დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1266(კ-25) 24 ივლისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სს „ვ...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ე...-მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 24 ივლისის №04/16410 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ მ.ბ-ის ნაწილში; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 თებერვლის №10/1541 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს სს „ვ...-ს“ სასარგებლოდ დაევალოს მ.ბ-ისთვის გაწეული მომსახურების ღირებულებიდან მისი დაფინანსების წილის - 455 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სს „ ე...-ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს „ვ...-“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ვ...-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 24 ივლისის №04/16410 გადაწყვეტილება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ მ.ბ-ის ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 თებერვლის №10/1541 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაევალა სს „ვ...-ს“ აუნაზღაუროს მ.ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებიდან მისი დაფინანსების წილი - 455 (ოთხას ორმოცდათხუთმეტი) ლარი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ.
საკასაციო საჩივრის თანახმად, პაციენტი მ.ბ-ი არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი №1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე. იგი 22.01.2020წ 01:35:00-დან 23.01.2020წ 17:00-მდე მკურნალობდა სს „ი...-ში“, დიაგნოზებით: J96.0 სუნთქვის მწვავე უკმარისობა/REAN1 (22.01.2020წ. 01:35 – 22.02.2020წ. 11:30), I50.0 - გულის შეგუბებითი უკმარისობა/INT1 (22.02.202წ. 11:30 - 23.01.2020წ. 17:00). მიმწოდებლის მიერ, პროგრამის ფარგლებში, შემთხვევა წარდგენილ იქნა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა; II-III დონის ინტენსიური მკურნალობა და გამოსავალში მითითებულია სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა. სადავო სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით მიწოდებული პროგრამული კოდები არ დადასტურდა. J96.0 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა გადაიცა II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის კომპონენტით, I50.0 გულის შეგუბებითი უკმარისობა - I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის კომპონენტით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გახდა არა II – III დონის და I დონის მკურნალობის საჭიროების არსებობა, არამედ - შეუსაბამობები, რომელიც გამოვლინდა პაციენტის ზოგად მდგომარეობასა და ფაქტობრივ გარემოებებს შორის.
კასატორის მითითებით, №36 დადგენილება აწესებს, პროგრამის პირობებს. აღნიშნული დადგენილება აგებულია პროგრამის მოსარგებლეთა მდგომარეობაზე და დაფინანსების მეთოდოლოგიაც განსხვავებულია ბენეფიციართა მდგომარეობების გათვალისწინებით. პროგრამა გამოყოფს გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობებს, ასევე, გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას, მათ შორის, კრიტიკულ მდგომარეობებს/ინტენსიურ თერაპიას. მოცემულ შემთხვევაში, სამედიცინო შემთხვევა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადმოცემულია I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა; II-III დონის ინტენსიური მკურნალობის კომპონენტის ფარგლებში, რასაც №36 დადგენილების №1.2 დანართის შესაბამისად, აქვს თავისი დაზუსტება და პაციენტის მდგომარეობაც უნდა შეესაბამებოდეს დადგენილებით განსაზღვრულ კრიტერიუმს. კერძოდ, I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა ეს არის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებიც ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას ან/და თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას“. ეს პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, მათ შორის, არიან პაციენტები, რომელთაც მოეხსნათ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, მაგრამ მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია. ამასთან, ამ სტანდარტის ფარგლებში, განხილულია მხოლოდ „I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დაზუსტება“ – ფორმაში მოცემული ნოზოლოგიების ჩამონათვალი არ ითვალისწინებს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნებას. II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა არის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ: 1. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა (გარდა თირკმლის მწვავე უკმარისობისა, რომელიც საჭიროებს მხოლოდ თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას) და საჭიროებენ ფარმაკოლოგიურ და ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მართვითი სუნთქვა); 2. 2 ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, საჭიროებენ 2 ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**) და/ან; 3. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, საჭიროებენ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია“) და პარენტერალურ კვებას და/ან; 4. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა და ნოზოკომიური ინფექცია, საჭიროებენ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია“). აღნიშნულ შემთხვევაში დაფინანსების მეთოდოლოგიაც განსხვავებულია და სადავო პერიოდის დადგენილების შესაბამისად, I დონე 240 ლარი, ხოლო. II-III დონე 440 ლარი.
კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ სამედიცინო პორტალზე და პაციენტის ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული შეუსაბამო მონაცემების არსებობა (ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ მოდულში მითითებული „სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა“, ხოლო ფორმა 100-ში აღნიშნული „სტაბილიზაცია“) წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს, კერძოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 აპრილის №04-255/ო ბრძანების (რომლითაც ცვლილება შევიდა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე” სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 18 აგვისტოს №04-241/ო ბრძანებაში) №1 დანართის მე-5 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირების პროცესში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების დიაგნოზი, ჩარევა და დაზუსტება ემთხვევა შეტყობინებაში არსებულს და ადგილი არ აქვს პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევის ანაზაღაურებაზე სრულად ან ნაწილობრივ უარის თქმის სხვა საფუძვლებს, აღნიშნული პროგრამული მომსახურება ექვემდებარება ანაზღაურებას. სხვა სახის ისეთი არასწორი მონაცემები, რომლებიც არსებითად არ ცვლიან შემთხვევაზე/პროგრამულ შემთხვევაზე გაწეული მომსახურების მოცულობას და ანაზღაურების პირობებს (მაგ.: პაციენტის დაწესებულებაში მისვლის ფორმა, მიმართვის ნომერი და ა. შ.), განიხილება ხარვეზად, რომლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის განმარტება, რომ პროგრამის სწორი ადმინისტრირებისათვის უმნიშვნელოვანესია სამედიცინო შემთხვევის დასასრულის სწორი ასახვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რადგან ეს მოქმედებს როგორც დაფინანსების პირობებზე, ასევე, აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში, შეუძლებელია დაინახო პაციენტის მდგომარეობის სრული სურათი. №36 დადგენილების №1 დანართის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის პირობების გათვალისწინებით, შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია: ა) მოსარგებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი; ბ) წინასწარი დიაგნოზი დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; გ) შემთხვევის (მათ შორის, ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში პროგრამული შემთხვევების) დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო; დ) პროგრამით განსაზღვრული შემთხვევებისას მოსარგებლის დაწესებულებაში მიმართვის ფორმა და დასრულების სტატუსი, მათ შორის, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში - გადაყვანის მიზეზი; ე) პაციენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, გადამყვანი დაწესებულება ვალდებულია განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით დააფიქსიროს პაციენტზე გაწეული მომსახურების ფაქტობრივი დანახარჯი არა უგვ...-ეს პაციენტის გადაყვანიდან 72 საათისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემთხვევის ეს ეპიზოდი არ ანაზღაურდება. შესაბამისად, შემთხვევის დასრულების სტატუსის სწორად მინიჭებას დიდი მნიშვნელობა აქვს პროგრამის ადმინისტრირებისათვის, მათ შორის, დაფინანსების მეთოდოლოგიისათვის. სასამართლომ არ გაითვალისწინა სააგენტოს წარმომადგენლების და სპეციალისტის პოზიცია არც სამედიცინო და არც სამართლებრივი კუთხით და გადაწყვეტილება დაეფუძნა მხოლოდ მოსარჩელე მხარის განმარტებას. სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიულ აქტების გათვალისწინებით, არ არსებობს გასაჩივრებული სამართლებრივი აქტების ბათილობის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველები.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივ გარემოებები: ა) პაციენტი, მ.ბ-ი არის „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის დანართი №1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე. იგი 22.01.2020წ 01:35:00-დან 23.01.2020წ 17:00-მდე მკურნალობდა სს „ი...-ში“, დიაგნოზებით: J96.0 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა/REAN1 (22.01.2020წ. 01:35 - 22.01.2020წ. 11:30); I50.0 - გულის შეგუბებითი უკმარისობა/INT1 (22.02.2020წ. 11:30 - 23.01.2020წ. 17:00). ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა 100) მითითებულია, რომ პაციენტი გაეწერა სტაბილიზაციით (ტ.1, ს.ფ. 19-20, 17-18); ბ) მიმწოდებლის მიერ, პროგრამის ფარგლებში, შემთხვევა წარდგენილ იქნა გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების კომპონენტით, პროგრამული კოდი: I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა; II-III დონის ინტენსიური მკურნალობა და მოვლა. გამოსავალში მითითებულია - „სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა“ (ტ.2, ს.ფ. 35-38); გ) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 24 ივლისის №04/16410 გადაწყვეტილებით სს „ე...-ს“ უარი ეთქვა მ.ბ-ისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის პირობების შესაბამისად (შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს). გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით მიწოდებული პროგრამული კოდები არ დასტურდება (ტ.1, ს.ფ. 19-20); დ) სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 24 თებერვლის №10/1541 გადაწყვეტილებით სს „ე...-ი - ...ის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 24-25).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
დასახელებული პროგრამის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოთვლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.3-ით განსაზღვრული პირობებით მოსარგებლეებს. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ პაციენტი, მ.ბ-ი არის დანართი №1.3-ის მეორე პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების პირობებით მოსარგებლე.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-11 მუხლის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ამასთან, დანართ №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით, დანართ №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და მე-2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტებითა და დანართ №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება განმახორციელებლის მიერ გაცემული მატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის/თანხმობის წერილის საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია, დამატებით გააკეთოს შეტყობინება დაგეგმილი ჩარევის შესახებ ჰოსპიტალიზაციამდე/შემთხვევის დაწყებამდე არა უგვ...-ეს 12 საათით ადრე, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, თუ სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეტყობინების გაკეთებისას მიმწოდებელი ვალდებულია დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია: ა) მოსარგებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი; ბ) წინასწარი დიაგნოზი დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად; გ) შემთხვევის (მათ შორის, ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში პროგრამული შემთხვევების) დაწყებისა და დასრულების ზუსტი დრო; დ) პროგრამით განსაზღვრული შემთხვევებისას მოსარგებლის დაწესებულებაში მიმართვის ფორმა და დასრულების სტატუსი, მათ შორის, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში - გადაყვანის მიზეზი; ე) პაციენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, გადამყვანი დაწესებულება ვალდებულია განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმით დააფიქსიროს პაციენტზე გაწეული მომსახურების ფაქტობრივი დანახარჯი არა უგვიანეს პაციენტის გადაყვანიდან 72 საათისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემთხვევის ეს ეპიზოდი არ ანაზღაურდება.
დადგენილია, რომ პაციენტის - მ.ბ-ის სამედიცინო შემთხვევების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა დადგენილების დანართი №1-ის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, როდესაც წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ინსპექტირების შედეგად, განმახორციელებელი მიიჩნევს, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ ემთხვევა შეტყობინებაში არსებულ ინფორმაციას და/ან არ აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურების პირობებს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით მიწოდებული პროგრამული კოდები არ დასტურდება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო არც II–III დონის და არც I დონის მკურნალობის საჭიროებას სადავოდ არ ხდის, თუმცა შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას ძირითადად ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სამედიცინო პორტალსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა 100) არსებული ინფორმაცია შეუსაბამოა, კერძოდ, ელექტრონულ მოდულში წერია „სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა“, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა 100) – „სტაბილიზაცია“. ამასთან, იმ პირობებში, როცა ფორმა 100-ში წერია, რომ პაციენტს დილის ცხრის ნახევარზე აწვდიდნენ ჟანგბადს, ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით, გაუგებარია, როგორ გაწერეს იგი ხუთ საათზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 19 სექტემბრის №04-477/ო ბრძანებით დამტკიცებულ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირების წესის მე-5 მუხლის მე-16 პუნქტზე, რომლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირების პროცესში განმახორციელებლის მიერ ინფორმაციის სიზუსტე კავშირშია ჩატარებული მომსახურების პროგრამულ კოდთან (დიაგნოზი, ჩარევა, დაზუსტება). თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების დიაგნოზი, ჩარევა და დაზუსტება ემთხვევა შეტყობინებაში არსებულს, აღნიშნული პროგრამული მომსახურება ექვემდებარება ანაზღაურებას. სხვა სახის არასწორი მონაცემები - პაციენტის დაწესებულებაში მისვლის ფორმა, მიმართვის ნომერი და ა. შ. განიხილება ხარვეზად, რომლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა, 50 ლარის ოდენობით, თითოეულ სამედიცინო შემთხვევაზე.
საკასაციო პალატის მითითებით, იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის არც II–III დონის და არც I დონის მკურნალობის საჭიროება, არამედ სადავოა მხოლოდ ელექტრონულ მოდულსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა 100) არსებული შეუსაბამობა, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა, დაეცვა ფორმალური მოთხოვნები და კლინიკისათვის განესაზღვრა ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აღნიშნულთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტზე (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად, შემთხვევების კლასიფიცირება (შემთხვევა ასანაზღაურებელია, არ ექვემდებარება ანაზღაურებას) ხორციელდება განმახორციელებლის მიერ, თანხის ანაზღაურებამდე ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან: ა) ხარვეზით წარდგენილი შემთხვევები მიმწოდებელს ელექტრონულად ეგზავნება მთლიან შესრულებასთან ერთად. ხარვეზის აღმოსაფხვრელად და, საჭიროების შემთხვევაში, ნაბეჭდი სახით დოკუმენტაციის განმეორებით წარსადგენად, მიმწოდებელს ეძლევა 5 სამუშაო დღე. დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, შემთხვევები განიხილება როგორც ანაზღაურებას დაქვემდებარებული, ხოლო მითითებულ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობისას, შემთხვევა არ ანაზღაურდება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემთხვევების კლასიფიცირების ეტაპზე სააგენტო არ მოქმედებს ავტომატურად, მხოლოდ მიწოდებული დოკუმენტაციის ფარგლებში. ზემოდასახელებული წესი, მსგავსად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა, ითვალისწინებს ხარვეზის ინსტიტუტს და ხარვეზით წარდგენილი შემთხვევების აღმოფხვრის შესაძლებლობას. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პალატას დაუსაბუთებლად და კანონშეუსაბამოდ მიაჩნია, ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, ტექნიკური შეუსაბამობის გამო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ დაიცვა კანონით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, განმცხადებელს არ განუსაზღვრა ვადა ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოცემულ შემთხვევაში ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა არა არასწორი დიაგნოზი, არამედ სადავოა სამედიცინო დოკუმენტში არსებული და პორტალზე ატვირთული შეუსაბამობა. კერძოდ, ელექტრონულ მოდულში აღნიშნულია „სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა“, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (ფორმა 100) - „სტაბილიზაცია“, რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის იმ ტიპის შეუსაბამობა, რაც შეიძლება განხილულიყო სამედიცინო შემთხვევის ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმად.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს პაციენტის ფაქტობრივ მკურნალობასა და სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახულ ინფორმაციას შორის შეუსაბამობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციაზე, რომელიც დასაბუთებულია შემდეგნაირად - პაციენტი, რომელიც საჭიროებდა ჟანგბადის მიწოდებას, სამედიცინო დაწესებულების კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტიდან გაწერილია ბინაზე იმავე დღეს, საღამოს საათებში. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.2-ის (სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია) I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა განიმარტება, როგორც ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებიც ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას ან/და თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას**. ეს პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, მათ შორის, არიან პაციენტები, რომელთაც მოეხსნათ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, მაგრამ მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია. ამასთან, ამ სტანდარტის ფარგლებში, განხილულია მხოლოდ „I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დაზუსტება“ − ფორმაში მოცემული ნოზოლოგიების ჩამონათვალი და არ ითვალისწინებს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნებას.
II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა განიმარტება, როგორც ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ: 1. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა (გარდა თირკმლის მწვავე უკმარისობისა, რომელიც საჭიროებს მხოლოდ თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას) და საჭიროებენ ფარმაკოლოგიურ და ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მართვითი სუნთქვა). 2. 2 ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, საჭიროებენ 2 ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**) და/ან 3. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, საჭიროებენ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**) და პარენტერალურ კვებას და/ან 4. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა და ნოზოკომიური ინფექცია, საჭიროებენ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**).
დადგენილია, რომ მ.ბ-ი სს „ი...-ში“ მკურნალობდა დიაგნოზებით - J96.0 - სუნთქვის მწვავე უკმარისობა და I50.0 - გულის შეგუბებითი უკმარისობა. საქმის მასალებით იკვეთება, რომ II-III დონის ინტენსიური მკურნალობა-მოვლის პირობებში პაციენტი იმყოფებოდა 22.01.2020 წლის 01:35 საათიდან – 22.02.2020 წლის 11:30 საათამდე, I დონის ინტენსიური მკურნალობა-მოვლის პირობებში - 22.02.202წ. 11:30 საათიდან - 23.01.2020წ. 17:00 საათამდე (24 საათზე მეტი). ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის არც II–III დონის და არც I დონის მკურნალობის საჭიროება, ასევე სადავო არ არის დასმული დიაგნოზი და ჩატარებული მკურნალობა, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა რაიმე შეუსაბამობასა და ამ საფუძვლით, სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით არ დასტურდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც მართებულად იქნა ბათილად ცნობილი გასაჩივრებული აქტები და შესაბამისად, პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურებების ღირებულების მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ანაზღაურების დაკისრება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2 უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინება;
3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.12.2025წ. №32025 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
ქ. ცინცაძე
გ. უბილავა