დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-1264(კ-25)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ბ. მ-ი (მოსარჩელის ა. მ-ის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარეები – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისი (მოპასუხეები)
მესამე პირი - ლ. დ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2025 წლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ა. მ-იმა სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 11.02.2019 წლის №... გადაწყვეტილებისა და 11.04.2011 წლის №... გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებში საერთო სარგებლობის (მისასვლელი) გზის ინდივიდუალურ საკუთრებად მოქცევის ნაწილში ბათილად ცნობა.
თელავის რაიონული სასამართლოს 13.03.2019 წლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ლ. დ-ე.
თელავის რაიონული სასამართლოს 25.08.2022წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გასაჩივრებულ ნაწილში) უკანონობის თაობაზე აპელანტის პრეტენზია ძირითადად ემყარება იმ არგუმენტს, რომ სადავო რეგისტრაციით ლ. დ-ეის ნაკვეთის საზღვრებში მოექცა საერთო სარგებლობის გზა, რაც აპელანტის მოსაზრებით დასტურდება ტექნიკური აღრიცხვის პასპორტის მონაცემებით. საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მასალების (აღნიშნული სააღრიცხვო მასალა ძალაშია და არ გაუქმებულა) და მესამე პირის ლ. დ-ეის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტაცია მის კუთვნილ უძრავ ქონებამდე მისასვლელი საერთო სარგებლობის გზის არსებობის თაობაზე და მიიჩნია, რომ უძრავი ქონების (ქ. თელავი, ...ს ქ. №8) ტექნიკურ პასპორტში დატანილი საერთო სარგებლობის გზა წარმოადგენდა ამავე უძრავი ქონების არსებით შემადგენელ ნაწილს. ლ. დ-ეის 05.04.2011 წლის №... განცხადებაზე დართულ საკადასტრო-აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის ფართობი იყო ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმაზე მითითებული მონაცემის (275კვ.მ. მიწის ფართი და მასზე არსებული №1 შენობა-ნაგებობა) იდენტური. საგულისხმოა, რომ სადავო ტერიტორია განთავსებულია მხოლოდ შენობა-ნაგებობის ქვემოთ და აღარ გრძელდება ეზოში. აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო მტკიცებულება აპელანტს არ წარუდგენია. მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება სადავო აქტის კანონშეუსაბამობის (გასაჩივრებულ ნაწილში) თაობაზე, რომელიც არ არის გამყარებული საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას საფუძვლად ვერ დაედება. ვინაიდან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადასტურებულია მესამე პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება (გასაჩივრებულ ნაწილში), ამასთან, მოსარჩელეს არ მოუთხოვია საჩივრის განხილვის ადმინისტრაციული ორგანოსთვის დავალება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილშიც მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნა არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
სადავო უძრავი ქონებით სარგებლობის უფლებაზე აპელანტის მითითებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დავა სერვიტუტის უფლებაზე თავისი არსით სამოქალაქო-სამართლებრივია და განსახილველი დავის ფარგლებში აღნიშნული საკითხი ვერ იქნება განხილული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. კასატორმა აღნიშნა, რომ მესამე პირის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი აზომვითი ნახაზი და თავის სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთი წინააღმდეგობაშია ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის არქივში დაცულ მონაცემებთან. სადავოა არა კანონიერ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები და ნაკვეთი, რომელზეც ეს შენობა-ნაგებობებია განლაგებული, არამედ მოსარჩელის შენობა-ნაგებობის მიმდებარედ არსებული, შენობა-ნაგებობაში შესასვლელ-გასასვლელად გამოყენებული მიწის ნაკვეთის ნაწილში რეგისტრაცია. დაუშვებელია შესასვლელ-გასასვლელი დანიშნულებით დღემდე გამოყენებული ნაკვეთის მესამე პირის შენობის შემადგენელ ნაწილად, მის „ქვეშ“ არსებულად მოაზრება. საინვენტარიზაციო გეგმის, ცნობა-დახასიათების და განცხადების მიღების ბარათებით დასტურდება, რომ სადავო ნაკვეთი წარმოადგენდა ... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული პირების (მათ შორის ა. მ-ის) თანასაკუთრებას (თანასარგებლობას). სადავო ნაკვეთი წარმოადგენს მოსარჩელის საცხოვრებელ სახლთან ერთადერთ მისასვლელს, აქცესორული უფლების ობიექტს, რომლის გარეშე შეუძლებელია საკუთრების რეალიზება და დანიშნულებით გამოყენება. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, საერთო სარგებლობის ნაწილში ლ. დ-ეის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2011 წლის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 11.02.2019წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე კასატორის საკუთრების მიმდებარედ არსებული, მისასვლელ-გამოსასვლელი ნაკვეთის უფლებრივად საწყის მდგომარეობაში მოყვანა, მასზე მოსარჩელის საერთო სარგებლობის უფლების აღდგენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეში დაცული მასალებით დგინდება, რომ ... წელს ლ. დ-ემ შეიძინა ქ. თელავში, ...ს ქ. №8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც განლაგებულია 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ტ. 1. ს.ფ. 123). 19.10.1990 წლის ხელშეკრულებით ლ. დ-ემ ი. ლ-ის აჩუქა აღნიშნული საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილი, რომელიც განლაგებულია 275 კვ.მ. ნაკვეთზე (ტ. 1, ს.ფ. 121-122). 05.04.2011 წლის სამკვიდრო მოწმობის თანახმად ი. ლ-იის კანონისმიერმა მემკვიდრემ (შვილმა) ლ. დ-ემ სრულად მიიღო მამკვიდრებლის - ი. ლ-იის სამკვიდრო ქონება (ტ. 1, ს.ფ. 103-106).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მესამე პირის მიერ საცხოვრებელი სახლის შეძენის დროისათვის მიწა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, კერძოდ, 1971 წლის სსრ მიწის კოდექსის მე-4 მუხლით მიწა განსაკუთრებულ სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა და მისი გაცემა დაიშვებოდა მხოლოდ სარგებლობისთვის. მსგავს დანაწესს ითვალისწინებდა 1964 წლის სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 93-ე მუხლი. 26.06.1997 წელს მიღებული იქნა სამოქალაქო კოდექსი, რომლის 1513-ე მუხლით ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, ამ კოდექსის ამოქმედებიდან (1997 წლის 25 ნოემბრიდან) ჩაითვალა ამ პირთა საკუთრებად. 11.07.2007 წელს აგრეთვე მიღებული იქნა საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“, რომელმაც გაითვალისწინა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, როგორც მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობა. სადავო რეგისტრაციის პერიოდში მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს ითვალისწინებდა საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007 წლის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“, კერძოდ, ასეთი სახის დოკუმენტად მიიჩნეოდა ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით, ასეთის არსებობის შემთხვევაში (2.1 მუხ. „გ“ ქვ.პ.). თავის მხრივ, ცნობა-დახასიათება განიმარტებოდა, როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ასახავდა მასთან დაცული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის არქივის მონაცემებს უძრავი ნივთის თაობაზე (2.1 მუხ. „ვ“ ქვ.პ.).
განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ გასაჩივრებული მარეგისტრირებელი ორგანოს რეგისტრაციის შესახებ 11.04.2011 წლის გადაწყვეტილებით ქ. თელავში, ...ს ქ. №8-ში მდებარე 275 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე აღირიცხა ლ. დ-ეის საკუთრების უფლება (საკადასტრო კოდი ...). უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მიეთითა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის სამსახურის მიერ 04.04.2011 წელს მომზადებული ცნობა-დახასიათება და 05.04.2011 წლის სამკვიდრო მოწმობა. საქმის მასალებში დაცული ტექნიკური პასპორტის თანახმად თელავში, ...ს ქ. №8-ში მდებარე შენობა-ნაგებობა აღრიცხულია ლ. დ-ეისა (2/3 ნაწილი) და ი. ლ-იის (1/3 ნაწილი) სახელზე, რომელიც განლაგებულია 275 კვ.მ. ნაკვეთზე (ტ. 1, ს.ფ. 113-116). მიწის ნაკვეთის ოდენობასთან დაკავშირებით იმავე ინფორმაციას შეიცავს ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სააღრიცხვო ბარათი და საჯარო რეესტრის მიერ 04.04.2011 წელს მომზადებული ცნობა-დახასიათება (ტ. 1, ს.ფ. 101-102, 117). აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე უსაფუძვლოა კასატორის მითითება მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული და ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცული მონაცემების ურთიერთშეუსაბამობაზე, ამასთანავე, კასატორი არ მიუთითებს ასეთი შეუსაბამობის დამადასტურებელ დოკუმენტზე.
კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სადავო მიწის ნაკვეთი (101 კვ.მ.) წარმოადგენს ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრეთა, მათ შორის ა. მ-ის თანასაკუთრებას (თანასარგებლობას), აგრეთვე არ არის დასაბუთებული, ხოლო დოკუმენტები (საინვენტარიზაციო გეგმა, ცნობა-დახასიათება, განცხადების მიღების ბარათები), რომლებსაც კასატორი ამ გარემოების დასადასტურებლად ეყრდნობა, ასეთი სახის ინფორმაციას არ შეიცავს. გარდა ამისა, საჯარო რეესტრის მონაცემებით ბ. მ-ის სახელზე თანასაკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 1623 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაზუსტებული მონაცემებით (ტ. 3, ს.ფ. 93), რაც გულისხმობს იმას, რომ კასატორის თანასაკუთრებაში არსებული ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები რეგისტრირებულია სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე და ასახავს მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის, ადგილმდებარეობის, მასზე განთავსებული ნაგებობების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახულ ზუსტ ინფორმაციას („მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1 მუხ. „კ“ ქვ.პ.). აღსანიშნავია ისიც, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის სამსახურის მონაცემებით მოსარჩელის თანასაკუთრებასა და მესამე პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები წარმოადგენენ ცალ-ცალკე უფლების ობიექტებს, ამასთანავე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ადგილის დათვალიერების შედეგად მომზადებული სიტუაციური ნახაზებითაც (ტ. 1, ს.ფ. 188-196) დასტურდება, რომ სადავო ნაკვეთის ნაწილი მდებარეობს მესამე პირის საკუთრებად რეგისტრირებული შენობის თაღის ქვეშ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა სათანადო მტკიცებულებებით ვერ უზრუნველყო სადავო რეგისტრირებული მონაცემების არამართლზომიერებისა და მესამე პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გასაუქმებლად საკმარისი უფლებადამცავი ინტერესის არსებობის დადასტურება.
მოსარჩელის საცხოვრებელ სახლთან ერთადერთ მისასვლელ გზად სადავო ნაკვეთის (101 კვ.მ.-ის) მიჩნევასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული გარემოება იმთავითვე, შესაბამისი დასაბუთების გარეშე, არ წარმოშობს საკუთრების უფლების გაუქმების საფუძველს, თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური, მესაკუთრის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით (სამოქალაქო კოდექსის 170.1 მუხ.), სათანადო საფუძვლების არსებობისას კანონმდებლობით დაშვებულია სხვა პირის საკუთრებით სარგებლობის შესაძლებლობა. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლება წარმოადგენს საკუთრებით სარგებლობის უფლების შეზღუდვის კანონისმიერ (არასახელშეკრულებო) უფლებას მეზობელი მესაკუთრის თანხმობის მიუხედავად, ამასთან, მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენება სხვა მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ შესაძლებელია სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზეც, ანუ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმებითაც (სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხ., სერვიტუტი) (სუსგ №ას-1549-2018, 25.01.2019წ.). აუცილებელი გზის უფლების რეალიზაციაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე თავის მეზობელს უარს ვერ ეტყვის, სხვა შემთხვევაში კი გადამწყვეტია მხარეთა ურთიერთშეთანხმება (იხ. სუსგ საქმე №ას-45-2021, 22.04.2021წ.). მითითებული ნორმატიული მოწესრიგებიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ დავა სერვიტუტის უფლებაზე თავისი არსით სამოქალაქო-სამართლებრივია და ამ დავის ფარგლებში აღნიშნული საკითხი ვერ იქნება განხილული (შდრ. იხ. სუსგ №ბს-507(კ-25), 04.11.2025წ.).
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2025 წლის განჩინება.
3. ბ. მ-ის (პირადი №...) უკან დაუბრუნდეს დ. მ-ის (პირადი №...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №30290944920, გადახდის თარიღი 10.11.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიზო უბილავა
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე