დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 29.12.2025
საქმის ნომერი
ბს-383(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-383(კ-25) 29 დეკემბერი, 2025 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ ...“

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „...-მ“ 2021 წლის 12 ოქტომბერს სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ბათილად ყოფილიყო ცნობილი: მ.რ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის 2021 წლის 12 აპრილის №10-08/601 და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 17 სექტემბრის №10/8734 გადაწყვეტილებები; ნ.პ-ისა და ი.ყ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის 2021 წლის 14 აპრილის №10-08/621 და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 17 სექტემბრის №10/8735 გადაწყვეტილებები, ასევე ე.რ-ისა და გ.ჯ-ისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის 2021 წლის 06 ივლისის №10-08/1107 და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 16 სექტემბრის №10/8718 გადაწყვეტილებები.

სარჩელის თანახმად, შპს „...ში“ 2020 წლის 15 და 17 ნოემბერს მოთავსდნენ პაციენტები - მ.რ-ი, ნ.პ-ი და ი.ყ-ი. პროტოკოლის მიხედვით, მათ ჩაუტარდათ ტესტირების სწრაფი მეთოდით კვლევა COVID-19-ზე, რომლის შედეგებიც იყო უარყოფითი. მათ დაესვათ პნევმონიის დიაგნოზი (დაუზუსტებელი) და მკურნალობა გაგრძელდა ამ დიაგნოზით. მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ჩაუტარდათ COVID-19-ზე კვლევა PCR მეთოდით, რამაც აჩვენა დადებითი შედეგი. კლინიკამ შეწყვიტა მკურნალობა პნევმონიის დიაგნოზით და მკურნალობა დაიწყო ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით მართვის ფარგლებში. მათი მკურნალობა გაგრძელდა 21 ნოემბრამდე. მოსარჩელის განმარტებით, ამ სამ შემთხვევაზე მოპასუხისათვის პროგრამული კოდები მიწოდებული იქნა ცალ-ცალკე: პნევმონიის მკურნალობაზე სხვა პროგრამული კოდი და ახალი კორონავირუსის მკურნალობაზე - სხვა; შესაბამისად, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ მოთხოვნილი იქნა ანაზღაურება ცალ-ცალკე, რაზეც უარი ეთქვათ იმ საფუძვლით, რომ ჩატარებული იყო ერთი სახის მკურნალობა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით მართვის ფარგლებში და ინფორმაციაც მხოლოდ ამ კოდით უნდა მიწოდებულიყო.

მოსარჩელის მითითებით, შპს „...ში“ 2021 წლის 30 იანვარს შეყვანილი იქნა პაციენტი ე.რ-ე. მას 2021 წლის 28 იანვარს COVID-19-ზე კვლევა უკვე ჩატარებული ჰქონდა PCR მეთოდით და შედეგი იყო უარყოფითი. პროტოკოლის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში COVID-19-ზე ტესტირების სწრაფი მეთოდით კვლევისა და გადამოწმების ვალდებულება კლინიკას არ გააჩნდა. მასაც დაესვა პნევმონიის დიაგნოზი (დაუზუსტებელი) და მკურნალობა გაგრძელდა ამ დიაგნოზით. 3 დღის შემდეგ, იმის გამო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ჩაუტარდა COVID-19-ზე კვლევა PCR მეთოდით, რამაც აჩვენა დადებითი შედეგი. კლინიკამ შეწყვიტა მკურნალობა პნევმონიის დიაგნოზით და მკურნალობა დაიწყო ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით მართვის ფარგლებში. ამ შემთხვევაზეც მოპასუხისათვის პროგრამული კოდები მიწოდებული იქნა ცალ-ცალკე: პნევმონიის მკურნალობაზე სხვა პროგრამული კოდი და ახალი კორონავირუსის მკურნალობაზე - სხვა; შესაბამისად, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ მოთხოვნილი იქნა ანაზღაურება ცალ-ცალკე, რაზეც უარი ეთქვათ იმ საფუძვლით, რომ ჩატარებული იყო ერთი სახის მკურნალობა ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით მართვის ფარგლებში და ინფორმაციაც მხოლოდ ამ კოდით უნდა მიწოდებულიყო.

სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ გ.ჯ-ის დაავადება დაეწყო 2020 წლის 17 დეკემბერს. 2020 წლის 20 დეკემბერს მას სხვა კლინიკაში დაუსვეს კორონავირუსით ინფიცირების დიაგნოზი. შემდგომი ერთი კვირა მკურნალობას გადიოდა სახლში, ოჯახის ექიმთან სატელეფონო კონსულტაციებით. მდგომარეობის გართულების გამო შეყვანილი იქნა შპს „...-ს“ ...ის კლინიკაში 2020 წლის 27 დეკემბერს კორონავირუსის დიაგნოზით. მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების გამო გადაყვანილი იქნა შპს „...-ს“ ...ის კლინიკაში 2021 წლის 12 იანვარს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ინფიცირებული პირი სიმპტომების გამოვლენამდე 2 დღით ადრე და მისი გამოვლენიდან 10-12 დღემდე გადამდებია. ინფიცირებიდან 2 კვირის შემდგომ ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსი აღარ არის. გ.ჯ-ის, რომელიც დაინფიცირდა 10-14 დეკემბერს, 12 იანვარს COVID-19 ვერ ექნებოდა, რის გამოც შპს „...-ს“ ...ის კლინიკაში მას დაესვა პნევმოთორაქსის დიაგნოზი, მკურნალობა გაგრძელდა 2021 წლის 5 თებერვლამდე ამ დიაგნოზით და შესაბამისი პროგრამული კოდი იქნა გადაცემული მოპასუხეზე. „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ მოთხოვნილი იქნა ანაზღაურება პნევმოთორაქსის მკურნალობის ფარგლებში, თუმცა ამის ანაზღაურებაზე უარი ითქვა იმ საფუძვლით, რომ შპს „...-ს“ ...ის კლინიკაში მისი მკურნალობა უნდა გაგრძელებულიყო ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით მართვის ფარგლებში და ინფორმაციაც მხოლოდ ამ კოდით უნდა მიწოდებულიყო.

გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „...-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს „...-ს“ მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შპს „...-ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები. პალატამ მიუთითა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებაზე და აღნიშნა, რომ სახელმძღვანელო დადგენილება იძლეოდა შესაძლებლობას, შპს „...ს“ განეხორციელებინა სათანადო ცვლილება, მას შემდეგ, რაც პაციენტებს დაუდგინდათ რეალური დიაგნოზი (COVID-19), პირველად დასმული დიაგნოზის - პნევმონიის კოდი შეეცვალათ COVID-19-ის კოდით და ისე მიეწოდებინათ განმახორციელებლისათვის. გარდა ამისა, პალატის მოსაზრებით, პნევმონია იყო COVID-19-სათვის დამახასიათებელი, მისი თანმდევი, და არა ცალკე, COVID-19-საგან დამოუკიდებლად არსებული დაავადება. შესაბამისად, პაციენტების: მ.რ-ის, ნ.პ-ის და ი.ყ-ის შემთხვევებში, დადასტურდა შემთხვევათა გადაცემა ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევით, რაც №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მითითებით, გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

პაციენტ ე.რ-ესთან დაკავშირებით პალატამ აღნიშნა, რომ უკვე ამოქმედებული იყო ცვლილება, რომელიც ავალდებულებდა მომსახურების მიმწოდებელს განმეორებითი შეტყობინების განხორციელებას და შემთხვევის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის პროგრამული კოდით დაიდენტიფიცირებას. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ამ შემთხვევაშიც მართებული იყო სსიპ ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მითითება, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

რაც შეეხება პაციენტ გ.ჯ-ის შემთხვევას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მისი დიაგნოზი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება უკავშირდებოდა COVID-19 ვირუსის გართულებას, აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი დიაგნოზები „პნევმონია“ დაუზუსტებელი, „პიოთორაქსი“, „სეპტიცემია დაუზუსტებელი“ უნდა გადაცემულიყო შესაბამისი კოდით და არა ცალკე. ამრიგად, ამ ნაწილშიც პალატამ სრულად გაიზიარა გორის რაიონული სასამართლოს დასკვნები და აღნიშნა, რომ სადავო აქტები გამოცემული იყო მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და შესაბამისად, არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...-ს“ მიერ.

კასატორის, შპს „...-ს“, წარმომადგენლის განმარტებით, ის გარემოება, რომ „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილება იძლეოდა კოდის ცვლილების შესაძლებლობას, არ წარმოადგენს სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან ამავე დადგენილების დანართი №20-ში ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვის პროგრამაში 2020 წლის 21 დეკემბერს შევიდა ცვლილება, რაც ვერ გავრცელდებოდა 2020 წლის 15 და 17 ნოემბერს შემოსულ პაციენტებზე, ვინაიდან აღნიშნული პაციენტის სტაციონარში მოხვედრისას წინამდებარე ჩანაწერი არ არსებობდა და ამასთანავე წარმოდგენილი პაციენტების კოვიდ 19-ის დადასტურებულ შემთხვევებზეც არ მოქმედებდა ხსენებული საკანონმდებლო ცვლილება.

პაციენტ გ.ჯ-ისთან მიმართებით კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში იგი მოხვდა არა იმიტომ, რომ მას ჰქონდა გადატანილი კორონავირუსული ინფექცია, არამედ ჰქონდა პლევრის ღრუში ჩირქი და სეპტიური მდგომარეობა, შესაბამისად, წინა პლანზე გადმოინაცვლა პიოთორაქსმა, სეპტცემიამ და სუნთქვის მწვავე უკმარისობამ. აღნიშნული მიდგომის მართებულობა დაადასტურა დაავადების საბოლოო გამოსავალმა - პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ამჟამად პრაქტიკულად ჯანმრთელია. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებაში არავითარი სამართლებრივი მტკიცებულება არ იყო წარმოდგენილი, თუ რას ეფუძნებოდა მათი გადაწყვეტილება და რაში გამოიხატებოდა საქართველოს მთავრობის №36 დადგენილების მე-15 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დარღვევა.

კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სადავო აქტების გამოცემით ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვიეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი, რამდენადაც ისინი არ შეიცავენ დასაბუთებას, ხოლო დაუსაბუთებელი ადმინისტრაციული აქტების გამოცემით შეიზღუდა მათი უფლება მიეღო პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურების საკითხის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ამავე კანონის 21-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტს, რომელიც დადგენილი წესით მონაწილეობს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, შესრულებული სამუშაო უნაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ანაზღაურებისა და დაფინანსების წესების მიხედვით.

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების პირველი დანართის - „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის“ მიხედვით, პროგრამის მიზანია სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის მოსახლეობის ფინანსური უზრუნველყოფა (1 მუხ. „ა“ ქვ.პ.), გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება (1 მუხ. „ა.გ“ ქვ.პ.).

ხსენებული დადგენილების მე-11 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ამასთან, დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით, დანართი №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტებითა და დანართი №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება განმახორციელებლის მიერ გაცემული მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილის საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია, დამატებით გააკეთოს შეტყობინება დაგეგმილი ჩარევის შესახებ ჰოსპიტალიზაციამდე/შემთხვევის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათით ადრე, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, თუ სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (1 პუნ).

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემთხვევათა კლასიფიკაცია შესაძლებელია ორ ჯგუფად: პირველს განეკუთვნება ასანაზღაურებელი შემთხვევა („ა“ ქვ.პ.), ხოლო მეორეს - შემთხვევა, რომელი არ ექვემდებარება ანაზღაურებას („ბ“ ქვ.პ.). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება შემთხვევები, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ პაციენტი მ.რ-ი, რომელიც წარმოადგენს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლეს, 2020 წლის 17 ნოემბრიდან 2020 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით მკურნალობდა შპს „...-ში“, დიაგნოზით პნევმონია, დაუზუსტებელი. დადგენილია, რომ 17 ნოემბრის SARS-CoV-2 Ag განსაზღვრისას შედეგი იყო უარყოფითი, ხოლო 21 ნოემბრის განმეორებითი ტესტით პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ორგანოს პროგრამული კოდები მიეწოდა ცალ-ცალკე: პნევმონიის მკურნალობაზე სხვა პროგრამული კოდი და ახალი კორონავირუსის მკურნალობაზე - სხვა, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ მოთხოვნილი იქნა ანაზღაურება ცალ-ცალკე.

პაციენტი ნ.პ-ი საქართველოს მთავრობის 21.02.2013წ. №36 დადგენილების დანართი №1.3-ის მეორე პუნქტით მოსარგებლე, შპს „...-ში“ მკურნალობდა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში 2020 წლის 15 ნოემბრიდან 2020 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით, დიაგნოზით - სუნთქვის მწვავე უკმარისობა/I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა. პაციენტს 15 ნოემბერს SARS-CoV-2 Ag ტესტით პაციენტს არ დაუდასტურდა კორონა ვირუსი, ხოლო 25 ნოემბრის განმეორებითმა ტესტირებამ დადებითი შედეგი აჩვენა, აღნიშნულ სამედიცინო შემთხვევასთან დაკავშირებითაც, პროგრამული კოდები მიეწოდა ცალ-ცალკე: პნევმონიის მკურნალობაზე სხვა პროგრამული კოდი და ახალი კორონავირუსის მკურნალობაზე - სხვა. შემთხვევის ანაზღაურება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ მოთხოვნილი იქნა ცალ-ცალკე შესაბამისი კოდებისთვის.

პაციენტი ი.ყ-ე შპს „...-ში“ გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მკურნალობა 2020 წლის 17 ნოემბრიდან 2020 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით, დიაგნოზით - პნევმონია, დაუზუსტებელი. COVID-19-ზე PCR კვლევის საფუძველზე პაციენტს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსული ინფექცია. დადგენილია, რომ 2020 წლის 17 ნოემბრის SARS-CoV-2 Ag ტესტის შედეგი იყო უარყოფითი, ხოლო 21 ნოემბრის ტესტით დადასტურდა კორონავირუსული ინფექციის არსებობა. მოცემულ შემთხვევაშიც, პროგრამული კოდები მიწოდებული იქნა ცალ-ცალკე: პნევმონიის მკურნალობაზე სხვა პროგრამული კოდი და ახალი კორონავირუსის მკურნალობაზე - სხვა. შემთხვევის ანაზღაურება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ მოთხოვნილი იქნა ცალ-ცალკე, შესაბამისი კოდებისთვის.

დადგენილია, რომ მ.რ-ისათვის, ნ.პ-ისა და ი.ყ-ესთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სადავო გადაწყვეტილებებით (12.04.2021წ. №10-08/601; 14.04.2021წ. №10-08/621) შპს „...-ს“ უარი ეთქვა შემთხვევების ანაზღაურებაზე, იმ საფუძვლით, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს, კერძოდ, სამედიცინო შემთხვევების გადაცემა უნდა მომხდარიყო კოვიდ 19-ის პროგრამული კოდით, მას შემდეგ, რაც დადასტურდა დიაგნოზი და კოდების განცალკევებით მიწოდება არ უნდა მომხდარიყო.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებით დამტკიცებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ მე-12 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, ან პაციენტის გაწერამდე (თუ პაციენტი ეწერება 24 საათზე ადრე) განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით (1 პუნ.); შემთხვევის კოდის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს განმეორებითი შეტყობინება არაუგვიანეს შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისა (4 პუნ.); შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირება უნდა მოხდეს პაციენტის გაწერიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც საბოლოო დიაგნოზის დადგენისთვის საჭირო კვლევების ხანგრძლივობა აღემატება სტაციონარში დაყოვნების პერიოდს (5 პუნ.).

ამავე დადგენილებაში 2020 წლის 21 დეკემბერს შევიდა ცვლილება, რომლის შემდეგაც, დადგენილების დანართი №20-ის მე-4 მუხლის „დ.გ2.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დაწესებულების ბაზაზე მყოფი პაციენტის ძირითად დიაგნოზად ფიქსირდება COVID-19 ან ხდება სამედიცინო პერსონალის COVID -19-ით ინფიცირება, ასეთ შემთხვევაში ანაზღაურება ხდება ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის პროგრამის ფარგლებში.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სახელმძღვანელო დადგენილება, 2020 წლის 17 დეკემბრიდან ითვალისწინებს განმეორებითი შეტყობინების განხორციელების ვალდებულებას, როდესაც საქმე გვაქვს შემთხვევის კოდის ცვლილებასთან ან დამატებასთან. ამდენად, მართალია ზემოხსენებული ცვლილება შეეხო 2020 წლის 17 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებს, თუმცა სადავო პერიოდში (2020 წლის ნოემბერი) მოქმედი საქართველოს მთავრობის 31.12.2019წ. №674 დადგენილების მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, შემთხვევის კოდის ცვლილების ან დამატების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო გაეკეთებინა განმეორებითი შეტყობინება არაუგვიანეს შემთხვევის დასრულებულად დაფიქსირებისა. ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრება, რომ სახელმძღვანელო დადგენილება იძლეოდა შესაძლებლობას, შპს „...-ს“ განეხორციელებინა სათანადო ცვლილება, მას შემდეგ, რაც პაციენტებს დაუდგინდათ რეალური დიაგნოზი (COVID-19), პირველად დასმული დიაგნოზის - პნევმონიის კოდი შეეცვალათ COVID-19-ის კოდით და ისე მიეწოდებინათ განმახორციელებლისათვის. რამდენადაც პაციენტების: მ.რ-ის, ნ.პ-ისა და ი.ყ-ის შემთხვევებში, დადასტურდა შემთხვევათა გადაცემა ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევით, არსებობდა №36 დადგენილების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მითითებით, გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

პაციენტი ე.რ-ე შპს „...-ში“ მკურნალობდა 2021 წლის 30 იანვრიდან 2021 წლის 04 თებერვლის ჩათვლით. მიმწოდებლის მიერ შემთხვევა გადაცემული იქნა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, დიაგნოზით - პნევმონია, დაუზუსტებელი. მოცემულ შემთხვევაშიც დადგენილია, რომ მას 2021 წლის 28 იანვარს COVID-19-ზე კვლევა უკვე ჩატარებული ჰქონდა PCR მეთოდით და შედეგი იყო უარყოფითი, ხოლო COVID-19-ზე ტესტირების სწრაფი მეთოდით კვლევა შეყვანისას აღარ ჩატარებულა. 2021 წლის 03 თებერვლის PCR ტესტის თანახმად, პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.

აღსანიშნავია, რომ პაციენტ ე.რ-ის შემთხვევა, პროგრამის მიმწოდებლის მიერ გადაცემულია გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID 19) მართვის პროგრამული კოდით, ისე რომ არ შეცვლილა თავდაპირველად გადაცემული დიაგნოზი „პნევმონია“.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ე.რ-ის შემთხვევაში უკვე ცვლილება, რომელიც ითვალისწინებდა განმეორებითი შეტყობინების განხორციელების ვალდებულებას, და შემთხვევის ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვის პროგრამული კოდის მინიჭებას. შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაშიც მართებულია სსიპ ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მითითება, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვეოდა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს.

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ პაციენტი გ.ჯ-ი მკურნალობდა შპს „...-ში“ 2021 წლის 12 იანვრიდან 2021 წლის 05 თებერვლის ჩათვლით. პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს COVID-19 ვირუსის გართულებით, რომელიც მას 2020 წლის 20 დეკემბერს დაუდასტურდა. შპს „...-ს“ ...ის კლინიკაში შეყვანისას გ.ჯ-ის დაესვა პნევმოთორაქსის დიაგნოზი და შესაბამისი პროგრამული კოდი იქნა გადაცემული განმახორციელებელზე. შემთხვევის განხორციელებისას არ ყოფილა მითითებული ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვის პროგრამული კოდი. გ.ჯ-ის დიაგნოზი და ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება უკავშირდებოდა COVID 19 ვირუსის გართულებას, შესაბამისად, დადგენილი დიაგნოზები „პნევმონია“ დაუზუსტებელი, „პიოთორაქსი“, „სეპტიცემია დაუზუსტებელი“ უნდა გადაცემული შესაბამისი კოდით და არა დამოუკიდებლად. ამდენად, პალატის მოსაზრებით, შპს „...-ს“ აღნიშნულ შემთხვევაშიც მართებულად ეთქვა უარი სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...-ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ 417876711) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 05.05.2025წ. №27133350812 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა