დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 28.04.2026
საქმის ნომერი
ბს-1253(2კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1253(2კ-25) 28 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები): ვ.ო-ი, თ.გ-ე

მესამე პირი - ა.ა.ა.ბ

მოპასუხე - ი.კ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ.ო-მა, თ.გ-ემ, რ.ხ-მა, ნ.მ-მა, ა.გ-ემ, თ.ვ-მა, ნ.ა-ემ, ნ.ხ-მა, მ.ქ-ამ 2023 წლის 11 სექტემბერს მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ვ.ო-ის, თ.გ-ის, რ.ხ-ის, ნ.მ-ის, ა.გ-ის, თ.ვ-ის, ნ.ა-ის, ნ.ხ-ისა და მ.ქ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 ნოემბრის განჩინებით რ.ხ-ის, ნ.მ-ის, ა.გ-ეს, თ.ვ-ის, ნ,ა-ეს, ნ.ხ-სა და მ.ქ-ას სარჩელის მიღებაზე ეთქვათ უარი.

მოსარჩელეებმა - ვ.ო-მა და თ.გ-ემ მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 მარტის №1/7-52 ბრძანების ბათილად ცნობა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილში, ასევე, ამავე მიწის ნაკვეთის ნაწილში რიგი ქონებების განმეორებითი ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 ოქტომბრის №1/1-5373 ბრძანების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2021 წლის 1 ნოემბრის №... ოქმის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ი.კ-ეს შორის 2021 წლის 9 ნოემბერს დადებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას №... უ.უ. ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის 10 აგვისტოს №04/7456 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

მოსარჩელეთა განმარტებით, სახელმწიფოს სახელზე აღირიცხა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიას და სოფლის მოსახლეობა საძოვრად იყენებდა და ამჟამადაც იგივე დანიშნულებით იყენებს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ ეს მიწა მის სახელზე აღირიცხა როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც შემდგომში დაიყო რამდენიმე ერთეულად და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ნაკვეთი აუქციონის წესით გასხვისდა. ამგვარი ქმედებით კი სოფლის მოსახლეობა დარჩა ერთადერთი საძოვრის გარეშე. მოსარჩელეები ასევე უთითებენ, რომ კანონმდებლობით აკრძალულია საძოვრის გასხვისება.

გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ.ო-ისა და თ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი: კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 მარტის №1/7-52 ბრძანება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილში, რიგი ქონებების განმეორებითი ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 ოქტომბრის №1/1-5373 ბრძანება ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილში, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2021 წლის 1 ნოემბრის №... ოქმი; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ი.კ-ეს შორის 2021 წლის 9 ნოემბერს დადებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას №... უ.უ. ნასყიდობის ხელშეკრულება და ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის 10 აგვისტოს №04/7456 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საძოვრის კატეგორიის მიწას, რომელიც, კანონმდებლობის თანახმად, არ ექვემდებარებოდა პრივატიზაციას.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ი.კ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ი.კ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას და აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელია.

კასატორი სსიპ ქონების ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რის გამოც სააგენტო ითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააგენტო განმარტავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის სრული ფართობიდან (109288 კვ.მ) საძოვრის კატეგორიას მიეკუთვნება მხოლოდ 25031 კვ.მ. სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული და საქმეში არსებული ის დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით, ხსენებულმა უწყებებმა გამოხატეს დადებითი პოზიცია უძრავი ქონების განკარგვაზე. უძრავი ქონების თავდაპირველი ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით, სააგენტომ დასახელებული ტერიტორიის პრივატიზების მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე რეკომენდაციად მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის სამომავლო განვითარების პროფილი შესაძლოა ყოფილიყო ფერმა. სააგენტო აღნიშნავს, რომ მან ქონება განკარგა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციისა და მათი პოზიციის წარმოდგენის შემდეგ.

კასატორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიუთითა, რომ სამინისტრომ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის მიზნით თითოეული მოთხოვნა შეაფასა კანონმდებლობის - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით. პრივატიზაციის პროცედურის მსვლელობისას პრივატიზაციის პროცესის ცალკეული ეტაპების (ობიექტის საპრივატიზაციოდ გატანის გადაწყვეტილება, გამოქვეყნება, აუქციონის ჩატარება და სხვ.) გასაჩივრება დასაშვებია, თუმცა საპრივატიზაციო პროცესის ყველა ეტაპის გავლის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების, პრივატიზაციის დასრულების შემდეგ, ობიექტის პრივატიზაციის წინმსწრები ეტაპების გასაჩივრება შესაძლებელია პრივატიზაციის პროცესის დამაგვირგვინებელი სამართლებრივი აქტის - ადმინისტრაციული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ჭრილში, რაც გამორიცხავს სამინისტროს უფლებამოსილებას განეხილა ადმინისტრაციული საჩივარი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრებთან დაკავშირებით ვ.ო-მა და თ.გ-ემ წარმოადგინეს საკასაციო შესაგებელი, რომლითაც მოითხოვეს საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა და მათ მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების ანაზღაურების კასატორებისათვის დაკისრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო კასატორებს განუმარტავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებული სამართლებრივი შეფასებების მნიშვნელოვან ნაწილს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 მარტის №1/7-52 ბრძანებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ბრძანების დანართში მითითებულ უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს სახელზე უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, მათ შორის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 109288 კვ.მ ფართობზე, როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. მითითებული ბრძანების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული ოფისის 2017 წლის 7 მარტის №... გადაწყვეტილებით სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 109288 კვ.მ ფართი (ს/კ...), როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ხსენებული ქონება 2020 წლის 12 ოქტომბერს დაიყო ორ ნაკვეთად: 1. 109 238 კვ.მ, ... საკადასტრო კოდით; 2. 50 კვ.მ ფართი, ... საკადასტრო კოდით.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 ოქტომბრის №1/1- 5373 ბრძანებით გამოცხადდა რიგი ქონებების, მათ შორის, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის განმეორებითი ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება.

დადგენილია, რომ 2021 წლის 1 ნოემბერს ჩატარებული აუქციონის შედეგად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა ი.კ-ე; 2021 წლის 9 ნოემბერს მასთან გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას №... უ.უ. ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნული უძრავი ქონება 2021 წლის 9 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხა ი.კ-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით. აღნიშნული მიწის ნაკვეთი დაიყო 139 ერთეულად და 2021 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ქონების 2/3 წილი აღირიცხა ა.ა.ა.ბ-ის სახელზე, ხოლო 1/3 წილი დარჩა ი.კ-ის სახელზე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის 10 აგვისტოს №04/7456 მიმართვით დადგენილია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის (ვ.ო-ი, თ.გ-ე, რ.ხ-ი, ა.გ-ე, მ.ვ-ი, ლ.ლ-ი, გ.პ-ი, ნ.მ-ი, ვ.პ-ი, მ.ქ-ა, თ.ვ-ი, მ.ჭ-ი, ნ.ა-ე, მ.ო-ი) ადმინისტრაციული საჩივარი სადავო მიწის პრივატიზების ბათილად ცნობის შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის გასვლის გამო.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დასახელებული კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციაში განსაზღვრულია სახელმწიფო ქონების დეფინიცია რომლის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (მუხ. 2. „ა“ ქვ.პ.). ხოლო სახელმწიფო ქონების განკარგვა ნიშნავს სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემას, პრივატიზებას, მართვის უფლებით გადაცემას, რეალიზაციას, ლიზინგის ფორმით გაცემას, განაწილებას და განადგურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მუხ. 2. „ბ“ ქვ.პ.).

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-2 მუხლი სააგენტოს მიზნებად ასახელებს: ა) სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას; ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემას; გ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის აქციონერის უფლებამოსილების განხორციელებას; დ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეთანხმების, რეგისტრაციის, დამზადების, შენახვის, გამოყენების და ექსპერტიზა-უტილიზაციის საკითხთა მართვას; ე) დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობას, მათ შორის, ელექტრონული აუქციონების ვებგვერდის "www.eauction.ge"-ს საშუალებით; ვ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელებას.

საკასაციო სასამართლო აქვე მოიხმობს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. დასახელებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რეგისტრაცია წარმოებს უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი განმარტავს სარეგისტრაციო დოკუმენტის არსს, კერძოდ, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააგენტოს 2017 წლის 6 მარტის №1/7-52 ბრძანების საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ში მდებარე 109288 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავოა მიწის ნაკვეთის არა სახელმწიფოს საკუთრებად რეგისტრაცია, არამედ მისთვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სტატუსის მინიჭება და საჯარო რეესტრში ამ სახით რეგისტრაცია.

საკასაციო პალატა მოიხმობს „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონს და აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმატიული აქტი აწესრიგებს მიწის მიზნობრივ დანიშნულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიებს, მათი ცვლილების წესებს და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის პრინციპებს (მუხ. 1). „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს საძოვრის დეფინიციას შემდეგნაირად: საძოვარი არის ბალახოვანი მცენარით ან/და ბუჩქოვანი მცენარით (ბუნებრივი ან გაკულტურებული) დაფარული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ცხოველის საძოვებლად (გამოსაკვებად), მასზე არსებული სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე, ან მიწის ნაკვეთი, რომელიც, მისი ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ამ მიზნით იქნეს გამოყენებული. სათიბი არის ბალახოვანი მცენარით ან/და ბუჩქოვანი მცენარით (ბუნებრივი ან გაკულტურებული) დაფარული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება თივის, სენაჟის, სილოსის, ბალახეული ფქვილის ან ცხოველის სხვა დამატებითი საკვების დასამზადებლად, მასზე არსებული სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე, ან მიწის ნაკვეთი, რომელიც, მისი ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ამ მიზნით იქნეს გამოყენებული (მუხ. 3. „გ“ ქვ.პ.). სახნავი (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად, მასზე არსებული სამეურნეო ნაგებობით ან/და დამხმარე ნაგებობით ან მის გარეშე, ან მიწის ნაკვეთი, რომელიც, მისი ნიადაგურ-კლიმატური პირობებისა და ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, შეიძლება ამ მიზნით იქნეს გამოყენებული. ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა საძოვრის, სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მიწა, რომელიც გამოიყენება ან რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე. ზემომითითებული კანონი ასევე განმარტავს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სტატუსს და აღნიშნული კატეგორიის მიწად ასახელებს მიწას, რომელიც არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. მითითებულ ნორმათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სადავო მიწის დანიშნულების თაობაზე საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული, კასპის რაიონის სოფელ ...ის კოლმეურნეობის 1977 და 1990 წლების მიწათსარგებლობის გეგმების (რომელთა მონაცემები იდენტურია) მიხედვით, ... საკადასტრო კოდით რიცხული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახნავის (2214,2 კვ.მ), საძოვრის (25031 კვ.მ), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფერმით (76980,7 კვ.მ) დაკავებულ მიწას, ნაწილი - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბუჩქნარით (1895,8 კვ.მ), გზით (3859,5 კვ.მ) და მდინარით დაკავებულ ტერიტორიას, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ფართი 5755,3 კვ.მ-ია, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების - 104 225,9 კვ.მ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ხსენებული დოკუმენტის ტექნიკურ უზუსტობასთან დაკავშირებით, კერძოდ, მიწათსარგებლობის გეგმაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად სულ მითითებულია 5755,3 კვ.მ, რაც წარმოადგენს მხოლოდ ბუჩქნარისა (1895,8 კვ.მ) და გზის (3859,5 კვ.მ) ჯამს, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო ფართად მითითებულია 104225,9 კვ.მ, რაშიც შედის სასოფლო-სამეურნეო ფერმის (76980,7 კვ.მ), საძოვრისა (25031 კვ.მ) და სახნავის (2214,2 კვ.მ) ფართები. როგორც უკვე აღინიშნა, სასოფლო-სამეურნეო ფერმის, საძოვრისა და სახნავი დანიშნულების მიწის ფართები წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დეფინიციაში შემავალ კატეგორიებს, შესაბამისად, მოცემული ტერიტორია არასწორად არის იდენტიფიცირებული როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე.

სააგენტოს საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით საქმის მასალებში დაცული დოკუმენტაციის საფუძველზე უძრავი ქონების პრივატიზაციის გადაწყვეტილების სისწორის თაობაზე საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქმეში არსებულ სოფელ ...ის ადმინისტრაციულ ერთეულში კასპის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 25 სექტემბრის მოხსენებითი ბარათს (ტ. 2, ს.ფ. 114-120), რომლის თანახმად, ი.კ-ის სახელზე ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწა იყო სოფელ ...ის მეცხოველეობის ფერმა და საძოვარი. ამჟამად, ეს ტერიტორია გამოიყენება საძოვრად, რადგან უშუალოდ სოფლის მიმდებარეა, მდინარე ...ას მარჯვენა სანაპიროზე, დაახლოებით 300 მეტრში. სოფლის დანარჩენი საძოვრები მოშორებითაა და მდებარეობს საოკუპაციო საზღვრის ზოლთან ახლოს, სხვილოს ციხის მიმდებარედ და სოფელ ...ას ზემოთ, რაც ჰქმნის საშიშროებას საქონლის ნახირისა და მწყემსებისათვის.

საკასაციო პალატა, საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, განმარტავს, რომ სადავო პრივატიზებული ფართი წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთს, რომელიც ამჟამად სოფლის მოსახლეობის მიერ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. უძრავი ქონება არამართებულად იდენტიფიცირდა როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შესაბამისად არასწორად, ამ სახითვე აღირიცხა სახელმწიფო საკუთრებად.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლი ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გარკვეული კატეგორიების ცვლილების შესაძლებლობას, კონკრეტულად, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისათვის დასაშვებია სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მინიჭებით.

ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სახელმწიფოს სახელზე ... საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწა (რომლის შემადგენლობაში ასევე შედის ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწაც) წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, საძოვრის კატეგორიის ფართს, რომლის სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 6 მარტის №1/7-52 ბრძანების საფუძველზე, მიწის ნაკვეთის არასწორი დანიშნულების მითითებით მოხდა. აღნიშნული გარემოება კი სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის დეფინიციას ასევე განსაზღვრავს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის „უ2“ ქვეპუნქტის თანახმად, საძოვრის, სათიბის, სახნავის (მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული) ან საკარმიდამოს კატეგორიის მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოიყენება ან რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე. ამავე კანონის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტის „ძ.ა“ ქვეპუნქტი იმპერატიულად კრძალავს საძოვრის პრივატიზებას, გარდა 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარით გაცემული საძოვრებისა და საძოვრებისა, რომლებიც დადგენილი წესით შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული აქტით დამაგრებულია მათზე მდებარე, ფიზიკური ან/და იურიდიული პირების კერძო საკუთრებაში არსებულ ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე. საკასაციო სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს აღნიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფოს სახელზე ... საკადასტრო კოდით აღრიცხული 109288 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2020 წლის 12 ოქტომბერს დაიყო ორ ნაკვეთად: 1) 109238 კვ.მ, ს/კ ... და 2) 50 კვ.მ, ს/კ ...; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 ოქტომბრის №1/1-5373 ბრძანებით დადგინდა ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის განმეორებითი ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება. 2021 წლის 1 ნოემბერს ჩატარებული აუქციონის შედეგად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გახდა ი.კ-ე და 2021 წლის 9 ნოემბერს მასთან გაფორმდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას №... უ.უ. ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 2021 წლის 9 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხა ი.კ-ის საკუთრებად. ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის, ასევე საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მხარის საყურადღებოდ განმარტავს, რომ საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის პრივატიზების პირობებში, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილში კანონშეუსაბამოა „რიგი ქონებების განმეორებითი ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 15 ოქტომბრის №1/1-5373 ბრძანება, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2021 წლის 1 ნოემბრის № ... ოქმი და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ი.კ-ეს შორის 2021 წლის 9 ნოემბერს დადებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას № ... უ.უ. ნასყიდობის ხელშეკრულება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს აგრეთვე საკასაციო პალატაში გაწეული საადვოკატო და სხვა სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების შესახებ საკასაციო შესაგებელში მითითებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან საკასაციო პალატაში საქმის განხილვა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება განხორციელდა მხარეთა დასწრების გარეშე, სასამართლოს მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან საკასაციო შესაგებლის, რაიმე ახსნა-განმარტების, დამატებითი დოკუმენტაციის ან სხვა მასალების წარდგენა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინება;

3. ვ.ო-ის და თ.გ-ის შუამდგომლობა საპროცესო ხარჯის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე