დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ბს-439(2კ-25) 18 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. ფ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინება
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ფ-იმა 2018 წლის 14 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და მოითხოვა: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს N... დადგენილების ბათილად ცნობა; ასევე, „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 ივლისის N338 ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მითითებით, სადავო აქტები ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ვინაიდან მის მიერ მოწყობილი ღია სეზონური კაფის წინა მხარეს სკამების, მაგიდების, ქოლგებისა და საყვავილეების განთავსება არ ქმნის სამშენებლო სამართალდარღვევის შემადგენლობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, მ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს N... დადგენილება და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 ივლისის N338 ბრძანება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ, საქმის მასალებსა და სადავო საკითხის გადაწყვეტის პერიოდში მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი მოსაზრებები და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ ქალაქ თბილისში ...ს გამზ. N...-ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე სკამების, მაგიდების და ქოლგების განთავსება, არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, მაშასადამე, ეს უკანასკნელი, ადმინისტრაციული ორგანოების შეფასებებისაგან საწინააღმდეგოდ, არ წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებებს, აგრეთვე, მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებულ “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების” 65-ე მუხლით განსაზღვრულ I კლასის შენობა-ნაგებობების კლასების მახასიათებლებზე და აღნიშნავს, რომ სადავო შემთხვევაში - სკამების, მაგიდების და ქოლგების განთავსება მოითხოვს I კლასის სამშენებლო ნებართვას (შეტყობინებას), რომლის განუხორციელებლობაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას და ქმნის უნებართვო მშენებლობის შემადგენლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 მაისის განჩინებით, განუხილველი დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა დადგინდა მხარეთა დასწრებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ზეპირ მოსმენაზე მოისმინა მხარეთა პოზიციები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით და დადგინდა მხარეთა დასწრების გარეშე საკითხის განხილვის გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის შემოწმება, საპროცესო-სამართლებრივი შინაარსით, უკავშირდება საკასაციო საჩივრის საფუძვლების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საპროცესო ვალდებულებას. სსკ-ის 393-ე მუხლის 1-ელი ნაწილის 1-ელი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება დაეფუძნოს იმას, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით, ხოლო მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს კანონის გამოუყენებლობით, მისი არასწორად განმარტებით ან იმ კანონის გამოყენებით, რომელიც არ უნდა გამოყენებულიყო (სსკ-ის 393.2 მუხ. „ა“-„გ“ ქვ.პ.). საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა კი, მაშინ მიიჩნევა არსებითად და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, თუ მოცემული დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი (სსკ-ის 393.3 მუხ.). სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიუთითებს იმას, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ არ ხდის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სადავოა მათი სამართლებრივი შეფასება. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კასატორის იმ მატერიალურ ან საპროცესო-სამართლებრივ საკასაციო პრეტენზიებს, რომელთაც გადამწყვეტი ზეგავლენა აქვთ საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედსა და ამდენად, საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე, პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს სრულად და ამომწურავად (2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Wagner and J.M.W.L. v. Luxembourg, App. No. 76240/01, §96; 1994 წლის 09 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30; იხ. აგრეთვე, 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Tatishvili v. Russia, App. No.1509/02, §62). საკასაციო სასამართლო არ უპასუხებს კასატორის ყოველ არგუმენტს, მის ყოველ შეფასებასა თუ მოსაზრებას, რამეთუ ამ უკანასკნელს არ შესწევს არგუმენტაციული ძალა, ზეგავლენა იქონიოს საკასაციო მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61.). ამ არგუმენტებზე პასუხის პირდაპირ გაუცემლობა განიმარტება მათ ნაგულისხმევ უარყოფად (1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წინამდებარე საქმეზე მთავარ გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე „ღია სეზონური კაფის“ მოსაწყობად - სკამების, მაგიდების ან/და ქოლგების - განთავსების სამშენებლო სამართალდარღვევად მიჩნევა.
უპირველესად, საკასაციო პალატა მიუთითებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა წრეზე. საქმის მასალებით დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა N6 ...ს გამზირი N...-ში მდებარე, ს/კ ... უძრავი ქონება - 30.11 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ირიცხება მ. რ-ეის საკუთრებაში. 2017 წლის 13 სექტემბერს მ. რ-ეესა და ინდ. მეწარმე მ. ფ-ის შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ინდ. მეწარმე მ. ფ-ის კომერციული საქმიანობის განსახორციელებლად დროებით სარგებლობაში გადაეცა მ. რ-ეის საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, ...ს ქუჩა N6 ...ს გამზირი N...-ში მდებარე ფართი. 2017 წლის 9 აგვისტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ინდივიდუალური მეწარმე მ. ფ-ის მიმართ N... მითითება შეადგინა. აღნიშნული მითითების მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ს გამზირი N...-ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ინდ. მეწარმე მ. ფ-ის მიერ მოწყობილი იყო ღია სეზონური კაფე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კერძოდ, განთავსებული იყო სკამები, მაგიდები, ქოლგები და საყვავილეები. ამავე აქტით ინდ. მეწარმე მ. ფ-ის 3 კალენდარული დღის ვადა მიეცა დარღვევის გამოსასწორებლად - ღია კაფის მოსაწყობად საჭირო მოწყობილობების განთავსების სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად. 2017 წლის 14 აგვისტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტმა N... შემოწმების აქტი შეადგინა, რომლითაც 2017 წლის 9 აგვისტოს N... მითითების მოთხოვნათა შესრულების ფაქტი დააფიქსირა. 2017 წლის 22 აგვისტოს ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 9 აგვისტოს N... მითითებისა და 2017 წლის 14 აგვისტოს N... შემოწმების აქტის შედეგები განიხილა. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოცხადდა. 2017 წლის 31 აგვისტოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის გ. ხ-ის მიერ N438 მოხსენებითი ბარათი შედგა, რომლის თანახმად, სამსახურის 2017 წლის 14 აგვისტოს N... შემოწმების აქტით სამსახურის მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება დაფიქსირდა, თუმცა ობიექტი გადამოწმებულ იქნა განმეორებით და დადგინდა, რომ ინდ. მეწარმე მ. ფ-ის მიერ ქალაქ თბილისში, ...ს გამზირი N...-ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ კვლავ უნებართვოდ იყო განთავსებული ღია სეზონური კაფე - მაგიდები, სკამები და ქოლგები.
საქმის მასალებით დგინდება ისიც, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს N... დადგენილებით ინდ. მეწარმე მ. ფ-ი 10 000 (ათი ათასი) ლარით დაჯარიმდა ქალაქ თბილისში, ...ს გამზირი N...-ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ღია სეზონური კაფის უნებართვოდ მოწყობისათვის, კერძოდ, სკამების, მაგიდებისა და ქოლგების განთავსებისათვის. ამავე დადგენილებით ინდ. მეწარმე მ. ფ-ის ქალაქ თბილისში, ...ს გამზირი N...-ში არსებული შენობა-ნაგებობის წინ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უნებართვოდ მოწყობილი ღია სეზონური კაფის - სკამების, მაგიდების და ქოლგების დემონტაჟი დაევალა. 2017 წლის 6 სექტემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ინდ. მეწარმე მ. ფ-ის N19/01172492885-01 ადმინისტრაციული საჩივარი წარედგინა, რომლითაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს N... დადგენილების ბათილად ცნობა იქნა მოთხოვნილი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 ივლისის N338 ბრძანებით ინდივიდუალური მეწარმე მ. ფ-ის 2017 წლის 6 სექტემბრის N19/01172492885-01 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 31 აგვისტოს N... დადგენილება. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ღია სეზონური კაფის მოსაწყობად მაგიდებისა და სკამების განთავსების ნებართვის გაცემის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 10 დეკემბრის N... წერილით მ. ფ-ის განემარტა, რომ მიწის ნაკვეთზე მაგიდებისა და სკამების განთავსება არ წარმოადგენდა სამშენებლო სამუშაოებს, რომელთა განხორციელება, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მხრიდან საჭიროებდა წერილობით დასტურს ან მშენებლობის ნებართვის გაცემას.
საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ კანონის შეფარდებისას სასამართლო იყენებს ფაქტობრივი გარემოებების ხდომილებისას ძალაში მყოფ და არა საკითხის გადაწყვეტისას მოქმედ კანონს (სუსგ., ბს-425(2კ-22), 10.01.2023წ.). საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემის პერიოდში მოქმედებდა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით დამტკიცებული “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობებით” (ძალადაკარგულია 02.03.2020წ. №139 დადგენილებით) გათვალისწინებული მოწესრიგება. აღნიშნული დადგენილების რეგულირების ობიექტს წარმოადგენდა მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობებისა და მასთან დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობების დადგენა, რომელიც მოიცავს მშენებლობის ნებართვის მოპოვების საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროს (1.1 მუხ.). სამშენებლო სამართლის ნორმებით განსაზღვრული მართლწესრიგი არის ნორმათა პრევენციული, აღმკვეთი, ამკრძალავი წესრიგი, რომლის დაუცველობაც წარმოშობს თანაზომიერი რეაგირების რეპრესიულ საჭიროებას. აღნიშნული ნორმები მიზნად ისახავს სამშენებლო-სამართლებრივი ნორმების დაუცველობით გამოწვეული ზოგად-აბსტრაქტული ან/და ინდივიდუალურ-კონკრეტული საფრთხის პრევენციას (აღკვეთა), რომელიც მიადგება სამშენებლო ნორმებით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს. საფრთხის შეფასების იურიდიულ საფუძველს, რომელიც შეიძლება მიადგეს უსაფრთხო ქალაქთმშენებლობის პროცესს, ქმნის უკანონო მშენებლობა ან ნებართვის შესაბამისი ფორმისათვის ქვემდებარე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, შესაბამისად, სამშენებლო წესრიგის საკვანძო ინსტრუმენტია უნებართვო მშენებლობის ან ამგვარი სამშენებლო სამუშაოების განხორციელების აკრძალვა, როგორც საფრთხის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება (სუსგ., ბს-859(კ-20), 25.10.2023წ.). ხოლო, შესატყვისი სანებართვო ვალდებულება კი - გამოიხატება სამშენებლო სფეროში დადგენილი პრევენციული აკრძალვით, მოქმედებს პრევენციული აკრძალვის მოდელი სანებართვო დათქმით, რითაც პირს ექმნება სამშენებლო საქმიანობის განხორციელების ფორმალური საფუძველი (სუსგ., ბს-859(კ-20), 25.10.2023წ.). ამასთან, საკასაციო პალატა სამართლებრივი განსაზღვრულობის იმპერატივზე მითითებით ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის განსაზღვრა მოითხოვს უშუალოდ იმ სამშენებლო-სამართლებრივი ნორმის აბსტრაქტული შემადგენლობის კვალიფიციურ იდენტიფიცირებას, რომლის დარღვევასაც ეფუძნება კონკრეტული პირისათვის შეფარდებული პასუხისმგებლობის ზომა. განსახილველ შემთხვევაში, ციტირებული დადგენილების მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტები განსაზღვრავს მშენებლობის სახეობებს, მე-19 მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი, I კლასის შენობა-ნაგებობებს მიიჩნევდა ისეთი კლასის მქონე შენობა-ნაგებობებს, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებდნენ, თუმცა, ამ კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის განმახორციელებელ პირს (მწარმოებელს/დამკვეთს) ევალებოდა მშენებლობის შესახებ განცხადებით მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსათვის მიმართვა. საკასაციო პალატა - თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ღია სეზონური კაფის მოსაწყობად სკამების, მაგიდების ან/და ქოლგების განთავსების უშუალოდ სამშენებლო სამართალდარღვევად მიჩნევის თვალსაზრისით - არ იზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებას საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლით გათვალისწინებულ მოწესრიგებაზე, რომელიც განსაზღვრავს I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობების კლასების მახასიათებლებს და აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმის შემადგენლობა არ მიუთითებს სკამების, მაგიდების ან/და ქოლგების განთავსების I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის რეგულირების სფეროში მოქცევაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად, სამშენებლო ნორმები განეკუთვნება ტექნიკური ტერმინოლოგიის შემცველ ნორმათა კატეგორიას, რომლებიც განიმარტება მათი ჩვეულებრივი, რეგულატორული საკანონმდებლო მნიშვნელობით (სუსგ., ბს-694(3კ-25), 16.12.2025წ.). საკასაციო საჩივრის ავტორის პოზიციის გაზიარება წარმოშობს ნორმის კანონის ანალოგიით გამოყენების ეფექტს, საჯარო სამართალში კი, მოქმედების კანონის ანალოგიის გამოყენების აკრძალვის პრინციპი, „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის მე-2 წინადადების მიხედვით, საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებში კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავდროულად, დადგენილების 65-ე მუხლის 1-ელი პუნქტის „ზ“, „კ“, „ლ“, „ნ“, „ო“ და „რ“ ქვეპუნქტებით დადგენილი სამშენებლო კატეგორიების პირდაპირ, სახელდებით დაქვემდებარება I კლასს მიკუთვნებული შენობა-ნაგებობების კლასების მახასიათებლებისათვის გამოხატავს კანონმდებლის ნებას - რეგულაციას დაუქვემდებაროს მხოლოდ პირდაპირ გათვალისწინებული სამშენებლო კატეგორიები. ბუნებრივია ასევე, რომ I კლასის შენობა-ნაგებობების კლასების მახასიათებლების დადგენა მმართველობითი ორგანოს მიზანშეწონილობის სფეროს მიკუთვნებული პრეროგატივაა, რომელიც უამრავ გეგმარებით, სამშენებლო და ტექნიკურ ფაქტორს ეფუძნება, თუმცა, კანონზომიერება და საგანთა წესრიგი მოითხოვს იმას, რომ ეს უკანასკნელი ასახავდეს საგანთა ნამდვილ, ჭეშმარიტ მდგომარეობას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სკამების, მაგიდების ან/და ქოლგების საძირკვლის გარეშე განთავსება, აგრეთვე ნიადაგთან ან/და გრუნტთან მათი შეხება (დადგმა), არ ესადაგება „შენობის“ ან/და „ნაგებობის“ ლეგალურ დეფინიციას (3.47 მუხ.; 3.78 მუხ.), ხოლო, დროებით შენობა-ნაგებობაზე მითითება კი, ბუნებრივია გამოირიცხება, როგორც მინიმუმ, „ანაკრები ელემენტების“ არარსებობის საფუძვლით (3.15 მუხ.), ამდენად, ერთმნიშვნელოვნად ცხადია მოცემულობა მასზედ, რომ სკამების, მაგიდების ან/და ქოლგების განთავსების სამშენებლო სამართალდარღვევად მიჩნევა არათუ არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას, არამედ არ ასახავს საგანთა ნამდვილ, ჭეშმარიტ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 04 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე