დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 10.06.2026
საქმის ნომერი
ბს-1251(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1251(კ-25) 10 ივნისი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს. გ-იმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი წარადგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „კომისია“) მიმართ და მოითხოვა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 20.06.2024 წლის №2107განკარგულება;

1.2. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის განცხადება და აღიარებულ იქნება მისი საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, რომლის საერთო ფართობია 1190 კვ.მ. და რომელიც მდებარეობს, ქ. თბილისში, ...ს ქუჩაზე, ..., №12-ის მიმდებარედ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.02.2025 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:

2.1. მოპასუხის 26.08.2022 წლის №2018 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა, ..., №12-ის მიმდებარედ, (საერთო ფართი 1190 კვ.მ.) მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულების თანახმად, საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (წყალმომარაგების) ობიექტი, კერძოდ, მიწის ნაკვეთზე გადის მიწისქვეშა კომუნიკაციის, წყალმომარაგების მილის მილსადენი (ს/კ: ...) და წყალარინების ქსელის მილსადენი (ს/კ: ...), რაც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წამოადგენს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2023 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.12.2022 წლის გადაწყვეტილება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 26.08.2022 წლის №2018 განკარგულება და კომისიას დაევალა ახალი გადაწყვეტილების მიღება საქმის არსებით გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 21.03.2024 წლის განჩინებით (ტ.1, ს.ფ. 218-238, 242-248).

2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.05.2023 წლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში კომისიის მიერ მიღებული იქნა 20.06.2024 წლის №2107 განკარგულება და მოსარჩელეს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა, ..., №12-ის მიმდებარედ, საერთო ფართობი - 1190.00 კვ.მ) საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიის მიერ დადგენილ იქნა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (წყალმომარაგების) ობიექტი, კერძოდ, საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გადის მიწისქვეშა კომუნიკაციის, წყალმომარაგების მილის მილსადენი (ს/კ: ...) და წყალარინების ქსელის მილსადენი (ს/კ: ...). კომისიამ მიუთითა შპს „ჯ...ს" 15.04.2022 წლის №... წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე გაედინება შპს „ჯ...ს" ბალანსზე რიცხული წყალსადენის D=250 მმ-იანი და წყალარინების D=1000 მმ-იანი ქსელები. კომპანია განმარტავს, რომ წყალსადენ-წყალარინების ქსელის გარშემო ტერიტორია ითვლება გაზრდილი რისკის ზონად, ამიტომ აუცილებლად მიაჩნია წყალამრიდი ჯებირისა და სადრენაჟე არხის მოწყობა შენობა-ნაგებობისათვის, რათა ქსელების დაზიანების შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული შესაძლო ზარალის რისკი. ამასთან, მიწის ნაკვეთზე შესაძლოა გაედინებოდეს სხვა, მესამე პირთა კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული წყალსადენ-წყალარინების ქსელები, რომელთა შესახებ კომპანია ინფორმაციას არ ფლობს. კომისიის განმარტებით, ორთოფოტოებითა (აეროფოტოგადაღებებით) და საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელის მილსადენი (ს/კ: ...) კვეთს საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელზეც განთავსებულია შენობა და რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს მოთხოვნილი აქვს საკუთრების უფლების აღიარება. გამომდინარე აქედან, კომისია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს განსაზღვრული კონფიგურაციით მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, რამდენაც შპს „ჯ...ს" ბალანსზე რიცხული წყალმომარაგების მილსადენის ქსელისაგან (ს/კ: ...) თავისუფალი მიწის ნაკვეთი აღარ ექცევა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ" ქვეპუნქტით დადგენილი თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციაში. ამდენად, კომისიამ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი კანონის მე-3 მუხლის მე- 2 პუნქტის „ი" ქვეპუნქტის საფუძველზე არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლების აღიარებას (ტ.1, ს.ფ. 72-75).

2.4. სასამართლოს განმარტებით, "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი.

2.5. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტი ცალსახად ადგენს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები.

2.6. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ კომისიის მიერ სადავო აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. კერძოდ, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (წყალმომარაგების) ობიექტები და აღნიშნული იბიექტიდან ერთ-ერთი (ს.კ. ...) შუაზე კვეთს იმ შენობა-ნაგებობას, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მხარე ითხოვს საკუთრების უფლების აღიარებას. შესაბამისად მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელზეც განთავსებულია შენობა, ზემოღნიშნული საკანონმდებლო დანაწესიდან გამომდინარე, საერთოდ დაუშვებელია საკუთრების უფელების აღიარება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის სანიტარული უსაფრთხოების ზოლები, რაც დადგენილია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით დამტკიცებული „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების“ დანართი - 5-ის („წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალსადენების სანიტარული დაცვის ზონები, სანიტარული წესები და ნორმები. სანწდან 2.1.4. 000 – 00“), სამშენებლო ნორმების და წესების (სანდაწ 2.04.02-84) და აგრეთვე, „კომპანიის“ ტექნიკური საბჭოს 11.08.2017 წლის გადაწყვეტილების (ოქმი №8) და ტექნიკური საბჭოს 04.10.2017 წლის გადაწყვეტილების (ოქმი №12) საფუძველზე და რომელიც აითვლება წყალსადენ-წყალარინების ქსელებიდან ორივე მხარეს (ტ.1, ს.ფ. 184,183).

2.7. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ ახალი აზომვითი ნახაზებით აზომილ მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც კანონის ამოქმედებამდე არ დასტურდება შენობა-ნაგებობის არსებობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი, თითოეული ცალ-ცალკე, ვეღარ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. გარდა ამისა, ერთ-ერთ მიწის ნაკვეთს (386 კვ.მ) შუაზე კვეთს ... საკადასტრო კოდის მქონე წყალანირების ქსელი, რაც ზემოაღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ქვეპუნქტის საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს, მეორე ნაკვეთის (417 კვ.მ) ნაწილი კი ექცევა ... საკადასტრო კოდის მქონე ქსელის სანიტარული დაცვის ზონაში (იხ. საჯაროდ ხელმისაწვდომი რესურსი https://maps.tbilisi.gov.ge/#/C=44.7788945-41.7820497@Z=22 )).

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

8. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 20.06.2024 წლის №2107განკარგულების კანონიერება.

9. საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.

10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში „კანონი“) აწესრიგებს პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ და პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებს, წესსა და პირობებს.

11. სახელმწიფომ ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტიმულირება, აეთვისებინათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის რესურსი. აღნიშნული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება, დადგენილი წესით და დადგენილი წინაპირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებზე. კანონის მიღებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების – მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.12.2013 წლის გადაწყვეტილება საქმე №2/3/522,553, II - 17, 46, 47).

12. კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს; კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

13. ამდენად, კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ისეთ შემთხვევებს, როდესაც ასაღიარებელი ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე) ესაზღვრება დაინტერესებული პირის საკუთრებასა ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ნაკვეთს და ისეთ შემთხვევას, როდესაც საკუთრების უფლების აღიარებისთვის აუცილებელია კანონის ამოქმედებამდე (2007 წლამდე) ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის არსებობის დადასტურება (სუსგ №ბს-457(უს-კ-24), 03.04.2025წ.). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარებას იმ საფუძვლით, რომ კანონის ამოქმედებამდე მასზე განთავსებული ჰქონდა შენობა.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ განეკუთვნება კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მიწის ნაკვეთების კატეგორიას (სუსგ Nბს-790(კ-24), 18.12.2024წ; Nბს-42(კ-25), 01.09.2025წ.).

ამდენად, მაშინაც კი, თუ არსებობს მიწის ნაკვეთის კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობებით თვითნებურად დაკავებულად მიჩნევის საფუძველი, კანონი ადგენს საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი საფუძვლების ჩამონათვალს, როგორიცაა, მაგალითად: მიწა, რომელიც არის პირუტყვის გადასარეკი ტრასა; რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა; ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები; საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი; სანიტარიული და დაცვითი ზონები და ა. შ..

15. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის უარი მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე ეფუძნება კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს, რომლითაც საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები.

16. კასატორის ძირითადი პრეტენზია დაფუძნებულია მასზე, რომ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი „მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სტაციონალური ობიექტები - შენობები, გამანაწილებელი პუნქტები და ასე შემდეგ, და არა წყალსადენი მილები. ... სიტყვა „განთავსებულია“ ნიშნავს სტაციონალურ ნაგებობას, რომელიც არის მიწის ზედაპირზე. ობიექტი კი არის რაიმე მარეგულირებელი შენობა, მართვის ან შემკრები ცენტრი, სატუმბი ცენტრი და ა. შ. ... ეს რომ ასეა, დასტურდება შპს „ჯ...ს" ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული განმარტებითაც, სადაც წყალმომარაგების ობიექტებში დასახელებულია შესაბამისი წყალსაცავები და სათავე ნაგებობები. სწორედ ამ ობიექტებიდან ხდება შემდეგ წყლის მილების ქსელით წყლის მიწოდება. ... სადავო მიწის ნაკვეთზე არა რაიმე ობიექტი, არამედ შესაძლოა იყოს მხოლოდ წყლის მილები“ (იხ. საკასაციო საჩივარი, ტ.2, ს.ფ.68).

17. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლითაც საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები.

ამდენად, კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნტები ერთმანეთისაგან მიჯნავს საკუთრების უფლების აღიარების ისეთ შემთხვევებს, როცა: მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ჰიდროტექნიკური შენობა და როცა მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები.

18. საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს უძრავი ნივთის დეფინიციას, კერძოდ, ეს არის მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული), შენობა-ნაგებობის ერთეული (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) და ხაზობრივი ნაგებობა. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით კი, ხაზობრივი ნაგებობა არის საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი.

შესაბამისად, კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის, მათ შორის წყალმომარაგების და წყალარინების ობიექტები - მილსადენები.

19. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ობიექტი. კერძოდ, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე გადის მიწისქვეშა კომუნიკაციები - წყალმომარაგების მილსადენი (ს/კ: ...) და წყალარინების ქსელის მილსადენი (ს/კ: ...). შპს „ჯ...ს" 15.04.2022 წლის №... წერილის თანახმად, საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე გაედინება შპს „ჯ...ს" ბალანსზე რიცხული წყალსადენის D=250 მმ-იანი და წყალარინების D=1000 მმ-იანი ქსელები. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 16.08.2001 წლის №297/ნ ბრძანებით დამტკიცებული „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების“ დანართი - 5-ის („წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალსადენების სანიტარული დაცვის ზონები, სანიტარული წესები და ნორმები. სანწდან 2.1.4. 000 – 00“), სამშენებლო ნორმების და წესების (სანდაწ 2.04.02-84) და აგრეთვე, „კომპანიის“ ტექნიკური საბჭოს 11.08.2017 წლის გადაწყვეტილების (ოქმი №8) და ტექნიკური საბჭოს 04.10.2017 წლის გადაწყვეტილების (ოქმი №12) თანახმად, წყალსადენ-კანალიზაციის მილებთან მიმართებაში დადგენილია სანიტარული უსაფრთხოების ზოლი, რომლის არეალი აითვლება წყალსადენ-წყალანირების ქსელებიდან ორივე მხარეს: თუ მშრალი გრუნტია - არანაკლებ 10 მ-ისა, როცა წყალსადენ-წყალანირების ქსელის დიამეტრი 1000 მმ-მდეა და არანაკლებ 20 მ-ისა, როცა წყალსადენ-წყალანირების ქსელების დიამეტრი 1000 მმ-ზე მეტია, ხოლო გრუნტის წყლების არსებობისას, არანაკლემ 50 მ-ისა, მილის დიამეტრის მიუხედავად. წყალსადენ-წყალარინების ქსელის გარშემო ტერიტორია ითვლება გაზრდილი რისკის ზონად, ამიტომ კომპანიას აუცილებლად მიაჩნია წყალამრიდი ჯებირისა და სადრენაჟე არხის მოწყობა შენობა-ნაგებობისათვის, რათა ქსელების დაზიანების შემთხვევაში თავიდან იქნას აცილებული შესაძლო ზარალის რისკი (იხ. 20.06.2024 წლის №2107განკარგულება, ტ.1, ს.ფ. 72-75; შპს „ჯ...ს" 15.04.2022 წლის №... წერილი, ტ.1, 184,183).

20. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზე, რომ: არ არსებობს მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე როგორც სრულად, ისე ნაწილობრივ საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი; კომისიის მიერ სადავო აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი (იხ. წინამდებარე განჩინების 2.6.-2.7. პუნქტები).

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).

22. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.06.2025 წლის განჩინება.

3. ს. გ-ის (პ/ნ: ...) უკან დაუბრუნდეს ბ. ა-ას (პ/ნ: ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #9012, გადახდის თარიღი: 31.10.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე