დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 01.05.2026
საქმის ნომერი
ბს-381(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-381(კ-26) 01 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ნ.ყ-ი

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი (ასკ-ის 16.2 მუხ.) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განჩინება

დავის საგანი - თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ.ყ-იმა 2024 წლის 06 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 27 ივნისის №... და 2024 წლის 27 აგვისტოს №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ნ.ყ-ის 2024 წლის 11 მარტის №... განცხადების სრულად დაკმაყოფილებისა და ქ. ფოთში, ...ის ...ზე მდებარე 95 058 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, დროებითი საკადასტრო კოდი №..., ნ.ყ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ნ.ყ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ.ყ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განჩინების ასლი, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ნ.ყ-ის წარმომადგენელს - გ.კ-ის, რომელიც ჩაჰბარდა პირადად 2026 წლის 17 მარტს, აღნიშნული დასტურდება გზავნილზე ხელმოწერით (ტ. 2, ს.ფ. 179-180).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ.ყ-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.ყ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოს თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის. საპროცესო კოდექსი ასევე განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განჩინება ნ.ყ-ის წარმომადგენელს - გ.კ-ის გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №..., პირველი სადარბაზო, ბინა №... აღნიშნული გზავნილი გ.კ-ის ჩაჰბარდა პირადად 2026 წლის 17 მარტს (ტ. 2, ს.ფ. 179-180), შესაბამისად, საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა ნ.ყ-ისთვის დაიწყო 2026 წლის 18 მარტს და ამოიწურა 2026 წლის 07 აპრილს (სამშაბათი) 24:00 საათზე. ნ.ყ-ის წარმომადგენლის მიერ საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისის მეშვეობით წარდგენილ იქნა 2026 წლის 08 აპრილს (ტ. 2, ს.ფ. 187).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა იმპერატიული სახისაა, რომლის გაგრძელების ან აღდგენის უფლებამოსილება სასამართლოს არც საკუთარი ინიციატივით და არც მხარეთა მოთხოვნით არ გააჩნია.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა, რაც ნ.ყ-ის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 396-ე, 397-ე და 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ყ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის ფსააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა