დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-1370(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ. დ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვ. დ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მუნიციპალური ინსპექციის 05.09.2019 წლის №... დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მერიის 17.12.2019 წლის №2037 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2025წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 10.04.2019 წლის №... მითითების თანახმად, დარღვევა დაფიქსირდა მასზედ, რომ ქ. თბილისში, ...ს მიმდებარედ თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) ვ. დ-ის მიერ უნებართვოდ აშენებული იქნა ერთი კაპიტალური შენობა-ნაგებობა და ორი ხის დროებითი ნაგებობა. დარღვევის გამოსწორების მიზნით, ვ. დ-ის დაევალა აღნიშნული ობიექტების უსაფრთხოების წესების დაცვით დემონტაჟი ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა. 06.05.2019 წლის №... შემოწმების აქტით დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა. დადგენილია, რომ 30.05.2019 წელს ინსპექციაში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე ვ. დ-იმა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მანვე აღნიშნა, რომ მითითებაში დაფიქსირებული კაპიტალური შენობა აშენებულია მის მიერ 2017 წელს, ხოლო ხის ორი დროებითი ნაგებობა აშენებულია მის მიერ ადრეულ წლებში, კაპიტალური შენობა ნაწილობრივ დემონტირებულია, ორი ხის დროებითი ნაგებობის დემონტაჟს არ აპირებს. 05 სექტემბერს ობიექტის განმეორებით გადამოწმების შედეგად დაფიქსირდა მითითების შეუსრულებლობა, კერძოდ, განხორციელებულია მხოლოდ კაპიტალური შენობა-ნაგებობის ნაწილობრივი დემონტაჟი.
მუნიციპალური ინსპექციის 05.09.2019 წლის №... დადგენილებით ვ. დ-ი დაჯარიმდა 25 000 ლარით ქ. თბილისში, ...ს მიმდებარედ (ნაკვ. №...), საკადასტრო კოდით ... თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ერთი კაპიტალური შენობა-ნაგებობის და ორი ხის დროებითი ნაგებობის მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით ვ. დ-ის დაევალა მათი დემონტაჟი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. დ-ის მიერ ჩადენილია სამშენებლო სამართალდარღვევა და მას დაეკისრა პასუხისმგებლობა სწორად, რადგან მოსარჩელემ იგი დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედ „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წლის №57 დადგენილების 36-ე, 65-ე, 66-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი შეტყობინების გარეშე I კლასს მიკუთვნებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელება განიხილება, როგორც უნებართვო მშენებლობა და წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ უნებართვოდ ნაწარმოები მშენებლობა მიეკუთვნება პირველ კლასს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ ორი ხის დროებითი შენობა-ნაგებობა არსებობს 1995 წლიდან, ხოლო კაპიტალური შენობა-ნაგებობა აშენებულია 2006 წელს. ზეპირი განმარტების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა აპელანტის მიერ მითითებული გარემოებების სისწორეს. მხოლოდ განმარტება ადრეულ წლებში სადავო მშენებლობის განხორციელების თაობაზე, სხვა მტკიცებულებათა წარმოდგენის გარეშე, სარწმუნოდ ვერ იქნება მიჩნეული, შესაბამისად, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული აპელანტის მსჯელობა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019წ. საქართველოს კანონით დადგენილი წესით მისი ჯარიმისაგან გათავისუფლების თაობაზე. პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა ჯარიმის ოდენობასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. კასატორმა აღნიშნა, რომ მუნიციპალური ინსპექციის 05.09.2019 წლის №... დადგენილებაში არაა მითითებული სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის ზუსტი დრო, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩადენილი სამართალდარღვევის სწორი კვალიფიკაციისათვის. ორი ხის დროებითი შენობა-ნაგებობა არსებობს 1995 წლიდან, ხოლო კაპიტალური შენობა-ნაგებობა აშენებულია 2017 წელს. აღნიშნული გარემოება არ იქნა გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში მტკიცებულებების არარსებობის გამო. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მუნიციპალურ ინსპექციასა და მერიას და არა მოსარჩელეს.
კასატორმა მიუთითა, რომ შემოწმების აქტი შედგა 06.05.2019 წელს. საქმის განხილვის ვადა არ ყოფილა გაგრძელებული მოტივირებული დადგენილებით. მოსარჩელისთვის არ უცნობებიათ საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა, მას არ მიეცა საკუთარი აზრის გამოთქმისა და მტკიცებულებების წარდგენის საშუალება. დადგენილება დაჯარიმების შესახებ არ იქნა გამოტანილი კანონით გათვალისწინებულ ვადაში, რის გამოც მოსარჩელე უნდა გათავისუფლებულიყო ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. კაპიტალური შენობა-ნაგებობის 2017 წელს, ანუ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში ჯარიმის ოდენობის შესახებ ცვლილების განხორციელებამდე, აშენების შემთხვევაში, მოსარჩელე უნდა დაჯარიმებულიყო 10 000 ლარით და არა 25 000 ლარით. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24.2 მუხლის თანახმად ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს, შესაბამისად, არ არსებობს გაზრდილი საჯარიმო თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. სამართალდარღვევაზე ვრცელდება მისი ჩადენის დროს მოქმედი და არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი კანონი. მუნიციპალურმა ინსპექციამ 19.09.2019 წელს განიხილა ... საკადასტრო კოდის მქონე ნაკვეთის მომიჯნავედ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მიერ ერთი კაპიტალური შენობა-ნაგებობის, სამი მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობის და ლითონის კონსტრუქციის ღობის შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე აშენების ფაქტი და მოსარჩელე დააჯარიმა 10 000 ლარით იმაზე მითითებით, რომ სამართალდარღვევა ჩადენილია კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე, რაც დასტურდება 2014 წლის ორთოფოტოთი.
კასატორმა აგრეთვე მიუთითა, რომ შენობა-ნაგებობების 2017 წლამდე და 2017 წელს აშენების შემთხვევაში, სამშენებლო სამართალდარღვევაზე უნდა გავრცელდეს „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019 წლის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი. მოსარჩელისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ დადგენილება გასაჩივრებულია და ჯერ არ არის აღსრულებული, ამასთანავე, მოსარჩელე არის სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტოტიებიდან იძულებით გადააგილებული პირი - დევნილი, რაც 18.09.2019 წლის კანონის 2.1 მუხლის „ა“, „დ“, „ე“ და “ზ“ პუნქტების თანახმად პირის ჯარიმისაგან გათავისუფლების საფუძველია, ამდენად, არსებობს მოსარჩელისთვის დაკისრებული ჯარიმის ნაწილში კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების საჭიროება, მასზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მართლზომიერება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 02.03.2020წ. №139 დადგენილებით) 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ნებართვის გარეშე მშენებლობის წარმოება განიხილება უნებართვო მშენებლობად, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ უნებართვოდ ნაწარმოები მშენებლობა მიეკუთვნება პირველ კლასს. მართალია, პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, თუმცა ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა. პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს (დადგენილების 66-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-10 პუნქტები). პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის წარმოება იწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარით. საქმეში დაცული მასალებით ქ. თბილისში, ...ს მიმდებარედ (საკადასტრო კოდი ...) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ აშენებული ერთი კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და ორი ხის დროებითი ნაგებობის უნებართვოდ აშენების გამო ვ. დ-ის 10.04.2019 წელს მიეცა №... მითითება 15 კალენდარული დღის ვადაში განხორციელებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის ან აღნიშნული ობიექტის დემონტაჟის თაობაზე. 06.05.2019 წლის შემოწმების აქტით დგინდება №... მითითების შეუსრულებლობა. საქმეში დაცული ფოტომასალით აგრეთვე არ დასტურდება შენობა-ნაგებობების დემონტაჟის ფაქტი. საბოლოოდ მერიის მუნიციპალური ინსპექციის 05.09.2019 წლის №... დადგენილებით ქ. თბილისში ...ს მიმდებარედ ... საკადასტრო კოდით თვითმმართვეული ერთეულის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ერთი კაპიტალური შენობა-ნაგებობის და ორი ხის დროებითი ნაგებობის მშენებლობის გამო ვ. დ-ი დაჯარიმდა 25 000 ლარით, ასევე დაევალა აღნიშნული ნაგებობების დემონტაჟი. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 17.12.2019 წლის №2037 ბრძანებით ვ. დ-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი მითითებული დადგენილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უნებართვო მშენებლობა გულისხმობს მშენებლობას, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ან სამშენებლო დოკუმენტაციის არსებითი დარღვევით. სამშენებლო წესრიგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უნებართვო მშენებლობის აკრძალვა, როგორც საფრთხის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება. უნებართვო მშენებლობა ფორმალურად სახეზეა, როდესაც ის ხორციელდება სამშენებლო ნებართვის ან შეტყობინების გარეშე. სამშენებლო საქმიანობა ექვემდებარება ნებართვის მოპოვების ვალდებულებას, რაც აძლევს მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს შესაძლებლობას, რომ ნებართვის გაცემის მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გადაამოწმოს მშენებლობის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა (სუსგ საქმე №ბს-160(კ-19), 29.12.2021წ.). განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს, როგორც ადმინისტრაციული წარმოების, ისე დავის სასამართლო განხილვისას არ უარყვია სამშენებლო სამუშაოების მის მიერ განხორციელება, ამასთანავე საქმეში არ არის დაცული რაიმე სახის სანებართვო დოკუმენტაცია (პირველი კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსთვის შეტყობინების დამადასტურებელი დოკუმენტი) და არც კასატორი (მოსარჩელე) მიუთითებს ასეთის არსებობაზე. ამდენად, დგინდება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მიერ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის წარმოების ფაქტი.
უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია მისთვის მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის განხილვის დროის ცნობებისა და აზრის გამოთქმის საშუალების არარსებობაზე, მტკიცებულებების წარდგენის შეუძლებლობაზე, ასევე დასაბუთებული არ არის მითითება კანონით დადგენილი ვადის დარღვევით სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების გამოცემის შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყება დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით. მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით. შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა (პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-13 პუნქტები). საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ მითითება დარღვევის გამოსწორების თაობაზე გაიცა 10.04.2019 წელს (ს.ფ. 110-111). მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შესახებ შემოწმების აქტი შედგა 06.05.2019 წელს (ს.ფ. 112-113). მოპასუხის მიერ წარმოდგენილი 30.05.2019 წლის სხდომის ოქმის თანახმად სხდომაზე გამოცხადდა ვ. დ-ი, რომელმაც დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება, ასევე განაცხადა, რომ მითითებაში დაფიქსირებული კაპიტალური შენობა მის მიერ აშენებულია 2017 წელს, ხოლო ხის ორი დროებითი ნაგებობა - ადრეულ წლებში (ს.ფ. 88). მუნიციპალური ინსპექციის უფროსის 05.07.2019 წლის ბრძანებით ვ. დ-ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელდა ორი თვით (2019 წლის 05 ივლისიდან იმავე წლის 5 სექტემბრის ჩათვლით), შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად გარემოებების დამატებით გამოკვლევისა და შესწავლის საჭიროებაზე მითითებით (ს.ფ. 92). ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტის 05.09.2019 წლის მოხსენებითი ბარათის თანახმად, 05 სექტემბერს ობიექტის განმეორებითი გადამოწმებით დაფიქსირდა №... მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, განხორციელებულია მხოლოდ კაპიტალური შენობა-ნაგებობის ნაწილობრივი დემონტაჟი (ს.ფ. 83). მუნიციპალური ინსპექციის მიერ დადგენილება ვ. დ-ის დაჯარიმებისა და უნებართვოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟის დავალების თაობაზე მიღებული იქნა 05.09.2019 წელს (ს.ფ. 80-82). ამდენად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით კასატორის პრეტენზია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცედურული და დადგენილების გამოსაცემად დადგენილი ვადის დარღვევის თაობაზე ვერ იქნება გაზიარებული.
სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით დენად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს (სუსგ საქმე №ბს-391-386(3კ-12), 15.11.2012წ., №ბს-883(2კ-19), 03.12.2020წ.). სამშენებლო სამართალდარღვევების კანონიერების შემოწმებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქმედების - სამშენებლო სამუშაოების განხორციელების დროს (სუსგ საქმე №ბს-198(2კ-22), 13.10.2020წ., №ბს-67(2კ-25), 24.07.2025წ.). განსახილველ შემთხვევაში კასატორი მიუთითებს, რომ ორი ხის ნაგებობა აგებული იქნა 1995 წელს, კაპიტალური შენობა-ნაგებობა - 2017 წელს, ხოლო უნებართვო მშენებლობის გამო 2017 წელს მოქმედი კანონმდებლობა ჯარიმის სახით ითვალისწინებდა არა 25 000 ლარის, არამედ 10 000 ლარის ოდენობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი არ მიუთითებს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე. ადმინისტრაციული პროცესის (სასკ-ის 17.2 მუხ.) თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, თუმცა მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადაკისრება არ უნდა განიმარტოს ისე, როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს (სუსგ საქმე №ბს-1896-1849(კ-10), 09.06.2011წ., №ბს-391-386(3კ-12), 15.11.2012წ., №ბს-620(კ-19), 05.03.2020წ.). მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ვერ უზრუნველყო თვითმმართვეული ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მის მიერ აგებული კაპიტალური შენობა-ნაგებობის 2017 წელს და ორი ხის ნაგებობის ადრეულ წლებში აგების ფაქტის დადასტურება, შესაბამისად, არ არსებობს მითითებულ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის გამოყენების საფუძველი, აგრეთვე არ არსებობს „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ 18.09.2019 წლის საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული შეღავათით სარგებლობის ერთ-ერთ სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2019 წლის 15 იანვრამდე ჩადენის ფაქტის არსებობა, რისი დადასტურებაც მოსარჩელემ ვერ შეძლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხოლოდ ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას, რომელიც ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის აშენებასთან დაკავშირებული გარემოებების დადასტურებას უზრუნველყოფს, შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებებზე მითითების გარეშე მხოლოდ ახსნა-განმარტება, კასატორის პრეტენზიის გაზიარების საკმარის საფუძველს არ ქმნის. რაც შეეხება მომიჯნავე ნაკვეთზე მოსარჩელის მიერ უნებართვოდ შენობა-ნაგებობის აშენების გამო ადრე მოქმედი კანონმდებლობის გამოყენებასა და მისთვის უფრო მცირე ჯარიმის ოდენობის დაკისრების ფაქტს, თავად კასატორი აღნიშნავს, რომ მომიჯნავე ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის არსებობა დადასტურდა 2014 წლის ორთოფოტოთი. განსახილველი დავის ფარგლებში კი კასატორი ასეთი სახის მტკიცებულებაზე არ მიუთითებს, შესაბამისად სხვა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე შენობა-ნაგებობის ადრეულ წლებში აგების ფაქტი ამ დავის ფარგლებში არ ადასტურებს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) მოსარჩელის მიერ შენობა-ნაგებობის 2017 წელს აგების ფაქტს და არ ქმნის ადრე მოქმედი კანონმდებლობის გამოყენების საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივების უარმყოფელ სამართლებრივად დასაბუთებულ არგუმენტაციას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თუ მათი სამართლებრივი შეფასების უსწორობის სათანადო დასაბუთებას, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული და დასაშვები პრეტენზიები (შედავება).
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.2025 წლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე