დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 23.03.2026
საქმის ნომერი
ბს-864(კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-864(კ-24) 23 მარტი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ს-ე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.06.2024 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 04.04.2024 წლის გადაწყვეტილებით თ. ს-ეის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.08.2023 წლის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.10.2023 წლის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს („კასატორი“) დაევალა, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მონაცემთა კორექტირება მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან ზედდების ნაწილში (შესაბამისად, ცვლილების განხორციელება შესაბამის ბრძანებაში, ნახაზში და საჯარო რეესტრის ამონაწერში); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს დაევალა განახორციელოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია - ქ. ფოთში, ...ს ...ზე მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ 151 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სადავო მიწის ნაკვეთი“). გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

1.1. ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს 18.06.1986 წლის №12/447 გადაწყვეტილებით, გამოიყო ... კოოპერატივის ...სათვის ტერიტორია მდინარე ...ს სანაპირო ზოლში, სიგანით 20 მეტრი, ...დან ...მდე და, ამასთან, განთავისუფლდა ინდივიდუალური დასახლების მიერ უნებართვოდ მიტაცებული მდინარისპირა ზოლი ყოველგვარი ნაგებობისაგან.

1.2. ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს 17.12.1986 წლის №25/980 გადაწყვეტილებით დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები. კოოპერატივის თითოეული წევრისთვის ნავმისადგომის ტერიტორია დადგინდა სიგანით 5.2 მეტრი, გადასახდელი თანხა - 350 მანეთი, ნავმისადგომის გასხვისების უფლებით.

1.3. მოსარჩელე იყო ... კოოპერატივის წევრი. 10.07.2023 წლის სანოტარო აქტების (ხელწერილების) შესაბამისად, თ. ნ-ა და გ. ზ-ა ადასტურებენ, რომ მოსარჩელეს საფასურის გადახდის შემდეგ გადაეცა სადავო მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფლობს, უვლის და მოდავე არ ჰყავს.

1.4. 11.07.2023 წელს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს და მოითხოვა სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. მოსარჩელემ განცხადებას თან დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზი, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხელწერილი (ორი ეგზემპლარი), გადაწყვეტილება №25/980 (ასლი) და გადამხდელთა სია (ასლი). საქმის წარმოების დროს გამოვლინდა ზედდება სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან საკადასტრო კოდით №... სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და სსიპ საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია, თუმცა ვერ იქნა მოძიებული ინფორმაცია და მოსარჩელეს მოსთხოვეს უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

1.5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.08.2023 წლის №... გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.10.2023 წლის №... გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

1.6. 08.08.2023 წელს მომზადებული სიტუაციური ნახაზისა და სსიპ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ხვდება სახელმწიფოს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთისა (ს/კ: ...) და მიმდინარე განცხადებით წარდგენილი ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებში (ზედდება).

1.7. სსიპ შემოსავლების სამსახურის 21.07.2023 წლის №21-02-1/59187 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ქ. ფოთში, ...ს ქუჩაზე 2004 წლის მიწის (დანიშნულება გაურკვეველი) გადასახადის გადამხდელთა სიებში, მოსარჩელე არ ფიქსირდება.

1.8. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 21.07.2023 წლის №57/26374 წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ ფოთის ადგილობრივ არქივში დაცული ფოთის საფინანსო განყოფილების სახლთმფლობელთა საგადასახადო აღრიცხვის 1981-1983 წლების წიგნში, დასახლება ...ში, მოსარჩელე გადასახადის გადამხდელად არ ფიქსირდება. არასასოფლო/სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გადასახადების აღრიცხვის წიგნები და მიწის განაწილების სია ფოთის ადგილობრივ არქივში დაცვაზე არ შესულა. სხვა დოკუმენტაციის მოსაძიებლად აუცილებელია წლების დაზუსტება. ქალაქ ფოთს საკომლო წიგნები არ გააჩნია.

1.9. მოწმე თ. ნ-ას განმარტებით, იგი მოსარჩელესთან ერთად იყო კოოპერატივის წევრი; აღმასკომის გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ გამოეყოთ მდინარე ...ს პირას მიწის ნაკვეთი, რათა ნავსაყუდელი ჰქონოდათ. მოწმემ განმარტა, რომ გადასახდელი იყო 350 მანეთი; მან, მოსარჩელემ, მ-ამ და კ-ემ ერთად გადაიხადეს ეს თანხა; თუ თანხას არ გადაიხდიდნენ, ისე სიაში ვერ მოხვდებოდნენ, უბრალო გამვლელი ამ სიაში ვერ მოხვდებოდა; იყო მეთევზეთა და მონადირეთა კავშირი, კავშირის ... აძლევდა მათ ნომერს, მიდიოდნენ შემნახველ სალაროში, იხდიდნენ ფულს და შემდეგ ხდებოდა მიწის მოზომვა; სწორედ ამ წესით გადაიხადეს თ. ნ-ამ და მოსარჩელემ თანხა და მოხდა მათთვის მიწის ნაკვეთების აზომვა; მათი ნაკვეთები ერთმანეთის გვერდითაა. მოწმემ დაადასტურა, რომ მოსარჩელე დღემდე ფლობს ამ მიწის ნაკვეთს და უვლის მას. მოწმის განმარტებით, მოსარჩელეს მოდავე არ ჰყავს.

1.10. სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, ამავე კანონის 41 მუხლზე, საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007 წლის №525 ბრძანებულებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 04.08.2016 წლის №191 ბრძანებულებით) პირველ მუხლზე, ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე.

1.11. ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 18.06.1986 წლის №12/447 და 17.12.1986 წლის №25/980 გადაწყვეტილებების საფუძველზე, ... კოოპერატივს გამოეყო ტერიტორია მდინარე ...ს სანაპირო ზოლში. ... მოწყობის კოოპერატივის გამგეობას რეკომენდაცია მიეცა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 18.06.1986 წლის №12/447 გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად გაეტარებინა საჭირო ღონისძიებები, მათ შორის, კოოპერატივის წევრებს ნავმისადგომის გასხვისების უფლების მოპოვებისათვის უნდა შეეტანათ 350 მანეთი, თითოეულ წევრზე ტერიტორიის სიგანე მოიცავდა 5x10 მეტრს. კოოპერატივის წევრებისაგან შედგენილ იქნა „...ს ზოლში ნავმისადგომთა მფლობელთა სია“, სადაც მე-100 ნომრად მითითებულია მოსარჩელე. საქმეში წარმოდგენილი ამ სიითა და საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე იყო მითითებული კოოპერატივის წევრი, ხოლო რაც შეეხება მის მიერ თანხის გადახდის ფაქტს, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ამავე კოოპერატივის წევრმა თ. ნ-ამ განმარტა, რომ მეთევზეთა და მონადირეთა კავშირის ... აძლევდა მათ ნომერს, მიდიოდნენ შემნახველ სალაროში, იხდიდნენ ფულს და შემდეგ ხდებოდა მიწის მოზომვა. სწორედ ამ წესით გადაიხადეს თ. ნ-ამ და მოსარჩელემ თანხა და მოხდა მათთვის მიწის ნაკვეთების აზომვა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია სანოტარო აქტი (ხელწერილი), რომლითაც გ. ზ-ამ დაადასტურა მოსარჩელის მიერ 350 მანეთის გადახდისა და მის მიერ 151 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტი, საწინააღმდეგო მტკიცებულებები კი საქმეში წარმოდგენილი არ არის. იმ პირობებში, რომ არსებობს რამდენიმე სია, რომელიც პერიოდულად ზუსტდებოდა, ასევე, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის კოოპერატივის წევრობისა და მის მიერ თანხის გადახდის სანაცვლოდ 151 კვ.მ მიწის ნაკვეთის გადაცემის ფაქტი. აღსანიშნავია, რომ ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 18.06.1986 წლის №12/447 და 17.12.1986 წლის №25/980 გადაწყვეტილებები არ ეწინააღმდეგებოდა ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებს.

1.12. მოსარჩელეს, როგორც კოოპერატივის წევრს, სათანადო თანხის გადახდის შემდეგ, რეალურად გამოეყო 151 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მან მონიშნა და ფლობს დღემდე. საქმის მასალებში არ მოიპოვება მონაცემები აღნიშნული ნაკვეთის გასხვისების, დათმობის ან ჩამორთმევის შესახებ. ამ შემთხვევაში, კოოპერატივის გაუქმებას, ხელახალი თუ ახალი კოოპერატივის შექმნას, უკვე მიღებულ და განკარგულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სამართლებრივი დაბრკოლების შექმნა არ შეუძლია, რადგან 90-იან წლებში (ან ბოლოს) ყოფილი აღმასკომის ადმინისტრაციული აქტი უკვე აღსრულდა და შემდგომ პერიოდში ამ ურთიერთობის მარეგულირებელი ახალი აქტი ქ. ფოთის არც მმართველობის და არც თვითმმართველობის ორგანოებს არ მიუღიათ. შესაბამისად, დღემდე არსებობს აღმასკომის მითითებული გადაწყვეტილებისადმი კანონიერი ნდობა. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007 წლის №525 ბრძანებულებით დამტკიცებულ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 04.08.2016 წლის №191 ბრძანებულებით) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად უნდა იქნას მიჩნეული ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 18.06.1986 წლის №12/447 და 17.12.1986 წლის №25/980 გადაწყვეტილებები, რომელთა ძალით მოსარჩელეს გამოეყო სადავო მიწის ნაკვეთი, რაც, კონკრეტულ შემთხვევაში, აკმაყოფილებს ხსენებული ბრძანებულების მოთხოვნას „სხვა დოკუმენტის“ განსაზღვრის შესახებ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.08.2023 წლის გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და 06.10.2023 წლის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიღებულია ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, მათი ბათილად ცნობის საფუძველია. მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია.

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.06.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს. პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დასაშვებია წყალდაცვითი ზოლის მიწების გადაცემა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის როგორც საკუთრებაში, ისე სარგებლობაში (22.1 მუხლი). ამასთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 3.2 მუხლის დანაწესი დასაშვებად თვლის ასევე, წყალდაცვით ზოლში მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით აღიარებას.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

7. მოცემულ შემთხვევაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს 04.04.2024 წლის გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 03.06.2024 წლის განჩინება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მის რეგიონულ ოფისს არ გაუსაჩივრებიათ. კასატორია მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომლის ძირითადი პრეტენზია იმ გარემოებას ემყარება, რომ არ დასტურდება მოსარჩელისთვის სადავო მიწის ნაკვეთის გამოყოფის ფაქტი.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

9. საქმეზე დადგენილია შემდეგი გარემოებები:

9.1. ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს 18.06.1986 წლის №12/447 გადაწყვეტილებით ... კოოპერატივს ნავმისადგომისათვის გამოეყო ტერიტორია მდინარე ...ს სანაპირო ზოლში, სიგანით 20 მეტრი, ...დან ...მდე და, ამასთან, განთავისუფლდა ინდივიდუალური დასახლების მიერ უნებართვოდ მიტაცებული მდინარისპირა ზოლი ყოველგვარი ნაგებობისაგან (ტ.1, ს.ფ. 18);

9.2. ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს 17.12.1986 წლის №25/980 გადაწყვეტილებით, დაიგეგმა განსახორციელებელი ღონისძიებები. კოოპერატივის თითოეული წევრისთვის ნავმისადგომის ტერიტორია დადგინდა სიგანით 5.2 მეტრი, გადასახდელი თანხა - 350 მანეთი, ნავმისადგომის გასხვისების უფლებით (ტ.1, ს.ფ. 19-20);

9.3. მოსარჩელე იყო ... კოოპერატივის წევრი. კოოპერატივის წევრებისაგან შედგენილ ...ს ზოლში ნავმისადგომთა მფლობელთა სიაში იგი მე-100 ნომრადაა მითითებული (ტ.1, ს.ფ. 21-24);

9.4. 10.07.2023 წლის სანოტარო აქტების (ხელწერილების) შესაბამისად, თ. ნ-ა და გ. ზ-ა ადასტურებენ მოსარჩელის წევრობისა და 350 მანეთის გადახდის ფაქტს, რის შემდეგაც მას გადაეცა სადავო მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფლობს, უვლის და მოდავე არ ჰყავს (ტ.1, ს.ფ. 46-49);

9.5. 11.07.2023 წელს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს და მოითხოვა სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია (ტ.1, ს.ფ.26). მოსარჩელეს მოსთხოვეს უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, გამოვლინდა ზედდება სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან საკადასტრო კოდით №... (იხ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.30-31);

9.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.08.2023 წლის №... გადაწყვეტილებით, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება (ტ.1, ს.ფ.32). აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 06.10.2023 წლის №... გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ტ.1, ს.ფ. 34-45).

10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „კანონი“) აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს.

11. კანონის 41 მუხლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც ამ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.

12. საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007 წლის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 04.08.2016 წლის №191 ბრძანებულებით) პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიმართ ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე – პრივატიზაციის გეგმა, 1999 წლამდე შედგენილი დროებით სარგებლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი, 1999 წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პროექტი.

13. მსგავს დანაწესს შეიცავს ამჟამად მოქმედი საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წლის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“. მითითებული ნორმატიული აქტით დადგენილია მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად „სხვა დოკუმენტის“ მიჩნევის შესაძლებლობა (მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი). ამდენად, მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, რაც განპირობებულია მიწის რეფორმის ხარვეზებით მიმდინარეობით და ისეთი სახის დოკუმენტების არაერთგვაროვნებით, რომლებიც პირთა მიერ ნაკვეთების მართლზომიერ მფლობელობას (სარგებლობას) ადასტურებს. მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად „სხვა დოკუმენტის“ მიჩნევა გულისხმობს არა ნებისმიერ, არამედ ისეთი სახის დოკუმენტს, რომელიც პირს უქმნის ლეგიტიმურ მოლოდინს და კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებთან ერთობლიობაში ქმნის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის შესაძლებლობას. მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტს შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებული და გაცემული დოკუმენტი (ან/და სამართლებრივი აქტი) (სუსგ №ბს-1387(კ-24), 20.03.2025წ.). მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც დადგინდა სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობა (სარგებლობა), ერთობლიობაში შეფასებულ უნდა იქნეს ე.წ. „სხვა დოკუმენტად“.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად მიჩნევა არ ქმნის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების აღიარების საკმარის საფუძველს. აღნიშნული საფუძვლით ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის ადგილი უნდა ჰქონდეს აგრეთვე თვით მფლობელობას (სარგებლობას) (შდრ. სუსგ №ბს-121(2კ-24), 05.02.2025წ; №ბს-1387(კ-24), 20.03.2025წ.).

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ითვალისწინებს საქმეში წარმოდგენილ: ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 18.06.1986 წლის №12/447 და 17.12.1986 წლის №25/980 გადაწყვეტილებებს; ...ს ზოლში ნავმისადგომთა მფლობელთა სიას, რომელშიც მითითებულია მოსარჩელე; მოსარჩელის მიერ თანხის გადახდისა და სადავო მიწის ნაკვეთის ფლობის შესახებ თ. ნ-ასა და გ. ზ-ას 10.07.2023 წლის ხელწერილებს; ასევე - საქალაქო სასამართლოს სხდომაზე გამოკითხული მოწმის - თ. ნ-ას განმარტებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 1.9. პუნქტი) და მიიჩნევს, რომ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

17. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. სუსგ №ბს-51-51 (კ-18), 01.11.2018წ; №ბს-45(კ-24), 20.12.2024წ; №ბს-1387(კ-24), 20.03.2025წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.06.2024 წლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე