დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 16.07.2026
საქმის ნომერი
ბს-1091(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1091(კ-25) 16 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ.ც-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე თ.ც-ის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხე - თ.ც-ის დაეკისროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 13 120.46 (ცამეტი ათას ასოცი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარის გადახდა გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სააპელაციო საჩივარი. უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ თ.ც-ი მონაწილეობას იღებდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამის - „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - 2016-2017“ წლის კონკურსში. კონკურსის ფარგლებში მოპასუხემ მოიპოვა გრანტი საფრანგეთში, ... უნივერსიტეტში, პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ საჯარო მმართველობის მიმართულების „საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება ადგილობრივ დონეზე და ევროპაში“ საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამაზე 2016-2017 ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. 2016 წლის 9 აგვისტოს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და თ.ც-ის შორის გაფორმდა გრანტის შესახებ ხელშეკრულება №2. ხელშეკრულების 3.4.5 ქვეპუნქტის მიხედვით, გრანტის მიმღები ვალდებულია სწავლის დასრულების შემდეგ, გრანტის გამცემს წარუდგინოს ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3.4.6 ქვეპუნქტის მიხედვით, გრანტის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს საქართველოში არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წლით და დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში. ხელშეკრულების 3.4.9 ქვეპუნქტი ითვალისწინებს ფინანსურ პასუხისმგებლობას, კერძოდ „სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართელოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებით, სასტიპენდიო პროგრამითა და გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია გრანტის გამცემს სრულად დაუბრუნოს გრანტის სახით გადაცემული თანხა, როგორც წესი, დარღვევის გამოვლენიდან 90 (ოთხმოცდაათი) დღის ვადაში. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2022 წლის 28 მარტის MES 9 22 0000316154 წერილით თ.ც-ის მიეცა გაფრთხილება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის და განესაზღვრა არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე, ცენტრის მიერ დაფინანსებული მიმართულებით საქართველოში დასაქმების ცნობის წარსადგენად. აღნიშნული წერილის პასუხად, თ.ც-ის მიერ ცენტრში წარდგენილ იქნა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ დაფინანსებული პროგრამის დასრულების შემდგომ, საქართველოში დაბრუნების მიუხედავად, მან ვერ იშოვა შესაბამისი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის ანაზღაურებადი სამსახური. 2022 წლის 29 აპრილის MES 0 22 0000434433 წერილით დასტურდება, რომ თ.ც-ის კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო მიეცა წინადადება 90 კალენდარული დღის ვადაში დაებრუნებინა გრანტის სახით მიღებული თანხა, რომელიც ჯამში შეადგენდა 13 120.46 ლარს.

სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში თ.ც-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევას, თუმცა არ აქცევს ყურადღებას აპელანტის განმარტებას, რომ თ.ც-ი ვერ ადასტურებდა საქართველოში დასაქმების მიზნით ყველა ზომის მიღებას. სასამართლო იყენებს მხოლოდ ერთ სამართლებრივ საფუძველს და არ განმარტავს მის დასაბუთებას. მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება უკვე არსებულ პრაქტიკას. კონკრეტულად საქმეზე №3ბ/619-24, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, სადაც სასამართლომ იმსჯელა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები არ არის ბუნდოვანი და არ საჭიროებს დამატებით განმარტებას. განხილულ შემთხვევაში, სასამართლო კოლეგიის მიერ სადავო ვალდებულებები განხილულ იქნა იმგვარად, რომ ფაქტიურად სასამართლოს მიერ შექმნილ იქნა ხელშეკრულების ახალი პირობა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პოზიცია მასზედ, რომ სასამართლო კოლეგიამ არ გაითვალისწინა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გრანტის გაცემის წესი, რადგანაც სასტიპენდიო პროგრამა და გრანტის შესახებ ხელშეკრულება ცალსახად განსაზღვრავს დაფინანსებული პირის ვალდებულებებს, რომელიც მოიცავს სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში ქვეყანაში დაბრუნების, 3 წლის განმავლობაში დარჩენისა და დასაქმების ვალდებულებას. სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ ერთ-ერთი ვალდებულების შესრულება არ ათავისუფლებს გრანტის მიმღებს სხვა სახელშეკრულებო პირობების შესრულების ვალდებულებისგან.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უგულებელყოფს ცენტრსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ძირითად პირობებს. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ მიიღო მხედველობაში სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გრანტის გაცემის წესი, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ „სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებით. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი შექმნილია საერთაშორისო სასწავლო აკადემიური პროგრამების განვითარების და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, რაც ემსახურება საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადებას. შესაბამისად, ცენტრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, არსებობის მიზანს წარმოადგენს საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში დასაქმებული კვალიფიციური კადრების მომზადება. აღნიშნული მიზნის მიღწევა კი, შესაძლებელი იქნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გრანტის მიმღები პირები, რომლებიც ისწავლიან საზღვარგარეთ, სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდებიან ქვეყანაში და დასაქმდებიან შესაბამის სფეროში. ქვეყანაში დაბრუნებისა და დასაქმების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის ზემოხსენებულ დადგენილებაში და რეგულირდება გრანტის შესახებ ხელშეკრულებით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 ოქტომბრის №470 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების საერთაშორისო ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე“ დადგენილების 1.1 მუხლით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების საერთაშორისო ცენტრი (შემდგომში − ცენტრი). ამავე დადგენილების 2.1 მუხლის მიხედვით, ლიკვიდირებული ცენტრის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა სამინისტრო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის 2015 წლის 16 დეკემბრის №24-15 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიზნებისათვის დამტკიცდა სასტიპენდიო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ დანართი №1-ის შესაბამისად. ამ ბრძანების პირველი პუნქტის გათვალისწინებული პროგრამის განხორციელების მიზნით გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი. 2016 წლის 9 აგვისტოს, ერთი მხრივ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორსა (გრანტის გამცემი) და მეორე მხრივ, თ.ც-ის (გრანტის მიმღები) შორის დაიდო „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულება №2. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს, სასტიპენდიო პროგრამის შესაბამისად, საფრანგეთში, ... უნივერსიტეტში, პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ საჯარო მმართველობის მიმართულების საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება ადგილობრივ დონეზე და ევროპაში საჯარო პოლიტიკის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016-2017 სასწავლო წლისთვის სწავლის საფასურის და სწავლის პერიოდში საფრანგეთში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. ხელშეკრულების 3.4.5 მუხლის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია სწავლის დასრულების შემდეგ, გრანტის გამცემს წარუდგინოს ... უნივერსიტეტის ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 3.4.6 მუხლის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია, რომ ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს საქართველოში და 3 წლამდე ვადით დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში. ამასთან, 3.4.9 მუხლის მიხედვით, ამ ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია სრულად დააბრუნოს გრანტის სახით გადაცემული თანხა. თავის მხრივ, გრანტის გამცემს, ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის თანახმად, უფლება აქვს გრანტის მიმღების მიერ ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განსაზღვრულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულებიდან 6 თვის ვადაში, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ წარჩინებულ სტუდენტებს შესთავაზოს დასაქმება საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში. ხელშეკრულების 3.1.3 მუხლის თანახმად, გრანტის გამცემს უფლება აქვს გრანტის მიმღების მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვს გრანტის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება (ს.ფ 17-18, 49-53); ბ) სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2022 წლის 28 მარტის MES 9 22 0000316154 წერილით მოპასუხეს მიეცა გაფრთხილება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისთვის და განესაზღვრა არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე, ცენტრის მიერ დაფინანსებული მიმართულებით (სფეროში/დაწესებულებაში) საქართველოში დასაქმების შესახებ ცნობის წარსადგენად (ს.ფ 57-58); სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2022 წლის 28 მარტის MES 9 22 0000316154 წერილის პასუხად, 2022 წლის 7 აპრილს თ.ც-ის მიერ ცენტრში წარდგენილ იქნა განცხადება, სადაც მიუთითა, რომ დაფინანსებული პროგრამის დასრულების შემდგომ საქართველოში დაბრუნების მიუხედავად, მან ვერ იშოვა შესაბამისი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის ანაზღაურებადი სამსახური. განცხადებაში დამატებით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის იყო წარჩინებული სტუდენტი, ცენტრმა არ შესთავაზა დასაქმება შესაბამის სფეროსა და დაწესებულებაში, შესაბამისად ადგილი არ ჰქონია მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას (ს.ფ 59-61); სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2022 წლის 29 აპრილის MES 0 22 0000434433 წერილით დასტურდება, რომ თ.ც-ის, კანონმდებლობით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო მიეცა წინადადება, 90 კალენდარული დღის ვადაში დაებრუნებინა გრანტის სახით მიღებული თანხა, რომელიც ჯამში შეადგენდა 13 120.46 (ცამეტი ათას ასოცი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრი) ლარს. ამასთან, განემარტა, რომ წერილით განსაზღვრულ ვადაში მისი მხრიდან თანხის დაუბრუნებლობის ან არასრულად დაბრუნების შემთხვევაში, ცენტრი მიმართავდა სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად 62-63); მოპასუხე- თ.ც-ი არაერთხელ (2018-2020 წლებში) დაუკავშირდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს ელექტრონული მიმოწერის საშუალებით და აცნობა, რომ ის იყო სამუშაოს მოძიების პროცესში, თუმცა ვერ ახერხებდა არჩეული მიმართულებით საქართველოში დასაქმებას, ხოლო სამსახურის შოვნისთანავე წარადგენდა შესაბამის ცნობას (ს.ფ 225-228); გ) ევროსაბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ქ. თბილისში 2017 წელს გამოცხადებულ ვაკანსიებზე მონაწილეობის მისაღებად თ.ც-ის მიერ წარდგენილი იქნა მოთხოვნები (ს.ფ 175-177).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს (1-ლი მუხლი). მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება საქართველოს სპორტული ფედერაციის ან კლუბისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა მიზნებისათვის გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №201 დადგენილებით დამტკიცდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამა (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ცენტრის მიერ სასტიპენდიო პროგრამების განხორციელების, გრანტის გაცემის წესსა და პირობებს; პროგრამის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება; პროგრამის ამოცანას წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთათვის ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის, კონკურსის წესით გრანტის გაცემის გზით, საზღვარგარეთ განათლების მიღების/ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა (1-ლი მუხლი). ამავე დადგენილებით დამტკიცებული სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-5 მუხლით განსაზღვრულია დასაქმებასთან დაკავშირებული უფლება - მოვალეობები, კერძოდ, პირველი პუნქტის თანახმად, გრანტის მიმღები, რომელმაც გრანტი მოიპოვა უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის აკადემიურ პროგრამაზე სწავლის მიზნით, უნდა დაბრუნდეს საქართველოში სწავლის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, დარჩეს ქვეყანაში 3 წელი და დასაქმდეს საქართველოში შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში, ხოლო მე-7 პუნქტის თანახმად, ცენტრსა და გრანტის მიმღებს შორის სასტიპენდიო პროგრამით გათვალისწინებული უფლებამოვალეობები რეგულირდება მათ შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით. ამავე პროგრამის მე-6 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის და გრანტის დაბრუნების წესი. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გრანტის მიმღები ვალდებულია, დააბრუნოს მიღებული გრანტი შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოების შესახებ, რომ 2016 წლის 9 აგვისტოს, ერთი მხრივ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორსა (გრანტის გამცემი) და მეორე მხრივ, თ.ც-ის (გრანტის მიმღები) შორის დაიდო „გრანტის შესახებ“ ხელშეკრულება №2. ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, გრანტის გამცემი გრანტის მიმღებს უსასყიდლოდ გადასცემს მიზნობრივ ფულად სახსრებს, სასტიპენდიო პროგრამის შესაბამისად, საფრანგეთში, ... უნივერსიტეტში, პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად გამოცხადებულ საჯარო მმართველობის მიმართულების საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება ადგილობრივ დონეზე და ევროპაში საჯარო პოლიტიკის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016-2017 სასწავლო წლისთვის სწავლის საფასურის და სწავლის პერიოდში საფრანგეთში ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. ხელშეკრულების 3.4.6 მუხლის თანახმად, გრანტის მიმღები ვალდებულია, რომ ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამაზე სწავლის დასრულების შემდეგ, დაბრუნდეს საქართველოში და 3 წლამდე ვადით დასაქმდეს საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში.

განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას იმის შესახებ, რომ თ.ც-იმა დაასრულა საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამა. სწავლის დასრულების შემდეგ თ.ც-ი დაბრუნდა საქართველოში, თუმცა საქართველოში ვერ მოხერხდა მისი დასაქმება. სწორედ აღნიშნულ გარემოებას მიიჩნევს მოსარჩელე ხელშეკრულების დარღვევად და მოპასუხისაგან მოითხოვს გრანტის სახით გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნებას.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებული თ.ც-ი ეცადა დასაქმებულიყო საქართველოში, თუმცა უშედეგოდ. საქართველოში დასაქმების შეუძლებლობაზე მან არაერთხელ აცნობა მოსარჩელეს, თუმცა, თავის მხრივ, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს არ განუხორციელებია რაიმე ხელისშემწყობი მოქმედება მის დასაქმების მიზნით. შესაბამისად, ადგილი არ აქვს თ.ც-ის მხრიდან ხელშეკრულების განზრახ ან გაუფრთხილებლობით დარღვევას, ასევე, არ დასტურდება მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაკეთილსინდისიერად შესრულების ფაქტი. შესაბამისად, მოპასუხისათვის გრანტის შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო გრანტის სახით გაცემული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრების წინაპირობები არ არსებობს.

ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლების არარსებობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. უბილავა