობასა და 2024 წლის 12 მარტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის №18-01 დასკვნა/ცნობაზე, რომელთა მიხედვით ... წლის ... ...ს დაბადებული ლ.ვ-ი 1990 -1993 წლებში ცხოვრობდა მამასთან ერთად გულრიფშის რაიონი, დაბა ...ში, სახლი №..., ბინა №...-ში.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ 2024 წლის 26 მარტს, ლ.ვ-ის, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ ჩაუტარდა გასაუბრება და მის მიერ შეივსო შესაბამისი კითხვარი, სადაც მან მიუთითა, რომ ... წლის ... ...ს დაიბადა ...ში. მშობლებთან ა.ვ-ისთან და მ.ვ-ისთან ერთად ცხოვრობდა დაბა ...ში, მამის ბინაში, მისამართზე; ..., სახლი №.., ბინა №... ოჯახური კონფლიქტის გამო, 1988 წელს მისი მშობლები განქორწინდნენ. დედა- მ.ვ-ი საცხოვრებლად დაბრუნდა მშობლებთან ...ის რაიონში, სოფელ ...ში, ხოლო მოსარჩელე თავის ძმასთან - ლ.ვ-ისთან ერთად საცხოვრებლად დარჩა მამასთან - ა.ვ-ისთან. მოსარჩელე 1993 წლის სექტემბერში აფხაზეთიდან წამოვიდა მამასთან და ძმასთან ერთად. ლ.ვ-ი 1995 წლიდან 2000 წლამდე ცხოვრობდა ...ის რაიონში, სოფელ ...ში, მამის მშობლების სახლში. 2000 წლიდან 2003 წლამდე ცხოვრობდა გარდაბანში, მამიდასთან. 2003 წლიდან 2014 წლამდე ცხოვრობდა წალკაში ბიძასათან. მამა - ა.ვ-ი გარდაიცვალა 2000 წლის 5 სექტემბერს ...ის რაიონის სოფელ ...ში.
დადგენილია, რომ ლ.ვ-ი ამჟამად ცხოვრობს თეთრიწყაროში, მიტოვებულ სახლში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად.
საქმეში წარმოდგენილია ლ.ვ-ისათვის იძულებით გადაადგლებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნა. დასკვნის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მასალებზე დაყრდნობით, მიჩნეულ იქნა, რომ ლ.ვ-ისთან მიმართებით არ დადასტურდა ,,საქართველოს ოკუპორებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. ამავე დასკვნის მიხედვით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად განმცხადებლისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ნაკლებად სავარაუდოა ლ.ვ-ის დედამ მ.ვ-იმა ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე 1988 წელს დატოვა იმ მომენტისთვის მცირეწლოვანი შვილები: იმავე წელს დაბადებული ლ.ვ-ი და მისი უფროსი ძმა მამასთან დაბა ...ში.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მიერ 2024 წლის 13 მაისის IDP 1 24 00000462 ბრძანებით, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 2 მაისის IDP 6 24 00498600 მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, უარი ეთქვა ლ.ვ-ის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ მოსარჩელის მამა ა.ვ-ი 1993 წლის 10 ივნისიდან რეგისტრირებული იყო იძულებით გადაადგილებული პირის - ლტოლვილის სტატუსის მქონე პირად. №01247008910 გარდაცვალების მოწმობის თანახმად ა.ვ-ი (მოსარჩელის მამა) გარდაიცვალა 2000 წლის 5 სექტემბერს, სწორედ ამიტომ ვერ განახლდა მისი იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა.
გარდა ამისა, სააპელაციო პალატის მოსაზრებით სააგენტოს არგუმენტი მოსარჩელის მცირეწლოვნობის პერიოდში მამასთან აფხაზეთის ტერიტორიაზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის საეჭვოობასთან დაკავშირებით შეფასდა უსაფუძვლოდ და ამიტომ სასამართლოს მიერ მისი გაზიარება არ მომხდარა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ლ.ვ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე და აღნიშნავს, რომ პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, იკვლევს საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტაციას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოება. ამასთან, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. კასატორი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელეს ჩაუტარდა გასაუბრება და შეივსო შესაბამისი კითხვარი.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. მისივე მითითებით, სააგენტოს მიერ დევნილის სტატუსის იმ პირისათვის მინიჭებით, რომლის მუდმივად ცხოვრების ფაქტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უტყუარად არ არის დადასტურებული, უგულებელყოფილი იქნება კანონის მიზნები. შესაბამისად, ადგილი ექნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონმდებლის ნების შეუსაბამოდ გამოყენებას. სააგენტოს გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება დევნილის სტატუსის მისანიჭებლად და იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში განახორციელოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2024 წლის 13 მაისის IDP 1 24 0000462 ბრძანების კანონიერება და მოპასუხისათვის ლ.ვ-ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე - ლ.ვ-ი დაიბადა ... წლის ... ...ს, ...ში. დადგენილია, რომ ლ.ვ-იმა, 2024 წლის 12 მარტს განცხადებით მიმართა სააგენტოს და ითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება. ამასთნ, დადგენილია, რომ 2024 წლის 12 მარტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს №0000391 ცნობისა და 2024 წლის 12 მარტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის №18-01 დასკვნის/ცნობის მიხედვით, ... წლის ... ...ს დაბადებული ლ.ვ-ი 1990 - 1993 წლებში ცხოვრობდა მამასთან, ა.ვ-ისთან ერთად გულრიფშის რაიონი, დაბა ...ში, სახლი №..., ბინა №...ში.
საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს რესპუბლიკის ლტოლვილთა და განსახლების კომიტეტის 1993 წლის 11 აპრილის იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობას №..., რომელიც გაცემულია მოსარჩელის მამის, ა.ვ-ის სახელზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმეში ასევე წარმოდგენილია სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 29 თებერვლის გარდაცვალების მოწმობა №... რომლითაც დასტურდება 2000 წლის 5 სექტემბერს ა.ვ-ის გარდაცვალების ფაქტი. შესაბამისად მოსარჩელის მამის, ა.ვ-ის იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის განახლება 2000 წლის შემდგომ შეუძლებელი იყო. თუმცა, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა ის ფაქტი, რომ მოსარჩელის - ლ.ვ-ის მამას - ა.ვ-ის მინიჭებული ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი.
საქმეში წარმოდგენილი ლ.ვ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მიხედვით, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მასალებზე დაყრდნობით, მიჩნეულ იქნა, რომ ლ.ვ-ისთან მიმართებაში არ დასტურდებოდა ,,საქართველოს ოკუპორებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. ამავე დასკვნის მიხედვით, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად განმცხადებლისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ნაკლებად სავარაუდოა ლ.ვ-ის დედამ მ.ვ-იმა ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე 1988 წელს დატოვა იმ მომენტისთვის მცირეწლოვანი შვილები მამასთან დაბა ...ში.
სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მიერ 2024 წლის 13 მაისის №IDP 1 24 00000462 ბრძანებით, დევნილთა და ეკომიგრანტთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 2 მაისის NIDP 6 24 00498600 მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე, უარი ეთქვა ლ.ვ-ის იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს სადავო გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ ლ.ვ-ისთან მიმართებით არ დადასტურდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა, კერძოდ, მოსარჩელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივი საცხოვრებლის დატოვების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამავე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით რეგულირდება ორი თვისობრივად განსხვავებული შემთხვევა. ზემოხსენებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ეხება უშუალოდ იმ პირს, რომელიც კანონით განსაზღვრული საფუძვლით იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, ზემოხსენებულ შემთხვევაში არსებითია პირის მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრა. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი კი საქართველოს მოქალაქესა ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ მის ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული საკანონმდებლო დათქმის პირობებში, პირს, რომელსაც ჰყავს დევნილის სტატუსის მქონე ერთი ან ორივე მშობელი, არასრულწლოვნებისას მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო სრულწლოვნებისას პირადი განცხადების საფუძველზე, გააჩნია დევნილის სტატუსის მიღების უფლებამოსილება, დამოუკიდებლად იმ მიზეზებისა, რის გამოც მის სრულწლოვნობამდე არ განხორციელდა ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მოსარჩელის მშობლის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი, მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ლ.ვ-ი აკმაყოფილებდა კანონით დადგენილ კრიტერიუმებს და არსებობდა მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა