დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ბს-1105 (კ-24) 5 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ე...“
მოწინააღმდეგე მხარეები - ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2019 წლის 1 ივლისს შპს „ე...მა“ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, შპს „ე...“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბერს, №247 დადგენილებით დაჯარიმდა 1 000 ლარით, ამასთან, დაევალა მშენებლობის შეჩერება და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანა. დადგენილების საფუძვლად მიეთითა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 ივლისის №3-787/15 გადაწყვეტილება და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 ოქტომბრის №2687 ბრძანება. თავის მხრივ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 ოქტომბრის №2687 ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა 2018 წლის 05 სექტემბრის №2592 ბრძანება, რომლის საფუძველზეც 2018 წლის 02 აგვისტოს №2475 ბრძანება (მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე) ბათილად იქნა ცნობილი. მოსარჩელის მითითებით, შპს „ე...მა“ ქ. ბათუმში, ...ის (...ს) ქუჩა №...-ში მდებარე 1108 კვ.მ არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...), 2018 წლის ივლისის თვეში დაასრულა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებული არქიტექტურული პროექტისა და მის საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე. 2015 წლის 29 ოქტომბრის ბათუმის მუნიციპალიტეტის №მ/2753მ ბრძანებით მოხდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება (მნსგპ) და არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. 2015 წლის 16 ნოემბრის №მ/2899 ბრძანებით შპს „ე...ს“ მიმართ ქ. ბათუმში, ...ის (...ს) ქუჩა №...-ში მდებარე 1108 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დამტკიცდა ახალი მნსგპ და შეთანხმდა ცვლილებები №1140 არქიტექტურულ პროექტში. აღნიშნული პროექტის საფუძველზე გაიცა №... მშენებლობის სანებართვო მოწმობა და შესაბამისად, კომპანიამ დაიწყო მშენებლობა. 2017 წლის 30 ივნისის №2218 ბრძანებით შეთანხმდა ცვლილებები №612 არქიტექტურულ პროექტში და აღნიშნული ცვლილების საფუძველზე გაიცა მშენებლობის №... სანებართვო მოწმობა. შპს „ე...მა“ დაასრულა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, 2018 წლის ივლისში განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და შეთანხმებული პროექტისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის საფუძველზე მოითხოვა სახლის ექსპლუატაციაში მიღება. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 02 აგვისტოს №2475 ბრძანების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ...ის (...ს) ქუჩა №...-ში, შპს „ე...ს“ მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლი ვარგისიანად იქნა აღიარებული და მიიღეს ექსპლუატაციაში. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, კომპანიამ 2018 წლის 5 სექტემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ექსპლუატაციაში მიღებული სახლის სტატუსი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 5 სექტემბერს მიიღო №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა კომპანიის მოთხოვნა, ... საკადასტრო კოდზე აშენებულ მრავალბინიან სახლს მიენიჭა სტატუსი „მშენებლობა დასრულებული“ და გამოიცა შესაბამისი საკადასტრო გეგმა. მითითებულის შემდგომ, ქალაქ ბათუმის მერის №2592 ბრძანებით ისე გაბათილდა 2018 წლის 02 აგვისტოს №2475 ბრძანება, რომ შპს „ე...“ ინფორმირებულიც კი არ იყო მიმდინარე წარმოებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე, 2018 წლის 2 აგვისტოს №2475 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 05 სექტემბრის №2592 ბრძანების, „მიწის ნაკვეთის სამშენებლო გამოყენების ახალი პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების შესახებ“ 2015 წლის 16 ნოემბრის №მ/2899 და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ 2015 წლის 20 ნოემბრის №მ/2983 ბრძანებებში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1 ოქტომბრის №2687 ბრძანების, ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „ე...ს“ დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქ განვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №247 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ე...ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე...მა“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინებით შპს „ე...ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 95-ე მუხლის 1-ელ პუნქტზე, 97-ე მუხლის 1-ელ პუნქტზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას დაირღვა ზემოაღნიშნული დადგენილების მოთხოვნები, კერძოდ, მერიის მიერ ექსპლუატაციაში იქნა მიღებული შეთანხმებულ პროექტისაგან გადახვევით აშენებული, ქ. ბათუმში ...ს №...-ში (...ის ქუჩა №.../...ის ქუჩა №3) მდებარე 1108 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, 5782.00 კვ.მ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მხედველობაში არ იქნა მიღებული კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებაში აღნიშნული მითითებები.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა 2018 წლის 5 სექტემბერს გამოსცა №2592 ბრძანება, რომლითაც დადგინდა, რომ 2018 წლის 2 აგვისტოს №2475 ბრძანებით არსებითად ირღვეოდა სხვა პირის (ი. რ-ეის) კანონიერი უფლებები და ინტერესები. შპს „ე...ს“ ვერ ექნებოდა კანონიერი ნდობა, რამდენადაც მისთვის ცნობილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის აღსრულებამდე შპს-მ მოითხოვა შენობის ექსპლუატაციაში მიღება. აღნიშნული გარემოება დაედო საფუძვლად ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 02 აგვისტოს №2475 ბრძანების, მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობას. ამასთან, შპს „ე...ს“ დაევალა სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად შედგენილი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით არქიტექტურულ პროექტში შესატანი ცვლილებების არქიტექტურული პროექტის წარდგენა.
საქმეში დაცული მასალებით ასევე ირკვევა, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა შესრულებული ადმინისტრაციული ორგანოს მითითებები სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად შედგენილი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით არქიტექტურულ პროექტში შესატანი ცვლილებების არქიტექტურული პროექტის წარდგენის თაობაზე, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „ე...ს“ დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №247 დადგენილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ე...მა“.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შპს ,,ე...ს“ მიმართ წარმოადგენდა აღმჭურველი ხასიათის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, ხოლო მინიჭებული უფლების დაცვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია კანონი და არასწორად განმარტა დისკრეციული უფლებამოსილების საკითხი, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოტანის დროს სახლი უკვე ექსპლუატაციაში იყო მიღებული , ბინები და არასაცხოვრებელი ფართი 100%-ით იყო გაყიდული და შესაბამისად, სახეზე იყო მესამე პირების კეთილსინდისიერების საკითხი. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 2016 წლის 1 ივლისის მსგავსი შინაარსის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა ,,სახლი“ ექსპლუატაციაში რომ ყოფილიყო მიღებული.
კასატორის მითითებით, ასევე არსებობდა ახლადაღმოჩენილი გარემოება, კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 02 აგვისტოს №2475 ბრძანების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ...ის (...ს) ქუჩა №...-ში, შპს „ე...ს“ (ს/კ ...) მიერ აშენებული საცხოვრებელი სახლი ვარგისიანად იქნა აღიარებული და მიიღეს ექსპლუატაციაში. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, შპს-მ 2018 წლის 05 სექტემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ექსპლუატაციაში მიღებული სახლის სტატუსის მინიჭება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოთხოვნა და ... საკადასტრო კოდზე აშენებულ მრავალბინიან სახლს მიენიჭა სტატუსი „მშენებლობადასრულებული“ და გამოიცა შესაბამისი საკადასტრო გეგმა.
კასატორის განმარტებით, მოპასუხემ არასწორად განმარტა ქალაქ ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული №3-787/15 გადაწყვეტილება. მოპასუხეს არ გამოუყენებია დისკრეციული უფლებამოსილების საკითხი და ასევე, არ უმსჯელია მესამე პირების ანუ მყიდველების კანონიერი ნდობის საკითხზე. საჯარო რეესტრის სისწორის პრეზუმფცია იცავს მყიდველებს, რომლებსაც რაიმე შეხება არ ჰქონიათ სადავო საკითხებთან. მათი საკუთრების უფლების წარმოშობის დროს უფლება არსებული წესით რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში. ქალაქ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 ივლისის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს №3-787/15 გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოპასუხე მხარე იყო ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ დავა მიმდინარეობდა, 2018 წლის 02 აგვისტოს გამოიტანა №2475 ბრძანება „მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე“ და ამ აქტის მიმართ მოსარჩელეს ჰქონდა კანონიერი ნდობა. ასევე შესაფასებელია ის გარემოებაც, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 5 სექტემბრის №2592 ბრძანებით მთლიანად ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 2 აგვისტოს გამოტანილი №2475 ბრძანება „მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე“, რაც კანონის უხეში დარღვევაა. ასევე კანონის დარღვევაა ის, რომ №2475 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან.
კასატორის მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 01 ივლისის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს №3-787/15 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია იმის თაობაზე, რომ აქტის ბათილად ცნობა მისი ძალაში შესვლის დღიდან დაუშვებელია, რადგანაც ეს ზიანს აყენებს შპს „ე...ს“ და სხვა მესამე პირების ინტერესებს. მოპასუხეებმა მითითებული აქტები ბათილად გამოაცხადეს მათი მიღების დღიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ აქტების საფუძველზე განხორციელებული ყველა ქმედება ბათილია. თუ ძალაში დარჩება გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები, ეს ნიშნავს, რომ კეთილსინდისიერ მყიდველებს წაერთმევა მათი საკუთრების უფლება კონკრეტულ უძრავ ქონებებზე, რომლებიც დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში; გაუქმდება მათი საკუთრების უფლებები და ა.შ. კასატორის განმარტებით, თუკი ძალაში დარჩება აღნიშნული ბრძანება, მაშინ მთლიანად უნდა დაიშალოს აშენებული სახლის ფასადი, აივნები მოიშალოს და ა.შ.. ანუ კეთილსინდისიერ მყიდველებს უნდა დაუნგრიონ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფართი.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ 2018 წლის 12 დეკემბერს მიღებულ იქნა №247 დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „ე...ს“ დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“. ეს დადგენილება გასაჩივრდა ზემდგომ ორგანოში ანუ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერთან, რომელმაც 2019 წლის 13 ივნისის №728 ბრძანებით არ დააკმაყოფილა წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი. აღნიშნულ გასაჩივრებულ ბრძანებაში მითითებულია შემდეგ სადავო გარემოებებზე: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 16 ნოემბრის №150 შემოწმების აქტის საფუძველზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ შემოწმდა შპს „ე...ს“ მიერ 2018 წლის 25 ოქტომბრის №111 მითითების პირობების შესრულება, რა დროსაც დადასტურდა, რომ მის მიერ შესრულებული არ იყო მითითების პირობები ანუ აღნიშნული მითითებით დაწესებულ 20 დღიან ვადაში მას ობიექტი არ მოუყვანია ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2016 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილებისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 ოქტომბრის №2687 ბრძანების პირობებთან შესაბამისობაში“. ამავე ბრძანებაში გაკეთებულია დასკვნა იმის შესახებ, რომ „სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანა საჭიროებს მშენებლობის ნებართვის თავიდან აღებას“. კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტების აღსრულება შეუძლებელია, რადგან სახლის ფასადი, აივნები და სხვა ფართები, რომლებიც ფიზიკურად უნდა მოიშალოს ანუ დაინგრეს, წარმოადგენს სხვა მესამე პირების ანუ მყიდველების საკუთრებას. გაუგებარია, თუ როგორ უნდა გაიცეს ახალი მშენებლობის ნებართვა, როდესაც სართულები, რომლებზედაც უნდა მოხდეს აივნებისა და ფასადების მოშლა, სხვა მესამე პირების საკუთრებაა. თუკი გადაწყვეტილება დარჩება უცვლელი, მისი სარეზოლუციო ნაწილის გათვალისწინებით უნდა მოხდეს ფანჯრების, აივნებისა და ღიობების გაუქმება ანუ მოშლა. კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ ასევე უნდა შეფასდეს ი. რ-ეის პრეტენზიები და გათვალისწინებულ უნდა იქნას მესამე პირების, სადავო ფართების მესაკუთრეების კანონიერი უფლებები. კასატორის მითითებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას მოპასუხისთვის ცნობილი იყო იმის თაობაზე, რომ სახლი იყო ექსპლუატაციაში მიღებული, ბინები და არასაცხოვრებელი ფართები კი გასხვისებული.
კასატორმა ასევე განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე, საქმეში ჩაბმულ უნდა იქნენ ის მყიდველები, რომლებმაც შეიძინეს სადავო სახლში სხვადასხვა ფართები. კასატორმა ასევე ითხოვა მოცემული საქმის განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემა, ვინაიდან, მოცემულ საქმეში ერთმანეთს უპირისპირდებოდა სამოქალაქოსამართლებრივი და სამშენებლო ურთიერთობიდან გამომდინარე სადავო საკითხები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,ე...ს“ საკასაციო საჩივარი. მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში გადასვლის გამო, 2025 წლის 22 ოქტომბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე ბიძინა სტურუაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ე...ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა, შესაძლოა, განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30).
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს 1) „ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე, 2018 წლის 2 აგვისტოს №2475 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 05 სექტემბრის №2592 ბრძანების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულება; 2) „მიწის ნაკვეთის სამშენებლოს გამოყენების ახალი პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების შესახებ“ 2015 წლის 16 ნოემბრის №მ/2899 და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ 2015 წლის 20 ნოემბრის №მ/2983 ბრძანებებში ცვლილების შეტანის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1-ელი ოქტომბრის №2687 ბრძანების ბათილად ცნობა და 3) „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „ე...ს“ დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №247 დადგენილების ბათილად ცნობა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამშენებლო წესრიგის სამართალი არის მართლწესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც აწესრიგებს მართლწესრიგის სამართლით დაცული სიკეთეებისათვის სამშენებლო საქმიანობით გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილების საკითხებს. სამშენებლო წესრიგის სამართალი იყოფა პრევენციულ (სამშენებლო ნებართვების სამართალი და სამშენებლო ზედამხედველობა) და რეპრესიულ (დარღვევების გამოვლენა და რეაგირება) სამშენებლო წესრიგის სამართლად. სამშენებლო წესრიგის სამართლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უნებართვო მშენებლობის აკრძალვა, როგორც საფრთხის თავიდან აცილების მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება, რამდენადაც მშენებლობის დასრულების შემდეგ განხორციელებული ღონისძიება შეუძლებელს გახდის ან გაართულებს საფრთხის თავიდან აცილებას. მშენებლობის აკრძალვის საფუძველი – უნებართვო მშენებლობა ფორმალურად სახეზეა, როდესაც ის ხორციელდება სამშენებლო ნებართვის ან შეტყობინების გარეშე, რაც საკმარისი საფუძველია მის შესაჩერებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამშენებლო საქმიანობა ექვემდებარება ნებართვის მოპოვების ვალდებულებას, რაც აძლევს მშენებლობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს შესაძლებლობას, გადაამოწმოს მშენებლობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 27 ოქტომბრის №მ/2734 ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს „ე...ს“ განცხადება, ქ. ბათუმში, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ ...ის ქუჩა №... -ში/...ის ქუჩა №3-ში მდებარე 1108 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით. მიწის ნაკვეთისათვის განაშენიანების ინტენსივობის კ-2 კოეფიციენტის მნიშვნელობა განისაზღვრა 3,2-მდე.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 29 ოქტომბრის №მ/2753 ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს „ე...ს“ 2015 წლის 19 ოქტომბრის განცხადება, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში /...ის ქუჩა №3-ში მდებარე 1108 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურული პროექტის (პროექტი №...) შეთანხმების თაობაზე.
შპს „ე...ს“ სახელზე 2015 წელს გაცემულ იქნა №... მშენებლობის სანებართვო მოწმობა, შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა შენობა-ნაგებობაზე ღიობის გამოჭრას სამეზობლო (ი. რ-ეის) საზღვრის მხარეს. სწორედ, ეს ღიობი გახდა სადავო მეზობლად მცხოვრები ი. რ-ეის მხრიდან და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით ი. რ-ეის სარჩელი „მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 20 ნოემბრის №მ/2983 ბრძანებისა და №1140 პროექტის ბათილობის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების ახალი პირობების დამტკიცებისა და არქიტექტურულ პროექტში ცვლილებების შეთანხმების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 16 ნოემბრის №მ/2899 ბრძანება და „მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 20 ნოემბრის №მ/2983 ბრძანება, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №3-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) შპს „ე...ს“ მიერ წარმოებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის სამეზობლო საზღვრის (ი. რ-ეის მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი: ...) მხარეს ფასადზე ღიობების მოწყობის ნაწილში; ამასთან, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს დაევალა სადავო საკითხთან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. შპს „ე...ს“ წერილობით არაერთხელ ეცნობა და მიეცა დავალება, შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტში შესატანი ცვლილებების ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენის შესახებ.
შპს „ე...მა“, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, განცხადებით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2 აგვისტოს №2475 ბრძანებით შპს „ე...ს“ სახელზე ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქ. ბათუმში, ...ს №...-ში (...ის ქუჩა №.../...ის ქუჩა №...) მდებარე 1108 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი 5782.00 კვ.მ საერთო ფართით.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 5 სექტემბრის №2592 ბრძანებით, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 02 აგვისტოს №2475 ბრძანება (მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე), არსებითად არღვევდა სხვა პირის (ი. რ-ეის) კანონიერ უფლებებს და ინტერესებს. ამასთან, შპს „ე...ს“ ვერ ექნებოდა კანონიერი ნდობა აღნიშნული აქტის მიმართ, რამდენადაც მისთვის ცნობილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ და მის აღსრულებამდე მოითხოვა სახლის ექსპლუატაციაში მიღება. აღნიშნულის შედეგად, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2 აგვისტოს №2475 ბრძანება, მისი ძალაში შესვლის დღიდან. შპს „ე...ს“ დაევალა სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად შედგენილი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით არქიტექტურულ პროექტში შესატანი ცვლილებების არქიტექტურული პროექტის წარდგენა.
ქ. ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, შპს „ე...ს“ არაერთხელ მიეწოდა ინფორმაცია და ეთხოვა პროექტში შესატანი ცვლილებების წარდგენა, ნებართვის გამცემ ორგანოში, რაც არ იქნა შესრულებული. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 1-ელი ოქტომბრის №2687 ბრძანებით, ცვლილება შევიდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 16 ნოემბრის №მ/2899 და 2015 წლის 20 ნოემბრის №მ/2899 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციაში, რომელშიც მიეთითა, რომ ქ. ბათუმში, ...ს №...-ში (...ის ქუჩა №.../...ის ქუჩა №...) მდებარე 1108 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი, ი. რ-ეის საკუთრებაში (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: ...) არსებული საზღვრის მხარეს მოეწყოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1-ელი ივლისის კანონიერ ძალაში შესრული გადაწყვეტილების შესაბამისად.
2018 წლის 25 ოქტომბერს, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ შპს „ე...ს“ მიმართ გაიცა №111 მითითება, რომლითაც მოსარჩელე მხარეს განესაზღვრა 20 დღიანი ვადა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 01 ოქტომბრის №2687 ბრძანებასა და სასამართლოს 2016 წლის 1-ელი ივლისის გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. 2018 წლის 25 ოქტომბრის №111 მითითება იმავე დღეს ჩაჰბარდა შპს-ს დაცვის თანამშრომელს. 2018 წლის 16 ნოემბრის №150 შემოწმების აქტით დადგინდა, რომ შპს „ე...ს“ არ ჰქონდა შესრულებული მითითების პირობები. „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის მიერ 2018 წლის 12 დეკემბერს მიღებულ იქნა №247 დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „ე...ს“ დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე’’.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ე...ს“ მხრიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ძირითად საფუძვლად იქცა ის გარემოება, რომ გაუქმებული აქტების მიმართ მოსარჩელეს ჰქონდა კანონიერი ნდობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03/02/2020 №139 დადგენილებით) მოიცავდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს, კერძოდ, არეგულირებდა საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. დადგენილების 3.82 მუხლის თანახმად, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ სანებართვო პირობების შესაბამისად დასრულებულ მშენებლობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამავე დადგენილების XXII თავში კი, რეგლამენტირებულია შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარებისათვის (ექსპლუატაციაში მიღება) დადგენილი სამართლებრივი ნორმები. კერძოდ, დადგენილების 95-ე მუხლის 1-ელი პუნქტის შესაბამისად, განხორციელებული მშენებლობის ვარგისად აღიარება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას, ხოლო მე-3 პუნქტით განსაზღვრულია, რომ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება შესაძლებელია, თუ წარმოებული მშენებლობის შედეგად შესრულდა და არ არის დარღვეული სანებართვო პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები. ამავე დადგენილების 97-ე მუხლით კი, განისაზღვრება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების კონკრეტული წესი. აღნიშნული მუხლის 1-ელი პუნქტის მიხედვით, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების ან შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის გადაწყვეტილების საფუძველზე, მათ კომპეტენციას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების უფლებამოსილება შეიძლება მიენიჭოს შესაბამის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ორგანოს. ექსპლუატაციაში მიღება ხდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულია, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები, ხოლო გ) ქვეპუნქტის თანახმად, ერთ-ერთ ასეთ საფუძველს წარმოადგენს, სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, მე-9 პუნქტით დადგენილია, რომ შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო იღებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს დაევალა, რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. ბათუმში, ...ის ქუჩა №...-ში შპს `"ე...ს" მიერ მრავალსართულიანი სახლის მშენებლობის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ აქტებში, შესაბამისი ცვლილების განხორციელების თაობაზე. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერმა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 2018 წლის 02 აგვისტოს №2475 ბრძანებით, ექსპლუატაციაში მიიღო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რაც ეწინააღმდეგება როგორც სამშენებლო კანონმდებლობის მოთხოვნებს, ისე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულოობის პრინციპს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 16 ნოემბრის №მ/2899 და 2015 წლის 20 ნოემბრის №მ/2899 ბრძანებით შეთანხმებული, შპს „ე...ს“ №1140 პროექტის წინააღმდეგობა მოქმედ სამშენებლო საკანონმდებლო ნორმებთან, „მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე“ 2018 წლის 02 აგვისტოს №2475 ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობდა, რამდენადაც შპს „ე...ს“ მიერ აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში მიღება წინააღმდეგობაში მოდიოდა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობებით“ განსაზღვრულ, ზემოთ მითითებულ რეგულაციებთან.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის აპელირებას იმასთან მიმართებით, რომ გააჩნდა კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიმართ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, ხოლო მე-5 ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. ამდენად, კანონი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას უშვებს იმ შემთხვევაში, თუ იგი არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირთა კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. ამასთან, აუცილებელია დარღვევა იყოს არსებითი ხასიათის - სხვა პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა შეუძლებელი უნდა იყოს შესაბამისი აქტის გაუქმების გარეშე.
აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის ,,კანონიერების პრინციპი", რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული ,,ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი". ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. უმნიშვნელოვანესია კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოხდეს ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი ანუ სახეზე არ გვაქვს კანონიერი ნდობა, თუ: ა) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება (მაგ: არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარმოდგენა თუ მოტყუება), ბ) ან მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას. კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები: №ბს-367-363(კ-14); №ბს-226-224(კს-12); №ბს-226-224(კ-17)).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანონიერ ძალაში შესული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ საკუთარი ინიციატივით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, „მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე“ 2018 წლის 02 აგვისტოს №2475 ბრძანების კანონიერების გადასინჯვის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2018 წლის 5 სექტემბერს გამოიცა №2592 ბრძანება, რომლითაც დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2018 წლის 02 აგვისტოს №2475 ბრძანებით არსებითად ირღვეოდა სხვა პირის (ი. რ-ეის) კანონიერი უფლებები და ინტერესები, ამასთან, შპს „ე...ს“ ვერ ექნებოდა კანონიერი ნდობა აღნიშნული აქტის მიმართ, რამდენადაც მისთვის ცნობილი იყო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლის აღსრულებამდე მოითხოვა შენობის ექსპლუატაციაში მიღება, რაც იმ ეტაპზე დაუშვებელი იყო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნა, რომ ,,შპს „ე...ს“ სამშენებლო ნებართვების აქტების გამოცემისას ადგილი ჰქონდა მატერიალურ- სამართლებრივი ნორმების მოთხოვნათა დაუცველობას, რაც მოსარჩელე ი. რ-ეის მიმართ ნაწილობრივ წარმოშობდა ისეთ სამართლებრივ შედეგს, რომ არსებითად ირღვეოდა მოსარჩელის კანონიერი უფლებები და ინტერესები. ეს აქტები მნიშვნელოვან ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდა მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებზე, შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული, შპს „ე...ს“ შენობის D-A ღერძებში არსებულ ფასადზე (ი. რ-ეის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მხარეს) ღიობების განთავსების ნაწილში, რაც აშკარად აუარესებდა მოსარჩელის საცხოვრებელ პირობებს, არღვევდა ჩაუხედაობის პრინციპს, მოსარჩელეს უქმნიდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, საგრძნობ დისკომფორტს“. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირის უფლების და ინტერესების არსებითად დარღვევა, ზაკ-ის 601.4 მუხლიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა, მიუხედავად აქტის მიმართ დაინტერესებული პირის კანონიერი ნდობისა. მხარის კანონიერი ნდობა, როგორც აღინიშნა, არ არის დაცვის ღირსი, თუ არსებითად ირღვევა სხვა პირის კანონიერი უფლებები ან ინტერესი, რაც სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით სახეზე იყო. შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ, იმ პირობებში, როდესაც დადასტურდა უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სხვა პირების კანონიერი უფლებების/ინტერესების შელახვა, სწორად ცნო ბათილად მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
რაც შეეხება „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „ე...ს“ დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №247 დადგენილების ბათილად ცნობას, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან მიმართებაში მიუთითებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 25.5 მუხლის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. ამავე კოდექსის 25.9 მუხლის მიხედვით, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. ამავე დადგენილების 25.13 მუხლის თანახმად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით. ამავე კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა. ამ მუხლის ბ) პუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა თვითმმართველ ქალაქში, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ტერიტორიისა, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით.
საქმის მასალებით, დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა შესრულებული ადმინისტრაციული ორგანოს მითითებები სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად შედგენილი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით არქიტექტურულ პროექტში შესატანი ცვლილებების არქიტექტურული პროექტის წარდგენის თაობაზე, რის გამოც „სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო შპს „ე...ს“ დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე“, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2018 წლის 12 დეკემბრის №247 დადგენილება მართებულად იქნა გამოცემული.
რაც შეეხება საქმეში შპს ,,ე...ს“ მიერ აშენებული სადავო მრავალბინიან სახლში მდებარე ბინების მესაკუთრეების საქმეში მესამე პირად ჩაბმის თაობაზე კასატორის შუამდგომლობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 341.2 მუხლზე, რომლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოში ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირები შეიძლება ჩაებან მათივე თანხმობით, თუ ისინი სადავოდ არ ხდიან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წარადგენენ მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს. ამავე კოდექსის 16.2 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლოში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირი შეიძლება ჩაებას, არ უნდა დაკმაყოფილდეს კასატორის შუამდგომლობა, ვინაიდან კასატორის მიერ დასახელებული პირები არ წარმოადგენენ მოცემული სამართალურთიერთობის მონაწილეებს.
რაც შეეხება საქმის განსახილველად დიდი პალატისათვის გადაცემას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 3911.1 მუხლის თანახმად, საქმის საკასაციო წესით განმხილველ სასამართლოს შეუძლია მოტივირებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ: საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას), საკასაციო პალატა არ იზიარებს დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმისადმი დიდი ინტერესის, ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების საჭიროების, იშვიათი სამართლებრივი პრობლემის არსებობის საფუძვლით საქმის დიდი პალატისათვის განხილვისათვის გადაცემის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა განეკუთვნება საქმის განმხილველი საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებულ, დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის მიხედვით სასამართლო თავისი შეხედულებით განსაზღვრავს საქმის საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის გადაცემის საკითხს. საკასაციო პალატა დიდი პალატისათვის საქმის განსახილველად გადაცემის საჭიროებას წყვეტს არა მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, არამედ - დამოუკიდებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3911 მუხლის მოთხოვნებს და საქმე განსახილველად არ უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული, დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, იმავე ნორმის საფუძველზე და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, შპს ,,ე...ს“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს ,,ე...ს“ საკასაციო საჩივარზე 04.12.2024წ. N24900463028 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შპს ,,ე...ს“ (ს/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ე...ს“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ივლისის განჩინება;
3. შპს ,,ე...ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.12.2024წ. N24900463028 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე