არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1006(კს-25) 6 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოსარჩელეები) - ნ. ფ-ა, ჯ. ფ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2024 წლის 25 მარტს ნ. ფ-ამ და ჯ. ფ-ამ სარჩელით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის №24-2424071167 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების შესახებ.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ას სარჩელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 11 მარტის №24-2424071167 წერილის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ხოლო ნ. ფ-ას დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნებზე შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.
2024 წლის 27 ივნისს ნ. ფ-ამ და ჯ. ფ-ამ საჩივრით მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება, დამატებითი გადაწყვეტილების მიღება და აღნიშნული განჩინების განმარტება მოითხოვეს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის განჩინებით ნ. ფ-ასა და ჯ. ფ-ას განცხადება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების განმარტებისა და დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ფ-ამ და ჯ. ფ-ამ.
2024 წლის 15 ივლისს ნ. ფ-ამ და ჯ. ფ-ამ კერძო საჩივრით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის განჩინებისა და 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების განმარტებისა და დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ნ. ფ-ას და ჯ. ფ-ას „კერძო საჩივარი“ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის გაუქმების ნაწილში (რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. ფ-ასა და ჯ. ფ-ას სარჩელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 2024 წლის 11 მარტის №24-2424071167 წერილის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ) დარჩა განუხილველი სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინებით განსახილველად იქნა მიღებული სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების, ასევე, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანასა და გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილი კერძო საჩივარი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის კერძო საჩივრისა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის განჩინების კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე შემცველი გზავნილი კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ფ-ამ და ჯ. ფ-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ნ. და ჯ. ფ-ავების მიერ წარდგენილი „საჩივარი“ მიჩნეულ იქნა კერძო საჩივრად, ხოლო საკასაციო პალატის 2024 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ჯ. ფ-ასა და ნ. ფ-ას საჩივარი დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინებით ნ. ფ-ასა და ჯ. ფ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი) დარჩა უცვლელად, ასევე უცვლელად დარჩა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისა და გადაწყვეტილების განმარტებაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 ივლისის განჩინება.
2025 წლის 1 ივლისს ნ. ფ-ამ და ჯ. ფ-ამ განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ამავე პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის განჩინებით ნ. ფ-ასა და ჯ. ფ-ას განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ აღნიშნული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლის შინაარსის გათვალისწინებით სწორდება მხოლოდ ტექნიკური ხასიათის უსწორობა, რაც სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც, „სააპელაციო განცხადება“ არ შეიცავს სასამართლოს განჩინებაში დაშვებულ უსწორობებსა ან აშკარა არითმეტიკულ შეცდომებზე მითითებას და განმცხადებლები მის გაუქმებას შინაარსობრივი თვალსაზრისით ითხოვენ, განმცხადებლების მოთხოვნა, ცხადია, სცდება გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების ინსტიტუტის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. ფ-ამ და ჯ. ფ-ამ. კერძო საჩივრის ავტორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საქმეზე თანდართული დოკუმენტაციის თანახმად, მოითხოვეს განმარტება - არიან თუ არა ისინი სტიქიით დაზარალებული პირები და მათი ნების საწინააღმდეგოდ, უნდა შესრულდეს თუ არა ერთ ოჯახად გაერთიანებული ორი ოჯახის გამოყოფაზე მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ნ. ფ-ასა და ჯ. ფ-ას კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ასა და ჯ. ფ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ ხდიან უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის განჩინების კანონიერებას, მაგრამ კერძო საჩივარში მსჯელობენ სასარჩელო მოთხოვნებზე და ითხოვენ სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება ნიშნავს სასამართლოს მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორებას და არა გადაწყვეტილებაში არსებითი სახის ცვლილების შეტანას. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (იხ. სუსგ საქმე Nას-636-597-2011, 24 ივნისი, 2011 წელი; Nას-1489-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, უსწორობის გასწორების ობიექტი არის მხოლოდ მცირე მნიშვნელობის მქონე ტექნიკური ხასიათის იმგვარი უზუსტობები, რომელთა გასწორებაც გავლენას ვერ ახდენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილ დავის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგზე (სუსგ საქმე Nას-1489-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ნ. ფ-ასა და ჯ. ფ-ას მოთხოვნა არ შეესაბამება ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული უსწორობის გასწორების წესს, რადგან კერძო საჩივრის ავტორები კერძო საჩივრით ითხოვდნენ ფაქტობრივად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას და მათი სარჩელის დაკმაყოფილებას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, წარმოდგენილი კერძო საჩივრითაც ფაქტობრივად სადავოდ ხდიან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ვერ მიიჩნევა უსწორობად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უსწორობის გასწორების ობიექტი არის მხოლოდ მცირე მნიშვნელობის მქონე ტექნიკური ხასიათის იმგვარი უზუსტობები, რომელთა გასწორებაც გავლენას არ ახდენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილ დავის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგზე. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი/მოსარჩელე უსწორობის გასწორებას კი არ ითხოვს, არამედ გადაწყვეტილების შეცვლას, რაც, მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ასა და ჯ. ფ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის განჩინება
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ფ-ასა და ჯ. ფ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 22 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე