დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1319(2კ-25) 16 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 24 ივლისს მ. ნ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2024 წლის 25 ივნისის NSSA 42400680182 გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 17 ივლისის NSSA 72400764056 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალისათვის მ. ნ-ასათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის და აგრეთვე 2024 წლის 14 ივნისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე კანონით დადგენილი ოდენობით მიუღებელი პენსიის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ნ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2024 წლის 25 ივნისის NSSA 42400680182 გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 17 ივლისის NSSA 72400764056 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დღიდან მ. ნ-ასათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს მ. ნ-ას სასარგებლოდ 2024 წლის 14 ივნისიდან - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურება დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2024 წლის 14 ივნისს მ. ნ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალს და ითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის 2024 წლის 25 ივნისის №SSA 4 24 00680182 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ იგი დასაქმებული იყო სსიპ ბათუმის ...ში, რაც წარმოადგენდა საჯარო საქმიანობას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტზე ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტზე, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ...ს დებულებაზე და აღნიშნა, რომ სსიპ ... წარმოადგენდა კულტურული შემოქმედებითი საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციას, რის გამოც, დასახელებული ცენტრში ...ს ...ად მ. ნ-ას საქმიანობა არ მიიჩნეოდა საჯარო სამსახურში საქმიანობად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალმა.
კასატორები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალი მიუთითებენ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებზე და აღნიშნავენ, რომ მ. ნ-ამ სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე 2024 წლის 14 ივნისს განცხადებით მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალს და წარადგინა ცნობა, რომლის მიხედვით დასტურდება, რომ იგი დასაქმებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - ბათუმის ...ში. კასატორთა მითითებით, სსიპ ... არ წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელზედაც შესაძლებელია გავრცელდეს სახელმწიფო გასაცემლების ადმინისტრირებისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი პირობები. შესაბამისად, მოსარჩელე აღნიშნულ ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში პენსიის მიღების უფლებას ვერ მოიპოვებს. კასატორთა მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მ. ნ-ას წარმომადგენლის, ა. ბ-ის მიერ ადმინისტრაციულ საჩივარში მოხსენიებულია იმავე დავის საგანზე სხვა პირის სასარგებლოდ გამოტანილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ამ პრეცედენტის გათვალისწინებით, მსგავსი დავების ანალოგიურად გადაწყვეტის უფლებამოსილება სააგენტოს არ გააჩნია. სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება მიღებულია სხვა პირის ინდივიდუალურ დავაზე და როგორც ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მ. ნ-ას საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ მ. ნ-ა დაიბადა ... წლის ...ს. მუშაობს სსიპ ...ში ...ს ...ად. 2024 წლის 14 ივნისს მ. ნ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალს და მოითხოვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის 2024 წლის 25 ივნისის NSSA 42400680182 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა პენსიის დანიშვნაზე. განმცხადებელს განემარტა, რომ სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, იგი დასაქმებული იყო საჯარო სამართლის იურიდიულ პირში - ბათუმის ...ში, რაც წარმოადგენდა საჯარო საქმიანობას, შესაბამისად, მ. ნ-ას უარი ეთქვა სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე, რაც მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ნ-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის” შესახებ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პენსია შეწყდება საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. ამავე კანონის მე-4 მუხლის “გ” ქვეპუნქის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა.
ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მე-3 მუხლის „გ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა). როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მ. ნ-ა დასაქმებულია სსიპ ბათუმის ...ში ...ს ...ის პოზიციაზე. სადავო პერიოდში მოქმედი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2006 წლის 26 დეკემბრის №95 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ...ს დებულების თანახმად, კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ცენტრი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინაშე. ხოლო ცენტრის მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია: ა) საკონცერტო და სადადგმო მოღვაწეობა, სამუსიკო ხელოვნების მაღალმხატვრული ნიმუშების შესრულება და მისი მოსახლეობის ფართო ფენებში პოპულარიზაცია; ბ) ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკალური კულტურის პოპულარიზაცია; გ) ქართული კლასიკური და მსოფლიო საგუნდო ხელოვნების შესწავლა და შესრულება; დ) საოპერო თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანების ხელშეწყობა; ე) მუსიკალური განათლების მქონე ახალგაზრდების საოპერო, საგუნდო და საშემსრულებლო ხელოვნებაში დაოსტატებისა და მსახიობებად მათი ჩამოყალიბებისათვის ზრუნვა; ვ) რეგიონში მოქმედი სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის ხელშეწყობა; ზ) ქართული ხალხური შემოქმედების პოპულარიზაცია და განვითარება; თ) ეროვნული ტრადიციების აღორძინება და განვითარება. ამდენად, გასაზიარებელია ქვედა ინსტაციის სასამართლოების მითითება, რომ სსიპ ... წარმოადგენს კულტურული საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციას, რის გამოც, დასახელებული ცენტრში ...ს ...ის პოზიციაზე მ. ნ-ას საქმიანობა ვერ მიიჩნევა საჯარო სამსახურში საქმიანობად (იხ. სუსგ 21.07.25წ. №ბს-714(2კ-კს-25); 20.11.2025წ. №852(კ-25)). ამდენად, პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „სახელმწიფო პენსიის” შესახებ კანონის მიზნებსა და ამოცანებს. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალს მართებულად დაევალა მოსარჩელისათვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ ახალი აქტის გამოცემა და მ. ნ-ას სასარგებლოდ 2024 წლის 14 ივნისიდან - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
გ. უბილავა