დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-206(კ-26) 19 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ.ჯ-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 03 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი - თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი ნ.ჯ-ემ 2023 წლის 27 ივლისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, მოპასუხის 2022 წლის 26 აგვისტოს №2049 განკარგულების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ს მიმდებარედ მდებარე 520 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ნ.ჯ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 03 სექტემბრის განჩინებით ნ.ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ.ჯ-ის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 11 მარტის განჩინებით ნ.ჯ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი - კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრის დედნისა (იმდენ ასლად, რამდენი მხარეც არის საქმეში) და სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტის, ან ისეთი მტკიცებულებების საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენა, რომლებიც დაადასტურებდნენ კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას.
ნ.ჯ-ის წარმომადგენელმა 2026 წლის 25 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც იშუამდგომლა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 11 მარტის განჩინებით ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი საპროცესო ვადის 20 დღით გაგრძელება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 25 მარტის განჩინებით ნ.ჯ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 11 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა გაგრძელდა 07 (შვიდი) კალენდარული დღით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამავე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. იმ შემთხვევაში თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების უფლებას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების ჩაბარებას უშუალოდ უკავშირდება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა და მისი შედეგი. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხარეს უნდა ჩაჰბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 25 მარტის განჩინების ასლი ნ.ჯ-ის წარმომადგენელს - გ.ა-ის 2026 წლის 26 მარტს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, რომელიც მის თანამშრომელს, ნ.ა-ას, ჩაჰბარდა 2026 წლის 27 მარტს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების ათ-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2026 წლის 28 მარტს და ამოიწურა 2026 წლის 06 აპრილს 24 საათზე (ორშაბათი), თუმცა კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 11 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, კასატორს არც ხსენებული ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსთვის, რა გარემოებებიც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 03 სექტემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა