დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 03.09.2025
საქმის ნომერი
ბს-1323(3კ-24)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.09.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1323(3კ-24) 3 სექტემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, ბადრი შონია

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და დ.ჭ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ამხანაგობა „...“, მესამე პირები - ა.ბ-ა, ა.გ-ა, ალ.გ-ე, ა.კ-ი, გ.ბ-ა.გ.კ-ე, გ.პ-ი,გ.ს-ე, გ.ფ-ა, გ.ქ-ე, დ.გ-ე, დ.მ-ე, დ.ნ-ი, დ.ნ-ი, დ.შ-ა, დ.ბ-ე, ე.ტ-ი, ე.ჯ-ი, ე.კ-ი, ე.ბ-ი, ვ.შ-ე, ვ.ფ-ი, ვ.მ-ე, ზ.ლ-ი, ზ.ჯ-ა, თ.გ-ე, თა.გ-ი. თ,ჩ-ი, თ.ჭ-ე, თ.დ-ე, თ.თ-ი, თ.შ-ე, ი.მ-ა, ი.რ-ნ,ი.დ-ი, ი.კ-ე, ი.პ-ა, ი.ა-ი, ი.მ-ი, კ.კ-ე, კ.ე-ა, ლ.ჯ-ე, ლ.ლ-ე, ლ.შ-ი, ლ.კ-ე, ლ.ჯ-ა, ლ.უ-ე, მ.ბ-ე, მ.გ-ი, მ,.თ-ე, მ.კ-ე, მ.ა-ა, მ.ა-ი, მ.გ-ე, მ.შ-ა, მ.ა-ი, მ.გ-ე, მ.ი-ი, ნ.ხ-ი, ნ,კ-ე, ნ.ლ-ე, ნ.ჯ-ი, ნ.კ-ე, ნ.ლ-ე, ნ.მ-ე, ნ.ნ-ა, ნ.ს-ა,, ნ,უ-ე, ნ,შ-ე, ო.ქ-ი, რ.ყ-ი, რ.გ-ე, .ჩ-ა, ტ.თ-ე, ქ.გ-ე,ქ.ჯ-ე, ქე.გ-ე, ქ.ყ-ი, შ.დ-ი, ც.ვ-ე, ც.მ-ე, ც.ც-ა, ხ,ჯ-ე, ჰ.ი.ნ-ი, შპს „ე...“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ამხანაგობა „...-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 01.12.2017წ. №002782 დადგენილება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის 01.03.2019წ. №178 ბრძანება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 აპრილის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად მესამე პირად ჩაება დ.ჭ-ი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ ა.ბ-ა, ა.გ-ა, ალ.გ-ე,ა.კ-ი გ.ბ-ა, გ.კ-ე, გ.პ-ი, გ.ს-ე, გ.ფ-ა, გ.ქ-ე, დ.გ-ე; დ.მ-ე, დ.ნ-ი, დ.ნ-ი, დ.შ-ა, დ.ბ-ე, ე.ტ-ი, ე.ჯ-ი; ე.კ-ა, ე.ბ-ი,ვ.კ-ე, .შ-ე, ვ.ფ-ი, ვ.მ-ე; ზ.ლ-ე, ზ.ჯ-ა, თ.გ-ე. თა.გ-ი, თ.ჩ-ი, თ.ჭ-ე, თ.დ-ც, თ.თ-ი,თ.შ-ე, ი.მ-ა, ი.რ-ნ, ი.დ-ი, ი.კ-ე, ი.პ-ა; ი.ა-ი, ი-მ-ი, კ.კ-ე, კ.ე-ა; ლ.ჯ-ე, ლ.ლ-ე, ლ.შ-ი, ლ.კ-ე, ლ.ჯ-ა, ლ.უ-ე; მ.ბ-ა, მ.გ-ი. მ-თ.ე, მ.კ-ე, მ.ა-ე, მკ-ა, მ.ა-ი, მ.გ-ე, მ.შ-ა; მ.ა-ი, მ.გ-ე, მ.ი-ი, ნ.ხ-ი, ნ.კ-ე, ნ.ლ-ე; ნ.ჯ-ი; ნ.კ-ე, ნ.ლ-ე, ნ.მ-ე, ნ.ნ-ა, ნ.ს-ა; ნ.უ-ე, ნ.შ-ე, ო.ქ-ი, რ.ყ-ი; რ.გ-ე, რ.კ-ი, ს.დ-ი; ს.ჩ-ა, ტ.თ-ე,ქ.გ-ე, ქ.ჯ-ე, ქე.გ-ე; ქ.ყ-ი, შ.დ-ი, ც.ვ-ე, ც.მ-ე, ც.ც-ა, ხ.ჯ-ე; ჰ.ი.ნ-ი; შპს „ე...“.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ამხანაგობა „...-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 01.12.2017წ. №002782 დადგენილება (მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.03.2019წ. №178 ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ძალაში დარჩა სადავო - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 01.12.2017წ. №002782 დადგენილება (მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი) დემონტაჟის განხორციელების ნაწილში. სასარჩელო განცხადება სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, დ.ჭ-ისა და ამხანაგობა „...-ის“ მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აგვისტოს განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩაბმულ იქნა დ.ჭ-ი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის და დ.ჭ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ამხანაგობა „...-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება მოსარჩელე ამხანაგობა ,,...-ის“ სარჩელის ნაწილობრივ არ დაკმაყოფილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მესამე პუნქტები) და ამ ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მესამე პუნქტები) მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. ამხანაგობა ,,...-ის“ სარჩელის მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 01.12.2017 წ. №002782 დადგენილების ნაწილის (ამხანაგობა ,,...-ის“ 8000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.03.2019წ. №178 ბრძანების ნაწილის (რომლითაც ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 01.12.2017წ. №002782 დადგენილება ამხანაგობა ,,...-ის“ 8000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში) ბათილად ცნობის ნაწილში, დაკმაყოფილდა, და ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (ამჟამად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) 2017 წლის 1 დეკემბრის №002782 დადგენილება იმ ნაწილში, რომლითაც ამხანაგობა ,,...“ დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით (ამ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი). ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 1 მარტის №178 ბრძანება, იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა იბა „...-ის“ წარმომადგენლების მ.ს-ასა და გ.ო-ის 2017 წლის 22 დეკემბრის №20/0117356499-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 1 დეკემბრის №002782 დადგენილების ის ნაწილი (ამ დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი), რომლითაც ამხანაგობა ,,...“ დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით (ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მესამე პუნქტები).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და დ.ჭ-ის მიერ.

6.1 კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 4 სექტემბრის №882996 ბრძანებით დაკმაყოფილდა იბა „...-ის“ თანათავმჯდომარის ზ.ლ-ის 2013 წლის 26 მარტის №AR1106047 განცხადება და შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №1042235 ბრძანებით დაკმაყოფილდა იბა „...-ის“ თავმჯდომარის ზ.ლ-ის 2013 წლის 10 სექტემბრის №AR1160614 განცხადება და გაცემულ იქნა მშენებლობის ნებართვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე. საქმის მასალებში წარმოდგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის №330310014573501 განჩინება (საქმე: №ბს-579-574(3კ-16), რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 4 სექტემბრის №882996 და 2013 წლის 13 დეკემბრის №1042235 ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის (საქმე №010330117700038483; №3ბ/1167-17) განჩინებით დაკმაყოფილდა ა.შ-ის, დ.შ-ას და სხვათა განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და განახლდა წარმოება №3ბ/984-15 ადმინისტრაციულ საქმეზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის (საქმე №ბს-882(კს-18)) განჩინებით დაკმაყოფილდა ამხანაგობა „...-ის” წევრის დ.ჭ-ის კერძო საჩივარი, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განჩინება და უცვლელად დარჩა 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.

2017 წლის 9 აგვისტოს ზედამხედველობის სამსახურმა №002782 მითითების შედგენით დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება იბა „...-ის” მიმართ. მითითებაში აღინიშნა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) განხორციელებულია უნებართვო სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ, +20.200 ნიშნულზე დაშენებულია ფართი და +23.500 ნიშნულს ზემოთ დამატებით მოწყობილია სამი სართული. ამავე მითითებით მხარეს განესაზღვრა 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღის ვადა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟის განსახორციელებლად. 2017 წლის 3 ოქტომბერს ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილ იქნა №002782 შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა ამავე სამსახურის 2017 წლის 9 აგვისტოს №002782 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა.

2017 წლის 31 ოქტომბერს ზედამხედველობის სამსახურში გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოცხადდნენ იბა „...-ის” წარმომადგენლები გ.ო-ი და მ.ს-ა, რომელთაც დაადასტურეს მითითების ჩაბარება და განმარტეს, რომ იბა „...“ აღარ წარმოადგენს ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს და შესაბამისად, იგი არ არის უფლებამოსილი, განახორციელოს უნებართვოდ მიჩნეული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტის 2017 წლის 1 დეკემბრის №657 მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად არ დადასტურდა ამავე სამსახურის 2017 წლის 9 აგვისტოს №002782 მითითებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება. 2017 წლის 1 დეკემბერს ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა №002782 დადგენილება იბა „...-ის” 8 000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმების თაობაზე ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე, თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) განხორციელებული უნებართვო სამშენებლო სამუშაოებისთვის (+20.200 ნიშნულზე დაშენებული ფართი და +23.500 ნიშნულს ზემოთ დამატებით მოწყობილი სამი სართული). ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი დაევალა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) მესაკუთრეს.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია სამართლის ნორმა, კერძოდ, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან, საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონია დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. მართალია, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს თავისუფლებას, რომ კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია დაიცვას კანონის სხვა მოთხოვნებიც. ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული არჩევანში, თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს კანონის ფარგლებში. მუნიციპალური ინსპექცია სადავო აქტის გამოცემისას მოქმედებდა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში. მითითებული კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე, სამშენებლო საქმიანობის პროცესში დარღვევების გამოვლენას და პასუხისმგებლობის დაკისრებას მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებდა კანონის საფუძველზე. მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობით, ყველა იმ მოქმედებას, რომელიც აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე განხორციელდა, აღარ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და მიიჩნევა მის გარეშე განხორციელებულად. ამდენად, მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა შედეგობრივად იგივდება მის ფაქტობრივად არარსებობასთან, რაც წარმოადგენს განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ მიჩნევის წინაპირობას.

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02.08.2019 წლის დასკვნას, საგულისხმოა, რომ აღნიშნული დასკვნა ადმინისტრაციული წარმოების არცერთ ეტაპზე არ ყოფილა წარმოდგენილი და არ უდევს საფუძვლად არცერთი სადავო აქტის გამოცემას. ამასთან, დასკვნის თანახმად, მართალია, ექსპერტი განმარტავს, რომ დემონტაჟი საფრთხის შემცველია, თუმცა, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის 20.2 და 23.5 ნიშნულის ზევით არსებული 3-4 სართულის დემონტაჟს შესაძლებლად მიიჩნევს სადემონტაჟო სამუშაოების შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული დასკვნის შინაარსიდან გამომდინარე, სახეზე არ არის ისეთი ზიანი, რომლის აცდენა სხვა საშუალებით არ შეიძლება. ასევე საყურადღებოა, რომ ის შესაძლო ზიანი, რაზეც ექსპერტი მიუთითებს, ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე საჯარო ინტერესი. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამ დავის ფარგლებში კერძო პირთა ინტერესის უპირატესობაზე და შესაძლო ზიანზე აპელირება სასამართლოს მხრიდან მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს. სასამართლომ აღნიშნული გარემოებები არქიტექტურის სამსახურის შესაბამისი ნებართვების ბათილად ცნობის ფარგლებში უკვე შეაფასა და აღნიშნულს, როგორც სასამართლო თავად განმარტავს, ისევე როგორც სხვა გარემოებებს და ფაქტებს, ამ დავისთვის აქვს პრეიუდიციული იურიდიული ძალა. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ სამართალდარღვევის აღმოფხვრის შესაძლებლობა არის მხოლოდ დემონტაჟის განხორციელება, ვინაიდან სამართალდარღვევის აღმოფხვრის შესაძლებლობა მხარეს გააჩნია როგორც ფაქტობრივად დემონტაჟის განხორციელების გზით, ასევე სამართლებრივად უნებართვო მშენებლობის კანონიერების ჩარჩოში მოქცევის გზით.

კასატორის განმარტებით, იბა „...“, როგორც არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 4 სექტემბრის №882996 და 2013 წლის 13 დეკემბრის №1042235 ბრძანებებით შეთანხმებული და ნებადართული სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი და აღნიშნული სამშენებლო სამუშაოების წარმოების პერიოდში საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, წარმოადგენს სწორედ იმ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა. სადავო დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით სამართალდარღვევის გამოსწორება დაევალა არა იბა „...-ს“, არამედ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, ვინაიდან სწორედ აღნიშნული ფიზიკური პირები არიან სამართალდარღვევის აღმოფხვრაზე უფლებამოსილნი და ვალდებულნი. ამდენად, გასაჩივრებული 2017 წლის 1 დეკემბრის №002782 დადგენილება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს არამხოლოდ პასუხისმგებლობის დაკისრების, არამედ სამართალდარღვევის გამოსწორებაზე უფლებამოსილი სუბიექტის განსაზღვრის ნაწილში. მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულებები და არ მიუთითებია ისეთ ფაქტებზე, რაც განსხვავებული დასკვნის გაკეთების საშუალებას მისცემდა სასამართლოს.

6.2 კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია განმარტავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 01.12.2017 წლის №002782 დადგენილებით, ამხანაგობა „...“ დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ის ქ. №..., საკ. კოდი ...-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უნებართვო სამშენებლო სამუშაოების (+20.200 ნიშნულზე დაშენებულია ფართი, ასევე +23.500 ნიშნულის ზევით დამატებით მოწყობილია სამი სართული) განხორციელებისათვის და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა აღნიშნულ მისამართზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (+20.200 ნიშნულზე დაშენებული ფართის, ასევე +23.500 ნიშნულის ზევით დამატებით მოწყობილი სამი სართულის) დემონტაჟი. დადგენილება უცვლელად დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 01.03. 2019 წლის №178 ბრძანებით.

საააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო ამხანაგობა „...-ის“ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში, რითაც უგულებელყო მოცემულ საქმეში სამშენებლო სამართლის ნორმების დარღვევა და მიიჩნია, რომ მოსარჩელის ქმედება კანონის ფარგლებში განხორციელდა სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ დემონტაჟის ნაწილში აქტი ბათილად ცნო მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებ კერძო პირთა ინტერესების დაცვის გამო. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დემონტაჟი შესაძლებელია საამისოდ აუცილებელი წინაპირობების დაცვით, მათ შორის, ეს არის შესაბამისი პროექტის შედგენა, მოსახლეობის დროებით გამოყვანა და ა.შ. აღნიშნულის საპირისპიროდ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა არ ჩადენილა, რაც უსაფუძვლოა. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №1042235 ბრძანება, რომლის საფუძველზეც აწარმოა ამხანაგობა „...-მა“ სამშენებლო სამუშაოები, ბათილად იქნა ცნობილი სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის №3ბ/984-15 გადაწყვეტილებით და აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის №ბს-579-574(3კ-16) განჩინებით. მართალია, ნებართვა მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის შემდგომ გაბათილდა, მაგრამ უკვე ნაწარმოებ სამუშაოებს გამოეცალა სამართლებრივი საფუძველი და სამშენებლო სამუშაოები უნებართვო გახდა. არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №1042235 ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის №3ბ/984-15 გადაწყვეტილებაში ბათილად ცნობის მომენტთან დაკავშირებით დამატებით განმარტება ან კონკრეტულ თარიღზე მითითება არ გაკეთებულა, ამიტომ 2013 წლის 13 დეკემბრის №1042235 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი გამოცემის მომენტიდან, რაც იწვევს წარმოშობილი ყველა სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. შესაბამისად, 2017 წლის აგვისტოში მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვო სამშენებლო სამუშაოებზე დაიწყო სამართალწარმოება და 01.12.2017 წლის №002782 დადგენილებით დააკისრა სანქცია.

6.3 კასატორი - დ.ჭ-ი განმარტავს, რომ სასამართლომ სრულად უგულებელყო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 4 სექტემბრის №882996 ბრძანება, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №1042235 ბრძანება და ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 18 ივლისის №1864 განკარგულება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2016წ. გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2016წ. გადაწყვეტილება. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ 2008 წლიდან დ.ჭ-ი არის ამხანაგობა „...-ის“ წევრი და საკუთრების უფლებით ფლობს ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში ბინას (№..., საცხოვრებელი მე-5 სართული (ბოლო სართული)) და ავტოპარკინგს (№...). 2010 წლიდან ამხანაგობა „...-ის“ გარკვეულმა წევრებმა გადაწყვიტეს უკვე აშენებული და სახურავის ქვეშ მოქცეული სახლის (...ის ქ. №...-ში) კორექტირება და მასზე დამატებით 2-3 სართულის დაშენება. აღნიშნული დაშენების წინააღმდეგი იყო დ.ჭ-ი ყველა ეტაპზე და არანაირი სახით არ გამოუთქვამს თანხმობა, რაც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებებით. ჯერ კიდევ 2012 წლამდე, მის საცხოვრებელ ბინაში, უკვე ჩატარებული ჰქონდა საკმაოდ მოცულობითი სარემონტო სამუშაოები. ამავე დროს ამხანაგობამ და მშენებელმაც (შპს ,,გ...“) იცოდნენ, რომ კასატორი აღნიშნული დაშენების წინააღმდეგი იყო და ეს დაფიქსირებული ჰქონდა ამხანაგობის კრებებზეც. მან რამდენჯერმე ითხოვა მიეცათ მხოლოდ და მხოლოდ სხვა ალტერნატიული ფართი, მისი ფართების სანაცვლოდ და გავიდოდა ამხანაგობიდან. მიუხედავად ამისა, საცხოვრებელ კორპუსზე უკანონოდ განხორციელდა სახურავის დემონტაჟი და დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. გამომდინარე იქიდან, რომ კასატორის ბინა ბოლო სართულზე იყო, სახურავის მოხდით სრულად შეეზღუდა საკუთრების ფლობის და განკარგვის უფლებები. გაირკვა, რომ ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ (თანხმობის არარსებობისა და გაყალბებული საექსპერტო დასკვნის მიუხედავად, რაც ასევე დადგენილია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებებით) გაცემული იყო ნებართვა ფართების დაშენებაზე ამხანაგობა „...-ის“ საცხოვრებელ კორპუსზე, რაც გულისხმობდა საცხოვრებელ კორპუსზე 2-3 სართულის დაშენებას. დღეის მდგომარეობით აღნიშნულ კორპუსზე უკვე დაშენებულია 3 და 4 სართული. კონკრეტულად მისი ბინის თავზე დაშენებულია 4 (ოთხი) სართული, რაც ასევე დადგენილია აღნიშნული კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებებით. საკუთარი უფლებების დასაცავად დ.ჭ-მა მიმართა სასამართლოს და შედეგად აღნიშნული უკანონო მშენებლობის (დაშენება), ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 4 სექტემბრის №882996 ბრძანება, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №1042235 ბრძანება და ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 18 ივლისის №1864 განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მშენებლობა დასაწყისიდანვე მიმდინარეობდა კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოკვლეული პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო, იგი წლების მანძილზე მიმდინარეობდა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მითითებების, გაფრთხილებების და დაჯარიმებების პარალელურად. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 1 დეკემბრის №4-1/დ1606-17 №002782 დადგენილებით ამხანაგობა „...“ დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №..., საკ. კოდი ...-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის. ამავე დადგენილებით, მესაკუთრეს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (დაშენებული სამი და ოთხი სართულის) დემონტაჟი. ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 1 მარტის №178 ბრძანებით, მშენებლობა დაექვემდებარა დემონტაჟს.

კასატორის განმარტებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა უშუალოდ უკავშირდება ბათილად ცნობილი აქტის სამართლებრივ შედეგებს და მისი ძალაში შესვლის მომენტიდან იწვევს დამდგარი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობით, ყველა იმ მოქმედებას, რომელიც აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე განხორციელდა, აღარ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და მიიჩნევა მის გარეშე განხორციელებულად. ამდენად, მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა შედეგობრივად იგივდება მის ფაქტობრივად არარსებობასთან, რაც წარმოადგენს განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების უნებართვოდ მიჩნევის წინაპირობას და შესაბამისად, ექვემდებარება დემონტაჟს. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 4 სექტემბრის №882996 ბრძანება, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №1042235 ბრძანება და ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 18 ივლისის №1864 განკარგულება გაბათილდა არა მხოლოდ კანონწინააღმდეგობის საფუძველზე (სანებართვო პირობების დარღვევით IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის), არამედ სხვა პირის (დ.ჭ-ის) უფლების და ინტერესების დარღვევის ფაქტიდან გამომდინარე (ზაკ-ის 60.4. მუხლი). შესაბამისად, ახალი მესაკუთრე/მესაკუთრეები არ წარმოადგენენ კეთილსინდისიერ შემძენებს, რადგან მათი საკუთრება, მათ მიერ შეძენამდე, წარმოშობილია სხვისი (დ.ჭ-ის) უფლების შემლახავი ადმინისტრაციული აქტების შედეგად და შემდგომში ასეთი საკუთრებით სარგებლობის და ფლობის გაგრძელებით სახეზე რჩება სხვისი უფლების შელახვის ფაქტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების ერთ-ერთ ფუნქციას, მესაკუთრემ იმგვარად მოახდინოს საკუთრებით სარგებლობა, რომ არ მოხდეს სხვათა უფლებების დარღვევა.

სასამართლოს მსჯელობასა და გადაწყვეტილებაში უპასუხოდაა დატოვებული საკითხი იმის შესახებ, რომ უკანონო მშენებლობა არსებითად არღვევს სხვა პირის, კერძოდ, დ.ჭ-ის კანონიერ უფლებას, კერძოდ, არ მოხდეს თანასაკუთრების საგნის განკარგვა, განვითარება, გამოყენება მისი, როგორც ერთ-ერთი თანამესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ და თანხმობის გარეშე. ასევე, არსებითად ირღვევა დ.ჭ-ის კანონიერი ინტერესი, იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, დაცული იყოს მისი ინდივიდუალური საკუთრების უფლების საგანი დაზიანებისგან ან/და ისეთი სახის ზემოქმედებისგან, რომელიც არსებითად ცვლის ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას; შესაბამისი საექსპერტო დასკვნის არარსებობის პირობებში, უცნობია, თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული 4 სართულის დაშენება რამდენად უსაფრთხოა; უცნობია სახლის სიმტკიცე და მდგრადობა უზრუნველყოფს თუ არა, დამატებით დაშენებული სართულების პირობებში, მთლიანი საცხოვრებელი სახლის უსაფრთხოებას და სტანდარტული ექსპლუატაციის შესაძლებლობას და რაც ყველაზე მთავარია, რამდენად შესაძლებელია მისი და დანარჩენი მობინადრეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცულობა.

სასამართლომ სრულიად უგულებელყო და მოახდინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების რევიზია, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაშენება განხორციელდა გაყალბებული შპს „ი...-ს” მიერ 2012 წელს გაცემული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე (რომელიც არ არსებობს და მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, მისი დედანი ვერ წარმოადგინეს სასამართლო განხილვების ვერცერთ ეტაპზე). კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია: დამკვეთმა ზ.ლ-ემ (იმ პერიოდში ამხანაგობის თანათავმჯდომარემ), რომელიც, პრაქტიკულად, მოქმედებდა ბინების მესაკუთრეების (მათი ნაწილის) სახელით, ადმინისტრაციული წარმოების დროს, ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგინა ისეთი საექსპერტო დასკვნა, რომელიც არ შეეხებოდა თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს. სასამართლო მიზანმიმართულად ეყრდნობა მხოლოდ ამხანაგობის მიერ მოყვანილ უსაფუძვლო არგუმენტს, თითქოს დასკვნაში არსებული მასშტაბური დარღვევები არის მხოლოდ ტექნიკური შეცდომა. სინამდვილეში შპს „ი...-ს” მიერ 2012 წელს გაცემული საექსპერტო დასკვნა გაყალბებულია. მისი ასლი ამოღებულია სხვა ბინის დოკუმენტაციიდან და მხოლოდ თავფურცელი აქვს შეცვლილი. გამომდინარე აქედან, მშენებლობის ნებართვა დასაწყისშივე მოპოვებულია ისეთი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე (შპს „ი...-ს” მიერ 2012 წელს გაცემული), რომელიც არ შეეხება თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს. ამასთან, ის შეეხება სართულიანობის მხოლოდ 2-3 სართულით გაზრდას და არა 4 სართულით გაზრდას, რაც დღეის მდგომარეობით არის დაშენებული.

სასამართლომ არ გამოიკვლია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული უკანონო დაშენების პროცესი, ჯერ კიდევ 2014 წლიდან, გახდა კვლევის ობიექტი. 2014 წელს (წერილი №12/14282933-1, 11.12.2014წ.) დ.ჭ-ს ეცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიმდინარეობდა, ამხანაგობა „...-ის“ მიერ მშენებარე სახლზე (მისამართი: ...ის №...), პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების საკითხების შესწავლა. 2015 წლის წერილის (№12/14282983-1, 02.10.2015წ.) თანახმად, ამხანაგობა „...-ის“ მიერ მშენებარე სახლზე (მისამართი: ...ის №...), გაიცა მითითება (№000494, 30.09.2015წ.) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ დაწყებულია საქმის წარმოება პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის. 2015 წლის წერილის (№16/47698., 09.11.2015წ.) თანახმად, ამხანაგობა „...-ის“ (მისამართი: ...ის №... მშენებარე სახლი) მიმართ, 2015 წლის 12 ოქტომბერს შედგა №000494 შემოწმების აქტი, რომლითაც დადასტურდა მითითებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა. 2015 წლის წერილის (№16/90870. 30.12.2015წ.) თანახმად, ამხანაგობა „...-ის“ (მისამართი: ...ის №... მშენებარე სახლი), ამხანაგობის თავმჯდომარის და დამკვეთის, ელდარ კობახიძის მიმართ, 30.09.2015წ. საამშენებლო სამართალდარღვევების საქმეზე დაწყებული ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხილვის ვადა, საქართველოს კანონის პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის, 13-ე პუნქტის შესაბამისად, გაგრძელებულ იქნა ორი თვის ვადით, 2016 წლის 16 თებერვლამდე. განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობიდან გამომდინარე, აღნიშნული მშენებლობა და ამხანაგობის თავმჯდომარე და დამკვეთი ორჯერ იქნა დაჯარიმებული სანებართვო პირობების დარღვევით IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის და გამოტანილ იქნა შესაბამისი დადგენილებები. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 11 თებერვლის №000494 დადგენილებით მოხდა დაჯარიმება 4000 (ოთხი ათასი) ლარით, მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არქონის გამო. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2017 წლის 1 დეკემბერს მიღებულ იქნა №4-1/დ1606-17 №002782 დადგენილება, რომლის თანახმად ამხანაგობა „...“ დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ განხორციელებული საამშენებლო სამუშაოებისათვის. ამავე დადგენილებით, მესაკუთრეს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (დაშენებული სამი და ოთხი სართულის) დემონტაჟი. აღნიშნული დადგენილებებით დგინდება, რომ მშენებლობა დასაწყისიდანვე მიმდინარეობდა კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოკვლეული პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო, მითითებების, გაფრთხილებების და დაჯარიმებების პარალელურად.

სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია და არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02.08.2019წ. №005324919 დასკვნას. აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარებულია და მისი კვლევითი ნაწილით შესწავლილია მხოლოდ და მხოლოდ, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის, 20.2 და 23.5 ნიშნულებს ზევით დაშენებული 3-4 სართულის ტექნიკური მდგომარეობა, დემონტაჟის შესაძლებლობის დადგენის მიზნით. დასკვნით დადგენილია, რომ თბილისში, ...ის ქ. №...-ზე უკანონოდ დაშენებული 3-4 სართულის დემონტაჟი ტექნიკურად შესაძლებელია.

სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია და არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 26.08.2015 წლის №2150062 ბრძანებას, მიიჩნია როგორც ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სადავოდ არ არის გამხდარი და გააჩნია სათანადო იურიდიული ძალა. სინამდვილეში, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 26.08.2015 წლის №2150062 ბრძანებით, განხორციელდა ძველი ნებართვის ვადის გაგრძელება მშენებლობის მანამდე არსებული ნებართვის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით და ამავე დროს, პირდაპირ გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. აღნიშნული ბრძანება წარმოადგენს წინა ბრძანების (რომელიც დღეის მდგომარეობით ბათილად არის ცნობილი) ვადის გაგრძელებას მისი ვადაგასულობის გამო. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 26.08.2015 წლის №2150062 ახალ ბრძანებაში უცვლელად არის გადატანილი ყველა საიდენტიფიკაციო მონაცემი. შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 26.08.2015 წლის №2150062 ახალი ბრძანების საფუძველს წარმოადგენს წინა ბრძანება, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებებით ბათილად არის ცნობილი. გამომდინარე აქედან, აღნიშნულ ბრძანებას არ აქვს იურიდიული საფუძველი და მას არ შეიძლება რაიმე სამართლებრივი მნიშვნელობა მიენიჭოს.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 3 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და დ.ჭ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და დ.ჭ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 04.09.2013 წლის №882996 ბრძანების თანახმად, შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი (...), ...ის ქ. №... (ნაკვეთი №...)-ში თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. განემარტა დამკვეთს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე წარმოდგენილ იქნას ამხანაგობა „...-ის“ შესაბამისი თანხმობა კორექტირებით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებთან. სამშენებლო სამუშაოები დაწყებულ იქნეს მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ (ტ.1, ს.ფ 157-159); ბ) ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 13.12.2013 წლის №1042235 ბრძანების თანახმად, გაიცა ქალაქ თბილისში, ქუჩა ... №..., (ნაკვეთი №...), თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 13 დეკემბრიდან 2015 წლის 13 აპრილის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ 154-156); გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 26.08.2015 წლის №2150062 ბრძანების თანახმად, გაიცა ქ. თბილისში, ქუჩა ... №..., (ნაკვეთი №...), თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი ....) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით ახალი მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 27 აგვისტოდან 2016 წლის 27 იანვრის ჩათვლით (ტ.1, ს.ფ 15-17); დ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 05.12.2016 წლის №2979514 ბრძანების თანახმად, შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა ..., №... (ნაკვეთი №...) თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი: ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ბრძანებაში მიეთითა: ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით): მათ შორის, კ1 განაშენიანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ. მ. და ასახული კოეფიციენტში): 883,9კ1-0.6.; კ-2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ. და ასახული კოეფიციენტში): 6841.6.კ2-4.7; კ3- გამწვანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი (კვ.მ. და ასახული კოეფიციენტში): 112,3 კ3-0.1.; შეთანხმებული პროექტის ბრძანების ნომერი და თარიღი 882996, 4.09.2013; მშენებლობის ნებართვის ბრძანების თარიღი: 26.08.2015 წელი (ტ.1, ს.ფ 151-153); ე) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით დ.ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის - დ.ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 4 სექტემბრის №882996 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 13 დეკემბრის №1042235 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 18 ივლისის №1864 განკარგულება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით (საქმე №ბს-579-574(3კ-16) სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ე.კ-ის, ე.ტ-ის, მ.თ-ის და სხვათა საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.2016 წლის გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ 160-161); ვ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განჩინებით (საქმე №3ბ/1167-17) ა.შ-ის, დ.შ-ას, ვ.ფ-ის, ვ,მ-ის, ლ.ე-ას, ლ,ჯ-ას, მ.ი-ის, ნ,პ-ის, ო.ლ-ის, ს.დ-ის, ა.გ-ას, ა.მ-ის, ი.დ-ის, მ.ბ-ის, რ.გ-ის, რ.ლ-ის ქ,ჯ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და №3ბ/984-15 ადმინისტრაციულ საქმეზე განახლდა წარმოება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებით (საქმე №ბს-882(კს-18) ამხანაგობა „...-ის“ წევრის დ.ჭ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 იანვრის განჩინება; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება (ტ.1, ს.ფ 243-246, 234-239); ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 03.10.2017 წლის №002782 შემოწმების აქტის თანახმად: შემოწმების აქტი შედგა ამავე სამსახურის 09.08.2017 წელს გაცემული №002782 მითითებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დასადგენად. დამრღვევის დასახელება და მისამართი: ამხანაგობა ,,...-’’, მის: ქ. თბილისი, ქუჩა ... №...; ობიექტის დასახელება და მისამართი: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, მის: ქ. თბილისი, ქუჩა ... №... (საკ. კოდი:...); შემოწმების მომენტში მშენებლობის ეტაპი: დასრულებული; შემოწმებით დადგინდა: ამხანაგობა ,,...-ის“ მიერ არ იქნა შესრულებული 09.08.2017 წლის №002782 მითითებით გათვალისწინებული პირობები (ტ.1, ს.ფ 170-171); თ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 01.12.2017 წლის №002782 დადგენილების თანახმად: ამხანაგობა ,,...’’ დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ის ქ. №..., საკ. კოდი ...-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ სამშენებლო სამუშაოების (+20.200 ნიშნულზე დაშენებულია ფართი, ასევე +23.500 ნიშნულის ზევით დამატებით მოწყობილია სამი სართული) განხორციელებისათვის (დადგენილების 1 პუნქტი); ამავე დადგენილებით (მე-2 პუნქტი) ქ. თბილისში, ...ის ქ. №..., საკ. კოდი ...-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დაევალა აღნიშნულ მისამართზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (+20.200 ნიშნულზე დაშენებული ფართის, ასევე +23.500 ნიშნულის ზევით დამატებით მოწყობილი სამი სართულის) დემონტაჟი. დადგენილებაში აღინიშნა, რომ ამხანაგობა „...-ის“ მიერ ჩადენილია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის საქართველოს კანონის 44.1. ,,ბ“ მუხლით გათვალისწინებული დარღვევა, კერძოდ ქ. თბილისში, ...ის ქ. №..., საკ. კოდი ...-ში ამხანაგობა ,,...-ის“ მიერ განხორციელდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, კერძოდ, +20.200 ნიშნულზე დაშენებულია ფართი, ასევე +23.500 ნიშნულის ზევით დამატებით მოწყობილია სამი სართული (ტ.1, ს.ფ 199-201); ი) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 1 მარტის №178 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა იბა ,,...-ის“ წარმომადგენლის მ.ს-ას და გ.ო-ის 2017 წლის 22 დეკემბრის №20/0117356499-01 ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 1 დეკემბრის №002782 დადგენილება. ბრძანებაში აღინიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 01.12.2017 წლის №002782 დადგენილებით, ამხანაგობა ,,...’’ დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ის ქ. №..., საკ. კოდი ...-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უნებართვო სამშენებლო სამუშაოების (+20.200 ნიშნულზე დაშენებულია ფართი, ასევე +23.500 ნიშნულის ზევით დამატებით მოწყობილია სამი სართული) განხორციელებისათვის, ხოლო ამავე სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი დაევლა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის №330310014573501 განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 4 სექტემბრის №882996 და 2013 წლის 13 დეკემბრის №1042235 ბრძანებების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები წარმოადგენს უნებართვოს. შესაბამისად, სადავო რეკონსტრუქციას გამოცლილი აქვს სამართლებრივი საფუძველი, რომელიც აუცილებელია მშენებლობის წარმოებისათვის, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება კანონიერად, მიუხედავად მშენებლობის პერიოდში იურიდიული ძალის მქონე სანებართვო დოკუმენტაციის არსებობისა. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სამართალდარღვევა, რომლისთვისაც, სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო ჯარიმის დაკისრება 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ 177-186); კ) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 15.09.2017წ. ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის (შპს ,,ი...-ს’’ მიერ 2012 წელს გაცემული საექსპერტო დასკვნის, ქ. თბილისი, ...ის რაიონში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სიმტკიცისა და მდგრადობის, აგრეთვე მისი სართულიანობის 2- 3-ით გაზრდის შესახებ ანალიზი) თანახმად, შპს „ი...-ს’’ მიერ 2012 წელს გაცემული საექსპერტო დასკვნა შეესაბამება (მიეკუთვნება) ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდგარ შენობას და დასკვნის ზოგად ნაწილში მითითებული მისამართი ...ის ქ. №32 არის მექანიკური შეცდომა. დასკვნას, თან ერთვის შპს ,,ი...“ მთავარი სპეციალისტის ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომლის თანახმადაც, შპს ,,ი...“ აწარმოებდა საქართველოს მასშტაბით მშენებარე მონოლითური რკინაბეტონის სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობის მზიდი კარკასის ექსპერტიზის სამუშაოებს. 2012 წელს შპს ,, ი...-მა“ გასცა საექსპერტო დასკვნა ქ. თბილისში, ...ს რაიონში, ...ის ქ. №...-ში მშენებარე საცხოვრებელი სახლის სიმტკიცისა და მდგრადობის, აგრეთვე მისი სართულიანობის 2-3-ით გაზრდის შესახებ. დასკვნაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა 34-ის ნაცვლად მითითებულია 32 ნომერი. ადასტურებენ, რომ მათ მიერ ექსპერტიზა ჩაუტარდა ...ის ... ნომერში მდებარე კუთხის საცხოვრებელ კორპუსს (ტ.3, ს.ფ 180-209); ლ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02.08.2019 წლის №005324919 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის 20.2 და 23.5 ნიშნულებს ზევით არსებული 3-4 სართულის დემონტაჟი შესაძლებელია, თუმცა საფრთხის შემცველია (იხ. კვლევითი ნაწილი). სადემონტაჟო სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისად დამუშავებული პროექტების მიხედვით. სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე და მიმდინარეობის პროცესში მოსახლეობა გაყვანილ უნდა იყოს შენობიდან. ექსპერტის დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად: 2019 წლის 26 ივლისს ვიზუალურად შესწავლილი იქნა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა 20.2 და 23.5 ნიშნულებს ზევით დაშენებული 3-4 სართულის დემონტაჟის შესაძლებლობის დადგენის მიზნით. ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე 9-10 სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენებულია 2005-2015 წლებში გეგმაში II ფორმისაა და განთავსებულია ხელოვნურად მოსწორებულ რელიეფზე. შენობის მზიდ კონსტრუქციას წარმოადგენს მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასი და სართულშუა გადახურვის ფილები. თავდაპირველი პროექტით შენობა იყო 6-7 სართულიანი, ხოლო მოგვიანებით შენობაზე განხორციელდა 20.2 და 23.5 ნიშნულებს ზევით 3-4 სართულის დაშენება და ამჟამად, შენობა 9-10 სართულიანია. შენობის მზიდ ელემენტებში რაიმე სახის კონსტრუქციული დაზიანებები არ შეინიშნება. განხორციელებული დაშენების გამო ცალკეული სვეტები გაძლიერებულია ლითონის კუთხოვანებით... შენობა დასრულებულია და საცხოვრებელ ბინებში ჩატარებულია სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოები. იმისათვის, რომ განხორციელდეს დაშენებული 3-4 სართულის დემონტაჟი სამშენებლო ნორმების CHип 12.04-02 პუნქტი 4.1.2 თანახმად, მაცხოვრებლები და ორგანიზაციები უნდა იყვნენ გაყვანილი. პუნქტი 4.1.3. თანახმად, შენობაზე ჩატარებული საერთო კვლევის საფუძველზე დამუშავებული უნდა იყოს მშენებლობის ორგანიზაციის (ПОС) და სამუშაოთა წარმოების (ППР) პროექტები. გარდა ამისა ტერიტორია უნდა შემოიღობოს და მე-6 და მე-7 სართულების დონეზე მოწყობილ უნდა იყოს შეფიცრული დამცავი შვერილები, ასევე დამცავი შვერილები უნდა მოეწყოს ზედა სართულებზეც, სადაც დაიწყება სადემონტაჟო სამუშაოები. ასევე აღინიშნა, რომ სადემონტაჟო სამუშაოებს თან ახლავს მექანიზმების მუშაობით გამოწვეული ხმაური და მტვრის გაბნევა, რაც დისკომფორტს შეუქმნის მომიჯნავედ არსებული კორპუსების მაცხოვრებლებს. გარდა ამისა, სამშენებლო ნაგვის ჩამოსატანად სავარაუდოდ გამოყენებულ იქნება ამწემექანიზმი, რაც ასევე საფრთხის შემცველია, ვინაიდან CHип III-4-80 პუნქტი 2.7 ცხრილი 1-ის თანახმად ამწიდან ტვირთის ჩამოვარდნის სახიფათო ზონა სიმაღლის მიხედვით შეადგენს 5-12 მ-ს, ხოლო შენობიდან საგნების ვარდნის 5-9 მ-ია. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ...ის ...-ში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ზედა 3-4 სართულის დემონტაჟის განსახორციელებლად სამუშაო არეალი და პირობები შეზღუდულია, თუმცა დემონტაჟი ტექნიკურად შესაძლებელია. ამასთანავე, სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება 20.2 და 23.5 ნიშნულების ზევით საფრთხის შემცველია, როგორც მომიჯნავე შენობების მაცხოვრებლებისთვის, ასევე ...ის, ...ის და ...ას ქუჩაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისა და გამვლელებისათვის. აღინიშნა, რომ სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელებამდე უნდა მოხდეს ლიფტის სამანქანო განყოფილების დემონტაჟი მისი შემდგომი მოწყობით 20.2 და 23.5 ნიშნულზე. სადემონტაჟო სამუშაოების დროს წარმოქმნილი ვიბრაციული დატვირთვების გამო დაზიანდება მე-6 და მე-7 სართულებზე მდებარე ბინების მოპირკეთება (ტ.3, ს.ფ 27-36);

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 01.12.2017წ. №002782 დადგენილების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03/02/2020 №139 დადგენილებით), რომლის 36-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა; მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება.

ამავე დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ- სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. ამავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმები ცხადყოფს, რომ მშენებლობის განხორციელებამდე პირმა კანონით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა, რაც გამოიხატება პირველი კლასის მშენებლობის განხორციელებისას დადასტურების მიღებაში, ხოლო მეორე, მესამე ან მეოთხე კლასის მშენებლობისას - ნებართვის მოპოვებაში. ამდენად, თუკი მშენებლობა საჭიროებს ნებართვას/დადასტურებას, შესაბამისი წესების დაუცველობა წარმოადგენს სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველსა და პასუხისმგებელი პირისათვის სათანადო სანქციის შეფარდების წინაპირობას. ადმინისტრაციულმა ორგანომ, პირველ ყოვლისა, უნდა განსაზღვროს, თუ რა სახის სამშენებლო სამუშაო არის ნაწარმოები, საჭიროებდა თუ არა იგი ნებართვას/დადასტურებას და რამდენად არის ასეთი ნებართვა შესაბამისი წესით მოპოვებული. თუკი მშენებლობა ამ პირობებს არ აკმაყოფილებს, მაშინ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა წარმოშობს კანონით დადგენილ ვადაში სამართალდარღვევაზე პასუხისმგებელი პირის გამოვლენისა და სანქციის დაკისრების მოვალეობას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ სახეს, რომლის გამოვლენა, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით. აღნიშნული კოდექსის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს, მათ შორის, აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს ემყარება. აღნიშნული პრინციპის თანახმად, არავის შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ამავე კოდექსის 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო (თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილია თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამდენად, როგორც სამართალდამრღვევის გამოვლენის, ასევე დარღვევის დადგენის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ სანქციის შემფარდებელმა ორგანომ, სამართალდარღვევა ყველა შემთხვევაში შეაფასოს ინდივიდუალურად.

საკასაციო პალატა მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მე-5 პუნქტის მიხედვით, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

ზემოაღნიშნული კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. დასახელებული კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დ.ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის - დ.ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 4 სექტემბრის №882996 ბრძანება, 2013 წლის 13 დეკემბრის №1042235 ბრძანება და ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 18 ივლისის №1864 განკარგულება. საქმის მასალებით დასტურდება და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მითითებული ბრძანებების საფუძველზე განხორცილდა სამშენებლო სამუშაოები. მართალია, მითითებული ბრძანებები მოგვიანებით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა სადავო არ არის, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში, №... საკადასტრო კოდზე მდებარე შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის, სადავო +20.200 ნიშნულზე ფართის დაშენება, ასევე +23.500 ნიშნულის ზევით დამატებით სამი სართულის მოწყობა დასრულებული იყო 2017 წლის 26 იანვრისათვის (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დრო). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული, რომ სახეზე არ იყო მოსარჩელისათვის ჯარიმის დაკისრების საფუძველი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

რაც შეეხება დემონტაჟის განხორციელებას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულებით „აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-13). ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

საკუთრების უფლების შეზღუდვის საზომი პროპორციულობის პრინციპია, რომლის თანახმად რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული, ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას, ამასთანავე, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს, დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე, შეზღუდვა უნდა იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული, უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს - აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას და უნდა იყოს პროპორციული. ლეგიტიმური მიზნის არსებობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ უფლებაში ჩარევა გამართლებულია. საჯარო და კერძო ინტერესების ბალანსის დაცვის შემოწმების ერთ-ერთი ეტაპია აუცილებლობა. მმართველობითი ღონისძიება აუცილებელია მაშინ, როდესაც არ არსებობს მიზნის მიღწევის სხვა ისეთი საშუალება, რომელიც უფრო ნაკლებ ზიანს მიაყენებს კერძო ინტერესს (სუსგ №ბს-1112(კ-18), 26.01.2021).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „შენობის დემონტაჟი, როგორც სამშენებლო წესრიგის დაცვის ინსტრუმენტის გამოყენების საფუძველი შეიძლება გახდეს ფორმალურად და მატერიალურად უკანონო მშენებლობა... ფორმალურად და მატერიალურად არალეგალური შენობა-ნაგებობა წინააღმდეგობაში მოდის საჯარო-სამართლებრივ სამშენებლო წესრიგთან და ქმნის შენობის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. ამასთან, მართლწესრიგის დაცვის ღონისძიების შერჩევა უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე. თითოეული შემზღუდავი ხასიათის ღონისძიება უნდა იყოს თანაზომიერი, რაც კრძალავს მმართველობითი ღონისძიების ადრესატის შეუსაბამო შეზღუდვას. თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე მოწმდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ მიზანს შორის არსებული დამოკიდებულება“ (სუსგ №ბს-160(კ-19), 29.12.2021).

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 02.08.2019 წლის №005324919 ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად: ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის 20.2 და 23.5 ნიშნულებს ზევით არსებული 3-4 სართულის დემონტაჟი შესაძლებელია, თუმცა საფრთხის შემცველია. სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებამდე და მიმდინარეობის პროცესში მოსახლეობა გაყვანილ უნდა იყოს შენობიდან. სადემონტაჟო სამუშაოებს თან ახლავს მექანიზმების მუშაობით გამოწვეული ხმაური და მტვრის გაბნევა, რაც დისკომფორტს შეუქმნის მომიჯნავედ არსებული კორპუსების მაცხოვრებლებს. გარდა ამისა, სამშენებლო ნაგვის ჩამოსატანად სავარაუდოდ გამოყენებულ იქნება ამწემექანიზმი, რაც ასევე საფრთხის შემცველია. სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება 20.2 და 23.5 ნიშნულების ზევით საფრთხის შემცველია, როგორც მომიჯნავე შენობების მაცხოვრებლებისთვის, ასევე ...ის, ...ის და ...ას ქუჩაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისა და გამვლელებისათვის. სადემონტაჟო სამუშაოების დროს წარმოქმნილი ვიბრაციული დატვირთვების გამო დაზიანდება მე-6 და მე-7 სართულებზე მდებარე ბინების მოპირკეთება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატის მიერ მართებულად იქნა მიჩნეული, რომ სადავო დემონტაჟის განხორციელება წარმოადგენს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ასეთ პირობებში კი, თანაზომიერებისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, არ არსებობდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთათვის დემონტაჟის განხორციელების დავალების საფუძველი.

ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლების არსებობის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და დ.ჭ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. დ.ჭ-ის (პ/ნ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 06.11.2024წ. №... საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

ბ. შონია