დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-30(კ-26) 26 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - გ. გ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-ემ 2025 წლის 06 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა: სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2024 წლის 18 მარტის №MIA 1 24 00816078 წერილისა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2025 წლის 21 იანვრის №MIA 2 25 00160922 წერილის ბათილად ცნობა; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების მიზნით, მსჯელობისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინების) გამოცემის დავალება, რომლითაც შსს სამინისტროს ორგანოებში მუშაობისა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი (... წლიდან ... წლამდე, 05 წელი და 02 დღე) ჩაითვლება კალენდარულ ნამსახურობის წლებში; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის 22 წელზე, 4 თვეზე და 7 დღეზე გაანგარიშების გაცემისა და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქალაქო ცენტრისთვის წარდგინების გადაგზავნის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით გ. გ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა გ. გ-ეის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ეის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. გ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2024 წლის 18 მარტის №MIA 1 24 00816078 წერილი და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2025 წლის 21 იანვრის №MIA 2 25 00160922 წერილი, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების მიზნით, მსჯელობისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (წარდგინების) გამოცემა, რომლითაც შსს სამინისტროს ორგანოებში მუშაობისა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი (... წლიდან ... წლამდე, 05 წელი და 02 დღე) ჩაითვლება კალენდარულ ნამსახურობის წლებში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა 22 წელზე, 4 თვეზე და 7 დღეზე გაანგარიშების გაცემა და სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქალაქო ცენტრისთვის წარდგინების გადაგზავნა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მოსარჩელემ გაიარა ... კათედრის სრული კურსი. ამასთან ყოფილი საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილის 09.10.1986 წლის №249 ბრძანების საფუძველზე გ. გ-ეს მიენიჭა ... წოდება „...“. 28.03.1989 წლიდან 21.04.1989 წლამდე მოსარჩელემ გაირა ... სარეზერვო შეკრება, ხოლო 28.12.1989 წლის №67 ბრძანების საფუძველზე მიენიჭა ... წოდება „...“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2003 წლის 07 თებერვლის ცნობის საფუძველზე პალატამ დადგენილად მიიჩნია აგრეთვე, რომ გ. გ-ე 1990-1991 წლებში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, სამაჩაბლოში. ხოლო, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის №107 300 0438 მოწმობის თანახმად, გ. გ-ე არის ომის მონაწილე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით.
პალატამ ყურადღება გაამახვილა და არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ სწავლის პერიოდი, რომელიც წინ უსწრებდა სპეციალური წოდებით სამსახურში ჩარიცხვას, გაითვალისწინებოდა მხოლოდ კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირისთვის კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის, ხოლო კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისთვის საჭირო წელთა ნამსახურობაში არ ჩაითვლებოდა. პალატამ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-6 მუხლზე, რომელიც შეიცავს გამონაკლისთა ჩამონათვალს, რომლითაც სწავლება ჩაითვლება მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურეობაში, მათ შორისაა, სამხედრო სასწავლებელებში სწავლება. პალატამ ყურადღებამ გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ გ. გ-ეს სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გავლილი აქვს ... კათედრის სრული კურსი და სწორედ აღნიშნულის საფუძვლზე ითხოვს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურეობაში სწავლის პერიოდის ჩათვლას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე სწორად შეფასებული, როგორც წარდგენილი მტკიცებულებები, ასევე, მოსარჩელის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან მიმართებით ნამსახურობის ჩათვლის საკითხი, რამდენადაც, სახეზეა სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლის სამართლებრივი და ფაქტობრივი მოცემულობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გ. გ-ეის მოთხოვნა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის ნამსახურობის წლებში ჩათვლასთან დაკავშირებით საფუძლიანია, შესაბამისად, საერთო სტაჟში უნდა ჩაეთვლოს შსს სამინისტროს ორგანოებში მუშაობისა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდი (... წლიდან ... წლამდე, 5 წელი და 2 დღე) და კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების მიზნით უნდა გაიცეს გაანგარიშება 22 წელზე, 4 თვეზე და 7 დღეზე
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად განიმარტა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელშიც 2023 წლის 21 სექტემბერს შევიდა ცვლილებები და დაზუსტდა სწავლის პერიოდის და განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდის შეღავათიანი გაანგარიშების ჩათვლასთან დაკავშირებული ნორმები. კასატორის მითითებით, ხსენებული კანონის მე-16 მუხოლის მე-2 ნაწილის დაზუსტებული რედაქციით, მართალია დადგინდა, რომ უმაღლესი განათლება უნდა ჩაითვალოს სამხედრო მოსამსახურის წელთა ნამსახურობაში, თუმცა, ამავდროულად, ამავე მუხლის მე-6 პუნქტით დაზუსტდა აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული მიზანი - სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება და არა წელთა ნამსახურობაში ჩათვლა. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა სწავლის ნამსახურობაში ჩათვლის დაანგარიშების პრინციპებთან მიმართებით. დეპარტამენტი არ იზიარებს პალატის განამრტებას, რომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამხედრო კათედრის კურსის გავლა ზემოაღნიშნული კანონის მიზნებისთვის ჩაითვლება სამხედრო სასწავლებელში სწავლის პერიოდში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 22 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნამიღებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. გ-ემ 2024 წლის 12 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს და მოითხოვა წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდის ჩათვლა. სადავო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2024 წლის 18 მარტის №MIA 1 24 00816078 გადაწყვეტილებით გ. გ-ეს ეცნობა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში არ ჩაითვლებოდა ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სწავლის პერიოდის გამოკლებით, შს ორგანოებში გ. გ-ეის მუშაობის პერიოდმა 1989 წლის 18 ოქტომბრიდან 2007 წლის 7 იანვრამდე (17 წელი, 2 თვე და 19 დღე) და 2012 წლის 31 მაისიდან 2012 წლის 17 ივლისამდე (1 თვე და 16 დღე) საერთო ჯამში შეადგინა 17 წელი, 4 თვე და 5 დღე. ნამსახურობის აღნიშნულ წელთა ჯამი კი, არ იყო საკმარისი სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად. გ. გ-ემ 2025 წლის 17 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს და მოითხოვა „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სპეციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდის ჩათვლა წელთა ნამსახურობაში და გაანგარიშების გაცემა სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად. სადავო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2025 წლის 21 იანვრის №MIA 2 25 00160922 წერილის თანახმად, გ. გ-ეს ეცნობა, რომ 2025 წლის 17 იანვრის №117789 განცხადებაში აღნიშნულ საკითხზე დეპარტამენტმა უკვე იმსჯელა 2024 წლის 18 იანვრის №816078 წერილით. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქმის მასალებში დაცული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2025 წლის 28 იანვრის ცნობის თანახმად, გ. გ-ე ... წელს (ბრძანება №4/434, ...) ჩაირიცხა და ... წელს (ბრძანება №4/486, ...) დაამთავრა ... უნივერსიტეტის ... ფაკულტეტის დღის განყოფილება სპეციალობით .... ... ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის ... წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით გ. გ-ეს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია სპეციალობით .... მის სახელზე გაცემულია დიპლომი MB №... (სარეგისტრაციო №...). ამასთან, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების თბილისის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური ცენტრის 2025 წლის 20 თებერვლის №MOD 8 25 00212039 ცნობის თანახმად, გ. გ-ემ სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გაიარა სამხედრო კათედრის სრული კურსი. ამავე ცნობის თანახმად, ყოფილი საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილის 1986 წლის 09 ოქტომბრის №249 ბრძანების საფუძველზე გ. გ-ეს მიენიჭა სამხედრო წოდება „...“. 1989 წლის 28 მარტიდან 1989 წლის 21 აპრილამდე მან გაირა სამხედრო სარეზერვო შეკრება. 28.12.1989 წლის №67 ბრძანების საფუძველზე კი, მიენიჭა სამხედრო წოდება „...“. აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2003 წლის 07 თებერვლის ცნობის თანახმად, გ. გ-ე 1990-1991 წლებში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, სამაჩაბლოში. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის №107 300 0438 მოწმობის თანახმად, გ. გ-ე არის ომის მონაწილე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი და სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით.
საკასაციო პალატა მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრეს (კანონის პირველი მუხლი) და სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძვლებს, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელ პირობებს, კერძოდ, კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება, მათ შორის, სამხედრო სამსახური. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი, დადგენილია, რომ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი („სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი 2023 წლის 21 სექტემბრის №3519 საკანონმდებლო ცვლილებით ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად, კანონმდებელმა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში სამოქალაქო სასწავლებელში სწავლების პერიოდის ჩათვლა არა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებად, არამედ მის ვალდებულებად აქცია). ამავე მუხლის მე-6 პუნქტი ადგენს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო მოსამსახურის სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი საერთო წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება მხოლოდ სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მიზნებისთვის და არ ჩაითვლება ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში, თუმცა, ნორმა ამავდროულად განსაზღვრავს გამონაკლის პირობებს, როდესაც, სწავლის პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრულ კალენდარულ წელთა ნამსახურობაში, მათ შორისაა, საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის „სამხედრო სასწავლებელში“ სწავლის პერიოდი. სწორედ ხსენებულ გამონაკლისზე დაყრდნობით ჩათვალა სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის სწავლის პერიოდი წელთა ნამსახურობაში. მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმის დადგენა, რამდენად მოიცავს კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი „სამხედრო სასწავლებელში სწავლება“ სამოქალაქო უმაღლეს სასწავლებელში სამხედრო კათედრის სრული კურსის გავლას იმ პირთა მიმართ, რომელთაც შემდგომ მიენიჭათ სამხედრო წოდება და მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ტერმინი „სამხედრო სასწავლებელი“ არ უნდა განიმარტოს ვიწროდ და მხოლოდ ინსტიტუციური ნიშნით. სამხედრო კათედრის კურსის გავლა, რომელსაც შედეგობრივად მოჰყვა სამხედრო წოდების მინიჭება და შემდგომი სამხედრო სამსახური (მათ შორის, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა), ფუნქციური დატვირთვით უთანაბრდება სამხედრო სასწავლებელში სწავლებას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გ. გ-ემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას გაიარა სამხედრო კათედრის სრული კურსი, მას მიენიჭა „...ს“ წოდება. იგი გაწვეულ იქნა სარეზერვო შეკრებაზე და მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში (სამაჩაბლოში), რის გამოც ფლობს ომის ვეტერანის სტატუსს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამხედრო სასწავლებელი“ დაკავშირებულია პირის სპეციალიზებულ სამხედრო მომზადებასთან, ხოლო სამოქალაქო სასწავლებელში არსებული სამხედრო კათედრა, თავისი ფუნქციური დანიშნულებითა და შინაარსით, წარმოადგენს სამხედრო სასწავლო დაწესებულების ანალოგს სამოქალაქო განათლების ფარგლებში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ მსჯელობას საკანონმდებლო სახე მიეცა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 20 ოქტომბრის №748 დადგენილებით (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით) დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებით, რომლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, უმცროსი ლეიტენანტის წოდება ენიჭებოდათ სამოქალაქო უმაღლესი, სპეციალური და საშუალო სასწავლებლების კურსდამთავრებულებს, რომლებმაც სწავლის პერიოდში გაიარეს სამხედრო მომზადება და ჩააბარეს გამოცდები. ამავდროულად, ხსენებული დებულების 56-ე პუნქტი, „საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ“ საქართველოს კანონთან (მუხ. 38 „ბ“ ქვ.პ.) (ძალადაკარგულია 1997 წლის 17 სექტემბრის N860 „სამხედრო ვალებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით) ერთობლიობაში, პირდაპირ ადგენდა, რომ შეიარაღებული ძალების რეზერვი კომპლექტდებოდა სწორედ უმაღლეს სასწავლებლებში სამხედრო კათედრებზე კურსგავლილი რეზერვის ოფიცრებისაგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების და კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის წინაპირობებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე